ღირსი ისიხი მმარხველი, ბითვინიელი (+790) - 5 (18) მარტი
ღირსი ისიხი მმარხველი, ბითვინიელი (+790) - 5 (18) მარტი
ეს ქრისტეს რჩეული წარმოშობით კაპადოკიასა და გალატიის საზღვართან მდებარე ანდრაპიდან (ან - ანდრაკიდან) გახლდათ. ყრმობიდანვე შეიყვარა წმინდა მდუმარება, კაცს ღმერთთან საუბრის საშუალებას რომ ანიჭებს, ამიტომ სამშობლო დაუტევა და უკვდავების სურვილით მოწყლული და სათნო ცხოვრების მაძიებელი ბითვინიაში, დარდანიის მახლობელ მაიონის მთაზე დამკვიდრდა.

ამ უკაცურ და საცხოვრისად ყოვლად გამოუსადეგარ ადგილას მან მრავალი წელი გაატარა და ღმერთს სათნო ეყო.

ისიხის, რომლის სახელიც მდუმარეს ნიშნავს, მრავალი განსაცდელი შეამთხვია ბოროტმა - ხან უჯერო აზრებით ცდილობდა მისი წმინდა გონების შებილწვას, ხან - უკეთურ კაცთ უგზავნიდა, რომ მოხვეჭილი მადლი და მხნეობა წაერთმია.

ღირსმა მამამ თავის სარჩენად მცირე ბოსტანი მოიწყო, მაგრამ მთელ მოსავალს ფრინველნი უნადგურებდნენ. მაშინ მისი ლოცვით უფალმა დააფრთხო ისინი და იმ დღიდან აღარ გამოჩენილან.

გარკვეული ხნის შემდგომ ისიხი მთის ძირას გადავიდა და იქ წმინდა მოციქულ ანდრიას პატივად მისი სახელობის მცირე ტაძარი ააგო, სადაც უწყვეტ ლოცვას მიეცა.

სწორედ წმინდა მოციქულის მეოხებით გაათავისუფლა პატარა გოგონა არაწმინდა სულისაგან და როდესაც ბავშვი მშობლებს ჩააბარა, იწინასწარმეტყველა, რომ იმ ადგილას დედათა სავანე დაფუძნდებოდა, რაც მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე წელიწადში აღსრულდა.

ეს ქველი მოღვაწე, ყველას მიმართ უღრმესი თანაგრძნობით აღვსილი, იმ მხარის ნებისმიერ შეჭირვებულს აკითხავდა და თავისი ლოცვით და სასწაულქმედებით შეეწეოდა. ეს წესი ცხოვრებისა, გარდაცვალებამდე არ დაუგდია.

წმინდა ისიხის ამქვეყნიდან განსვლის დრო უფლის ანგელოზმა ამცნო და მანაც სული სიხარულით შეჰვედრა უფალს, სხეული კი გარდაცვალების შემდგომ ერთიანად გაუნათდა.

იმპერატორ კონსტანტინე IV-ის ჟამს (დაახლოებით 792 წელს) ეპისკოპოსმა თეოფილაქტემ ღირსი მამის წმინდა ნაწილნი ამასიას გადააბრძანა და იქაურ ტაძარში, საკურთხეველში, ტრაპეზის მარჯვნივ დაკრძალა.

ღირსო მამაო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის!

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1