ღირსი მარკოზ ეგვიპტელი, მმარხველი (V) - 5 (18) მარტი
ღირსი მარკოზ ეგვიპტელი, მმარხველი (V) - 5 (18) მარტი
ეს საკვირველი მოსაგრე დაახლოებით 430 წელს მიიცვალა. როგორც მატიანე იუწყება, იგი დიდი იოანე ოქროპირის მოწაფე გახლდათ და წმინდა წერილი - ძველი აღთქმაც და ახალიც, ზეპირად იცოდა.

შემდგომში მცირე აზიაში, ანკირის ახლოს ბერად აღიკვეცა და მანამ იღუმენობდა, სანამ აღმატებულ ღვაწლს არ შეუდგა და ნიტრიის სახელგანთქმულ უდაბნოს არ განუმარტოვდა.

ამ მაღალღირსმა მამამ ას წელს მიაღწია და საყვარელ უდაბნოს აღარასოდეს განშორებია.

სულიერ შვილთა და კეთილმორწმუნე ქრისტიანთა თხოვნით იმგვარად სრული სულიერი სახელმძღვანელო შეადგინა, რომ ბიზანტიაში ხშირად იტყოდნენ ხოლმე: - ყველაფერი გაყიდე და მარკოზი იყიდეო!

აი, რას გვამცნობს წმინდა მარკოზზე სახელგანთქმული "ლავსაიკონი":

"წმინდა მარკოზმა ჯერ კიდევ სიყრმეში იცოდა ზეპირად ძველი და ახალი აღთქმა, საკვირველად თვინიერი და მდაბალი მოღვაწე გახლდათ.

ერთხელ, მოცალეობისას, მასთან წავედი (საიმდროოდ ღრმად მოხუცი იყო), მისი სენაკის კართან ჩამოვჯექი (როგორც ახალმოსაგრე, მე მას ადამიანზე აღმატებულ არსებად მივიჩნევდი და ასეც იყო). მივაყურადე, რადგან მსურდა, შემეტყო, თუ რას იქმოდა წმინდა მამა, ან რას ამბობდა.

სენაკში სრულიად მარტო მყოფი ასი წლის ბერი, რომელსაც კბილებიც კი აღარ ჰქონდა, ისევ საკუთარ თავს და ეშმაკს ებრძოდა. ამბობდა:

- აბა, კიდევ რა გსურს, ბებერო? ღვინოც გისვამს და ზეთიც მიგირთმევია, ჩემგან რაღას ითხოვ, ბებერო მსუნაგო, ღორმუცელავ და საკუთარი თავის შემარცხვენელო?!

შემდეგ ეშმაკს მიმართა:

- ბოლოს და ბოლოს, დამეხსნები თუ არა, სატანავ? ჩემთან ერთად დაბერდი დაუდევრობასა და უყაირათობაში. ბევრჯერ მაიძულე, სხეულებრივი უძლურების საბაბით ღვინოც შემესვა და ზეთიც მეხმია, გემოთმოყვარედ მაქციე... ნუთუ, რამე კიდევ მმართებს შენი? ხომ ხედავ, რომ წარსატაცებელი აღარაფერი მაბადია? განვედ ჩემგან, კაცთმოძულევ!..

შემდეგ კი, თითქოს ხუმრობით, კვლავ საკუთარ თავს მიმართა:

- ეჰ, შე ყბედო და მსუნაგო ღორმუცელავ, ხარბო ბეხრეკო! კიდევ დიდხანს მომიწევს შენთან ყოფნა?!


ხატის წყარო

* * *
ამავე დღეს არის ხსენება მღვდელმოწამისა ნიკოლოზ პოკროვსკისა (1919 წელი), მღვდელმოწამისა იოანე მიროტვორცევისა და ღირსმოწამე მარდარისა (ისაევი), თეოფანესი (გრაფოვი, 1938 წელი)

* * *
ამავე დღეს არის ხსენება მოწამეთა: არქელაოსისა, კირილესი, ფოტიოსისა და მათ თანა 150-თა

ბეჭდვა
1კ1