ღირსი იაკობ მმარხველი (VI) - 4 (17) მარტი
ღირსი იაკობ მმარხველი (VI) - 4 (17) მარტი
ღირსი იაკობ მმარხველი წარმოშობით ფინიკიის ქალაქ პროთირიონის სიახლოვეს მოღვაწეობდა. იქ 15 წელიწადი გამოქვაბულში გაატარა და ისე სათნოეყო უფალს, სასწაულქმედების მადლი მიიღო.

მასთან რჩევისა თუ ლოცვისათვის მისულთ გამოქვაბულშივე ხვდებოდა და მრავალი (მათ შორის - სამარიტელნიც) მოაქცია.

შემდეგ სხვა ქვაბულში გადაინაცვლა და 30 წელიწადს იქ იმოსაგრევა.

მაგრამ ბოროტს ფრიად შეშურდა ამ ვნებათუქონელი და უშფოთველი მოღვაწისა და, ღვთის დაშვებით, მისი გამოცდა განიზრახა: - როგორც გითხარით, ანგელოზებრივი ცხოვრებით ისეთ სიწმინდეს მიაღწია, რომ უდიდეს სასწაულებს იქმოდა - სნეულთ კურნავდა, ეშმაკებს განდევნიდა, მკვდართ აღადგენდა. მაგრამ ერთხელ, შუაღამისას, მისი სენაკის კარს ვინმე დედაკაცი მიადგა და ღამის გასათევი სთხოვა, - უდაბნოში გზა ამებნაო.

შეეწყალა ბერს უცნობი - მხეცებმა არ დაგლიჯონო და შეიწყნარა, თავად ღამის გასათევად მეორე ოთახს მიაშურა, მაგრამ გულისთქმამ სძლია და კვლავ ქალთან შებრუნებულს სტუმარი შიშველი დახვდა...

ცოდვით ძლეული იაკობი მასთან დაეცა, მერე კი, - ვაითუ ცოდვა გამიმჟღავნდეს და მამებმაც შეიტყონო, - ქალი მოკლა...

გონს რომ მოეგო, სასოწარკვეთილმა სენაკი დაუტევა და სოფლად გაიქცა... გზად ვინმე მეუდაბნოე მამას გადააწყდა, რომელსაც ყოველი უამბო, ამ უკანასკნელმა კი ანუგეშა და ერთ მღვიმეში მიიყვანა, - აქ დაეყუდე და საზრდელს მე მოგიტანო.

ოცი წლის მანძილზე არ დაუტევებია იქაურობა იაკობს, რის შემდეგაც უფლისგან შენდობის ნიშნად სასწაულქმედების მადლი დაუბრუნდა.

ერთხელ საშინელი გვალვა დაიჭირა. იმ მხარის ეპისკოპოსს ძილში უფალი გამოეცხადა და უთხრა, - ცის ნამი მღვიმეში რომ დაყუდებული ბერია, იმის ლოცვით მოგეცემათო!

ეპისკოპოსი ხალხთან ერთად მღვიმეს მიადგა. ბერმა უპასუხა: - "შეცდით, რამეთუ მე ძალზე ცოდვილი ვარ და უფალი ჩემთან არ გამოგგზავნიდათო!"

- "ნუ აღუდგები ღვთის ნებას, - სთხოვა ეპისკოპოსმა, - და ილოცე ჩვენთვის". და როგორც კი ლოცვად დადგა, ძლიერი წვიმა წამოვიდა.

მაშინ კი მიხვდა იაკობი, რომ უფლისგან შენდობა მიიღო.

ღირსი მამის საფლავზე მოგვიანებით ტაძარი ააგეს.

მეოხ გვეყოს მისი ლოცვა ღვთის წინაშე!

ხატის წყარო

* * *
ამავე დღეს არის ხსენება ვაცლავ (ვიაჩესლავ) ჩეხისა, ვნებათდამთმენელისა (აღმოყვანება წმინდათა ნაწილთა, 935 წელს)
* * *
ამავე დღეს არის ხსენება მღვდელმოწამე ალექსანდრესი (ლიხარევისა, 1938 წელი)
* * *
ამავე დღეს არის ხსენება გრიგოლისა, კვიპროსის კონსტანცელი ეპისკოპოსისა

ბეჭდვა
1კ1