ღირსი აღათონ მეგვიპტელი (+V) - 02 (15) მარტი
ღირსი აღათონ მეგვიპტელი (+V) - 02 (15) მარტი
წმინდა აღათონი, რომლის სახელიც "მადლიანს" ნიშნავს, 364 წელს განმარტოვდა ეგვიპტის უდაბნოში და მალე სათნოებებით და სულიერი ჭვრეტის იმგვარი მადლით განბრწყინდა, იქაურ მეუდაბნოეთა შორის სახელი დიდად გაითქვა.

მრავალი მოილტვოდა მისკენ, რათა რჩევა ეკითხა და დამოწაფებოდა, ამიტომ მისი ბრძნული გამონათქვამები მრავალი საუკუნის მანძილზე არწყულებდა ღვთისმოყვარე სულებს.

ეს სულიწმიდით განბრძნობილი მამა დიდი სიმკაცრით მისცემოდა მარხვასა და ხორცთა თრგუნვას, მაგრამ ყველაზე უფრო მოშურნედ ღვთის მცნებათა აღსრულებას ცდილობდა.

როდესაც დაწნული კალათების გასაყიდად ალექსანდრიაში ჩავიდოდა, თავის ნახელავს უმცირეს ფასს დაადებ¬და და ფულს არც გადაითვლიდა, ისე ბრუნდებოდა უკან.
მეზობელ მონაზვნებზე დიდად მზრუნველი ყოველივეს გასცემდა, რაც კი ებადა და მოყვასისადმი იმგვარი სიყვარული ჰქონდა, ხან იმასაც განიცდიდა, კეთროვნისთვის სხეულის გაცვლა რომ არ ძალედვა.

ერთხელ გზად ღატაკი უცხოტომელი შემოხვდა, რომელიც მძიმედ დასნეულებულიყო. წმინდა მამას მწირი ისე შეეწყალა, ქალაქის სასტუმროში ოთახი უქირავა, თავად იწყო მასზე ზრუნვა და მხოლოდ ოთხი თვის თავზე, მისი გამოჯანმრთელების შემდეგღა დაუბრუნდა უდაბნოს.

სამ წელიწადს დაჰქონდა პირით ქვა, რომ საკუთარი თავი მდუმარებაში განეწვრთნა. ამ გაუგონარი ღვაწლით კი იმგვარ უვნებობას მიაღწია, რომ ქებასაც და ძაგებასაც ერთნაირი უშფოთველობით ხვდებოდა, თითქოს ქვის სვეტი ყოფილიყო.

თავის მოწაფეებს ჰმოძღვრიდა, ყოველგვარი თვითნებობისაგან თავი შორს დაეჭირათ, რადგან მას ყოველგვარი ცოდვის დედად მიიჩნევდა.
ერთხელ მამებმა აბბა აღათონის გამოცდა მოინდომეს: ჯერ გარყვნილი უწოდეს, შემდეგ ქედმაღალი, ბოლოს კი მოლაყბე, ხუცესი კი ყოველ ბრალდებას ამ სიტყვებით პასუხობდა:

- დიახ, სწორედ ასეთი გახლავართო! მაგრამ როგორც კი ერეტიკოსად მოიხსენიეს, მყის უპასუხა: - ერეტიკოსი არ ვარო!

დაეკითხნენ, - მხოლოდ ბოლო ბრალდება რატომ უარჰყავიო, უპასუხა: - დანარჩენი ბრალდებანი პირადად მე მეკუთვნოდა, მაგრამ ერესი - ღვთისგან განდგომაა, მე კი არ მსურს, შემოქმედს განვუდგეო!

გარდაცვალებამდე სამი დღე აბბა აღათონს თვალები საგრძნობლად გაუფართოვდა.

- სად ხარ, მამაო? - დაეკითხნენ ძმები.

- ღვთის სამსჯავროს წინაშე ვდგავარ...

- ნუთუ შენც გეშინია?

- ამ დრომდე ვცდილობდი, ღვთის მცნებანი აღმესრულებინა, მაგრამ ადამის ძემ საიდან უნდა ვუწყოდე, ჩემი საქმენი სათნო ეყო თუ არა უფალს?!

- მაშ, გეეჭვება, რომ რაც აღასრულე, ღვთის ნებას არ თანაეხატებოდა?

- დარწმუნებული არა ვარ, სანამ უფალი არ განმსჯის, რამეთუ სხვაა სამსჯავრო ღვთისა და სხვა - კაცისა!

სხვა მრავალი სურდათ კიდევ ეკითხათ მამებს, მაგრამ აღათონმა სთხოვა:

- წყალობა მოიღეთ და კითხვებს ნუღარ დამისვამთ, რამეთუ საამისო ჟამი აღარ დამრჩაო! შემდეგ, თითქოს ძმებს ემშვიდობებაო, სიხარულევანმა მიიძინა.

წმინდა მამაო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის!
..............................
ხატის წყარო: @18593@

ბეჭდვა
1კ1