წმინდა ჩედი, ეპისკოპოსი ლიჩფილდისა (+672) - 02 (15) მარტი
წმინდა ჩედი, ეპისკოპოსი ლიჩფილდისა (+672) - 02 (15) მარტი
წმინდა ჩედი VI საუკუნის ბოლოს მაშინდელი ინგლისის (რომელიც იმ დროს 7 სამეფოსაგან შედგებოდა) ერთ-ერთ სამეფოში, ნორტუმბრიაში დაიბადა.

იქ, კუნძულ ლინდისფარნზე, სახელგანთქმულ მონასტერში იგი წმინდა აიდანს (ხსენება 31 აგვისტოს) დაემოწაფა.

რამდენიმე წელიწადი ირლანდიაში გაატარა, ხოლო როდესაც მისმა ძმამ ლასტინჰემის მონასტერი დააარსა, მისი თხოვნით ინგლისს დაბრუნდა და იმ მონასტრის წინამძღვარი გახდა.

სწორედ ამ დროს შედგა ცნობილი საეკლესიო კრება უიტბიში (ხსენებულმა კრებამ, წმინდა უილფრიდის (ხსენება 24 აპრილს) გავლენით პასქალიის გამოთვლის რომაული სისტემა მიიღო), ნეტარი ჩედი კი იმ კათედრას ჩაუდგა სათავეში, რომელიც კუნძულ ლინდისფარნიდან იორკს გადაიტანეს.

ხელდასხმისთვის წმინდა მამა გალიას გაემგზავრა, სადაც ერთხანს შეყოვნდა, რის გამოც ხელმწიფემ მის ნაცვლად ეპისკოპოსად წმინდა ჩედის დადგენა ისურვა.

დაჰმორჩილდა რა ნებას ღვთისას, ღირსი მამა დიდი მოშურნეობით შეუდგა თავის საღვთო მისიას, ფეხით მოიხილავდა საეპისკოპოსოს ყოველ ტაძარს, ქადაგებდა და უპოვართ შეეწეოდა.

უილფრიდის დაბრუნების შემდგომ კენტერბერიელმა მთავარეპისკოპოსმა, წმინდა თეოდორემ (ხსენება 19 სექტემბერს) მას იორკის საეპისკოპოსო გადააბარა, წმინდა ჩედიმ კათედრა დაუთმო და უთხრა:

- სიამოვნებით ვტოვებ ამ პატივს, რადგან თავს ამის ღირსად არასოდეს მივიჩნევდი და ოდენ მორჩილების გამო მივიღეო!

თუმცა, თავისი საყვარელი სავანის დატოვება მალე მოუწია - წმინდა ჩედის მერსიის საეპისკოპოსო გადააბარეს.

ღირსმა მამამ ლიჩფილდში კათედრა დააარსა, სადაც ტაძარი ააგო, მის მახლობლად კი მცირე სავანე მოაწყო და რამდენიმე მოწაფითურთ დაფუძნდა.

როგორც სჩვეოდა, ახალი ეპარქიაც ფეხით შემოიარა და თავისი სამწყსოს ჭეშმარიტი სულიერი მამა შეიქნა.

672 წელს წმინდა ჩედი შავი ჭირის ეპიდემიას ემსხვერპლა, გარდაცვალებამდე 7 დღით ადრე უფლის ანგელოზები გამოეცხადნენ და ამცნეს, რომ მალე მისი სულის ზეცად აღსაყვანად მობრუნდებოდნენ.

ღირსი მამის წმინდა ნაწილნი დღემდე ბირმინჰემის ტაძარში განისვენებს.
...................................

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1