ღირსი ნიკოლოზ პლანასი (+1932) - 02 (15) მარტი
ღირსი ნიკოლოზ პლანასი (+1932) - 02 (15) მარტი
წმინდა ნიკოლოზი დაიბადა 1851 წელს კუნძულ ნაქსოსზე, მორწმუნე ოჯახში. ბავშვობიდანვე განირჩეოდა ღვთისმოსაობით და უბრალოებით.

მამამისი ახალგაზრდა გარდაიცვალა, ნიკოლოზი მაშინ 14 წლის იყო, დედამისი კი შვილებიანად საცხოვრებლად ათენს გადავიდა.

მთელ პურს, რომელსაც ნიკოლოზი დედისგან იღებდა, ადგილობრივ ღატაკებს უნაწილებდა და არც თავისი მწირი, ღარიბული სამოსი ენანებოდა მათთვის.

28 წლისა დაქორწინდა, მაგრამ მეუღლე ვაჟის დაბადებისთანავე დაკარგა. ნიკოლოზმა შვილი აღსაზრდელად ნათესავებს მიაბარა, ქონება კი ერთ ვალებისგან გაწამებულ თანამემამულეს უანდერძა.

ამიერიდან შეეძლო, თავი სრულიად მიენდო უფლისთვის და შუა ათენში, მეუდაბნოე მამათა მსგავსად, ასკეტურად ეცხოვრა.

1879 წლის 28 ივლისს ნიკოლოზი დიაკვნად აკურთხეს, ხუთი წლის შემდგომ კი ათენის წმინდა წინასწარ-მეტყველ ელისეს სახელობის ტაძრის მღვდლელმსახურად, მოგვიანებით - წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონის სახელობის ტაძარში გადაიყვანეს, მაგრამ მოკლე ხანში მის ნაცვლად სხვა ღვთისმსახური დაადგინეს, რის შემდეგაც ღირსი მამა იოანე ნათლისმცემლის მცირე ტაძარში გადავიდა.

ხსენებული ტაძრის მთელი მრევლი - შვიდიოდე ოჯახს შეადგენდა და მოძღვარს, მწირი შემოსავლის გამო, თავის რჩენა უკიდურესად უჭირდა, თუმცა, ყოვლადუბრალო და განათლების უქონელი ნიკოლოზი მალე ათენის ყველაზე საყვარელ მოძღვრად იქცა.

ორმოცდათორმეტწლიანი მსახურების მანძილზე ქალაქისა თუ სოფლის ხშირად ნახევრად დაქცეულ ტაძრებში ყოველდღიურად აღავლენდა საღვთო ლიტურგიას. მსახურებას დილის რვა საათზე იწყებდა და დღის სამ საათზე ასრულებდა, კვეთისას საათობით მოიხსენიებდა ცოცხალთ და გარდაცვლილთ და ამ მოსახსენებლებს მუდამ თან დაატარებდა, რათა წლების მანძილზე მოეხსენიებინა.

ხშირად უნახავთ, თუ როგორ ლივლივებდა ჰაერში ლოცვისას მამა ნიკოლოზი, ხოლო მის მიერ აღვლენილი წირვა იმდენად მადლიანი გახლდათ, ყველაზე უხეშ და ურწმუნო სულთა მოქცევაც შეეძლო.

ღვთის ამ მართალს, ხორცში მყოფ ანგელოზს მუდამ შეეძლო, ნებისმიერ დროს ემსახურა და ელოცა მათთვის, ვისაც ეს სჭირდებოდა.

თანხას, რომელსაც მორწმუნენი სწირავდნენ ხოლმე, საღამომდეც კი არ იჩერებდა ჯიბეში, - მაშინვე გასცემ¬და, საკუთარი საჭიროებისთვის კი უმცირესს იტოვებდა. სწორედ ამგვარად შეგროვილი თანხით აღადგინა ტაძარი, სადაც მსახურობდა, ინახავდა ობოლ გოგონებს, ხელმოკლე სტუდენტებს კი სწავლის ქირას უხდიდმა. თავი გადანარჩენი პურის ნატეხებით, ნაწყალობევი ბოსტნეულით თუ ჭიქა რძით გაჰქონდა.

ნეტარ ნიკოლოზს სახე მუდამ ბავშვური ღიმილით უბრწყინავდა და არც მტრები უნდა ჰყოლოდა, რადგან იმათაც შეუნდობდა ხოლმე, ვინაც ქურდავდა, მაწყინართ და ცილისმწამებელთ კი მუდამ ამართლებდა და მადლით აღვსილი გულით ინელებდა წუთისოფლის უკუღმართობებს.

ერთადერთ რამეს ვერ ეგუებოდა - ლოცვას და წირვას ნუ შეაწყვეტინებდით.

იმხანად ბერძნულ ეკლესიაში დასავლური რეფორმა¬ტორული ტენდენცია შეინიშნებოდა, რის გამოც მიტროპოლიტმა მელეტიმ (მეტაქსაკისმა) ათენის მღვდელმსახურთ ღამისთევის ლოცვა აუკრძალა.

ამ ამბით ფრიად შეწუხებული მამა ნიკოლოზი 5 დღე გულმხურვალედ ილოცვიდა, რომ უფლისგან ღამისთევის მსახურების აღვლენის უფლება მიეღო და ასეც მოხდა.

ნეტარი მამა ქუჩაში მძიმე ნაბიჯებით, გაჭირვებით იარებოდა, რადგან მუდმივად ფეხზე დგომა უწევდა, უკან ბავშვები მისდევდნენ ხოლმე, შემხვედრი ქალები მის დანახვაზე პირჯვარს იწერდნენ, მამაკაცნი კი - პატივისცემის ნიშნად ქუდს მოიხდიდნენ და გზას უთმობდნენ.

მეეტლენი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, თუ რომელი წაიყვანდა ნიკოლოზს, რადგან დარწმუნებულნი იყვნენ, იმ დღეს დიდ ხეირს ნახავდნენ.

საკუთარი თავისადმი ფრიად მკაცრი მამა სხვებს დიდი სიყვარულით შეიწყნარებდა და მასთან აღსარებაზე მისულთ ნუგეშს სცემდა და განამტკიცებდა, ღვთისგან კაცთა დაფარულ ცოდვათა და წინასწარმეტყველების მადლი ჰქონდა.

ერთხელ ვიღაც ქალმა წირვისთვის სეფისკვერი მიუტანა, მაგრამ ღირსმა მამამ უთხრა:

- სეფისკვერს ვერ გამოგართმევ, რადგან მამაკაცთან საქორწინო კავშირის გარეშე ცხოვრობო!

ერთხელ კი შეცდომით თაგვის წამლიანი ბოთლიდან მოსვა წყალი, მაგრამ, ღვთის შეწევნით, არაფერი დამართნია.

ამ ღვთის მართალმა, ტვირთმძიმეთა ნუგეშინისმცემელმა მოციქულებრივი ღვაწლით მრავალი სული იხსნა და ოდეს ხანმოკლე ავადობის შემდგომ, 1932 წელს პირზე ღიმილით შეჰვედრა სული თავის საყვარელ უფალს, მის წმინდა ნაწილთა თაყვანსაცემად ადამიანები სამი დღის მანძილზე უწყვეტ ნაკადად მიდიოდნენ.

წმინდა მამაო, ევედრე შენგან შეყვარებულსა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის!
..................................................

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1