წმინდა არსენი, ტვერელი ეპისკოპოსი (+1409) - 02 (15) მარტი
წმინდა არსენი, ტვერელი ეპისკოპოსი (+1409) - 02 (15) მარტი
ეს ღირსი მამა XIV საუკუნეში ცხოვრობდა, ძველრუსულ ქალაქ ტვერში დაიბადა და ფრიად შეძლებული ოჯახის შვილი იყო.

მორწმუნე და კეთილგონიერმა მშობლებმა ბრწყინვალე განათლება მისცეს და ღვთის შიშით აღზარდეს.

გონიერმა და საღვთო საგნებისადმი ფრიად მგრძნობიარე ყმაწვილმა ადრე იგრძნო, რომ წუთისოფლის მგზავრი და სტუმარი იყო, ამიტომ მშობელთა მიცვალების შემდგომ, ნათესავთა დიდი უკმაყოფილების მიუხედავად, მსახურნი და გლეხები გაათავისუფლა, მთელი საბადებელი კი - უპოვართ უწყალობა, თავად კი, მიენდო რა ღვთის ხმას, კიევ-პეჩორის ლავრას მიაკითხა.

წინამძღვარმა მაშინვე გულისხმაჰყო, თუ რა მადლი იყო ღვთისა ამ ყმაწვილზე, ასე რომ სწყუროდა ბერობა, მაგრამ მაინც განიზრახა, გამოეცადა და უბრძანა: - გიჯობს, უფრო იოლი გზა ეძებოო, თუმცა, ყმაწვილმა მალე გაუქარწყლა ყოველი ეჭვი.

არსენი მონასტერში დამკვიდრდა და გამოცდილი მოძღვარიც პოვა, რომელსაც უსიტყვოდ ჰმორჩილებდა. მალე მისმა განათლებამ და ნიჭმა კიევის მიტროპოლიტის, კვიპრიანეს (ხსენება 16 სექტემბერს) ყურადღება მიიპყრო, რომელმაც ყმაწვილს უხმო, მთავარდიაკვნად აკურთხა და პირად მდივნადაც დაადგინა.

გამოხდა ხანი და წმინდა კვიპრიანე მოსკოვს, გარდაცვლილი მიტროპოლიტის, ალექსის შემცვლელად გადაიყვანეს, რის შემდეგაც, არსენის დიდი და ხანგრძლივი წინააღმდეგობის მიუხედავად, 1391 წელს კვიპრიანემ მას ტვერის ეპარქიის მღვდელმთავრად დაასხა ხელი.

არსენს ძველი, უბრალო, ბერული ცხოვრება არ დაუგდია - ახალნაკურთხმა ტვერის სიახლოვეს ჟელტიკოვის სავანე დააარსა, სადაც ფრიად უყვარდა ლოცვა და განმარტოება.

თავისი წმინდა ცხოვრებით გამოირჩეოდა მეუფე არსენი კაცთაგან - მოსიყვარულე მამასავით უვლიდა სნეულთ, განიკითხავდა უპოვართ და ლოცვით მრავალ სასწაულს აღასრულებდა, ხოლო იმ თავადთ, უსამართლოდ რომ ერჩოდნენ ჩაგრულთ, ღვთის სამსჯავროს დაურიდებლად შეახსენებდა.

ღირსი მამა 1409 წელს მშვიდობით მიიცვალა და ანდერძისამებრ, თავის საყვარელ ჟელტიკოვის მონასტერში დაიკრძალა.

1483 წელს, როდესაც სამარხი გახსნეს, მისი სხეული უხრწნელი პოვეს, 1547 წელს კი ეკლესიამ იგი წმინდანთა ზეციურ დასს შერთო.

ამ ამბებიდან მოკლე ხანში კი მის სამარესთან მკვდრეთით აღდგა გარდაცვლილი.

შეგვეწიოს ამ მამის წმინდა ლოცვა ღვთის წინაშე!
..................................

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1