ლოცვითი ერთობა წმინდანებთან
ლოცვითი ერთობა წმინდანებთან
ჩვენი რუბრიკის წინა სტატიაში განვმარტეთ, როგორ ხდება წმინდანად შერაცხვა ეკლესიაში და რა მოვლენაა ეს. ახლა მოგითხრობთ ამ წმინდანებთან ლოცვითი ერთობის შესახებ.

ეკლესია ლოცულობს ყველაზე, ვინც რწმენით აღესრულა და მათთვის ცოდვების მიტევებას ითხოვს. განსაკუთრებით განადიდებს წმინდანებს, რომლებსაც უფალი თავის მეგობრებს უწოდებს: "თქუენ მეგობარნი ჩემნი ხართ... ხოლო თქუენ გარქუ მეგობრად" (ინ. 15,14-15). ცოდვების მისატევებელი ლოცვების აღვლენის ნაცვლად ეკლესია წმინდანებთან ლოცვით ერთობას ამყარებს შემდეგი ფორმებით:

ა. ქრისტეში მათი ღვაწლის განდიდებით;

ბ. მათდამი ლოცვითი თხოვნა, რათა შეგვეწიონ ზნეობრივ წინსვლაში, სულიერ გასაჭირსა თუ ცხოვრებისეული განსაცდელების გადალახვაში.

მაცხოვარმა ბრძანა: "რომელმან ყოს ნებაი მამისა ჩემისა ზეცათაისაი, იგი არს ძმაი და დაი, დედაი ჩემი" (მთ. 12,50). წმინდანები სწორედ ასეთი ადამიანები არიან უფლისთვის. ამიტომაც თუკი ის უფლისათვის ძმაა, მაშინ ჩვენთვისაც ასეთი უნდა გახდეს. წმიდანები ჩვენი სულიერი ძმები, დები, დედები და მამები არიან და მათდამი ჩვენი სიყვარული ლოცვითი ერთობით გამოიხატება.

წმინდა იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში აღწერილია, თუ როგორ დგანან კრავის საყდრის სიახლოვეს წმინდანები და აღავლენენ ლოცვებს მიწიერ ეკლესიაზე: "და ვიხილე და მესმა, ვითარცა ხმაი ანგელოზთა მრავალთაი გარემო საყდრისა და ცხოველთა და მღვდელთაისა, და იყო რიცხვი მათ ბევრნი ბევრთანი და ათასნი ათასთანი (ვინც უფალს ადიდებდა)" (გამოცხ. 5,11).

წმინდა ეკლესია ყოველთვის იცავდა წმინდანთა მოხმობის შესახებ სწავლებას და სწამდა, რომ ზეცაში ისინი არიან ღვთის წინაშე ჩვენი მეოხნი. ეს ძველ ლიტურგიებშიც არის ასახული: წმინდა იაკობ მოციქულის ლიტურგიაში ნათქვამია: "განსაკუთრებით ვიხსენიებთ წმინდა და დიდებულ მარადის ქალწულ, ნეტარ ღვთისმშობელს. მოიხსენე იგი, უფალო ღმერთო, და მისი წმინდა და წრფელი ლოცვით შეგვიწყალენ და შეგვინდვენ ჩვენ"; წმინდა კირილე იერუსალიმელი იერუსალიმის ეკლესიის ლიტურგიის განმარტებისას შენიშნავს: ,,შემდგომად ვიხსენიებთ (ანუ უსისხლო მსხვერპლშეწირვის შემდგომ) ადრე განსვენებულთ, პირველად პატრიარქებს, წინასწარმეტყველებს, მოციქულებს, მოწამეებს, რათა მათი ლოცვებითა და შუამდგომლობით შეიწყნაროს ღმერთმა ვედრება ჩვენი".

IV საუკუნიდან იწყება ეკლესიის მამათა და მასწავლებელთა განსაკუთრებით მრავალრიცხოვანი მოწმობები ეკლესიის მხრიდან წმინდანთა თაყვანისცემის შესახებ. მაგრამ უკვე II საუკუნის დასაწყისიდან არსებობს პირდაპირი დადასტურებანი: ძველ ქრისტიანულ ნაწერებში ჩანს რწმენა იმისა, რომ წმინდანები ზეცაში ლოცულობენ თავიანთ მიწიერ თანამოძმეებზე. წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილის მოწამებრივი აღსასრულის მხილველნი (II ს.) მოგვითხრობენ: "შინ თვალცრემლიანნი დავბრუნდით, ღამისთევის ლოცვა გვქონდა... შემდგომ ცოტა დავიძინეთ და ზოგმა ჩვენგანმა იხილა უეცრად აღმდგარი, რომელიც გვეხვეოდა. ჩვენთვის მლოცველი ნეტარი ეგნატე სხვებმაც იხილეს". მსგავსი ჩანაწერები მოწამეთაგან ჩვენთვის ლოცვასა და შუამდგომლობაზე გვხვდება ქრისტიანთა დევნის ეპოქის დროინდელ სხვა მატიანეებშიც.

ბეჭდვა
1კ1