წმინდა ალბინი, ეპისკოპოსი ანჟერისა (+550) - 01 (14) მარტი
წმინდა ალბინი, ეპისკოპოსი ანჟერისა (+550) - 01 (14) მარტი
წმინდა ალბინი 469 წელს ქალაქ ვანში იშვა, სოიუმრის სიახლოვეს მდებარე სენსილიაკის (ტენტილიანის) მონასტრის საძმოს შეუერთდა და მოკლე ხანში ყოველივე ამსოფლიურის უარმყოფელმა და ხორცთა დამთრგუნველმა მამათა დიდი პატივისცემა დაიმსახურა.

35 წლისა მონასტრის წინამძღვრად დაადგინეს და მანაც, სიკეთით და მრავალი სათნოებით აღვსილმა მამამ, ძველი სამონაზვნო წესები აღადგინა.

25 წლის შემდგომ ანჟერის ეპისკოპოსის, ადულფის მიცვალების შემდეგ ხალხმა ალბინი აიძულა, კათედრა გადაებარებინა, სადაც ჩვეული მოშურნეობით განაგრძო მოღვაწეობა, - სამწყსოს სახარების ნათლით განანათლებდა და დიდი ძალისხმევით აღმოფხვრა იქაურ მაღალ საზოგადოებაში ფეხმოკიდებული ნათესავებს შორის ქორწინება.

ტვირთმძიმეთა ნუგეშინისმცემელი, უპოვართა და ობოლთა მამა და კეთილი მწყემსი ყოველს ათავისუფლებდა, ვინც საპყრობილეში უსამართლოდ იტანჯებოდა, ხოლო იმათ, ვინც ბარბაროსთა ხელში ჩავარდებოდა, შემოწირულობების წყალობით გამოისყიდდა.

ღვთის მადლით აღვსილი ყოველდღიურ ქადაგებას სულისათვის ისეთ მნიშვნელობას ანიჭებდა, როგორც არსობის პურს, ამასთან, სამართლიანობის აღსადგენად საკუთარი თავის ზვარაკად გაღება უშფოთველად შეეძლო და არც უმაღლეს ხელისუფალთ ერიდებოდა, არც - სხვა ვინმეს.

წმინდა ალბინი აქტიურად მონაწილეობდა ორ ორლეანურ საეკლესიო კრებაში.

ღირსი მამა 550 წლის 1-ელ მარტს მიიცვალა, შუა საუკუნეთა ევროპა მას უდიდეს პატივს მიაგებდა.

* * *
ამავე დღეს არის ხსენება ღირსისა ლუკა სიცილიელისა (X); ხსენება მოწამისა პარასკევა ტრაპიზონელისა (+1659)

ბეჭდვა
1კ1