წმინდა დავითი, ვალიელი ეპისკოპოსი (VI) - 01 (14) მარტი
წმინდა დავითი, ვალიელი ეპისკოპოსი (VI) - 01 (14) მარტი
წმინდა დავითი (ან - დეუი) კერედიგიონის (თანამედროვე ინგლისურით - კარდიგანი, რომელიც იმ დროისათვის სამეფო იყო, დღეს კი საგრაფოს სტატუსი აქვს) ხელმწიფის, ქსანტეს ვაჟიშვილი გახლდათ.

ერთხელ, ნადირობისას, ქსანტეს ღვთივ ეუწყა, რომ მიეცემოდა ვაჟი, რომელიც მთელ იმ მხარეში თაფლივით მიმოღვრიდა ღვთის მადლს.

დავითმა სასულიერო განათლება მიიღო და მღვდლად კურთხევის შემდგომ კუნძულ უაიტზე (სხვა წყაროთი - ქალაქ უიტლენდში) განმარტოვდა, სადაც სულიერი მოძღვარი, ღვთივგანბრძნობილი პავლინე იპოვა.

ათი წელი უსიტყვოდ მორჩილებდა დავითი მოძღვარს, იმგვარად, რომ ამ დროის მანძილზე დიდი კრძალვის გამო მისი სახეც კი არ უხილავს. ღვაწლმრავალი და ღვთისმოყვარე პავლინე კი, ჭვრეტდა რა უფლისმიერ სასწაულთ, იმდენი ცრემლი ღვარა, სანამ თვალისჩინი არ წაერთვა.

მაშინ დავითმა, მოიხვეჭა რა მადლი ღვთისა, მოძღვარს თვალებზე ჯვარი გარდასახა და განკურნა.

გარკვეული ხნის შემდგომ პავლინემ, ანგელოზის გამოცხადების შემდგომ, დავითი ღვთის სიტყვის საქადაგებლად და კეთილი თესლის განსამრავლებლად შორს გაუშვა.

რამდენიმეწლიანი ღვაწლის შემდგომ ღირსმა დავითმა უელსსა და დასავლეთ ინგლისში თორმეტი მონასტერი დააფუძნა და წეს-განგებანიც შეუდგინა. სავანეთა შორის ყველაზე სახელგანთქმული - როსის უდაბნოში, განმარტოებულ, თვალწარმტაც ადგილას, ირლანდიის ზღვის ნაპირთან მდებარეობდა, სადაც წმინდა მამა სამ მოწაფესთან ერთად მიიყვანა უფლის ანგელოზმა. 30 წლის წინ სწორედ ამ ადგილას ინება მონასტრის დაფუძნება წმინდა პატრიკმა (ხსენება 17 მარტს), რომელსაც ღვთის მაცნემ აუწყა, რომ აქ სხვა ღვთისმოყვარე მოღვაწეს უნდა ეღვაწა მომავალში, თავად კი ირლანდიის განსანათლებლად წარგზავნა.

იქაური წარმართი ტომის ბელადმა, ბაიამ, შეიტყო რა ღირსი მამის იქ დაფუძნების ამბავი, ფრიად განრისხდა და დაუპატიჟებელი სტუმრების "ჭკუაზე მოყვანა" განიზრახა, თუმცა, სანამ ღირსი მამის სამყოფლამდე მიაღწევდა, თავის მეომრებიანად საზარელი ავადობა შეეყარა და მრავალი მოსრა...

ავზნიანმა ბაიამ გულისხმა ჰყო, რომ ზეცა წმინდა მამათა მხარეზე იყო, დავითის წინაშე დაემხო და შენდობა სთხოვა.

უფალმა თავისი რჩეულის ლოცვით იქვე განამრთელა ბაია, მის უსულო ქვეშევრდომებს კი - სიცოცხლე დაუბრუნა, მაგრამ ეშმაკი ახლა წარმართი ბელადის თანამეცხედრეს შეუჩნდა, მხევალთ მოუწოდა და წმინდა კაცთა საცთუნებლად გაეშურა.

ღირსმა დავითმა სულიერად განაფხიზლა მონაზონნი, რომელნიც ამ უსაშინლეს განსაცდელს, ღვთის წყალობით, გადაურჩნენ, მეორე დღეს კი მათი მაცთუნებელი, ეს მეორე იროდიადა, ჭკუიდან შეიშალა, თავად ბელადი კი მოწინააღმდეგესთან ბრძოლაში დაეცა.

მშვიდობამ დაისადგურა წმინდა დავითის სამყოფელში, დღის უმეტეს ნაწილს მამები მინდვრად უმძიმეს შრომაში განლევდნენ და მდუმარებას იმარხავდნენ, შინაგან ლოცვასა და ფსალმუნთგალობას მიცემულნი. მონასტერში მობრუნებულნი კი დანარჩენ დროს წმინდა წიგნთა კითხვას, ლოცვას, ან წიგნთა გადაწერას ანდომებდნენ, ზარის დარეკვისთანავე კი ტაძარში იკრიბებოდნენ, რომ ერთითა გულითა და ერთითა ენითა ეგალობათ შემოქმედისთვის და განვლილი დღისთვის მადლი შეეწირათ.

ასე იდგნენ განკრძალულნი, მუხლებზე დამხობილნი პირველი ვარსკვლავის გამოჩენამდე, შემდეგ - წამოდგებოდნენ და მოკრძალებულად ტრაპეზობდნენ და სხეულს მცირე ხნით მოასვენებდნენ.

მამლის ხმობისთანავე ძილს თავს წაართმევდნენ და სანამ ისევ მდუმარე შრომას მიეცემოდნენ, კვლავ ლოცვად დგებოდნენ.

მამებს ყველაფერი საერთო ჰქონდათ, წინამძღვარს, როგორც მამას, ისე ჰმორჩილებდნენ და ამგვარი ცხოვრებით ანგელოზთ შეჰგავდნენ, ხოლო თუ ვინმე მათთან შეერთებას დააპირებდა, ათი დღით, გამოსაცდელად, მონასტრის კარიბჭესთან უნდა ეშრომა და ყოველგვარი დამცირება უსიტყვოდ აეტანა.

როგორც ჩანს, წმინდა დავითმა სამღვდელმთავრო პატივი იერუსალიმის მოლოცვისას მიიღო, ხოლო უელსს დაბრუნებულს იმხელა პატივს მიაგებდნენ, 545 წელს ლანდევი-ბრევი საეკლესიო კრებაშიც კი მონაწილეობდა, სადაც პელაგიანელთა ერესის წინააღმდეგ საბრძოლველად კერლეონის მთავარეპისკოპოსმა, დუბრიციმ მოუხმო, ხოლო როდესაც წმინდა ეკლესიის სწავლება თავისი ლოცვით აღსრულებული სასწაულებითაც განამტკიცა, დუბრიციმ თავისი პატივი და სამღვდელმთავრო კათედრა დაუთმო, მიუხედავად მისი უარისა.
ახალნაკურთხმა მღვდელმთავარმა კათედრა კერლეონიდან თავის მონასტერში გადაიტანა და ამ ადგილს, შემდგომ ქალაქს - სანტ დევი - წმინდა დავითის სახლი დაერქვა.

ამ წმინდა კაცმა, რომელმაც ღონე არ დაზოგა თავისი სამწყსოს განსამტკიცებლად, საბოლოოდ სძლია ერეტიკოსთა ცრუ სწავლებას, კერლეონის ახალი ტაძარი დააფუძნა და ის საეკლესიო წესები დაადგინა, რომელთა საფუძველზეც საუკუნეთა მანძილზე იმართებოდა ბრიტანული ეკლესია.

მკაცრი და ღვაწლმრავალი, უდავოდ მიბაძვის ღირსი მისი ცხოვრება იმ თესლად იქცა, რომელმაც შემდგომ მრავალი სათნოება აღმოაცენა და ამ მიწას უამრავი წმინდა კაცი მისცა.

შრომით დამაშვრალი ღირსი მამა 601, სხვა წყაროს მოწმობით კი - 589 წელს მიიცვალა, ამქვეყნიდან განსვლისას თავად უფალი იხილა, რომელსაც მშვიდობით შეჰვედრა სული, ხოლო მის მოწაფეთაგან ერთ-ერთმა იხილა, თუ როგორ აღვიდა მოძღვრის სული ზეცად.

ღირსი დავითის წმინდა ნაწილნი უელსის უდიდესი სიწმინდეა, მის სახელზე შემდგომ უამრავი ტაძარი აიგო.

მეოხ გვექმნას მისი წმინდა ლოცვა ღვთის წინაშე!

ბეჭდვა
1კ1