წმინდა რომანოზი და ლუპიკინი, კონდატის მონასტრის დამაარსებლები იურის მთებში (V) - 28 თებერვალი (13 მარტი ან 12 მარტი - ნაკიან წელს)
წმინდა რომანოზი და ლუპიკინი, კონდატის მონასტრის დამაარსებლები იურის მთებში (V) - 28 თებერვალი (13 მარტი ან 12 მარტი - ნაკიან წელს)
წმინდა რომანოზი დაიბადა დაახლოებით 400 წელს, კეთილშობილ ოჯახში, საფრანგეთში, სადაც სამონასტრო ცხოვრება ჯერ კიდევ არ იყო განვითარებული. ოცდათხუთმეტი წლის რომანოზი წავიდა იურის მთაზე და უღრან ტყეში დაიწყო განდეგილად ცხოვრება. მთელ დროს ლოცვაში ატარებდა, მიირთმევდა ველურ კენკრას და სარჩო-საბადებელს საკუთარი შრომით მოიპოვებდა. ასე გაატარა რამდენიმე წელი, აღარც ახსოვდა ამსოფლიური ცხოვრება. სურდა მიეღო სამონასტრო ცხოვრების გამოცდილება გამოცდილი მოძღვრის მეთვალყურეობით. მან გარკვეული დრო გაატარა ლიონის მონასტერში მამა საბინესთან, რომელსაც ასკეტური ცხოვრების შესახებ აღმოსავლეთის მეუდაბნოე მამებისგან ესწავლა. როცა რომანოზი მონასტრიდან ისევ მთებში დაბრუნდა, თან წაიღო წიგნები: "უდაბნოს მამათა ქადაგებანი", იოანე კასიანეს "სამონასტრო წესდება".

რამდენიმე ხნის შემდეგ რომანოზს შეუერთდა მისი უმცროსი ძმა ლუპიკინი. ლუპიკინს სიზმარში გამოეცხადა ძმა და ასკეტური ცხოვრებისკენ მოუწოდა. ძმები ერთად მოღვაწეობდნენ. ბოროტი ცდილობდა მათ შორის უთანხმოების ჩამოგდებას, მაგრამ ამაოდ. მალე მათთან დაიწყეს მისვლა ქრისტიანებმა და ასკეტური ცხოვრების მსურველმა ქრისტიანებმა რჩევა-დარიგებების მისაღებად. მათთან სნეულებიც მოჰყავდათ, რომლებიც უფლის მადლით და ძმების ლოცვით იკურნებოდნენ.

თავდაპირველად რომანოზი და ლუპიკინი დამოწაფების მსურველ ძმებს არ აძლევდნენ მათთან დარჩენის უფლებას, ბოლოს თანხმდებოდნენ და ბერებიც შორიახლო ფაცხებში იწყებდნენ მოსაგრეობას. ასე გაიშალა სამონასტრო ცხოვრება იურის მთებში. მალე ლუპიკინმა იქვე მეორე მონასტერიც დააარსა სახელად ლოკონი.

რომანოზის და ლუპიკინის დამაც დაიწყო ასკეტური ცხოვრება ძმების მეთვალყურეობით. შემდეგ მანაც დააარსა დედათა მონასტერი. მიუხედავად იმისა, რომ რომანოზი უფროსი ძმა იყო, სამონასტრო საქმეებში ხშირად უფროსობას უმცროს ძმას უთმობდა.

წმინდა რომანოზის შესახებ შეიტყო გალიის ეკლესიის მთავარმა, წმინდა ილარი არლერმა. ბაზანსონში ყოფნისას, 444 წელს, ილარიმ რომანოზს მღვდლად დაასხა ხელი, რათა ღირს ბერს შეძლებოდა საღვთო ლიტურგიის ჩატარება მონასტრებში.

წმინდა რომანოზი გარდაიცვალა 460 წლის 28 თებერვალს. მან მონასტრების მმართველობა თავის ძმას გადააბარა.

ხატის წყარო

.........................................
ამავე დღეს იხსენიება: მოწამე ამბერკი; ახალმოწამე ანა თესალონიკელი (1751); ღირსი გერმანე (405-415)

ბეჭდვა
1კ1