ღირსი პროკოფი დეკაპოლელი (+დაახლ. 750) - 27 თებერვალი (12 მარტი ან 11 მარტი - ნაკიან წელს)
ღირსი პროკოფი დეკაპოლელი (+დაახლ. 750) - 27 თებერვალი (12 მარტი ან 11 მარტი - ნაკიან წელს)
ღირსი პროკოფი დეკაპოლელი გალილეის ტბის აღმოსავლეთით, დეკაპოლის ოლქში მოღვაწეობდა. ამ ოლქმა სახელწოდება მიიღო მასში შემავალი ათი ქალაქის გამო. ეს ათქალაქი (ბერძნულად დეკაპოლი) გადმოცემით იყო მანასეს ნახევარტომის სამფლობელო ოლქი, მდინარე იორდანეს აღმოსავლეთით. გეოგრაფები შეთანხმდნენ, რომ სკითოპოლი მთავარი ქალაქი იყო ამ ოლქის ათი ქალაქიდან და მხოლოდ იგი მდებარეობდა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, დანარჩენი ქალაქების სახელწოდებები იყო იპონი, ღადარა, დიონი, პელეა, ანუ პელა, გერეზა ანუ გერგესა, ფილადელფია, რაფანა, ანუ როთონი, კანათა და დამასკო. ეს ქალაქები ერთგვარ კავშირს შეადგენდნენ და თავიანთი საგანგებო წესები ჰქონდათ შემოღებული. ღირსი პროკოფი VIII საუკუნეში მოღვაწეობდა, მაშინ როცა ეკლესიაში გაჩნდა ახალი ერესი - ხატმებრძოლობა.

იმპერატორმა ლეონ ისავრიელმა (717-741 წწ.) მოინდომა, ხატების განადგურებით "ცრურწმენისგან" გაეწმინდა ეკლესია და ამ გზით გაექრისტიანებინა მაჰმადიანები და იუდეველები. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა წმინდა გერმანემ სცადა იმპერატორის დაყოლიება, უარი ეთქვა ამ განზრახვაზე; განუმარტა ხატთა თაყვანისცემის ნამდვილი მნიშვნელობა და გააფრთხილა, რომ არც იმპერატორს და არც პატრიარქს უფლება არ აქვთ, შეცვალონ ეკლესიის ტრადიციები. თავის მხრივ კი დასძინა, რომ სიკვდილი ერჩივნა ამ უკანონობისთვის ხელშეწყობას.

მეფემ არ შეისმინა პატრიარქის რჩევები და 728 წელს გამოსცა ბრძანებულება, რომლის თანახმად იკრძალებოდა ხატების თაყვანისცემა ტაძრებსა და სახლებში. მამაცმა პატრიარქმა წინააღმდეგობის ნიშნად უარი განაცხადა თავის წოდებაზე, რის გამოც იგი შეურაცხყვეს, სცემეს და კონსტანტინოპოლიდან განდევნეს, ხოლო მის ადგილას დანიშნეს იმპერატორის სრული მორჩილი ანასტასი. ღრმად მოხუცი პატრიარქი გერმანე აღესრულა დევნულებაში, დაგვიტოვა რამდენიმე მნიშვნელოვანი თხზულება.

იმპერატორმა დეკრეტის გამოცემა არ იკმარა და ბრძანა: ტაძრებიდან და სახლებიდან გამოეტანათ და სახალხოდ დაეწვათ ხატები. ხალხი უკიდურესად აღშფოთდა. მაცხოვრის გამოსახულება, რომელიც ჯერ კიდევ კონსტანტინე დიდის დროიდან საიმპერატორო სასახლის კარიბჭის თავს ამშვენებდა, ახლა უნდა გაენადგურებინათ. ხელისუფლისგან გამოგზავნილმა სამხედრო მოხელემ კედელს კიბე მიადგა და ბრძანების შესრულებას შეუდგა. ამაოდ ევედრებოდა ცრემლმომდგარი ხალხი, ხელი არ ეხლო წმინდა, ყველასთვის თაყვანსაცემი გამოსახულებისთვის - მეომარმა ხატს ურო მაინც დაჰკრა. მაშინ გამწარებულმა დედაკაცებმა კიბე გადააყირავეს და შემცოდე მეომარი სასიკვდილოდ დაშავდა. ამას მოჰყვა აჯანყება, რომელიც იარაღით ჩააქრეს; ბევრი ეჭვმიტანილი სიკვდილით დასაჯეს, მაგრამ ხალხმა ისინი ჭეშმარიტებისთვის მარტვილებად აღიარა და პატივს მიაგებდა მათ ხსოვნას. ბრძანებისადმი ქვეშევრდომთა დაუმორჩილებლობით განრისხებულმა იმპერატორმა მიმართა უმკაცრეს ზომებს: განდევნას, ქონების ჩამორთმევას, პატიმრობას, წამებასა და სიკვდილით დასჯას. ლეონ ისავრიელმა დაანგრია სასწავლებელი, რომლის მოძღვრებიც არ იზიარებდნენ მის შეხედულებებს ხატების შესახებ, კონსტანტინოპოლში დაწვა უზარმაზარი ბიბლიოთეკა და მისი თორმეტი ბიბლიოთეკარი მარტო იმიტომ, რომ ერთ-ერთი მათგანი ხელნაწერებში ხატმებრძოლობის განმაქიქებელ გამონათქვამებზე მიუთითებდა.

მღელვარება გადაედო ყველა მხარეს, სადაც კი იმპერატორის ბრძანებამ მიაღწია. ზოგიერთი ეპისკოპოსი ლეონ ისავრიელისადმი მაამებლობისა თუ საკუთარი შეხედულების გამო ბეჯითად შეუდგა მისი ბრძანების შესრულებას, რამაც სახალხო მღელვარება უფრო გააღვივა, მაგრამ გამოჩნდნენ ისეთი მწყემსმთავრებიც, რომლებიც უშიშრად იცავდნენ ეკლესიის ძველ წესებს.

წმინდა პროკოფი თავის თანამოსაგრესთან, წმინდა ბასილისთან (ხს. 28 თებერვალს) და მართლმადიდებლობის სხვა ერთგულ დამცველებთან ერთად ახოვნად აღუდგა წინ ახალაღმოცენებულ ხატმებრძოლთა ერესს. იმპერატორის ლეონ ისავრიელის ბრძანებით, იგი შეიპყრეს, სასტიკად აწამეს, შემდეგ კი საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც წმინდა ბასილისთან ერთად იმყოფებოდა მტარვალი მეფის აღსრულებამდე. ამის შემდგომ ღირსი აღმსარებლები გაათავისუფლეს. სიცოცხლის დარჩენილი ნაწილი წმინდა მამამ მშვიდობით გალია; მიიცვალა ღრმა მოხუცებულობაში, 750 წელს.
..................................................

ხატის წყარო

ღირსი პროკოფი აღმსარებელის, დეკაპოლელის

კონდაკი
ნათელ ცისკროვნად მთიებად მოგიგო დღეს ეკლესიამან, განაქარვენ რა ყოველნი ბოროტმადიდებელთა ზრახვანი, ვინაცა გევედრებით ხსენებისა შენისა აღმასრულებელნი: დაგვიფარენ, ზეცისა მესაიდუმლეო დიდებულო პროკოფი.

ბეჭდვა
1კ1