წმინდა იოანე ოქროპირის ხუცესად კურთხევა (+386) - 26 თებერვალი (11 მარტი ან 10 მარტი - ნაკიან წელს)
წმინდა იოანე ოქროპირის ხუცესად კურთხევა (+386) - 26 თებერვალი (11 მარტი ან 10 მარტი - ნაკიან წელს)
ძველი სტილით 26 თებერვალს ბიზანტიური სვინაქსარი წმინდა იოანე ოქროპირის ხუცესად კურთხევას იხსენებს.

ერთხელ, ანტიოქიის ეკლესიის საჭეთმპყრობელ ფლავიანეს, ღამეული ლოცვისას, ღვთის ანგელოზმა ასე უბრძანა: - ხვალ იმ მონასტერში წადი, რომელშიც იოანე მოღვაწეობს, ქალაქში ჩამოიყვანე და მღვდლად დაასხი ხელი, რადგან რჩეული ჭურჭელია და უფალს მისი მეოხებით მრავალთა მოქცევა და გადარჩენა სურსო...

იმავე ღამეს ანგელოზი იოანესაც გამოეცხადა და ანტიოქიაში დაბრუნება უბრძანა, რასაც დამორჩილდა კიდეც.

ძალზე გაუჭირდათ იქაურ მონაზვნებს მასთან განშორება და მწარედ ატირდნენ...

მეორე დღეს, მღვდლად ხელდასხმისას, იოანეს თავს თოვლივით თეთრი მტრედი დაადგა, რამაც იქ მყოფნი დიდად შეაშინა და განაოცა... ამ სასწაულმა მთელი ანტიოქია, სირია და მიმდებარე ქალაქები აალაპარაკა: - მაინც ვინ არის იოანე, რომელზეც დასაწყისშივე ესოდენი სასწაული დაუშვა ღმერთმაო...

რატომ იყო იოანეს მღვდლად კურთხევა გარდაუვალი?! რით გამოირჩეოდა ის სხვა ასკეტი მამებისგან?! ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად თვალი გადავავლოთ წმინდა მამის განვლილ ცხოვრებას ყრმობიდან ვიდრე ხუცესად კურთხევამდე.

სამწუხაროდ, ოქროპირის შობის ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის. წყაროთა მოწმობით, იგი 347 წელს სირიის ანტიოქიაში უნდა დაბადებულიყო.

მისი მშობლები განათლებული, დიდად პატივსაცემი და შეძლებული ადამიანები იყვნენ. მამამისს, სეკუნდუსს, მხედართმთავრის საპატიო ტიტული ჰქონდა საიმპერატორო ჯარში, დედა, ანთუსა კი - საიმდროოდ უგანათლებულესი მანდილოსანი, სამაგალითო მეოჯახე გახლდათ. ორივე ღრმადმორწმუნე ქრისტიანი იყო, ზნეკეთილი და ერთგული შვილი ეკლესიისა...

ქრონოგრაფთა ცნობით, ანთუსას და, იოანე ოქროპირის დეიდა, ანტიოქიის ეკლესიის დიაკონესა ყოფილა. სწორედ ამგვარმა ღირსეულმა ოჯახმა გაზარდა იგი...

სამწუხაროდ, ამ ზნემაღალ ოჯახს ბედნიერებით ტკბობა დიდხანს არ დასცალდა - ოჯახის თავი, სეკუნდუსი უეცრად გარდაიცვალა და ბავშვების აღზრდა სრულიად ახალგაზრდა, 20 წლის ქვრივს დააწვა მხრებზე.

მართალია, ოჯახს მატერიალურად არ გასჭირვებია, რადგანაც დიდი ქონების პატრონი იყო, მაგრამ მეუღლის გარდაცვალებამ ანთუსას ცხოვრება ძირეულად შეცვალა, მაგრამ დარდს დიდსულოვნება დაუპირისპირა, განსაცდელი ღირსეულად გადაიტანა, საკუთარ თავზე უარი ეთქვა და სიცოცხლე უფალსა და შვილებს მიუძღვნა...

მისმა დედობრივმა თავდადებამ კი თვით წარმართნიც ისე განაოცა, რომ ერთმა მათგანმა, სახელოვანმა რიტორმა ლიგანმა აღტაცებით წამოიძახა: - "ო, რა ქალები ჰყოლიათ ქრისტიანებს!"

ეს შემართება არც მეორე უდიდესმა უბედურებამ - მცირეწლოვანი ქალიშვილის გარდაცვალებამ გაუფერმკრთალა... მისმა დიდმა გულმა ერთადერთი ვაჟი თავისი სიყვარულისა და იმედის საგნად გადააქცია და არაფერი დაიშურა მისთვის...

წუთისოფლის ყოველ სიამეს და საცდურს განრიდებულს და მთლიანად თავის პატარა ოჯახზე მოფიქრალს, თავადვე შეეძლო, მშვენიერი დაწყებითი განათლება მიეცა შვილისთვის... დედის ბაგეთაგან აღმოსული პირველი საკითხავები სამუდამოდ დააჩნდა იოანეს სულს, რომელმაც თითქოს მშობლისაგან იმემკვიდრა სიყვარული ღვთის სიტყვისა.

უშფოთველად განვლო ბავშვობამ და განათლების გაგრძელების აუცილებლობა ამ შესაძლებლობის პატრონი ყმაწვილისთვის აშკარა გახდა.

ანტიოქია, რომის იმპერიის მნიშვნელობით მესამე ქალაქი, მართალია, სირიის დედაქალაქი იყო, მაგრამ მისი ინტელიგენცია ბერძნულ ენაზე წერდა, მეტყველებდა და აზროვნებდა... საიმდროოდ იგი განთქმული იყო სკოლებით და ერთგვარ მეორე, სირიულ "ათინად" ქცეულიყო ათასგვარი წარმართული სასწავლებლით, ბრწყინვალე მასწავლებლებით, ფილოსოფიითა და დახვეწილი სიტყვაკაზმულობით. ეს სივრცე ქრისტიანულ სკოლებსაც აძლევდა არსებობის საშუალებას, სადაც, უმთავრესად, ღვთის სიტყვა ისწავლებოდა, მაგრამ მოწაფის გონებას იმ ცოდნითაც არწყულებდა, რისი შეკრებაც მაშინდელმა კლასიკურმა სამყარომ შეძლო.

იოანემ წიგნისმიერი განათლება კი შეიძინა, მაგრამ ეს მისი მსოფლმხედველობის ნაწილი გახლდათ, რომელსაც უფალი გაცილებით მაღალი დანიშნულებისთვის ამზადებდა.

მაშინ, როდესაც იოანეს 14-15 წელი უნდა შესრულებოდა და მისი სული ესესაა, იხსნებოდა სამყაროს გაცნობიერებული აღქმისათვის, ქრისტიანობის დასამარცხებლად წარმართობა უკანასკნელ ძალებს იკრებდა და ეს ძალა თითქოს იმპერატორ იულიანე განდგომილში განპიროვნდა. დაეუფლა რა საიმპერატორო სკიპტრას, კეთილზნეობის ნიღაბი განიძარცვა, ყველგან იწყო ხრწნაშეპარული წარმართობის კერათა აღდგენა და ქრისტიანობის აღმოსაკვეთად ღონე არ დაზოგა.

იმპერატორი საკმაოდ შორსმჭვრეტელი აღმოჩნდა და წინამორბედი, ქრისტიანთა მდევნელი იმპერატორებისათვის არ მიუბაძავს, რადგან ისტორიიდან ის გაკვეთილი მიიღო, რომ უხეში ძალმომრეობა ვერ აღმოძირკვავდა რელიგიას, რომლისათვისაც აღმსარებელთა და მოწამეთა სისხლი მუდამ ნაყოფის მომცემი თესლი იყო. ამიტომ სხვა ზომებს მიმართა და თან წარმართობის აქა-იქ მიმქრალ კერათა გამოცოცხლებას შეეცადა, თან - ქრისტიანობის ძალისამებრ შევიწროებას, დაცინვასა და დამცრობას.

ერთ დღეს, ანტიოქიისაკენ მიმავალმა იულიანემ დაფნაში შეიარა, სადაც აპოლონის სახელგანთქმული ტაძარი იდგა.

ოდესღაც საკულტო ტყეებით გარშემორტყმული ეს ტაძარი, გამუდმებული წარმართული ლოცვებისა და დღესასწაულების კერა, იულიანეს გაუკაცრიელებული დახვდა, რამაც გული შეუმუსრა, ახლომდებარე ქრისტიანული ტაძრის ხალხმრავლობამ კი მთლად წაუხდინა გუნება...

გულმოსულმა აღარ დაახანა და ტაძრის დაუყოვნებლივ დახურვა და იქიდან წმინდა ნაწილთა გატანა ბრძანა. თუმცა, ამ უსამართლო განჩინებას სულიერად არ დაუზაფრავს ქრისტიანები - მშვიდად ადგნენ და წმინდა ნაწილები ზარ-ზეიმით და ლიტანიობით გადააბრძანეს, იმპერატორს კი ისევ თვალში მოხვდა მათი სიმრავლე, მოთმინებამ კვლავ უღალატა, საკუთარი ფილოსოფიური უშფოთველობა და თვალთმაქცური რჯულთშემწყნარებლობა გვერდზე გადადო და ქრისტიანთა დაპატიმრება მოისურვა, იმათგან კი ზოგს ციხეში ამოაყოფინა თავი, ზოგიც აწამა...

დიდი დრო არ გასულა, რომ კერპთაყვანისცემის უძველეს ალაგს ზეციურმა რისხვამ უწია: - აპოლონის ტაძარი, რომელზეც ასერიგად ზრუნავდა უცეზარესი, მეხი დაეცა და საძირკვლამდე გაანადგურა...

იმპერატორის მძვინვარებას საზღვარი არ ჰქონდა და მან, ეჭვობდა რა ქრისტიანთა მონაწილეობას წარმართული სამსხვერპლოს ასე ულმობელ დაქცევაში, ანტიოქიის უმთავრესი ტაძრის დახურვა ინება. მოხუცებულ პრესვიტერს, რომელმაც წარმართ ხელისუფალთ ტაძრის სიწმინდეების გადაცემაზე უარი უთხრა, წამებით ამოხადა სული, ერთი წარჩინებული ქალბატონი კი მხოლოდ იმიტომ დაასჯევინა, რომ მისი ფანჯრიდან ფსალმუნთგალობას მოჰკრა ყური...

საიმპერატორო გვარდიის ორი ახალგაზრდა მხედართმთავარი, რომლებმაც წუხილთან ერთად საყვედურიც გამოთქვეს ხელისუფალთა მიმართ ქრისტიანთა ასე უსამართლო სასჯელისადმი, ჯერ ციხეში გამოამწყვდევინა, ხოლო როდესაც გაწარმართებაზეც უარი მიიღო, სიცოცხლესაც გამოასალმა...

მიეცა რა შურსა და რისხვას, იულიანეს, რომელსაც კარგად ესმოდა, რომ ქრისტიანობის აღმოძირკვა მსგავსი მეთოდებით შეუძლებელი იყო, კვლავ სხვა ხერხს მიმართა, კონკრეტულად - ლიტერატურას... თავადვე ქმნიდა სატირას, სადაც მწარედ დასცინოდა და უარყოფდა ქრისტეს ღვთაებრიობასა და სასწაულებს, ქრისტიანები ბნელეთის მოციქულებად, ფანატიკოსებად და ცრუმორწმუნეებად გამოჰყავდა და თან ყოველნაირად ცდილობდა, მათთვის განათლების მიღების საშუალება აღეკვეთა: - აუკრძალა მასწავლებლობა, დაუხურა სკოლები ან დიდძალი გადასახადი დააკისრა, კონფისკაციას დაუქვემდებარა საეკლე¬სიო ქონება, დევნიდა ეპისკოპოსებსა და მღვდლებს, ქრისტიან ჯარისკაცებს ჯილდოს ან დაწინაურების ღირსად არ თვლიდა, პროვინციებში კი ისეთ პერსონებს აწინაურებდა, ქრისტიანთა დევნაში განსაკუთრებულად რომ გამოედოთ თავი...

ყოველივე ეს, ჭაბუკი იოანეს თვალწინ ხდებოდა, რომელიც იმ ჟამიდანვე განირჩეოდა ასაკისათვის უჩვეულოდ ღრმა აზროვნებით.

იულიანეს უსჯულოება სპარსეთის ლაშქრობისას სამართლიანმა აღსასრულმა დააგვირგვინა: - სასიკვდილოდ დაჭრილი საკუთარ სისხლსა და მტვერში ამოგანგლულ ქვებს ესროდა მზეს, ხორცს კბილებით იგლეჯდა და თან განწირული ყვიროდა: - "შენ დამამარცხე, გალილეველო!"

იულიანეს აღსრულების შემდგომ ტახტზე იოვიანე ავიდა, რომელიც თავისი ხანმოკლე მეფობის ჟამს ქრისტიანთათვის წინამორბედთაგან მიყენებული ზარალის აღმოფხვრას შეეცადა: - ეკლესია გადასახადებისაგან გაათავისუფლა, საომარ დროშაზე ქრისტეს სახელი აღადგინა, გადასახლებული ეპისკოპოსები გაათავისუფლა და ძველ ღირსებაში აღადგინა...

ამგვარადვე მოქმედებდა მისი მემკვიდრე ვალენტინიანეც, რომელმაც მართლაც მნიშვნელოვანი ღვაწლი გასწია, მაგალითად, კვირა დღე უქმედ გამოაცხადა და ამ დროს ათასგვარი ჯადოქრობა და ღამეული მსხვერპლშეწირვა სასტიკად აკრძალა...

ამ შედარებით მშვიდი დროებისთვის იოანე ჯერ კიდევ ყმაწვილი გახლდათ, - ვალენტინიანეს გაიმპერატორებისას თვრამეტი წელი შეუსრულდა. დედამისმა, რომელმაც კარგად უწყოდა საკუთარი პირმშოს შესაძლებლობები, გადაწყვიტა, იმ დროისათვის უსახელგანთქმულეს ორატორ ლიბანიოსის სკოლისთვის მიებარებინა.

ამ უცნობილეს კაცს, წარმართ სოფისტს და ჭეშმარიტ ელინს, იულიანესი არ იყოს, წარმართული სულის აღდგენა ეწადა, თანაც - ახალ ფილოსოფიურ საწყისებზე. ქრისტიანობას ამრეზით უყურებდა, თუმცა, იმპერატორივით არ მტრობდა, მაგრამ უარსაც არ ამბობდა, "რომელიღაც ხუროს შვილის უცნაური სწავლებებისათვის" დაეცინა.

როგორც გითხარით, ლიბანიოსი ბრმად და ფანატიკურად არ ებრძოდა ქრისტიანობას, ამიტომ არც მასთან დამოწაფება გახლდათ სახიფათო. მაგალითისთვის, მასთან განისწავლა ეკლესიის კიდევ ერთი დიდი მნათობი, ბასილი დიდი, რომელსაც შემდგომში მიმოწერაც კი ჰქონდა თავის წარმართ პედაგოგთან.

უჩვეულო სულიერებით, ღრმა აზროვნებით და ცოდნის მიღების დიდი წყურვილით გამორჩეული ოქროპირი იმგვარად წარემატა, რომ ძალზე აღაფრთოვანა მასწავლებელი, რომელიც, გრძნობდა რა, რომ მალე მოწაფე დაჩრდილავდა, აღელდა... უეჭველია, მხცოვან სოფისტს უკიდურესად სურდა ახალგაზრდა ორატორის გადაბირება და, ალბათ, ეს საიდუმლო იმედი თუ აიძულებდა, განსაკუთრებულად მოპყრობოდა საყვარელ მოწაფეს. ამიტომ გასაკვირი სულაც არ არის, რომ სასიკვდილო სარეცელზე მყოფმა ლიბანიოსმა კითხვაზე, თუ ვის ხილვას ისურვებდა თავის მემკვიდრედ, დანანებით აღმოთქვა: - იოანესი, ქრისტიანებს რომ არ მოეტაცათო...

როგორც მატიანე იუწყება, გასაოცარი ნიჭის წყალობით, ნეტარმა "მცირედთა ჟამთა დაისწავლნა ზეპირით უმრავლესნი ფილოსოფოსთა ძუელთა წიგნნი, რომელი - რაჲ პოის კეთილი მათ შინა, მოისთულის, ხოლო ეკლოანი იგი და უნდოი განაგდის".

შემდგომ განათლების განსასრულებლად იოანემ სახელგანთქმულ ათენს მიაშურა, სადაც ღრუბელივით შეიწოვა "ათინელთა სწავლანი".

ღრმად განსწავლულმა ორატორული ნიჭით ფრიად გაითქვა სახელი, თუმცა, მალე ცნო წარმართული ცრუსიბრძნის ამაოება. ბრწყინვალე განათლებისა და დიდი ნიჭის პატრონს ფართო სამოღვაწეო ასპარეზი ელოდა, - შეეძლო, სახელმწიფო სამსახურშიც ჩამდგარიყო, მაგრამ გაცილებით თავისუფალი სფერო აირჩია, - ადვოკატურა. სწორედ ადვოკატურით იწყებდა საზოგადოებრივ მოღვაწეობას იმ დროის განათლებული ახალგაზრდობის დიდი ნაწილი, მაგალითად, ბასილი დიდი, ამბროსი მედიოლანელი და სხვანი... ამ პროფესიის გამოისობით იოანე უეცრად იმ ცრუ, ფარისეველ და უსამართლო სამყაროს შეეჩეხა, რომელსაც მანამდე არ იცნობდა... ცხოვრების ეს მხარე მის უმანკო სულს თუმც კი ტანჯავდა, მაგრამ იმ მანკიერებათა უფსკრულშიც ჩაახედა, ხშირად გულდასმით რომ ინიღბება.

ახალგაზრდა ადვოკატს უდავოდ დიდი მომავალი ელოდა: - ორატორულმა ნიჭმა ძალზე გაუთქვა სახელი, რომელიც, იძლეოდა რა დიდ შემოსავალს, უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობებისკენაც უხსნიდა გზას, თუმცა, მალე დარწმუნდა, თუ რა შორს იყო ეს ყოველივე მისი შინაგანი წყურვილისაგან და ამ სამყაროსთან კავშირი გაწყვიტა.

ეს არჩევანი მნიშვნელოვნად განაპირობა მისმა უახლოესმა მეგობარმა და თანატოლმა ბასილიმ, მომავალმა რაფანის ეპისკოპოსმა, რომელსაც საოცარი წერილი ("მღვდლობის შესახებ") უძღვნა ოქროპირმა და, ვგონებთ, ვრცელი ამონარიდები აქედან საუკეთესოდ წარმოაჩენს მათი მეგობრობის ბუნებასაც და ბიოგრაფიულ ნიუანსებთან ერთად თავად იოანე ოქროპირის მადლიანი სიტყვის ძალასაც: "ბევრი მეგობარი მყოლია, სარწმუნო და ჭეშმარიტი, ვინაც იცოდა მეგობრობის წესი და მტკიცედ მისდევდა მას, მაგრამ მრავალთაგან ერთს მაინც გამორჩეულად ვუყვარდი. თავისი სიყვარულით იგი ბევრად აღემატებოდა სხვა მეგობრებს, თუმცა, არც ისინი იყვნენ ჩემდამი გულგრილნი.

ყოველთვის ჩემი განუყრელი თანამგზავრი იყო: - ერთსა და იმავე მეცნიერებებს ვსწავლობდით და საერთო მასწავლებლები გვყავდა, ერთნაირი წადილითა და გულმოდგინებით ვმეცადინეობდით მჭევრმეტყველებაში და ერთნაირი სურვილები გვქონდა, რადგან ერთსა და იმავე საქმეს ვაკეთებდით. ეს ასე იყო მასწავლებლებთან სიარულის დროს და მერეც, როდესაც სასწავლებელი დავასრულეთ და ცხოვრების გზის არჩევის წინაშე დავდექით, ჩვენი აზრები ერთმანეთს დაემთხვა.

ჩვენი ურთიერთობის სიმტკიცე და დაურღვევლობა სხვა მიზეზებმაც განაპირობა: - მამულის უპირატესობით ერთურთის წინაშე თავს ვერ მოვიწონებდით, არც ის ყოფილა, რომ მე მოჭარბებული სიმდიდრე მქონოდა, მას კი - უკიდურეს სიღატაკეში ეცხოვრა. ჩვენი ქონება იმდენად თანაბარი იყო, რამდენადაც გრძნობები. წარმომავლობაც ერთნაირი გვქონდა, ამგვარად, ჩვენს ერთობას ყოველივე ხელს უწყობდა.

მაგრამ როდესაც მან, ნეტარმა, მონაზვნური ცხოვრება დაიწყო და ჭეშმარიტ სიბრძნისმოყვარეობას შეუდგა, მაშინ კი დაირღვა ჩვენი თანასწორობა. მისი სასწორის ფიცარი შემსუბუქდა და ამაღლდა, მე კი, სოფლის ტრფიალით გზაცთომილმა, ქვე - დავზიდე ჩემი ფიცარი. ჩვენი მეგობრობა უწინდებურად მტკიცე იყო, თუმცა, ერთად ყოფნა მოგვეშალა, რადგან შეუძლებელია იმათი ერთად ცხოვრება, ვინც სხვადასხვა საქმითაა დაკავებული.

როცა ამქვეყნიური ორომტრიალისაგან რამდენადმე გავთავისუფლდი, ხელგაშლით მიმიღო, თუმცა, ვერც მაშინ ვიცავდით უწინდელ თანასწორობას, რადგან ის უკვე შორს იყო წასული და თან დიდი გულმოდგინებაც გამოიჩინა. ამდენად, კვლავ ჩემზე მაღლა იდგა და დიდი სიმაღლისთვის მიეღწია.

კეთილი კაცი იყო, ძვირად უღირდა ჩვენი მეგობრობა და იმის მიუხედავად, რომ ყოველგვარ ურთიერთობას გაურბოდა, მთელ თავის დროს ჩემთან ატარებდა, თუმცა, ჩემი დაუდევრობით მაინც ხელს ვუშლიდი, რადგან კაცს, რომელიც სასამართლოსა და თეატრალურ სანახაობებს იყო მიჯაჭვული, შეუძლებელია, დიდი დრო გაეტარებინა იმასთან, ვინც მთელი დღე წიგნებს უჯდა და არც კი იხედებოდა საკრებულოსკენ. მაგრამ როცა ეს დაბრკოლებები მოისპო და მეც თავისნაირი ცხოვრების გზას გამიყოლია, მაშინ კი გამოთქვა სურვილი, რომელსაც, დიდი ხანია, გულში ინახავდა. უკვე არც ერთი წუთით აღარ მშორდებოდა და სულ იმის ჩაგონებაში იყო, რომ თითოეულ ჩვენგანს მიეტოვებინა სახლი და საერთო სამყოფელი გვქონოდა. დამარწმუნა კიდეც, - ცოტაც და ასეც მოხდებაო.

მაგრამ დედაჩემის დაუცხრომელმა ვედრებამ დამაბრკოლა და ამიტომ ვეღარ გავახარე ჩემი მეგობარი, უფრო სწორად, ვერ შევძელი მისგან შემოთავაზებული პატივის მიღება.

დედამ რომ ჩემი განზრახვა შეიტყო, ხელი ჩამკიდა, თავის ოთახში გამიყვანა, იმ საწოლთან დამსვა, რომელზეც მშვა, თვალთაგან ცრემლთა ნაკადული წასკდა და ამ ცრემლებზე მწარე სიტყვები მითხრა. ქვითინებდა და მეუბნებოდა: - "შვილო, დიდხანს არ დამცლია მამაშენთან ყოფნის სიხარული, ღმერთმა ასე ინება, მისმა სიკვდილმა, შენს დაბადებას მალე რომ მოჰყვა, შენ ობლობა გარგუნა, მე კი - ნაადრევი ქვრივობა და ქვრივობის სიმწარე, რომელსაც მხოლოდ ის გაიგებს კარგად, ვისაც გამოუცდია. არავითარ სიტყვას არ ძალუძს, აღწეროს ის ქარიშხალი და განცდები, თავს რომ დაატყდება ყმაწვილ ქალს, რომელმაც ახლახან დატოვა მამის სახლი, ჯერაც გამოუცდელია და უეცრად აუტანელი მწუხარება შეემთხვევა, თანაც იძულებულია, იტვირთოს საზრუნავი, რაც მის ასაკსაც აღემატება და ბუნებასაც. ცხადია, მან მსახურთა დაუდევრობაც უნდა გამოასწოროს, მათი დანაშაულიც შენიშნოს, ნათესავების ხრიკებიც ჩაშალოს, მანვე უნდა გაუძლოს მეზვერეთა შევიწროებას, მათ მკაცრ მოთხოვნებს ბაჟის აღებისას. თუ ქმრის სიკვდილის შემდეგ ბავშვი რჩება, თუნდაც გოგონა იყოს, ბევრ ზრუნვას მოითხოვს დედისაგან, თუმცა, ეს ყოველივე ფულთან და შიშთან არ არის დაკავშირებული. ვაჟიშვილი კი ყოველდღე შიშში ამყოფებს დედას და უფრო მეტ ზრუნვას საჭიროებს. აღარას ვამბობ ფულზე, რომელიც აუცილებელია, თუ დედას სურს, შვილი კარგად აღზარდოს. მაგრამ განსაცდელმა ვერ მაიძულა მამაშენის სახლში სხვა სიძის შემოყვანა, მოთმინებით ვიტანდი ქვრივობის ჭირსა და მრავალ მოწევნულ მწუხარებას.

ჯერ ერთი, უზენაესის შეწევნა მაძლიერებდა, მეორე, - ამ ტანჯვაში დიდ ნუგეშს მცემდა შენი სახის ჭვრეტა, რადგან მასში ვხედავდი განსვენებულის ნამდვილ, ცოცხალ ხატებას. როცა ჯერაც ყრმა იყავ და ძლივს ტიტინებდი (ამ დროს ბავშვები განსაკუთრებით საყვარლები არიან), დიდად მიმსუბუქებდი დარდს. მოთმინებით ავიტანე ქვრივობის გასაჭირი, არაფერი მომიკლია მამაშენის დანატოვარი ქონებისთვის, ამას ვერ მისაყვედურებ. არადა, ბევრ საბრალო ობოლს ხომ სწორედ ასე დაემართა. არც აუცილებელ ხარჯებს დავრიდებივარ, რომ სწავლა კეთილად გაგესრულებინა. არ იფიქრო, თითქოს ამას გაყვედრიდე.

ახლა კი გევედრები: - მეორე ქვრივობას ნუ მოაწევ ჩემზე, შენი განშორებით დაშრეტილ მწუხარებას კვლავ ნუ აღმიძრავ, ჩემს აღსასრულს დაელოდე, ვინ უწყის, ეგებ ახლოსაცაა, რამეთუ თქვენ, ჭაბუკნი, დღეთა სიგრძეს ელით, ჩვენ, მოხუცნი კი - ოდენ სიკვდილსღა. მამაშენის გვერდით მიწას რომ მიმაბარებ, მერე რა გზასაც გინდა, იმას დაადექი, აღარავინ დაგაბრკოლებს, მაგრამ ვიდრე ვსუნთქავ, ჩემთან იყავი, ღმერთს ნუ განარისხებ, ნუ მიქადი ასეთ ხიფათებს მე, ვისაც არაფერი დამიშავებია შენთვის. თუ იმას მაბრალებ, რომ მსოფლიო ზრუნვას გაკისრებ და საკუთარ საქმეებზე ფიქრს გაიძულებ, მაშინ გამერიდე, როგორც მტერსა და ავის მოსურნეს, ნუ შეგრცხვება ნურც ბუნების კანონებისა, ნურც აღზრდისა, ნურც ჩვევისა და ნურც რაიმე სხვა მიზეზისა, ხოლო თუ ყოველ ღონეს ვხმარობ, რომ სრული განსვენება მოგანიჭო ამ სოფელში, მაშ, დარჩი ჩემთან, ნუ დამიტევებ. კი ამბობ, - ბევრი მეგობარი მყავსო, მაგრამ ვერც ერთი მათგანი ვერ მოგანიჭებს ასეთ განსვენებას, რამეთუ არავინაა, ჩემსავით რომ ზრუნავდეს შენს კეთილდღეობაზე".

ამას და სხვა ამისთანებს მეუბნებოდა დედა, მეც ყველაფერი ჩემს დიდსულოვან მეგობარს მოვახსენე. ის კი ამ სიტყვებს როდი დასჯერდა, პირიქით, მეტი დაჟინებით ჩამაგონებდა უწინდელი განაზრახვის აღსრულებას..."

(ნაწყვეტი წერილიდან "ექვსი სიტყვა მღვდლობის შესახებ", წიგნიდან "სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა", თბილისი, 1991 წ. თარგმნეს მანანა ჩიქვანაიამ და რუსუდან ბუაჩიძემ).

სკოლამ, რომელმაც ოქროპირი გაზარდა, წმინდა წერილის იმგვარი მასწავლებლები შემოიკრიბა, როგორნიც უსათნოესი ფლავიანე და დიოდორე ტარსელები იყვნენ. სწორედ ამ ზნემაღალ და ღირსეულ კაცთა მეოხებით განუმტკიცდა იოანეს საკუთარი გადაწყვეტილება, ღვთის გზას დასდგომოდა.

შესაძლოა, ამ სკოლის წყალობითვე, ან უფრო ადრეც, დაუახლოვდა ოქროპირი ზნემაღალ ეპისკოპოს მელეტის, რომელმაც, "იხილა რაჲ იოანესმიერი იგი შესაძინებელი ეკლესიისაჲ", დაიახლოვა, "ფრიადითა სიტყვითა და სწავლითა მიიზიდვიდა", ხოლო ოდეს ჭაბუკი ოცდახუთი წლისა შესრულდა, მონათლა კიდეც (სხვა წყაროთა ცნობით, წმინდანი მშობლებს ჩვილობაშივე მოუნათლავთ).

ნაგვიანევი ნათლობის მიზეზი იმ დროს გამეფებული ჩვეულება გახლდათ - ეს აქტი სიმწიფის ასაკამდე გადაედოთ, როცა ყველა ჭაბუკური გატაცება გადავლილია, თუმცა, არსებობდა დროის სულისკვეთებიდან მომდინარე სხვა მიზეზებიც.

ანტიოქიის ეკლესიას მაშინ არიანელთა ერესი აშფოთებდა. ამ უკანასკნელთ, იგდეს რა ხელთ ძალაუფლება, თავხედურად და ძალმომრეობით დევნიდნენ მართლმადიდებლებს, მათ შორის განხეთქილების თესლს ამრავლებდნენ და ისიც კი მოახერხეს, რომ ეპისკოპოსი მელეტი რამდენჯერმე განადევნინეს...

ნათლისღების უდიდესმა მადლმა იოანეს კიდევ უფრო განუმტკიცა განზრახვა. ეპისკოპოსმა, ჭვრეტდა რა ჭაბუკის ღრმა სულიერებას, იგი მკითხველად დაადგინა.

საიმდროოდ ანტიოქია კვლავ მღელვარებამ მოიცვა - იმპერატორ ვალენტისაგან (364-378 წწ.) წაქეზებულმა არიანელებმა ძველი შემართებით შეუტიეს მართლმადიდებლებს, ეპისკოპოსი მელეტი კი - კვლავ გაასახლეს... მძიმე დროება დაუდგა ქრისტეს სამწყსოს, მით უფრო - ეკლესიის მსახურთ... იოანეს კი ახალი და დიდი ტკივილი ეწვია: - უტკბესი დედა გარდაეცვალა, რამაც საბოლოოდ გადააწყვეტინა უდაბნოს დამოქალაქება, პატივით დაკრძალა მშობელი, მთელი ქონება გლახაკთ დაურიგა, მონები გაათავისუფლა და ბასილითურთ ახალგაზრდული შემართებით შეუდგა ნანატრ მსახურებას (სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა მისი თხზულებანი "გულის შემუსვრილებისათვის", "ეპისტოლე თეოდორეს მიმართ" და სხვანი)...

მათი უჩვეულო ღვაწლის შესახებ მალე ხმა გავარდა, ყოველი მხრიდან დაიძრნენ სულიერი თუ ხორციელი კურნებისათვის და უნუგეშოდ არავინ დარჩენილა.

ანტიოქიის მართლმადიდებელი მოსახლენი ფრიად განაკვირვა ამ ორი ახალგაზრდის დიდმა თავდადებამ და მალე თვით ეპისკოპოსთა კრებულიც კი მივიდა აზრამდე, რომ თავდადებულ მოძღვართა სიმცირის გამო კარგი იქ¬ნებოდა, ისინი ტაძართან ახლოს გადმოეყვანათ.

მალე ხმა გავრცელდა, - მეუდაბნოე ახალგაზრდებს ეპისკოპოსებად უპირებენ ხელდასხმასო - იმ დროისათვის ღირსეულ და ჭკვიან ახალგაზრდათა გამღვდელთმთავრება იშვიათი არ გახლდათ, რამაც ძალზე შეძრა იოანე, - მან ხომ იმიტომ მიატოვა წუთისოფელი, რომ სულის სახსნელად უდაბნოს ნაყოფნი მოემკო...

თვით ოქროპირს მივუგდოთ ყური:

"უეცრად ხალხში ხმა დაირხა, თითქოს ჩვენი საეპისკოპოსოს პატივში აღყვანა იყო განზრახული. ამ ამბავმა ორივე შეგვაშფოთა. შიშმა და გაურკვევლობამ შემიპყრო: - მეშინოდა, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ არ მომხდარიყო ჩემი ხელდასხმა, გაურკვევლობა კი იმიტომ დამეუფლა, რომ ხშირად ვფიქრობდი და ვერ გამეგო, თუ საიდან გაუჩნდათ ადამიანებს ასეთი აზრი ჩემ შესახებ. კარგად ვუკვირდებოდი საკუთარ თავს და ვერაფერს ვპოულობდი ჩემში ესოდენი პატივის ღირსს.

ამ დროს მეწვია ჩემი დიდსულოვანი მეგობარი და საიდუმლოდ მამცნო ეს ამბავი. ეგონა, რომ არაფერი ვიცოდი, თანაც მთხოვა, უწინდელივით ერთად განგვესაჯა და ერთნაირად მოვქცეულიყავით. მარწმუნებდა, - რა გზაც უნდა ირჩიო, - ჩვენი ხელდასხმის მსურველთ დამორჩილდები თუ გაექცევი, - უეჭველად შენთან ერთად ვიქნებიო.

აშკარად ვხედავდი, რომ იგი მართლაც ყველაფრისთვის მზად იყო და ვიფიქრე, რომ მთელ ეკლესიას დიდ ვნებას მოვუტანდი, თუ საკუთარი უძლურების გამო ქრისტეს სამწყსოს ჩინებულ და წინამძღვრობის შემძლე ყმაწვილს მოვაკლებდი, ამიტომ ჩემი გულისთქმა არ გავუმხილე, თუმცა, იმ დრომდე მისთვის არც ერთი ჩემი აზრი არ დამიმალავს, ვუთხარი, - ამ საკითხზე ბჭობა სხვა დროისთვის გადავდოთ, საჩქარო არაფერია-მეთქი, ადვილად დავარწმუნე, რომ ამაზე არ ეზრუნა და მტკიცე იმედი ჰქონდა ჩემი თანადგომისა, თუკი ნამდვილად დაგვიპირებდნენ ხელდასხმას.

მცირე ხნის შემდეგ, როდესაც ის ადამიანი მოვიდა, რომელსაც ჩვენი ხელდასხმა უნდა აღესრულებინა, მე დავიმალე, ჩემი მეგობარი კი, რომელმაც ამის შესახებ არაფერი იცოდა, სხვა საბაბით გაიწვიეს და მან იტვირთა ეს უღელი, სრულიად დარწმუნებულმა, რომ პირობის თანახმად მეც მას მივყვებოდი, ანუ, უფრო ზუსტად, ეგონა, რომ თავად მომყვებოდა.

ზოგიერთი იქ მყოფი, იხილეს რა, რომ ბასილი ჩიოდა, რატომ წამომიყვანეთო, გაკვირვებულები გაიძახოდნენ: - "საოცარი იქნება, თუ ის, ვინც უფრო თამამ კაცად იყო მიჩნეული (ანუ მე), დიდი სიმდაბლით მიიღებს მამათა განჩინებას, ეს კი, უფრო კეთილგონიერი და თავმდაბალი, წინ აღუდგება მამებს და ცუდმედიდობას, უარყოფასა და ცილობას დაიწყებსო".

ისიც დაემორჩილა ამ სიტყვებს, ხოლო როცა შეიტყო, რომ მე გავიქეცი, მწუხარებით სავსე მოვიდა, ახლოს დამიჯდა, რაღაცის თქმა სურდა, მაგრამ სულიერი მღელვარებით შეძრულმა სიტყვაც ვერ დაძრა. როგორც კი ხმის ამოღებას დააპირებდა, მყის ჩერდებოდა, რადგან ურვა არ აცლიდა. ცრემლმორეული და შეძრწუნებული რომ ვიხილე (თანაც მიზეზი კარგად ვიცოდი), გავიცინე, დიდი სიხარული გამოვხატე, მის ხელს დავწვდი და ვეამბორე, მერე ღმერთს მადლობა შევწირე, რომ ჩემმა ხერხმა ის კეთილი ნაყოფი გამოიღო, რომელსაც მუდამ ვნატრობდი. ჩემი სიხარული და აღტაცება რომ იხილა და შეიტყო, რომ ადრევე მივმართე ამ ხერხს, კიდევ უფრო შეშფოთდა და დამწუხრდა.

როდესაც სულიერი მღელვარება ოდნავ დაუცხრა, მითხრა: - თუ მე უკვე უგულებელმყავ და აღარაფრად მაგდებ (არ ვიცი კი, რისთვის), საკუთარ პატივზე მაინც გეფიქრა. ახლა ყველას მიეცი ლაპარაკის საბაბი, ყველა იმას გაიძახის, - ცუდმედიდობის გამო აირიდა ეს მსახურებაო და ერთი კაციც კი არ გიცავს ამ ბრალდებისგან. მე კი გარეთ ვეღარ გავსულვარ, იმდენი ხალხი მოდის ყოველდღე და მსაყვედურობს. ნაცნობები, სადმე ქალაქში თვალი თუ მომკრეს, განზე გავყავარ და მეტწილად ყვედრებით მავსებენ: - "ხომ იცოდი მისი ზრახვები (აკი არაფერს გიმალავდა), არ უნდა დაგეფარა, თუ რას ფიქრობდა და ჩვენთვის უნდა გეთქვა, ჩვენ კი ცხადია, ყოველ ღონეს ვიხმარდით მის მოსანადირებლადო".

მე კი ვწითლდები და მრცხვენია მათთვის იმის თქმა, რომ არ ვიცოდი შენი განზრახვის შესახებ. არ მინდა, ჩვენი მეგობრობა პირმოთნეობად მიიჩნიონ და თუნდაც ეს მეგობრობა მართლაც თვალთმაქცობა იყოს (და ასეცაა, ამას ხომ ვერ უარყოფ შენი ამჟამინდელი საქციელის შემდეგ), უცხოთაგან, ვინც ასე თუ ისე გვიცნობს, მაინც უნდა დავფაროთ ჩვენი ცუდი ურთიერთობა.

მე ვერ ვბედავ, მათ სიმართლე ვუთხრა, ის, რაც ჩვენ შორის იყო, ამიტომ იძულებული ვარ, გავჩუმდე, თვალები დავხარო და შემხვედრთ მოვერიდო. პირველ ბრალდებას რომც ავცდე (ჩვენი მეგობრობის არაგულწრფელობის შესახებ), სიცრუეს მაინც შემწამებენ, არასოდეს დამიჯერებენ, რომ შენ ბასილიც სხვებს გაუტოლე, იმათ, ვინაც შენი საიდუმლო არ უნდა იცოდეს, თუმცაღა, მე ეს დიდად არ მადარდებს: - ასე გწადდა, მაგრამ როგორ გადავიტანთ სხვა ბრალდებათა სირცხვილს? ზოგი სიამაყეს მოგაწერს, ზოგი - პატივმოყვარეობას, უფრო ულმობელნი კი - ერთსაც და მეორესაც, თან იმასაც დასძენენ, რომ ჩვენ თავად ამომრჩეველი შეურაცხვყავით, მათზე კი ასე ამბობენ: - "სამართლიანად მიიღეს, რაც დაემართათ, თუმცა, მეტ უპატიობას იმსახურებდნენ იმისათვის, რომ ესოდენ პატივცემული კაცები უგულებელყვეს და ჯერ კიდევ გუშინ ამსოფლიური ზრუნვით შეპყრობილი ყმაწვილები აირჩიეს, რომლებმაც ცოტა ხნის წინ ნაცრისფერი კაბები გადაიცვეს, თავი დამდაბლებულებად მოგვაჩვენეს, რომ უეცრად ისეთ ღირსებაში აიყვანეს, სიზმრად რომ არ მოლანდებიათ.

ისინი, ვინც სიყრმიდან ღრმა სიბერემდე მოღვაწეობაში არიან, ხელქვეითთა ხარისხში რჩებიან და მათივე შვილები განაგებენ, რომელთაც არც კი სმენიათ მართვა-გამგებლობის კანონთა შესახებ".

მსგავსი და კიდევ უფრო მეტი ყვედრებით მაწყინებენ და აღარ ვიცი, რით ვიმართლო თავი მათ წინაშე. გვედრი, მასწავლე რამე.

ვფიქრობ, უბრალოდ და უმიზეზოდ არ გაიპარებოდი და აშკარა ბრძოლას არ გამოუცხადებდი ამ დიდებულ კაცებს. ეს ნაბიჯი, ალბათ, რაღაც მოფიქრებული და გარკვეული მიზნისთვის გადადგი. აქედან ვხვდები, რომ თავდასაცავი სიტყვაც მზად გექნება.

მაშ, მითხარი, რა სამართლიანი მიზეზი შეგვიძლია წარვუდგინოთ ჩვენს მაბრალობლებს, ხოლო იმას, მე რომ უსამართლოდ მომექეცი, არ გსაყვედურობ. არ გსაყვედურობ არც სიცრუეს, არც ღალატს, არც შენდამი ჩემი კეთილგანწყობის არად ჩაგდებას. მე ჩემი სული მოგიტანე და ჩაგაბარე, შენ კი ისე ცბიერად მომექეცი, თითქოს რაღაც უსიამოვნებებს ელოდი ჩემგან. თუ ეს განაზრახი სასარგებლოდ გიჩნდა, მაშინ ჩემთვისაც უნდა აგეცილებინა, რადგან, შენივე თქმით, ყოველთვის ყველას გერჩივნე, შენ კი ყოველივე იღონე, რომ ჩავვარდნილიყავი და არავითარ მზაკვრობასა და თვალთმაქცობას არ დაერიდე იმის წინააღმდეგ, ვინც ყოველთვის უბრალოდ და უზაკველად გექცეოდა, თუმცაღა, აკი გითხარი, სრულიად არ გსაყვედურობ და არ გადანაშაულებ იმ მარტოობისათვის, რომლისთვისაც გამწირე. შეწყდა თათბირები, რომელთაგანაც ხშირად ვღებულობდით სიამოვნებასაც და საკმაო სარგებელსაც, მაგრამ ყოველივე ამას თავს ვანებებ და უსიტყვოდ და მშვიდად ვითმენ არა იმიტომ, რომ შენთან მეგობრობის პირველივე დღიდან წესად დავიდე, არასოდეს გაიძულო თავის მართლება, რაც უნდა მაწყენინო. საკმაო ვნება რომ მომაყენე, შენც იცი, თუკი გახსოვს, რას ამბობდნენ ჩვენზე უცხონი და თავად ჩვენც. კერძოდ, იმას, რაოდენ სასარგებლოა ჩვენთვის ერთსულოვნების დაცვა ურთიერთსიყვარულით თავის შემოზღუდვა. სხვანი იმასაც კი ამბობენ, რომ ჩვენი ერთობა ბევრისათვის იქნებოდა სასარგებლო, თუმცა, არასოდეს მიფიქრია, რომ შემეძლო, სხვებს გამვდგომოდი, ის კი ვიცოდი, რომ ერთსულოვნება გარეშე მტერთაგან დაგვიცავდა და ეს უმნიშვნელო სარგებელი არ იქნებოდა. ამას ყოველთვის დაუღალავად გახსენებდი. ახლა მძიმე დროა, ბევრია ავის მოსურნე, ჭეშმარიტი სიყვარული გაქრა და მისი ადგილი დამღუპველმა სიძულვილმა დაიკავა... მრავალნი არიან, ვისაც ახარებს ჩვენს თავს მოწეული უბედურებანი...

გაფრთხილდი, მას შემდეგ, რაც ერთმანეთს დავშორდებით, უფრო მეტი დაცინვა და ზიანი არ დავიტეხოთ თავს. "ძმაი ძმისა შემწე, ვითარცა ქალაქი ძლიერი და მაღალი და ძლიერ არს, ვითარცა სამეუფოი მოზღუდვილი" (იგავთა, 18, 19). ნუ დაარღვევ ამ ერთობას და ნუ დაამხობ ამ სიმაგრეს.

დაუცხრომლად გიმეორებდი ამას და ამაზე მეტსაც მაშინ, როცა არაფერი ვიცოდი და სრულიად ჯანსაღად გთვლიდი ჩემთან დამოკიდებულებაში, მხოლოდ გრძნობათა სიჭარბის გამო გთავაზობდი მკურნალობას საღ-სალამათს. თურმე, არ ვიცოდი, რომ წამალს სნეულს ვაძლევდი და ამნაირად, მე საბრალომ, ვერავითარი სარგებელი ვერ მივიღე ასეთი მზრუნველობისათვის. შენ მეყსეულად უარყავი ყოველივე და მსუბუქი ხომალდივით გამიშვი გაშლილ ზღვაში და არც კი ცდილხარ, წარმოგედგინა მრისხანე ტალღები, მე რომ უნდა შევებრძოლო. თუკი საიდანმე დამატყდება ცილისწამება, დაცინვა ან სხვა რაიმე შეურაცხყოფა და მტერობა (ეს კი, ალბათ, ხშირად მოხდება), ვის შევევედრო, ვის ვაუწყო ჩემი მწუხარება, ვინ შემეწევა, ვინ მოიგერიებს ჩემს შეურაცხმყოფელთ, ვინ აიძულებს მათ მტერობის შეწყვეტას, ვინ მანუგეშებს და შემეწევა სხვათა უჯერო საქციელის გადატანაში? შენ შორს განუდექი ამ სასტიკ ბრძოლას და ჩემი ხმაც კი არ გწვდება.

იცი კი, რა ბოროტება ჩაიდინე? აღიარებ კი ამ მარცხის შემდეგ მაინც, თუ რა უკურნებელი წყლულება მომაყენე? მაგრამ მოდი, ამას თავი დავანებოთ: - რაც მოხდა, იმას უკვე ვეღარას ვუშველით, ვერც გამოუვალი ვითარებიდან ვიპოვით გამოსავალს, მაგრამ რა ვუთხრათ უცხოებს? რითი დავიცვათ თავი მათი ბრალდებებისგან?

- დამშვიდდი, - მივუგე მე, - მზად ვარ, არა მხოლოდ მაგაზე გიპასუხო, არამედ, შევეცდები, რამდენადაც შევძლებ, იმაშიც ვიმართლო თავი, რასაც შენ მპატიობ. თუ გინდა, სწორედ აქედან დავიწყებ თავდაცვას.

ფრიად უმადლო, განუსჯელი და ბოროტი კაცი ვიქნებოდი, უცხოთა აზრზე რომ მეფიქრა და მათი ყვედრების დასაცხრობად ყველა ღონე მეხმარა, იმას კი არ ვცდილიყავ, რომ ჩემს უდანაშაულობაში დამერწმუნებინე შენ, ვინც ყველაზე მეტად მიყვარს და ვინც იმდენად მიბრალებს, რომ არ მადანაშაულებს იმაშიც კი, რაშიც, მისივე თქმით, დამნაშავე ვარ, ის, ვინც თავის თავს არად აგდებს და კიდევ ჩემზე ფიქრობს. მაშინ ხომ დიდად უყურადღებობას გამოვიჩენდი ჩემთვის ესოდენ მზრუნველი მეგობრის მიმართ.

ამგვარად, რითი შეურაცხგყავი? აი, აქედან დავიწყებ ჩემს თავდაცვას. - იმით, რომ ხერხი ვიხმარე და დაგიმალე ჩემი განზრახვა? მაგრამ ეს ბოლოს სასარგებლო გამოდგა შენთვისაც და იმათთვისაც, ვისაც შენი თავი ჩავაბარე ჩემი დამალვის წყალობით. თუკი დამალვა ყველა შემთხვევაში ბოროტებაა და არასოდეს შეიძლება მისი გამოყენება, თუნდაც კეთილი საქმისათვის, მაშინ მზადა ვარ, ის სასჯელი მივიღო, რასაც განმიჩინებ, თუმცა, რაკი არასდროს დათანხმდები ჩემს დასჯას, თავადვე დავისჯი თავს ისე, როგორც მოსამართლენი სჯიან ხოლმე ბრალმდებელთაგან მხილებულ დამნაშავეებს და თუ დამალვა მუდამ მავნე არ არის, არამედ კარგი ან ცუდი ხდება კაცის განზრახვის მიხედვით, მაშინ ვეღარ მაბრალებ, რომ მოტყუვდი და დაამტკიცე, რომ ხერხი ბოროტი საქმისათვის ვიხმარე. სანამ ეს არ დამტკიცებულა, მანამ ნუ მყვედრი და ნუ მაბრალებ, პირიქით, თუ ვინმე ხერხს კეთილი მიზნებისთვის იყენებს, ის ქების ღირსია და არა საყვედურის..."

"მე ამ საქმეს (მოძღვრობას) სიამაყისა და ამაო დიდებისმოყვარეობის კი არა, ერთადერთის, - მომავალი საქმის შიშით გავერიდე".

"მზის სხივზე წმინდა სული უნდა ჰქონდეს მოძღვარს, წამითაც რომ არ მიატოვოს სულიწმიდამ და იმის თქმა შეძლოს: - "ხოლო ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემთანა ქრისტე" (გალ. 2, 20)."

"უფალს წინასწარმეტყველებზე უადრეს სურდა ეჩვენებინა, რომ მღვდელთა ცოდვები უფრო მძიმე სასჯელს იმსახურებს, ვიდრე - ჩვეულებრივი ადამიანისა და მსხვერპლშეწირვის დადგენისას ბრძანა: - მთელი ხალხის ცოდვათა გამოსახსნელი მსხვერპლის ტოლი ზვარაკი შეეწირათ მღვდლის შეცოდებათა გამო (ლევ. 4), რითაც დაგვანახვა, რომ მღვდლის ნაჭრილობევს სწორედ იმგვარი შეწევნა სჭირდება, როგორიც წყლულებს მთელი ხალხისას ერთად აღებულს. ისინი რომ უმძიმესი არ ყოფილიყო, არც ასეთი შეწევნა გახდებოდა საჭირო. ამასთან, ეს ცოდვა კი არ არის თავისთავად მძიმე, არამედ იმიტომ, რომ მას მღვდელი, ასეთი დიდი პატივის მქონე კაცი იქმს".

"ახლა მაინც თუ გახდა შენთვის ნათელი, უმიზეზო რომ არ ყოფილა ჩემი შიში? ნათქვამს ამასაც დავამატებ: - სულიერმა ვნებებმა რომ ერთიანად არ დამრიონ ხელი, საამისოდ ახლაც დიდი ჯაფა მიწევს, მაგრამ ამ შრომას როგორღაც ვიტან, ამ ღვაწლს არ გავურბივარ. პატივმოყვარეობა ახლაც დამრევს ხოლმე ხელს, თუმცაღა, ვებრძვი და წინ აღვუდგები, მაგრამ ვაღიარებ: - მისი მონა ვარ მაინც. ზოგჯერ ამ დამონებული სულის მხილებასაც ვახერხებ. ახლაც მომეახლებიან ხოლმე მავნე წადილები, მაგრამ ძლიერ ცეცხლს ვერ მინთებენ, თვალი ვერ აწვდის გარედან იმ ცეცხლს საწვავს და იმიტომ. სხვამ რომ ვისიმე ავი ილაპარაკოს და ვუსმინო, მაგისგან თავისუფალი ვარ, მოსაუბრე არავინა მყავს. კედლებს, რასაკვირველია, ლაპარაკი არ შეუძლიათ. რისხვას კი, გარკვეულად, მიუხედავად იმისა, რომ ხალხის გარემოცვაში არ ვიმყოფები, მაინც ვერ გავექეცი.

ხშირად ძლიერად არა, მაგრამ მაინც ამიალებს ხოლმე გულს ურიგო ხალხის, მათი საქციელის მოგონება. ამ ალს იმით ვშრეტ, რომ ვაგონებ ხოლმე თავს, თუ რაოდენ უჯერო და ჭირის მომტანია საკუთარი უდებების დატევება და ახლობელთა ვნებების ჩხრეკა. მაგრამ ხალხში გარეული და მოუსვენრობით შეპყრობილი, გულისთქმების ასეთი შეგონებებით მართვას ვეღარ შევიძლებ, ძალა აღარ მეყოფა და ისე, როგორც კლდეებს შორის აქაფებული ნიაღვარი გაიტაცებს ხოლმე კაცს, რომელიც აშკარად წინდაწინვე ხედავს განსაცდელს, რომლისკენაც მიექანება და საშველი მაინც ვერა მოუფიქრებია რა, მეც, ვნებათა ტალღებში მოქცეულს, თუმცა კი შემრჩა გონი მომავალი სასჯელის განჭვრეტისა, რომელიც დღითი დღე გაიზრდება, მაგრამ ახლანდელივით საკუთარ თავში ჩაღრმავებასა და იმ გამძვინვარებულ მხეცთაგან გაქცევას რიგიანად ვეღარ შევძლებ.

მე სუსტი, დიდბუნებოვნებას მოკლებული სული მაქვს და მას იოლად სძლევენ არა მხოლოდ ეს ვნებები, არამედ მათ შორის უსაშინლესი, - შური, რომელსაც არ ძალუძს ქებისა და ძაგების უშფოთველად ატანა. პირველი უზომოდ ამედიდურებს, მეორე კი - ურვაში აგდებს. მძვინვარე მხეცები, თუ ისინი ჯანზე არიან, მოწინააღმდეგეებს, განსაკუთრებით კი - გამოუცდელებს, ადვილად სძლევენ. მაგრამ თუ ვინმემ შიმშილით მოაუძლურა ისინი, დააოკებენ კიდეც მათ მძვინვარებას და ძალის დიდ ნაწილსაც წაჰგვრიან, ასე რომ, მათთან ბრძოლაში არცთუ ისე მამაცი კაციც კი ივარგებს..."

"ხალხში გამოსულს ეს მხეცები ძლიერად დამესხმიან თავს, სულს გამიტანჯავენ, შიშში მომაქცევენ, გამიჭირდება მოგერიება. აქ თუ დავრჩი, დიდი ძალისხმევა დამჭირდება მათ მოსაგერიებლად, მაგრამ ღვთის მადლით, დაოკდებიან და ჩემამდე მათი ღრიალის ხმა თუ მოაღწევს. ამიტომაც ვრჩები ამ სენაკში, როგორც კაცი შეუვალი, ურთიერთობებისა და ადამიანების მოძულე და ვითმენ ასეთსა და ამის მსგავს კიცხვას, თუმცა, დიდი ხალისით ავიცილებდი მათ, მაგრამ რაკი ამის გაკეთების შესაძლებლობა არ მეძლევა, ვწუხვარ გულშემუსვრილი.

ხალხში შეუძლებელია, ჩემთვის ნამდვილ უსაფრთხოებაში ყოფნა, ამიტომ გთხოვ, ნუ გაამტყუნებ ესოდენ მძიმე მდგომარეობაში მყოფს, შეიბრალე იგი, თუმცა ჯერ კიდევ ვერ დაგარწმუნე. ამიტომაც დროა, ისიც გითხრა, რაც აქამომდე უცნობი იყო შენთვის. იქნებ ზოგს დაუჯერებლადაც მოეჩვენოს, მაგრამ ამის მიუხედავად არ შემრცხვება მისი გამხელა. თუმცა, ეს სიტყვები უამრავ ჩემს ცოდვასა და უილაჯო სინდისს გამოაჩენს, მაგრამ რაკი სამსჯავრო მელის ყოვლისმხილველი მეუფებისა, ხალხისაგან ამის დაფარვამ რაიღა მარგოს? ან რა დამრჩა გაუმხელელი?

მას მერე, რაც ეს განზრახვა მაცნობე (ეპისკოპოსად არჩევა), შიში და სასოწარკვეთა დამეუფლა, სხეულის ერთიანი დასუსტების საშიშროების წინაშე ვიდექი. რომ წარმოვიდგენდი ქრისტეს სასძლოს სულიერ სილამაზესა და სიწმინდეს, სიბრძნესა და დიდებულებას, მერე საკუთარი სისუსტეების გახსენებაზე გაუჩერებლად დავტიროდი მათ, თავს უბედურს ვუწოდებდი, ვკვნესოდი, გაოგნებული საკუთარ თავს ვეკითხებოდი: - ვის გაუჩნდა ასეთი აზრი? ასეთი რა შესცოდა ღვთის ეკლესიამ? რით განარისხა მან მეუფე თვისი ისე, რომ შერცხვენისათვის გაიწირა და მე, ყოვლად უღირსს ყოველთა შორის, განსაგებად მომეცა-მეთქი?

ხშირად ვფიქრობდი ასე, ვერ ვერეოდი აზრს, ესოდენ განუსჯელს და დასუსტებულივით მეცლებოდა ძალა. არც რა მესმოდა, ვერც რას ვხედავდი. ეს გაშტერება გამივლიდა (ზოგჯერ ხელს შემიშვებდა ხოლმე) თუ არა, მას ცრემლი და სასოწარკვეთა ცვლიდა. მერე, ხანგრძლივი ცრემლთადენის შემდეგ კვლავ შიში დამეცემოდა და მაშფოთებდა, მარღვევდა, გონებას მირყევდა. ასეთ ტალღებში გავატარე ის დრო, შენ არა იცოდი რა, გეგონა კი, რომ ჩემთვის წყნარად ვცხოვრობდი".

"ორიდან ერთი უნდა ირჩიოს კაცმა უსათუოდ: - ან იარაღი უნდა აიყაროს, დაეცეს და დაიღუპოს, ან მუდამ შეჭურვილი იყოს და იფხიზლოს. მტერი მუდამ საჭურველასხმულია, ჩვენს უზრუნველობას უთვალთვალებს და გაცილებით მეტს ზრუნავს ჩვენი დაღუპვისათვის, ვიდრე ჩვენ - საკუთარი ცხოვრებისათვის, ვინაც მუდამ არ ფხიზლობს, მას განსაკუთრებულად იმიტომაც უჭირს მტერთან ბრძოლა, რომ იგი უხილავია და დაცემაც უეცრად იცის (ამით მას მეტი ვნებაც ძალუძს) და შენ ის გინდოდა, რომ ქრისტეს ლაშქარს ამ ბრძოლაში მე წავძღოლოდი? თუკი ის, ვისაც ყველას პატრონობა და მართვა ევალება, მათზე სუსტი და გამოუცდელი იქნა, მინდობილ ხალხს თავის გამოუცდელობით ეშმაკის გზას გაუყენებს. ასეთი კაცი ქრისტეს კი არა, ეშმაკს უდგება მსახურად. რას ოხრავ, რა გატირებს? ტირილი კი არა, რაც მოხდა, იმის გამო მხიარულება და სიხარული გვმართებს.

ბასილი: - კი მაგრამ, ჩემი მდგომარეობის გამო, შენგან განსხვავებით, მე უზომო მწუხარება მმართებს, რადგან უკეთ მხოლოდ ახლა შევიტყვე, რა განსაცდელშიც მომაქციე. შენს მყვედრებლებს რა ვუპასუხო-მეთქი, იმის გასაგებად მოვდიოდი, შენ კი მიშვებ და ახალ საზრუნავს მკიდებ ძველის ნაცვლად. ახლა იმას კი არ ვწუხვარ, შენს ნაცვლად იმათ რა პასუხი გავცე, არამედ იმას, საკუთარი თავისა და ცოდვების გამო ღმერთთან როგორ ვაგო პასუხი. გთხოვ და გევედრები, ოდნავ თუ მაინც გენაღვლები, "რაოდენი რაჲ ნუგეშინისცემაჲ არს ქრისტეს მიერ, და რაოდენი ნუგეშინისცემაჲ სიყუარულისაჲ სულისაჲ, რაოდენი რაი მოწყალებაჲ და წყალობაჲ" (ფილ. 2, 1) (რადგან თავად იცი, ყველაზე მეტად შენი გამოისობით მოვექეცი ამ განსაცდელში), ხელი გამომიწოდე, რაც კი გამამხნევებს, ყველაფერი გააკეთე, ყველაფერი მითხარი. მცირე ხნითაც არ მისცე თავს ჩემი მიტოვების უფლება; ეცადე, რომ ეს ცხოვრება უწინდელზე უფრო დიდ მეგობრობაში შენთან ერთად განვლიო.

ოქროპირი: - ღიმმორეულმა ვუთხარი: - რითი უნდა დაგეხმარო ასეთი ზრუნვის მტვირთველს, რა უნდა გარგო? მაგრამ რაკიღა ასე გსურს, სასოს ნუ წარიკვეთ, ჩემო ნეტარო. ყოველთვის, როცა კი საქმეებისაგან გათავისუფლებულს დასვენების საშუალება მოგეცემა, შენ გვერდით ვიქნები, განუგეშებ და თუ რამ შემეძლება, არაფერს დავიშურებ.

ამაზე უფრო ატირდა, წამოდგა, წამოვუდექი, მოვეხვიე, თავზე ვეამბორე, გაცილებისას ვარიგებდი, მოწევნულს მხნედ დახვედროდა. მწამს ქრისტესი, რომელმაც მოგიწოდა და მოგანდო ცხოვარნი თვისნი, იმგვარ კადნიერებას მოიპოვებ ამ მსახურებით, რომ მეც, ამქვეყნიდან გასულს, იმ განსაცდელში მყოფს, მარადიული სავანისაკენ შენ წარმიძღვები-მეთქი".

(ნაწყვეტი წერილისა "ექვსი სიტყვა მღვდლობის შესახებ", წიგნიდან "სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა", თბილისი, 1991 წ. თარგმნეს მანანა ჩიქვანაიამ და რუსუდან ბუაჩიძემ)

ბასილი, რომელიც ძალზე მოშურნედ შეუდგა თავის ღვაწლს, მეორე მსოფლიო საეკლესიო კრების (381 წელს) მონაწილეც კი შეიქნა.

იმ ბნელ დროს, როდესაც პოლიტიკურ სინამდვილეში მძიმე გაურკვევლობა სუფევდა, ეკლესია კი არიანელთა დამღუპველ ერესს უმკლავდებოდა, უამრავი ზნეკეთილი ადამიანი შეეხიზნა უდაბნოს და ანტიოქიის მიმდებარე მთები გაივსო განდეგილებით... ისინი იქ შუაღამისას ადიოდნენ, მზის ამოსვლისთანავე ცისკარს გალობდნენ, შემდეგ ყველა კელიებში თითოვდებოდა და ღვაწლს აგრძელებდა - ან წმინდა წერილს კითხულობდა, ან - წმინდა წიგნებს გადმოიწერდა, დღის მანძილზე კი კვლავ ერთდებოდნენ და ლოცვად დგებოდნენ.

ოთხი წელი დაჰყო იოანემ მონასტერში... ერთ ღამეს იმ სავანის მხცოვან მონაზონ ევსუქის ეჩვენა, თითქოს იოანეს ორი ბრწყინვალედ მოსილი კაცი ახლდა, რომელთაგან ერთს ხელში გრაგნილი ეპყრა, მეორეს - გასაღები... პირველი მათგანი - იოანე მახარებელი იყო, რომელმაც იოანეს გრაგნილი ამ სიტყვებით გადასცა: - უფალს "აწ ჩემ მიერ ჰნებავს, რაჲთა მოგცეს შენ აღხსნაჲ ყოველთა წე¬რილთაჲ და ხელპყრობილ-გყოფს შენ მეცნიერებისა მათისა მიმართ." მეორემ, პეტრე მოციქულმა კი გასაღებები ამ სიტყვებით გაუწოდა: - ღვთის ნებით გეძლევა იგი, "რაჲთა რაოდენნი კრულ გინა ხსნილ - ჰყვნე ქუეყანასა ზედა, იყვნენ იგინი კრულ გინა ხსნილ ზეცათა შინა".

მონასტერში გატარებული დროის შემდეგ ღვაწლი უფრო გააძლიერა, - ორი წელიწადი სრულიად მარტომ იცხოვრა მღვიმეში, ღამეებს ფეხზე მდგომი ატარებდა, თვლემის დასაძლევად კი სრულ დაუძლურებამდე მარხულობდა... ნესტიან ქვაბულში ამგვარმა ცხოვრებამ ჯანი შეურყია, - წელს ქვემოთ ერთგვარად დაინვალიდდა და საჭმლის მომნელებელი ორგანოები დაუსნეულდა...

მოღვაწეობის დიდი წყურვილი მას უდაბნოში სამუდამოდ დარჩენისკენ მოუწოდებდა, მაგრამ სხვაგვარი იყო უფლის განგება: - ამხელა მნათობს ბნელ მღვიმეში კი არა, მაღალ საეკლესიო სალამპროზე უნდა ენათა... და მართლაც, მალე ვითარება ისე აეწყო, იძულებული შეიქნა, ანტიოქიას დაბრუნებოდა, სადაც სიხარულით დახვდა წმინდა მღვდელმთავარი მელეტი, რომელმაც 381 წელს დიაკვნად დაასხა ხელი.

წმინდა მელეტის გარდაცვალების შემდგომ მან კვლავ დატოვა მშობლიური ქალაქი და სამი წლით ისევ იმ სავანეს დაუბრუნდა, რომელშიც ადრე მოღვაწეობდა.

შემდგომ კი, როგორც უკვე მოგახსენეთ, ანტიოქიის პატრიარქმა იოანე მღვდლად აკურთხა.

........................................

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1