წმინდა ტარასი, კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი (+806) - 25 თებერვალი (10 მარტი ან 9 მარტი - ნაკიან წელს)
წმინდა ტარასი, კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი (+806) - 25 თებერვალი (10 მარტი ან 9 მარტი - ნაკიან წელს)
წმინდა ტარასი დიდგვაროვანთა ოჯახის ჩამომავალი იყო. იგი კონსტანტინოპოლში დაიბადა და აღიზარდა, განათლებაც იქვე მიიღო. ღრმად განსწავლული ჭაბუკი მალე დაწინაურდა კონსტანტინე VI პორფიროგენეტოსის (780-797) და მისი დედის, დედოფალ ირინეს (797-82, ხს. 7 აგვისტოს) კარზე და სენატორის ხარისხს მიაღწია. იმ ხანებში ეკლესიურ ცხოვრებას აშფოთებდა ხატმებრძოლთა ერესი. ამ პერიოდში კონსტანტინოპოლის პატრიარქი იყო პავლე - კეთილი, მაგრამ უნებისყოფო ადამიანი, რომელიც ყველაფერს უთმობდა ხატმებრძოლ იმპერატორს. იგი სინდისის ქენჯნას განიცდიდა, ამიტომ მიატოვა პატრიარქის ტახტი და ღარიბულ სენაკში დასახლდა. ირინეს ამაო ხვეწნას - ემართა ეკლესია, პავლე პასუხობდა, რომ უნდოდა, მთელი სიცოცხლე ლოცვასა და სინანულში გაეტარებინა. მისი აზრით, ხატმებრძოლობითა და დასავლეთთან ქიშპობით არეულ ეკლესიაში მშვიდობის აღდგენის ერთადერთი საშუალება მსოფლიო კრების მოწვევა იყო. მანვე ურჩია, პატრიარქად დაედგინათ ტარასი, სულის სიმტკიცითა და ღვთისმოშიშებით ცნობილი საერო მოხელე. ტარასი დიდხანს უარობდა, ბოლოს დაემორჩილა საერთო სურვილს იმ პირობით, რომ დაუყოვნებლივ მოიწვევდა მსოფლიო კრებას. "მე ვხედავ დარღვეულ და განყოფილ ეკლესიას ღვთისას; ვხედავ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ქიშპობას, ურთიერთმტრობას ნაცვლად მშვიდობითა და სიყვარულით ერთობისა", - ამბობდა იგი. წმინდანმა მოკლე ხანში გაიარა იერარქიის ყველა საფეხური და 784 წელს პატრიარქის ტახტზე აღსაყდრდა.

დაუყოვნებლივ დაიგზავნა წერილები აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეპისკოპოსებთან, რომელთაც კონსტანტინოპოლში მსოფლიო კრებაზე დასასწრებად იწვევდნენ. მაგრამ შემდგომ იძულებულნი გახდნენ ქალაქი შეეცვალათ, რადგან კონსტანტინოპოლში კრების ჩატარება არცთუ უხიფათო იყო - ხატმებრძოლთა დაჯგუფებას ზურგს უმაგრებდნენ მეომრები, რომლებმაც ალყა შემოარტყეს ტაძარს, სადაც სხდომები უნდა გამართულიყო; თან გაჰყვიროდნენ, რომ არ დაუშვებდნენ ტაძარში კერპების შეტანას. გადაწყდა კრების მოწვევა ნიკეაში. აქ 788 წელს გაიხსნა VII მსოფლიო კრება ტარასის თავმჯდომარეობით და 367 ეპისკოპოსის მონაწილეობით, რომელთა შორის პაპ ადრიანეს წარგზავნილებიც იყვნენ.

კრებამ წმინდა წერილსა და წმინდა მამათა ნაწერებზე დაყრდნობით უარყო ხატმებრძოლობის ერესის ყველა დებულება და დაადგინა ხატთა თაყვანისცემა; ჯეროვანია "პატივი მივაგოთ წმინდა ხატებს და თაყვანი ვცეთ მათ არა როგორც ღმერთს, არამედ როგორც ღვთისა და მისი წმინდანების გამოსახულებას".

წმინდა ტარასი ბრძნულად განაგებდა ეკლესიას 22 წლის განმავლობაში. მან განვლო მკაცრი ასკეტური ცხოვრება. მთელ თავის შემოსავალს საქველმოქმედო საქმეებს ახმარდა, აპურებდა მშივრებს, აცმევდა შიშვლებს, პატრონობდა მოხუცებს, ობლებს, ბავშვებს. აღდგომას მათთვის ტრაპეზს მართავდა და სუფრას თვითონ ემსახურებოდა. წმინდა პატრიარქმა უშიშრად ამხილა იმპერატორი კონსტანტინე, როცა მან ცილი დასწამა თავის მეუღლეს, მარიამს, რათა მონასტერში გამოეკეტა იგი, თვითონ კი ხორციელ ნათესავზე დაქორწინებულიყო. წმინდა ტარასიმ მტკიცე უარი განაცხადა იმპერატორის განქორწინებაზე, რის გამოც მისი საშინელი რისხვა დაატყდა თავს, მაგრამ მალე კონსტანტინე დედამისმა, ირინემ ჩამოაგდო ტახტიდან. მღვდელმთავარი ტარასი გარდაიცვალა 806 წელს. ღირს ტარასს აღსასრულის ჟამს ეშმაკები მიეახლნენ, ახსენებდნენ მთელ ცხოვრებას სიყრმიდან მოყოლებული და ცდილობდნენ, ისეთი ცოდვებიც მიწერათ მისთვის, რომლებიც არასოდეს ჩაედინა. "ცილს მწამებთ, თქვენ არანაირი ძალაუფლება არა გაქვთ ჩემზე!" - შერისხა ბოროტი სულები ღირსმა მამამ და მშვიდად შეჰვედრა სული უფალს. სამწყსო მხურვალე ცრემლებით დასტიროდა საყვარელ მღვდელმთავარს. მის საფლავთან მრავალი კურნება აღესრულა.

820 წელს იმპერატორ ლეონ სომეხს სიზმარში მკაცრი სახით გამოეცხადა ეპისკოპოსი ტარასი, რომელმაც ვინმე მიხეილს უბრძანა, თავი მოეკვეთა იმპერატორისთვის. ექვსი დღის შემდეგ ლეონ სომეხი მართლაც მოკლა მიხეილ ამორეველმა და დაიკავა მისი ტახტიც.

ტარასის, კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსის

კონდაკი

მართლმადიდებლობისა მოძღურებითა ეკლესია განაბრწყინვე და ქრისტეს პატიოსნისა ხატისა გამოწერა გამოაჩინე, სანატრელო, და თაყვანისცემაი მისი ყოველთა უქადაგე, და განაქიქენ უღმრთონი ხატთა მბრძოლნი მწვალებელნი; ამისთვის გიღაღადებთ შენ: გიხაროდენ, ჰოი, მამაო ბრძენო ტარასი.

ბეჭდვა
1კ1