ერაზმ პეჩორელი (+1160) - 24 თებერვალი (9 მარტი ან 8 მარტი - ნაკიან წელს)
ერაზმ პეჩორელი (+1160) - 24 თებერვალი (9 მარტი ან 8 მარტი - ნაკიან წელს)
XII საუკუნეში პეჩორის მღვიმეთა მონასტერში იყო ერთი ბერი, სახელად ერაზმი. იგი ძალზე მდიდარი გახლდათ. ბერად აღკვეცამდე მშობლებისგან მემკვიდრეობით ერგო ეს სიმდიდრე. ერაზმმა ქონება ეკლესიის საჭიროებას მოახმარა: მოაჭედვინა მრავალი ხატი. ამის გამო სიღარიბეში ჩავარდა, ბევრმა ნათესავ-ახლობელმა პირი იბრუნა მისგან. სასოწარკვეთილ ერაზმს ეშმაკმა ჩაუნერგა გულში, რომ დახარჯული სიმდიდრის სანაცვლოდ. ღვთიურ ჯილდოს ვერასდროს ეღირსებოდა. უიმედოდ მყოფი უღირსად ატარებდა ცხოვრების დღეებს.

ერთხელ ისე ავად გახდა, რომ ენა წაერთვა, შვიდ დღეს იწვა მუნჯად, თან თვალის ჩინიც დაეშრიტა, ძლივსღა სუნთქავდა. მერვე დღეს მიაკითხეს ძმებმა, იხილეს მისი ამგვარი წვალება და თქვეს:

- ვაი, უბედურს ამ ძმის სულს! სიზარმაცეში და ცოდვაში ატარა წუთისოფელი, ახლა რაღაცას ხედავს, შფოთავს, წვალობს და ვეღარ გამოსულა.

ერაზმი წამოდგა, თითქოს ავადაც არ ყოფილა და თქვა:

- ძმებო და მამებო, მისმინეთ! ჭეშმარიტად აგრეა, ცოდვილი ვარ, ეს თქვენც იცით და ჯერაც არ მომინანიებია ჩემი ცოდვები. ახლა კი მომევლინნენ წმინდანები - ანტონი და თეოდოსი და მითხრეს: "ჩვენ ვევედრეთ უფალს და მან მოგანიჭა დრო მოსანანიებელი". ვიხილე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ხელთ ეპყრა თვისი ძე, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, თან ახლდა ყველა წმინდანიც და მითხრა დედა ღვთისამ: "ერაზმ, იმისთვის, რომ შეგიმკია ჩემი ეკლესია და ხატები განგიდიდებია, იგი შენ განგადიდებს ჩემი ძის სამეუფოში. ოღონდ, როდესაც განიკურნები, მოინანიე ცოდვები და ემსგავსე დიდ ანგელოზს. მესამე დღეს წაგიყვან ჩემთან, ჩემი სახლის მშვენიერება რომ შეიყვარე".

ეს თქვა ერაზმმა და დაიწყო აღსარება ყველას წინაშე, ამხილა თავისი ცოდვები, მერე ადგა, შევიდა ეკლესიაში და სქემა შეიმოსა. მესამე დღეს ბერი მშვიდად მიიცვალა. ეს მოხდა 1160 წელს. მისი წმინდა სხეული განისვენებს ახლო მღვიმეებში.

ბეჭდვა
1კ1