წმინდა ზაქარია, იერუსალიმელი პატრიარქი (+633) - 21 თებერვალი (6 მარტი ან 5 მარტი - ნაკიან წელს)
წმინდა ზაქარია, იერუსალიმელი პატრიარქი (+633) - 21 თებერვალი (6 მარტი ან 5 მარტი - ნაკიან წელს)
ღირსი ზაქარია, იერუსალიმელი პატრიარქი, VI-VII საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა. იგი თავდაპირველად კონსტანტინოპოლში მოღვაწეობდა. იერუსალიმის საპატრიარქო ტახტზე ზაქარია 609 წელს ავიდა.

614 წელს სპარსეთის მეფე ხოსრო II-ემ დაიკავა მთელი პალესტინა, აიღო იერუსალიმი, გაიტაცა უფლის პატიოსანი ჯვარი და მრავალ იერუსალიმელთან ერთად ტყვედ წაიყვანა პატრიარქი ზაქარია. თერთმეტწლიანი მმართველობის შემდეგ ბიზანტიის იმპერატორმა, ჰერაკლემ (610- 641) მოიკრიბა უკანასკნელი ძალა, გადავიდა მომხდურის სამფლობელოებში და იქ დაიწყო ბრძოლა; ერთიმეორის მიყოლებით მოიპოვა ბრწყინვალე გამარჯვებები, ექვს წელიწადში დაიბრუნა ყველა დაკარგული ოლქი და გაანადგურა სპარსელები. ხოსრომ გაქცევით უშველა თავს. იგი მოკლეს მისივე აჯანყებული შვილის - კავადის ბრძანებით, რომელმაც ამის შემდეგ კაცი გაუგზავნა ჰერაკლეს და დაზავება სთხოვა. ზავის ერთ-ერთი პირობა იყო უფლის პატიოსანი ჯვრის, აგრეთვე პატრიარქ ზაქარიასა და ყველა ტყვე ქრისტიანის დაბრუნება. 628 წელს ჰერაკლე თავად გაემგზავრა იერუსალიმში ამ ზეიმზე. მას გამოეგებნენ სასულიერო პირები და ერი, ხელთ პალმის ტოტებით და ხმამაღალი შეძახილებით ესალმებოდნენ. მეფე ძოწეულით იყო შემოსილი, თავზე ოქროს გვირგვინი უბრწყინავდა.

მან მოისურვა, თვითონ დაებრუნებინა იერუსალიმისთვის სიწმინდე, მიადგა ქალაქს და პატიოსანი ჯვარი საკუთარი მხრებით წააბრძანა! მაგრამ აქ მოხდა სასწაული: გოლგოთისაკენ მიმავალ გზაზე, კარიბჭესთან, ჯვარი უცებ უხილავმა ძალამ შეაჩერა. სანამ გაერკვეოდნენ, თუ რას ნიშნავდა ეს, პატრიარქ ზაქარიას გამოეცხადა ანგელოზი და აუწყა: "ასე არ მიჰქონდა უფალს თავისი ჯვარი". პატრიარქმაც მეფეს მიმართა: "ხელმწიფეო, არ არის ჯეროვანი მდიდრულად შემოსილმა ატარო ჯვარი, რომელიც ჩვენთვის დაგლახაკებულ მაცხოვარს მხრებით მიჰქონდა თავმდაბლად". ჰერაკლემ დაუყოვნებლივ მოიხსნა გვირგვინი, გაიძრო ძოწეული, ღარიბულად შეიმოსა და თავშიშველმა უკვე დაუბრკოლებლად განაგრძო წმინდა ჯვრის ტარება იერუსალიმში. პატრიარქმა მთელი ერის ლოცვის და შეძახილების თანხლებით ჯვარი უწინდელ ადგილას დაასვენა.

ცხოველმყოფელ ჯვართან ერთაც წმინდა ქალაქში 14-წლიანი ტყვეობის შემდეგ დაბრუნდა პატრიარქი ზაქარიაც. ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ წმინდა მღვდელმთავარმა მხოლოდ 5 წელი იცოცხლა - მშვიდობით მიიცვალა 633 წელს.

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1