წმინდა გიორგი, ამასტრიდელი ეპისკოპოსი (+805) - 21 თებერვალი (6 მარტი ან 5 მარტი - ნაკიან წელს)
წმინდა გიორგი, ამასტრიდელი ეპისკოპოსი (+805) - 21 თებერვალი (6 მარტი ან 5 მარტი - ნაკიან წელს)
წმინდა გიორგი, ამასტრიდელი ეპისკოპოსი, შავი ზღვის სანაპიროზე, პაფლაგონიის ქალაქ კრომნაში დაიბადა. მისი მშობლები თეოდორე და მიგეფუსა კეთილმსახური ქრისტიანები იყვნენ. მათ დიდხანს არ ეძლეოდათ შვილი და მხურვალე ლოცვებით შესთხოვდნენ უფალს მემკვიდრის მონიჭებას. მხოლოდ ღრმა სიბერის ჟამს შეისმინა შემოქმედმა მათი ლოცვა. უფლისგან ეუწყათ, რომ შეეძინებოდათ ვაჟი, რომელიც მღვდელმთავარი გახდებოდა, ზეგარდამო მიენიშნათ მათ მემკვიდრის სახელიც - გიორგი.

მართლაც ეყოლათ ვაჟი და გიორგი დაარქვეს. მოსიყვარულე მშობლებმა შვილს ბრწყინვალე საერო და სასულიერო განათლება მისცეს. როდესაც გიორგიმ მიაღწია გარდატეხის ასაკს, დაიწყო კიდეც მასზე ნაწინასწარმეტყველების შესრულება - დიდი წარმატებები ჰქონდა საღვთისმეტყველო მეცნიერებებში. ხარობდნენ მშობლები და მადლობდნენ უფალს. როცა ჭაბუკმა სრულწლოვანებას მიაღწია, დატოვა სამშობლო, სირიის მთებს მიაშურა და ერთი განდეგილი ბერის ხელმძღვანელობით მკაცრი მოღვაწეობა დაიწყო. მოძღვრის სიკვდილის შემდეგ გიორგი ვონისის სავანეში დაემკვიდრა და კიდევ უფრო გაამკაცრა თავისი ღვაწლი. ღვთის ნებით, წმინდანის კეთილმსახური ცხოვრება გაცხადდა და ქალაქ ამასტრიდის ეპისკოპოსის მიცვალების შემდეგ სამღვდელოებისა და მრევლის სურვილით მღვდელმთავრად იქნა ხელდასხმული. კონსტანტინოპოლში ეპისკოპოსად ხელდასხმისას გიორგის მიულოცეს იმპერატორმა კონსტანტინე VI-მ, მისმა დედამ, ირინემ და პატრიარქმა ტარასიმ.

ღირსი გიორგი დაუღალავად მოძღვრავდა სამწყსოს, ტაძრებს კეთილმოაწყობდა, ქვრივებსა და ობლებზე ზრუნავდა, გლახაკებს აპურებდა და ღვთივსათნო ცხოვრების მაგალითს იძლეოდა.

უფალმა სასწაულმოქმედების ნიჭი მიმადლა თავის რჩეულს: მან ლოცვის ძალით განდევნა ამასტრიდიდან სარკინოზები, რომლებიც აოხრებდნენ მის შემოგარენს, სიკვდილისაგან იხსნა ტრაპიზონში უსამართლოდ მსჯავრდადებული ვაჭრები. წმინდა გიორგი მშვიდობით მიიცვალა, სულიერი შვილებით გარემოცული. ეს მოხდა იმპერატორ ნიკიფორე I-ის (802-811) ზეობისას, დაახლოებით 805 წელს. გარკვეული დროის შემდეგ ეს მხარე დაიკავეს რუსებმა. ზოგიერთმა მათგანმა მოისურვა წმინდანის საფლავის ხელყოფა, მაგრამ ამაოდ, ისინი ადგილზე გაშეშდნენ, მხოლოდ მას შემდეგ შეძლეს მოძრაობა, რაც მათ წინაშე სასწაულებრივად გამოცხადდა მღვდელმთავარი გიორგი. რუსებმა განზრახვაზე ხელი აიღეს და შეინანეს.

ბეჭდვა
1კ1