წმინდა ევჰერიუსი, ორლეანის ეპისკოპოსი (+738) - 20 თებერვალი (5 მარტი ან 4 მარტი - ნაკიან წელს)
წმინდა ევჰერიუსი, ორლეანის ეპისკოპოსი (+738) - 20 თებერვალი (5 მარტი ან 4 მარტი - ნაკიან წელს)
წმინდა ევჰერიუსი სიყრმიდანვე ჩაუღრმავდა წმინდა წერილის სიტყვებს, რომ "წარმავალ არს ხატი ამის სოფლისაჲ " (1 კორინ. 7:31), უარი თქვა საერო ცხოვრებაზე და რუანის ეპარქიის სახელგანთქმულ ჟიუმეჟის მონასტერს მიაშურა. იქ მან წმინდანობის სიმაღლეს მიაღწია.

717 წელს ორლეანის ეპისკოპოსის გარდაცვალების შემდეგ, ორლეანელებმა ფრანკების სახელმწიფოს მაიორდომის (წარმომადგენელის, მმართველის) კარლოს მარტელის დახმარებით, წმინდა ევჰერიუსი ეპისკოპოსად აირჩიეს. წმინდანი წინააღმდეგი იყო, მაგრამ იძულებული გახდა, დაეტოვებინა თავისი მყუდრო ცხოვრება და შედგომოდა მღვდელმთავრის მძიმე ღვაწლს. იგი ბრძნულად მართავდა ეპარქიას და თავისი წმინდა ცხოვრებით მაგალი¬თი იყო სამწყსოსი. უშიშრად ამხილებდა ეკლესიის ქონების დამტაცებლებს. კარლოს მარტელმა პუატიესთან არაბებზე გამარჯვების შემდეგ მეომრებს საფასური ეკლესიისთვის ჩამორთმეული ქონებით გადაუხადა. ევჰერიუსის მტრებმა ამ სიტუაციით ისარგებლეს და ეპისკოპოსს ჯანყის მოწყობა დააბრალეს. გამარჯვებულმა კარლოსმა ორლეანი რომ გაიარა, წმინდა ეპისკოპოსი დააპატიმრა და კიოლნში გადაასახლა. მაგრამ წმინდა ევჰერიუსიდან მომდინარე ღვთის მადლმა მას მორწმუნეთა სიყვარული და პატივისცემა მოაპოვებინა და მათ იგი საკუთარი მწყემსივით მიიღეს.

შემდეგ ის ლიეჟის გარეუბანში გადაიყვანეს ჰერცოგ რობერტის მეთვალყურეობით. წმინდანმა თავისი დარაჯი ერთგულ მოწაფედ გადააქცია და სთხოვა, სენ ტრონის მონასტერში გაეშვა. წმინდა ევჰერიუსმა ამ მონასტერში გაატარა ცხოვრების ბოლო წლები და მადლობდა ღმერთს მწყემსმთავრის მოვალეობისგან გათავისუფლებისთვის. როგორც ყველგან, აქაც წმინდა ევჰერიუსი მაგალითად ექცა ადგილობრივ მონაზვნებს. მისი ცხოვრების ცქერით აღფრთოვანებულნი ივიწყებდნენ ცხოვრებისეულ საზრუნავს და მხოლოდ ზეცაზე ფიქრობდნენ.

ნეტარი ევჰერიუსი 738 წელს გარდაიცვალა. მის საფლავზე სანთელი არასოდეს ქრებოდა, ხოლო მისი საფლავის ლამპრის ზეთი კურნავდა წმინდა ეპისკოპოსთან დახმარე¬ბისთვის მოსულ სნეულებს.

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1