წმინდა აღათონ რომის პაპი (+682) - 20 თებერვალი (5 მარტი ან 4 მარტი - ნაკიან წელს)
წმინდა აღათონ რომის პაპი (+682) - 20 თებერვალი (5 მარტი ან 4 მარტი - ნაკიან წელს)
წმინდა აღათონი VII საუკუნეში ცხოვრობდა და წარმოშობით სიცილიელი გახლდათ. მშობლების გარდაცვალების შემდეგ მონაზვნად აღიკვეცა, რათა სრულყოფილებისკენ მიმავალ გზაზე შემდგარიყო. წმინდა აღათონი დიდად განსწავლული იყო, ამასთან უაღრესად თავმდაბალი, რბილი ხასიათისა გახლდათ და გული სიკეთით ჰქონდა სავსე.

მრავალი წელი რომის ეკლესიის მნედ მსახურობდა. შემდეგ კი 678 წელს რომის ეკლესიის პაპი გახდა. მისი მცირე ხნის პონტიფიკატობისას, საშინელი ჭირი გავრცელდა, ისეთი, რომ მის დარს ვერავინ იხსენებდა. როგორც მწყემსი კეთილი პროცესიებს და სავედრებელ პარაკლისებს ხელმძღვანელობდა, რომ ღვთის რისხვა შეერბილებინა. მრავალი განკურნა, რისთვისაც სასწაულმოქმედი დაარქვეს.

ერთხელ ერთ კეთროვანს შეხვდა, აკოცა მას და სნეული იმწამსვე განიკურნა. ის შიდასაეკლესიო საქმეებში რწმენის განმტკიცებას ცდილობდა. ახალგაზრდა ბრიტანული ეკლესიის ორგანიზებისთვის მან კათედრაზე აღადგინა უკანონოდ გადაყენებული იორკის ეპისკოპოსი წმინდა ბილფრიდი (ხს. 24 აპრილს).

აღათონ პაპმა დიდი როლი შეასრულა მეექვსე მსოფლიო კრებაზე მონოთელიტობის დაგმობაში. სწორედ ამ ფაქტმა უკვდავყო მისი სახელი. არჩევიდან მალევე მან რომში კრება (680 წ.) გამართა, იმპერატორ კონსტანტინე მეოთხეს ორი დოგმატური ეპისტოლე გაუგზავნა, სადაც ნათლად გადმოსცა ეკლესიის სწავლება ქრისტეს ორ ნებაზე - ღვთაებრივსა და კაცობრივზე. ეს სწავლება გვეუბნება, რომ ჩვენ, ადამიანებს, შეგვიძლია გავხდეთ მადლისმიერი ღმერთები. პაპის რჩევით, კონსტანტინოპოლში მსოფლიო კრება მოიწვიეს. კრებაზე წაიკითხეს წინამორბედი (რომში გამართული) კრების ოქმი, წმინდა მამების მოწმობით - აღათონის წერილი, ამან სულ გადარია ერეტიკოსები. მამების გადაწყვეტილებით, ისინი დაგმობილ იქნენ. როგორც ერთ დროს ქალკედონის კრებაზე დიდი გავლენა იქონია წმინდა ლეონ პაპის ეპისტოლემ, ახლაც კონსტანტინოპოლის კრების მამების თქმით, "აღათონის ბაგეებით" თვით პეტრე მოციქული ლაპარაკობდა.

წმინდა აღათონი 682 წელს გარდაიცვალა.

ბეჭდვა
1კ1