წმინდა ლეონ კატანეს ეპისკოპოსი (+785) - 20 თებერვალი (5 მარტი ან 4 მარტი - ნაკიან წელს)
წმინდა ლეონ კატანეს ეპისკოპოსი (+785) - 20 თებერვალი (5 მარტი ან 4 მარტი - ნაკიან წელს)
წმინდა ლეონი, მართლმადიდებლობის ლამპარი და ახალი მოციქული ცხოვრობდა ხატთმებრძოლობის პირველი დევნის დროს VIII საუკუნეში. ის წარმოშობით ქალაქ რავენის ცნობილი ოჯახიდან იყო. თავის სათნოებათა წყალობით ის სწრაფად ავიდა საეკლესიო იერარქიის კიბეზე და რავენის ეკლესიის საქმეთა მმართველი გახდა. სახელი ეპარქიის გარეთაც გაუვარდა.

ლეონი ქალაქ კატანეს ეპისკოპოსად აირჩიეს და მაშინვე შეუდგა ერესის თესლისა და წარმართული ცრურწმენების აღმოფხვრას. თავისი ლოცვის ძალით მან წარმართული ბომონი დაამსხვრია და იმ ადგილას წმინდა ორმოცი მოწამის სახელობის ტაძარი ააგო. ენერგიული და რწმენის საქმეებში პირდაპირი ეპისკოპოსი აღსავსე იყო გლახაკების, ობლების, დაჩაგრულებისადმი სიყვარულით და თანაგრძნობით. მას შეეძლო გაემეორებინა მოციქულის სიტყვები: "ვიქმენ უძლურთა მათ თანა, ვითარცა უძლური, რაჲთა უძლურნი იგი შევიძინნე; ყოველთა ვექმენ ყოვლად, რაჲთა ყოველნი ვაცხოვნნე" (1 კორ. 9:22).

იმ დროს კატანეში ცხოვრობდა მოგვი ილიოდორე, რომელიც ხალხს თავისი სასწაულებით აოცებდა და მთელ სიცილიის ვულკან ეტნაზე მეტად აძრწოლებდა. ილიოდორე თავდაპირველად ქრისტიანი იყო, მაგრამ შემდგომ უარყო მაცხოვარი, დემონის მსახური გახდა და ეს ძალაც მისგან შეიძინა. შეშინებულმა პრეფექტმა კონსტანტინოპოლის იმპერატორს წერილი მისწერა და მისგან ჯადოქრის დაპატიმრების ბრძანება მიიღო. ეშმაკის დახმარებით ილიოდორი ერთ დღეში აღმოჩნდა კონსტანტინოპოლში და როცა მის დასასჯელად მოემზადნენ, უეცრად ყვირილით გაქრა: "გამარჯვება იმპერატორო, მეძებე კატანეში!" კვლავ დააპატიმრეს და კონსტანტინოპოლში ჩაიყვანეს. მან ყველა ცეცხლი ჩააქრო და ქალაქი დააბნელა. შიმშილით სიკვდილი მიუსაჯეს და მთელი ქალაქი აშიმშილა და ბოლოს, დასჯის წინ ისევ გაქრა.

"მღვდელმთავარი ლეონი ხშირად შეაგონებდა ჯადოქარს, ხელი აეღო ბოროტმოქმედებაზე და სინანულით განწმენდილი, უფალს მობრუნებოდა, მაგრამ ამაოდ. უსჯულოს თავხედობა იქამდე მივიდა, რომ თვით წმინდა ეპისკოპოსის აბუჩად აგდებაც კი გადაწყვიტა. სამეუფო წირვის დროს შევიდა ტაძარში და თავისი ჯადოქრობით მრევლში შფოთი და აურზაური გამოიწვია: ზოგმა ფეხების ბაკუნი დაიწყო, ზოგმა - უაზრო ხარხარი, სხვები საშინელ მრისხანებაში ჩავარდნენ. ილიოდორე იმუქრებოდა, - თავად ეპისკოპოსსაც ღვთისმსახურთა დასით ხტუნვასა და ცეკვა-თამაშს დავაწყებინებო. ღირსი ლეონი მიხვდა, რომ უწყინარი შეგონებების დრო დამთავრდა, მუხლი მოიყარა ტრაპეზის წინაშე, მხურვალედ ილოცა, შემდეგ გამოვიდა საკურთხევლიდან, ომოფორი ყელზე შემოაჭდო უსჯულოს, მოედანზე გაიყვანა და აიძულა, საჯაროდ ეღიარებინა ყველა ცოდვა. ამის შემდეგ მწყემსმ-თავარმა ხალხს დიდი კოცონი დააგზნებინა და გრძნეულთან ერთად შიგ შევიდა ისე, რომ ომოფორისთვის ხელი არ გაუშვია. ეშმაკის მსახური მალე დანახშირდა და ჩაიფერფლა, წმინდა ლეონი კი სრულიად უვნებელი გამოვიდა ცეცხლიდან და მშვიდად დაასრულა საღვთო ლიტურგია. ამ სასწაულმა სიცოცხლეშივე დიდად გაუთქვა სახელი ღირს მამას .

იმპერატორის მიწვევით წმინდა ლეონი კონსტანტინოპოლში ჩავიდა და ღვთისაგან ბოძებული მადლი უხვად დაარიგა: ამხილებდა წარმართებს და ერეტიკოსებს, თვალის ჩინს უბრუნებდა ბრმებს, დაბლადაცემულებს ფეხზე აყენებდა, ანუგეშებდა შეჭირვებულებს. ასე იყო როგორც მის სიცოცხლეში, ისე გარდაცვალების მერეც. წმინდა ლუკიას ტაძარში დასვენებული წმინდა ლეონის მირონმდინარე უხრწნელი სხეულიდან უამრავი სასწაული აღესრულებოდა.

წმინდანთა ცხოვრება", ტ. I, თბილისი, 2001 წ.

კონდაკი
ვითარცა რა მნათობი დიდი აქუ შენ ეკლესიასა, ყოვლადნეტარო ლეონი, და უფროის მზისა განაბრწყინებ მას, რომელიცა უკუე დაიცევ, ღირსო, უძლეველად და შეურყეველად, და შეუგინებელადცა მწვალებელთაგან, ვითარცა მარადის მოხსენებულმან.

ბეჭდვა
1კ1