ღირსი მამა კონონი (დაახლ. +555) - 19 თებერვალი (4 მარტი ან 3 მარტი - ნაკიან წელს)
ღირსი მამა კონონი (დაახლ. +555) - 19 თებერვალი (4 მარტი ან 3 მარტი - ნაკიან წელს)
წმინდა კონონის შესახებ იოანე მოსხი მოგვითხრობს "ლიმონარში" ("სამოთხე"). ღირსი კონონი კილიკიაში დაიბადა. ის VI საუკუნეში მდინარე იორდანის დასავლეთ ნაპირას მდებარე პენტუკლიის მონასტერში მოსაგრეობდა და იქვე ეკურთხა მღვდლად. იერუსალიმის მთავარეპისკოპოსმა პეტრემ შეიტყო მკაცრი მოღვაწის შესახებ და ხალხს აგზავნიდა ხოლმე მასთან ნათლისღებისთვის. მიუხედავად მრავალწლიანი მოსაგრეობისა და ხორცის მოკვდინებისა, მას დროდადრო ხორციელი ბრძოლები აწუხებდა. ამიტომაც ღირსი კონონი ნათლავდა მომსვლელ მამაკაცებს და მირონს სცხებდა, ხოლო ქალების მონათვლას ერიდებოდა და თავს იკავებდა. მას ამის გამო წმინდა იოანე ნათლისმცემელი გამოეცხადა და აღუთქვა, რომ ცდუნებებთან ბრძოლაში ლოცვებით შეეწეოდა.

ერთხელ, სპარსეთიდან მოსანათლად მოვიდა მომხიბლავი ასული. ის იმდენად ლამაზი იყო, რომ მღვდელმა ვერ გაბედა მისთვის მირონის ცხება. ქალწული ორი დღე ელოდა მირონის ცხებას. მერე ამის შესახებ შეიტყო მთავარეპისკოპოსმა პეტრემ და სთხოვა ერთ დიაკონესას, გოგონასთვის მირონი ეცხო. მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. მაშინ ღირსმა კონონმა მოსასხამი აიღო და მონასტერი ფარულად დატოვა, თავისთვის ამბობდა, - მე აქ ვეღარ დავრჩებიო. გზაში მას წმინდა იოანე ნათლისმცემელი გამოეცხადა და რბილი ხმით უთხრა: "დაბრუნდი მონასტერში და მე გაგათავისუფლებ მაგ ბრძოლისგან". კონონმა უსაყვედურა წმინდანს, - ადრეც დამპირდი, მაგრამ არ დამეხმარეო. მაშინ ნათლისმცემელმა ძალით დასვა მონაზონი, გახადა ზედა სამოსი, მუცელზე სამჯერ ჯვარი გადასახა და უთხრა: "დამიჯერე. მინდოდა, რომ საცთურთა ძლევის გამო გვირგვინი მიგეღო. მაგრამ, რადგანაც ეს არ გსურს, გაგათავისუფლებ ამ ბრძოლისაგან. ახლა კი უშიშრად დაბრუნდი მონასტერში".

წმინდა კონონი დაბრუნდა მონასტერში, ისე მონათლა სპარსი ქალწული, რომ ვერც კი შეამჩნია, რომ მის წინაშე დედაკაცი იდგა. წმინდანი განაგრძობდა სხვა ქრისტიანების მონათვლას და მადლისაგან დაცული ვნებებს ვეღარ გრძნობდა.

ერთხელ, როცა უდაბნოში მიდიოდა, მავანი ურია მოსაკლავად მახვილით გამოენთო, მაგრამ ხელი გაუშეშდა. წმინდა კონონს შეებრალა კაცი, ილოცა და განკურნებული შინ გაუშვა. ცხოვრების ბოლო რვა წელი წმინდა კონონი მონასტრის იღუმენი იყო. ის მშვიდად აღესრულა 555 წელს.

ბეჭდვა
1კ1