ღირსი რაბულა (დაახლ. +530) - 19 თებერვალი (4 მარტი ან 3 მარტი - ნაკიან წელს)
ღირსი რაბულა (დაახლ. +530) - 19 თებერვალი (4 მარტი ან 3 მარტი - ნაკიან წელს)
წმინდა რაბულა სირიის ქალაქ სამოსატში დაიბადა და იქვე კარგი განათლება მიიღო. სიყმაწვილიდანვე ღვთივსათნოდ ცხოვრობდა და სრულყოფილ ასაკს მიაღწია, მონაზვნად აღიკვეცა და, წმინდა ილია წინასწარმეტყველის მსგავსად, მარტო მოღვაწეობდა მთებსა და მღვიმეებში. ცხოვრების წესით ის წმინდა იოანე ნათლისმცემელს ბაძავდა.

გარკვეული ხნის შემდეგ სხვა ბერთან ერთად ის ფინიკიაში გადავიდა და იქ თავისდაუნებურად, საკუთარი მოღვაწეობით ხალხის ყურადღება მიიქცია და მის შესახებ ყველამ გაიგო. იმპერატორმა ზენონმა ღირს რაბულას ფული შესწირა და მან ბერითის (დღევანდელი ბეირუთი) ეპისკოპოსის, იოანეს დახმარებით ერთ ადგილას ფართო მო¬ნასტერი ააგო და მონაზვნებით დაასახლა. სავანის შემოგარენში წარმართები ცხოვრობდნენ, წმინდა რაბულამ და მონასტრის ბერებმა მოციქულებრივი ღვაწლი გასწიეს მათ მოსაქცევად. ზენონის მემკვიდრის, ანასტასის (491-518) გამეფებისას, ღირსი რაბულა კონსტანტინოპოლში გაემგზავრა. მან იმპერატორისაგან კვლავ მიიღო ფულადი დახმარება და მეორე მონასტერი ააგო, შემდგომ მან კიდევ რამდენიმე მონასტერი ააშენა სხვადასხვა მხარეში. ღირსმა რაბულამ მთელი ცხოვრება დიდ ღვაწლში, მოსაგრეობაში გატარა. იყო მშვიდი, ყურადღებიანი ყველას მიმართ და ცხონების გზაზე მიმავალ ძმებს პირად მაგალითს აძლევდა. მან სრულყოფილად იცოდა წმინდა წერილი და ღვთის სიტყვის გახსენებით იგერიებდა უხილავ მტერს.

ღირსმა მამამ იუსტინიანე დიდის მეფობამდე მიაღწია ოთხმოცი წლის ასაკში მან ზეციდან ხმა მოისმინა: "მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისუენოთ თქვენ" (მათე 11:28). ამის მერე მან მცირე ხანს იავადმყოფა და დაახლოებით 527 (ან 530) წელს გარდაიცვალა.

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1