წმინდა ლეონ რომის პაპი (+461) - 18 თებერვალი (3 მარტი ან 2 მარტი - ნაკიან წელს) და 12 (25) ნოემბერი
წმინდა ლეონ რომის პაპი (+461) - 18 თებერვალი (3 მარტი ან 2 მარტი - ნაკიან წელს) და 12 (25) ნოემბერი
დროს, როცა დასავლეთის ეკლესია განუყოფელი ეკლესიის ნაწილი იყო და სხვა ეკლესიებთან ჰქონდა ურთიერთობა, რომის პაპი, როგორც იმპერიის დედაქალაქის ეპისკოპოსი და დასავლეთის პატრიარქი, ერთგვარად პირველობდა ამ საეკლესიო ერთობაში. ყველა ქრისტიანი მას სამოციქულო ტრადიციის მთავარ მცველად და საეკლესიო დოგმატებში მსაჯულად თვლიდა.

წმინდა ლეონს ისტორიის კრიტიკულ მომენტში ეკავა რომის კათედრა. იმპერიის დასავლეთი ნაწილი დაეცა, ხოლო ეკლესია ერესებისგან იყო დაყოფილი. ამ დროს რომის პაპმა ჭეშმარიტებაზე სწორი სწავლება წარმოთქვა და ყველანაირი ძალისხმევა გამოიჩინა, რომ წმინდა ეკლესიის ერთობა შეენარჩუნებინა. სწორედ ამიტომ, როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში, ერთნაირ პატივს მიაგებენ, წმინდა ლეონ დიდს.

იგი დაიბადა ცნობილ ტოსკანელთა ოჯახში, ადრევე გახდა ეკლესიის მსახური და რომის ეკლესიის არქიდიაკვნის წოდება მიიღო. ამ მდგომარეობის გამო იგი საეკლესიო საქმეების და დოგმატური დავა-კამათის აქტიური მონაწილე გახდა. გალიაში მოგზაურობისას შეიტყო, რომ რომის პაპი ცელესტინ I გარდაიცვალა და მის მემკვიდრედ ის იყო არჩეული. 440 წლის სექტემბერში მოხდა მისი ინტრონიზაცია. პაპის საყდარზე ასვლის ყოველ წლისთავზე თავის ქადაგებებში იგი კრძალვას გამოხატავდა დაკისრებული მოვალეობის მიმართ და იმედს ღვთაებრივ მადლზე ამყარებდა, რო¬მელიც მას ეკლესიის საჭის მართვაში ეხმარებოდა.

მისი საქმე კი მართლაც ძალზე რთული იყო: ბარბაროსებისაგან დანგრეული სახელმწიფო ზნეობრივი ხრწნილებისაგანაც იღუპებოდა. ერესებისგან გაყოფილმა ეკლესიამ ხალხი უვიცობასა და უკრძალველობაში დატოვა. სიმტკიცისა და თანაგრძნობის გასაოცარი შეერთებით შეუდგა წმინდა ლეონი ბარბაროსებისაგან აოხრებული აფრიკის და სიცილიის ეკლესიებში მღვდლობის აღორძინებასა და წესრიგის დამყარებას. ილირიაში განამტკიცა თესალონიკის მიტროპოლიტის ავტორიტეტი, ხოლო გალიაში აღადგინა საეკლესიო იერარქიის მნიშვნელობა. მახვილი ალღოთი გამოიცნობდა ერეტიკოს მანიქევლების ეშმაკურ ჩანაფიქრს. ეპისკოპოსებსა და მღვდლებს მაგალითს აძლევდა თავისი უმწიკვლო ცხოვრებით, მსახურებისადმი მზრუნველობით, მოკლე ხატოვანი ქადაგებებით. დღესასწაულებში პაპი ხალხს უქადაგებდა, განუმარტავდა რწმენის საიდუმლოებებს და სახარებისეული ცხოვრების პრინციპებისკენ აღძრავდა. წმინდა ლეონმა პატივისცემა დაიმსახურა არა მხოლოდ სამღვდელმთავრო საქმიანობით, არამედ დოგმატური კამათის გადაჭრითაც. იგი მართლმადიდებლური ეკლესიის სახელით გაბედულად ამხელდა ქრისტეს ერთბუნებოვნებას მქადაგებელ ევტიქიოსსა და დიოსკორეს ერესებს, აგრეთვე ნესტორის მწვალებლობას; როცა ერეტიკოსმა ევტიქიოსმა მინისტრ ქრისანთეს მხარდაჭერით, და თავისი ინტრიგებით მიაღწია იმას, რომ ეფესოს ცრუ კრებაზე დაამხეს წმინდა ფლაბიანე (ხს. 18 თებერვალს), წმინდა ლეონმა სამართლიანად უწოდა ამ კრებას "ავაზაკთა კრება", თავისი ხელმწიფებით დაგმო მომხდარი, შეკრიბა დასავლეთის ეპისკოპოსები, რათა გაეუქმებინათ, ეფესოს კრების დადგენილება და ქრისტეს ჭეშმარიტი რწმენა აღედგინა.

ჯერ კიდევ ეფესოს ცრუ კრებამდე მან ეპისტოლე გაუგზავნა პატრიარქს წმინდა ფლაბიანეს, სადაც ნათლად გამოხატა ეკლესიის რწმენა ქრისტეს ორბუნებოვნებაზე. გადმოცემით წმინდა ლეონმა ეს ეპისტოლე სულიწმიდით აღფრთოვანებულმა მრავალდღიანი მარხვის, მღვიძარებისა და ლოცვის მერე დაწერა. შემდეგ კი ჩადო წმინდა პეტრეს ლუსკუმაში და დააფიცა წმინდა მოციქული გაესწორებინა ყველა შეცდომა, რაც კი ამ წერილში ადამიანური სისუსტის გამო შეიძლება გაპარულიყო. ორმოცდღიანი ლოცვის შემდეგ, მის წინაშე წარდგა წმინდა მოციქული და უთხრა: "მე წავიკითხე და გავასწორე". მართლაც როცა წმინდა ლეონმა ეპისტოლე გახსნა იქ წმინდა პეტრეს ხელით შეტანილი შესწორებები ნახა. მან ეს წერილი ეფესოს კრებას გაუგზავნა, მაგრამ ერეტიკოსებმა მისი წაკითხვის ნება არ მისცეს. ბიზანტიის იმპერატორებთან, თეოდოსი II-სთან (408-450) და მარკიანესთან (450-475) გაგზავნილი ეპისტოლეებით მან დიდად შეუწყო ხელი ქალკედონის IV მსოფლიო კრების (451) მოწვევას მონოფიზიტების დასაგმობად. კრებაზე, რომელსაც 630 ეპისკოპოსი ესწრებოდა, წაკითხულ იქნა მღვდელმთავარ ლეონის ეპისტოლე უკვე მიცვალებული კონსტანტინოპოლელი პატრიარქის ფლაბიანეს (447-449) მიმართ, რომელიც 449 წელს ეფესოში გამართულ ავაზაკ¬თა კრებას ემსხვერპლა. პაპის ეპისტოლეში მოცემული იყო მართლმადიდებლური სწავლება ქრისტეს ორბუნებოვნების შესახებ, რომელსაც კრების მონაწილე ყველა ეპისკოპოსი დაეთანხმა: "ეს არის მოციქულთა რწმენა, ეს არის მამათა რწმენა. პეტრე ლეონის ბაგეებით საუბრობსო!" ერეტიკოსები ევტიქიოსი და დიოსკორე ეკლესიიდან განკვეთეს. იმ დროს, როცა აღმოსავლეთში ეს ამბები ხდებოდა, დასავლეთი ჰუნების რაზმების შემოტევებით იტანჯებოდა, რომელთაც ატილა ხელმძღვანელობდა. მათ მახვილითა და ცეცხლით გაიარეს გერმანია და გალია, ალპებზე გადავიდნენ, დაანგრიეს მილანის ოლქი და რომს ემუქრებოდნენ. დაბნეულმა იმპერატორმა, სენატმა და ხალხმა პაპს სთხოვეს, სამშვიდობო მისიით წასულიყო ბარბაროსთა ლიდერთან, რომელიც შიშის ზარს სცემდა მსოფლიოს. მღვდელმთავრის სამოსით მოსილი, ჩაუდგა მღვდლების და დიაკვნების გალობით მიმავალ პროცესიას. წმინდა ლეონი წარდგა ატილას წინაშე. ყველას გასაოცრად, მან ჰუნების ბელადს "ღვთის მათრახი" უწოდა, პატივისცემა გამოხატა მის მიმართ, ისიც დათანხმ¬და, წასულიყო ყოველწლიური გამოსასყიდის ფასად. როცა მეომრებმა ჰკითხეს, თუ რატომ გამოიჩინა ასეთი უჩვეულო სირბილე, ატილამ უპასუხა, რომ პაპის ზურგს უკან, მან მახვილმომარჯვებული მოციქული პეტრე დაინახა, რომელიც მას საშინლად ემუქრებოდა.

რომი ამგვარი საკვირველი სახით გადარჩა. უმადურმა ხალხმა მაშინვე დაივიწყა ღვთის გულმოწყალება და იმპერატორთან ერთად ძველ უწესრიგო ცხოვრებას დაუბრუნდა. ღმერთმა თავისი მრისხანება აღარ შეაჩერა და ქედმაღალ რომზე სასჯელი დაუშვა. უფლება მისცა აფრიკიდან ჩამოსულ ვანდალებს, ჰეიზერიხის მეთაურობით, დაეპყრო და გაეძარცვა რომი 455 წელს. პაპმა ლეონმა კვლავ უშუამდგომლა თავდამსხმელების წინაშე და მათგან პირობა მიიღო, რომ არ დახოცავდნენ ხალხს და არ დაანგრევდნენ შენობებს. მტერი ნაძარცვითა და ტყვეების წაყვანით დაკმაყოფილდა. როგორც კი საფრთხემ გაიარა, წმინდა ლეონი შეუდ¬გა გადარჩენილთა ნუგეშისცემას, გაძარცული ტაძრების და ოდესღაც დიდებულ, ახლა დაცემულ ქალაქში ქრისტიანული ცხოვრების შეძლებისდაგვარად აღდგენას. აფრიკაში რომაელი ტყვეების გამოსასყიდად მღვდლები გააგზავნა დიდ-ძალი გამოსასყიდით.

ცხოვრების დარჩენილი დღეები წმინდა ლეონმა ღვთისმსახურებას და მოძღვრობას დაუთმო. საეკლესიო დისციპლინაში შეპარულ ნაკლოვანებებს გამოასწორებდა, თავისი ავტორიტეტით მხარს უჭერდა ქალკედონის კრების მრწამს, რომელსაც საფრთხე შეექმნა მონოფიზიტთა რეაქციის გამო, განსაკუთრებით გავლენიანი ალექსანდრიის ეკლესიისაგან. წმინდა ლეონი, ოცწლიანი პონტიფიკოსობის შემდეგ, ღრმად მოხუცებული 461 წელს გარდაიცვალა და რომში, ვატიკანის ტაძარში დაკრძალეს. მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა მოიცავს 96 ქადაგებას და 143 ეპისტოლეს.

კონდაკი

საყდარსა ზედა, დიდებულო, მღვდელობისასა რა დასჯედ, ლომთა სიტყვიერთა პირნი დაუყვენ რწმენათა მიერ ღმრთივმობერილითა სამსახურებელთა სამებისათა და განაბრწყინვე სამწყსო შენი ღვთისმეცნიერებითა; ამისთვის ადიდე საღმრთო მესაიდუმლოე ღმრთისა მადლისა.

ბეჭდვა
1კ1