წმინდა ბარნაბა გეთსიმანიელი (+1906) - 17 თებერვალი (2 მარტი ან 1 მარტი - ნაკიან წელს)
წმინდა ბარნაბა გეთსიმანიელი (+1906) - 17 თებერვალი (2 მარტი ან 1 მარტი - ნაკიან წელს)
წმინდა ბარნაბა (მერკულოვი) 1831 წელს ტულის ახლოს სოფელში დაიბადა. მთელ თავისუფალ დროს იქვე მდებარე წმინდა ზოსიმეს სკიტში ატარებდა. ერთხელ, წმინდა სერგი რადონეჟელის ლავრის მოლოცვისას, როცა წმინდა სერგის წმინდა ნაწილებთან იდგა, მონაზვნური ცხოვრებისადმი დაუძლეველი სწრაფვა იგრძნო. 1851 წელს ღირსი ბარნაბა გეთსიმანიის სკიტში დასახლდა, რომელიც ლავრას ეკუთვნოდა. მისი მოძღვარი ბერდიდი დანიელი გახლდათ, რომელმაც გარდაცვალების წინ (1865 წ.) ბარნაბას, რომელიც ჯერ მხოლოდ ერისკაცი იყო, უწინასწარმეტყველა, რომ იგი ბერდიდი შეიქნებოდა. ბარნაბა მონაზვნად 1866 წელს აღიკვეცა, ერთი წლის შემდეგ მღვდელ-მონაზვნად ხელნი დაასხეს. მისმა სულიერმა ბრწყინვალებამ და სიბრძ¬ნემ სკიტში უამრავი მორწმუნე მიიზიდა უნივერსიტეტის პროფესორით დაწყებული, გლეხით დამთავრებული. ღმერთმა მისი უსაზღვრო სიყვარულისთვის, რომელიც კაცთა მიმართ ჰქონდა, იგი კურნების ნიჭით დააჯილდოვა. თავისი მეორე სულიერი მამის მოწოდებით ღირსმა ბარნაბამ ნიჟეგოროდის ეპარქიაში ივერიის ღვთისმშობლის დედათა მონასტერი დააარსა. წმინდა ბარნაბამ მთელი ცხოვრება ღვთისა და კაცთა მსახურებას მიუძღვნა და მშვიდობით აღესრულა 1906 წლის 17 თებერვალს. როგორც მის სიცოცხლეში, ისე გარდაცვალების შემდეგ, წმინდა ბარნაბას ლოცვით მრავალი სასწაული აღესრულა. როცა 1921 წელს სკიტი ბოლშევიკებმა დახურეს და დაანგრიეს, მისი ნეშტი ქალაქის სასაფლაოზე გადაასვენეს. ცოტა ხნის წინ წმინდა ბარნაბას წმინდა ნაწილები სკიტს დაუბრუნდა.
................................................
ამავე დღეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს ახალმოწამეებს: მღვდლებს წმინდა მიქაელ ნიკოლოგორს და პავლე კოსმინკოვს (1938)

ბეჭდვა
1კ1