წმინდა თეოდოსი ბულგარელი (+1362) და მოწაფე მისი რომანოზი (+1370) - 17 თებერვალი (2 მარტი ან 1 მარტი - ნაკიან წელს)
წმინდა თეოდოსი ბულგარელი (+1362) და მოწაფე მისი რომანოზი (+1370) - 17 თებერვალი (2 მარტი ან 1 მარტი - ნაკიან წელს)
წმინდა თეოდოსი XIII-XIV საუკუნეების მიჯნაზე დაიბადა ქალაქ ბდინაში. შემონაზვნების მოსურნე ღვთისმოსავმა დატოვა ოჯახი და არჩარის წმინდა ნიკოლოზის მონასტერში ბერად აღიკვეცა. გამოცდილი იღუმენის, იობის მეთვალყურეობით, ახალგაზრდა მორჩილი წარემატა მარხვასა და ლოცვაში, თავმდაბლობაში და სხვა ბევრი მონაზვნისთვის საჭირო სათნოება მოიპოვა. იღუმენი იობის გარდაცვალების შემდეგ მან დატოვა არჩარი და დედაქალაქ ტირნოვოში გაემგზავრა. ქალაქის გარეუბანში ბევრი მონასტერი იყო, ღირსი თეოდოსი ჯერ მთაწმინდაზე ოდიგიტრიის მონასტერში ცხოვრობდა, შემდეგ ქალაქ ჩერვენში, კლდეში გამოკვეთილ, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის მონასტერში დასახლდა, მერე სლივენის მთებს მიაშურა, ხოლო როცა შეიტყო, რომ საზღვრის პირას პარორის უდაბნოში წმინდა გრიგოლ სინელი დამკვიდრდა, მას მიაშურა და დაემოწაფა. წმინდა გრიგოლმა მას გონებისმიერი ლოცვა და სულიერი ბრძოლა ასწავლა. მისი ხელმძღვანელობით წმინდა თეოდოსიმ მონაზვნური ცხოვრების ყველა საფეხური გაიარა და ღვთაებრივი ჭვრეტის სიმაღლეს მიაღწია.

წმინდა გრიგოლის მონასტერი შევიწროებული იყო ყაჩაღთა თავდასხმებით. იღუმენმა ღირსი თეოდოსი ბულგარეთის მეფესთან, იოანე ალექსანდრესთან ორჯერ გაგზავნა დახმარების სათხოვნელად. კეთილმსახურმა ხელმწიფემ უხვი შეწირულობანი გაიღო სავანის გალავნით შემოსაზღუდად და მონასტერს ნახირიც უყიდა. სამეფო კარზე უკანასკნელად ყოფნის დროს, თეოდოსის ერთმა დიდებულმა სთხოვა, თან წაეყვანა სავანეში. ეს იყო ახალგაზრდა ბერი რომანოზი, რომელიც შემდგომ ღირსი მამის გულწრფელი და საყვარელი მოწაფე გახდა. წმინდა გრიგოლმა სიყვარულით მიიღო ის და ძმათა შორის ჩარიცხა.

გრიგოლ სინელის სიკვდილის შემდეგ თეოდოსიმ უარი განაცხადა წინამძღვრობაზე, რომანოზთან ერთად დატოვა მონასტერი და გადაწვიტა ათონის მთაზე წასუ¬ლიყო, სადაც ადრე მოსაგრეობდა წმინდა გრიგოლი და იქ მრავალი მოწაფე დარჩა. მართლაც ჩავიდნენ ათონზე, მოინახულეს წმინდა მამები, მაგრამ თურქების ხშირმა თავდასხმებმა აიძულა ისინი მთაწმინდა დაეტოვებინათ. წმინდა რომანოზი ბულგარეთში დაბრუნდა, ხოლო ღირსმა თეოდოსიმ თესალონიკში მოინახულა წმინდა გრიგოლ სინელის მოწაფეები, მოილოცა კონსტანტინოპოლი და ბულგარეთში დაბრუნდა, სადაც რომანოზთან ერთად დედაქალაქიდან ოც კილომეტრში, კილიფერევის მთაზე მონასტერი დააარსა.

სამ წელიწადში მონასტერი ბულგარეთის სულიერ ცენტრად გადაიქცა. სავანეში ძმების რიცხვმა მალე ორმოცდაათს მიაღწია, შემდგომში ამ ძმობიდან ერთი პატრიარქი გახდა, სხვები სხვადასხვა რანგის სასულიერო პირები შეიქნენ. წმინდა თეოდოსის განმარტოებული ისიქასტური ცხოვრება უყვარდა, თუმცა რამდენჯერმე მოუხდა მონასტრის დატოვება, რათა ერეტიკოსებს შებრძოლებოდა.

ოსმალებმა მაკედონია დაიპყრეს და მისი ცალკეული ჯგუფები მიუახლოვდნენ კილიფოროვის მონასტერს. წმინდა თეოდოსიმ ამ ადგილის დატოვება მოინდომა. მეფე იოანე ალექსანდრეს წმინდა მამის გაშვება არ უნდოდა და ტირნოვოდან 12 სარბიელზე მდებარე მიუდგომელი მღვიმე შესთავაზა საცხოვრებლად. წმინდანი მღვიმეში დასახლდა და იქ წმინდა სამების მონასტერი დააარსა. სიცოცხლის ბოლო წლებში წმინდა თეოდოსი კონსტანტინოპოლში პატრიარქ კალისტესთან ჩავიდა და მან ის წმინდა მამანტის მონასტერში დაასახლა. სიკვდილის მოახლოება როცა იგრძნო, წმინდა თეოდისიმ ძმებს მოუხმო, აკურთხა, და უბრძანა წმინდად დაემარხათ მართლმადიდებლური რწმენა. გადასცა მათ ყველაფერი, რაც წმინდა გრიგოლისაგან ესწავლა. შემდეგ ეზიარა უფლის სისხლსა და ხორცს და სული მშვიდად ჩააბარა უფალს. წმინდა თეოდოსი 1363 წელს, თავისი მოძღვრის წმინდა გრიგოლ სინელის გარდაცვალების დღეს 27 ნოემბერს განვიდა ამქვეყნიდან.

ხატის წყარო


ბეჭდვა
1კ1