წმინდა მარკიანე და წმინდა პულქერია (V) - 17 თებერვალი (2 მარტი ან 1 მარტი - ნაკიან წელს)
წმინდა მარკიანე და წმინდა პულქერია (V) - 17 თებერვალი (2 მარტი ან 1 მარტი - ნაკიან წელს)
იმპერატორ თეოდოსი II-ის და - ღვთისმოშიში და ბრძენი პულქერია, მეფესთან დაახლოებული საჭურისის ქრისანთეს ინტრიგების წყალობით მმართველობას ჩამოაცილეს. 450 წელს მეფე თეოდოსი უეცრად ცხენიდან ჩამოვარდა და მოკვდა, მაშინ რეგენტობა პულქერიას დაევალა.

ეკლესია და ქრისტიანული ეკლესია დიდ შფოთში იყო 449 წელს გამართული "ავაზაკთა კრების" გამო, ხოლო მონოფიზიტური ერესი ფართოდ ვრცელდებოდა. ამ სიტუაციაში პულქერიამ გადაწყვიტა ძალაუფლება გაეყო ჭკვიან, ენერგიულ და ღვთისმოსავ მარკიანესთან ერთად, რომელიც ქვრივი, და ასაკით უფროსი გახლდათ მასზე. ისინი დაქორწინდნენ, თუმცა ხორციელი სიწმინდის აღთქმა დადეს. მათი ერთადერთი საზრუნავი ეკლესიაში მშვიდობის ჩამოგდება და მართლმადიდებელი სარწმუნოების განმტკიცება იყო. რომის პაპის ლეონის და კონსტანტინოპოლის პატრიარქის თანხმობით ქალკედონში მოიწვიეს ეკლესიის IV მსოფლიო კრება და წმინდა მარკიანესა და პულქერიას მეთაურობით, უარყვეს ეფესოს ცრუ კრების დადგენილება, რეაბილიტირება მოახდინეს პატრიარქ ფლავიანესი, და ანათემა გამოუცხადეს ევტიქიოსს, დიოსკურეს და სხვა მონოფიზიტებს.

მართლმადიდებელი სარწმუნოების დიდებული გამარჯვების შემდეგ მარკიანე ბრძნულად და სამართლიანად განაგებდა იმპერიას. მან სასარგებლო კანონები გამოსცა, შეაჩერა ბარბაროსების შემოსევა, დაადო მძიმე გადასახადი ატილას ჰუნებს, დააარსა მწირთ თავშესაფრები, საავადმყოფოები, და ააშენა მდიდრული ტაძრები, მათ შორის ვლაქერნის ეკლესია. პულქერიას ოჯახური ცხოვრება და ღვთისადმი მსახურება სამაგალითო იყო მთელი ერისთვის. როცა ქალაქში რელიგიური პროცესია ეწყობოდა, მეფე და დედოფალი მრავალი საათის მანძილზე ფეხით მისდევდნენ მათ და პატრიარქსა და სასახლის მოხელეებსაც ამას აიძულებდნენ. ასე ღვთივსასურველად იცხოვრეს და მშვიდობით აღესრულნენ წმინდა პულქერია - 453 წელს, წმინდა მარკიანე - 457 წელს.

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1