ღირსი ფლაბიანე, ანტიოქიელი მთავარეპისკოპოსი (+404) - 16 (01.03 ან 29.02 - ნაკიან წელს) თებერვალი
ღირსი ფლაბიანე, ანტიოქიელი მთავარეპისკოპოსი (+404) - 16 (01.03 ან 29.02 - ნაკიან წელს) თებერვალი
წმინდა ფლაბიანე, "კაცი საკვირველი რწმენისა და მოსაგრეობისა", მოწაფე წმინდა ევსტატე ანტიოქიელისა, წარმომადგენელი იყო ანტიოქიის საღვთისმეტყველებო სკოლისა. ის ენერგიულად იცავდა არიანელებისგან მართლმადიდებლურ რწმენას ნიკეის კრებაზე 325 წელს. 340 წლის ბოლოს დაუახლოვდა დიოდორე ტარსელს და მასთან ერთად 350 წელს ისე გაილაშქრა ანოეველების მეთაურის არიოზულად მბრძნობ აეტიონის წინააღმდეგ, რომელსაც ლეონტი ანტიოქიის ეპისკოპოსი მფარველობდა, რომ ლეონტიმ მაშინვე გარიცხა აეტიონი თავის მრევლიდან და ალექსანდრიაში გააგზავნა, ათანასე დიდის მომხრეებთან ბრძოლის საბაბით. დიოდორე და ფლაბიანე არიოზული შეკრებების საპირისპიროდ ანტიოქელ მონაზვნებთან ერთად საზეიმო რელიგიურ მსვლელობებს მართავდნენ, რომლის დროსაც ხალხი წმინდა ჰიმნებს აღუვლენდა ყოვლადწმიდა სამება, ერთარსება ღმერთს. ფლაბიანეს მოწაფეთა შორის ასახელებენ ასევე თეოდორე მოფსუეტელს.

381 წელს გარდაიცვალა მელეტი ანტიოქიელი და მის ნაცვლად ეპისკოპოსი კათედრაზე ფლაბიანე აირჩიეს. ფლაბიანეს პროექტით შემოღებული იქნა ღვთისმსახურებაზე ფსალმუნების ანტიფონური გალობა. სხვა წყაროებით, ღვთისმსახურებაში ანტიფონური გალობის შემოტანის ინიციატორი დიოდორე ტარსელი გახლდათ.

387 წელს ანტიოქიელები აჯანყდნენ და დაამსხვრიეს იმპერატორ თეოდოსი დიდის და მისი მეუღლის, პლაკილას ძეგლები. მიუხედავად ხანდაზმულობისა, ის კონსტანტინოპოლში გაემგზავრა, რათა იმპერატორისგან აჯანყებულთათვის შენდობა გამოეთხოვა. მღვდელმთავარი კონსტანტინოპოლში უფრო ადრე ჩავიდა, ვიდრე იქ ჯანყის შესახებ ოფიციალური ცნობა ჩავიდოდა და შეძლო, თავისი მშვიდი, თავმდაბალი საუბრებით იმპერატორის დარწმუნება, რომ დასჯის ნაცვლად შეენდო ანტიოქიელებისთვის.

394 წელს ფლაბიანე ესწრებოდა კონსტანტინოპოლის კრებას, სადაც სხვა საქმეებს შორის ანტიოქიის კათედრაზე ატეხილი დავა მის სასარგებლოდ გადაწყვიტეს.

წმინდა ფლაბიანემ ენერგიულად გააპროტესტა, როცა წმინდა იოანე ოქროპირის კონსტანტინოპოლის კათედრიდან ჩამოგდების ამბავი შეიტყო (403 წ.).

წმინდა ფლაბიანე 404 წლის სექტემბერს მშვიდობით აღესრულა. მისი ხსნება ორჯერაა - 16 თებერვალს და 27 სექტემბერს.
* * *
ამავე დღეს რუსეთის ეკლესია მოიხსენიებს მღვდელმოწამეებს მიქაელ ნიკოლოგორს და პავლე კოსმინკოვს (1938)

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1