ღირსი მარუთა, მესოპოტამიელი ეპისკოპოსი (დაახლ. +422) - 16 (01.03 ან 29.02 - ნაკიან წელს) თებერვალი
ღირსი მარუთა, მესოპოტამიელი ეპისკოპოსი (დაახლ. +422) - 16 (01.03 ან 29.02 - ნაკიან წელს) თებერვალი
კონსტანტინე დიდის დროს არმენიაში, სოფენეს მხარის მმართველი იყო ვინმე ლიუტი. მას მეზობელი მხარის მმართველის ქალიშვილი მარიამი შეუყვარდა. გოგონა ქრისტიანი იყო და წარმართზე დაქორწინებას არ აპირებდა, თუმცა წმინდა იაკონ ნიზიბიელის ჩარევით, ქალიშვილის მშობლები დათანხმდნენ ამ კავშირს. იმავე წლის აღდგომის დღესასწაულზე ანგელოზის გამოცხადების შემდეგ, ლიუტი მოინათლა და თავისი მხარის უმეტესი ნაწილი მოსახლეობისა, ქრისტეს სჯულზე მოაქცია. ამ შესანიშნავ ცოლ-ქმარს შეეძინათ ჯერ ქალიშვილი, შემდეგ ვაჟი - საკვირველი მარუთა (მარუთი). მან წარმატებით შეისწავლა მეცნიერებები, განსაკუთრებით მედიცინა და მამის სიკვდილის შემდეგ მართავდა ამ მხარეს. შემდეგ ის ქალაქ მაიფერკატის (თანამედროვე თურქეთში ქალაქი სილვანი) ეპისკოპოსად აირჩიეს.

საეკლესიო მწერალმა, ექიმმა და პოეტმა წმინდა მარუთამ სიცოცხლეშივე გაითქვა სახელი განსწავლულობით და ღვთისმოშიშებით. თავისი სამღვდელმთავრო საქმის გამო იგი ხშირად ჩადიოდა ანტიოქიაში, მცირე აზიაში, კონსტანტინოპოლში და მრავალ შეკრებასა და ადგილობრივ კრებაში მიიღო მონაწილეობა.

381 წელს წმინდა მარუთა მონაწილეობდა კონსტანტინოპოლის მეორე მსოფლიო კრებაზე, რომელიც მაკედონიოსის ერესის წინააღმდეგ იქნა მოწვეული და აგრეთვე 383 წელს მესალიანელების წინააღმდეგ მოწვეულ ანტიოქიის ადგილობრივ საეკლესიო კრებაზე.

მან ბევრი რამ გააკეთა ირანის ტერიტორიაზე მცხოვრები ქრისტიანების დასაცავად. წმინდა მარუთა იმპერატორებმა არკადიუსმა და თეოდოსი-უმცროსმა რამდენჯერმე ელჩად გააგზავნეს სპარსეთის მეფის იეზდიგერდის I-ის კარზე. სხვა წყაროებით, წმინდა მარუთა იმპერატორის ელჩებს შორის იყო ჯერ კიდევ სპარსეთის მეფის ქრისტიანთმოძულის, შაბურ მეორის მეფობისას. მან შაბურის ვაჟი განკურნა და ამით "მშვიდობა და თანხმობა" ჩამოვარდა ორ სამეფოს შორის. მას მერე, რაც სპარსეთის ტახტზე იეზდიგერდ I ავიდა, იმპერატორმა არკადიუსმა მასთან წმინდა მარუთა გააგზავნა და წერილი გაატანა, სადაც სთხოვდა, რომ ქრისტიანების დევნა და ძარცვა შეეწყვიტათ მის სამეფოში. მეფე იმ დროს ავად იყო და სიხარულით მიიღო წმინდა მარუთა, რომელმაც ის სნეულებისგან განკურნა და ქრისტიანების დევნის შეწყვეტასაც დაჰპირდა. მეფემ სტუმარს ჰკითხა მადლობა რითი გადაგიხადოო, რაზეც წმინდა ეპისკოპოსმა სთხოვა წმინდა მოწამეთა ნაწილები მიეცა, რომელთაც შაბურ მეორეს დროს ქრისტიანთა დევნისას სისხლით დაამოწმეს თავიანთი სარწმუნოება. წმინდა მარუთამ მოწამეთა ნაწილები თავის მიტროპოლიაში ჩამოასვენა და მას მერე მაიფერკატს მარტილოპოლი, ანუ მოწამეთა ქალაქი ეწოდა.

403 წელს წმინდა მარუთა მონაწილეობდა ე.წ. "მუხასთან გამართულ კრებაში", რომელმაც დაგმო წმინდა იოანე ოქროპირი, მიუხედავად ამისა, წმინდა იოანე ოქროპირი წმინდა ოლიმპიადასადმი გაგზავნილ წერილში, მას სთხოვს, რომ დაეხმაროს მარტიროპოლის ეპისკოპოსს, მარუთას, მისიონერულ მოღვაწეობაში სპარსეთში. სოკრატე სქოლასტიკოსის ცნობით, წმინდა მარუთამ ამ კრების მომზადებისას შემთხვევით ფეხი დაადგა კორძზე ამ კრების ინიციატორს, ქალკედონის ეპისკოპოსს კირინს, რომელსაც ამის შემდეგ განგრენა განუვითარდა და დაიღუპა.

410 წელს წმინდა მარუთა სპარსეთში დაბრუნდა, რათა მონაწილეობა მიეღო სელევკიის კრებაში, რომელიც შაჰის ბრძანებით მოიწვია სელევკია-ქტესიფონის ეპისკოპოსმა ისააკმა, რომლის ამოცანაც სპარსეთის ეკლესიის რეორგანიზაცია იყო. დაეხმარა ახალი კათოლიკოსის არჩევაში და შემდგომშიც თვალს ადევნებდა სასანიდების ქვეყანაში არსებულ ეკლესიას, რათა იქ თანხმობა და წესრიგი ყოფილიყო.

სპარსმა მოგვებმა სცადეს, მეფე მტრულად განეწყოთ წმინდა მარუთასადმი, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ: იეზდიგერდმა ეპისკოპოსს ნება მისცა, მის სამეფოში იმდენი ეკლესია აეშენებინა, რამდენსაც მოისურვებდა და ქვეშევრდომებსაც უბრძანა, თვალყური ედევნებინათ სელევკიის კრების დადგენილების შესრულებისთვის. წმინდა მარუთა 420 წელს (სხვა წყაროთი - 422 წელს) მშვიდობით აღესრულა თავის მიტროპოლიაში. შემდგომში როცა მესოპოტამიაში სპარსელების თავდასხმები მომრავლდა, წმინდა მარუთას წმინდა ნაწილები ეგვიპტეში ღვთისმშობლის სახე-ლობის სკიტის მონასტერში გადაასვენეს.

წმინდა მარუთამ საკმაოდ ბევრი შრომა დაწერა ასურულ ენაზე: "სახარების განმარტება", ლიტურგია, და სხვა. წმინდა მარუთას ცხოვრება და მის ქალაქში გადმოსვენებულ წმინდანთა ხსენება ("ხსენება მოწამეთა, ქალაქსა შინა მდებარეთა წმიდათა მარტვილთა"), ქართულადაც უთარგმნიათ. ხსნების დღედ დაწესებულია 28 თებერვალი, სხვა წყაროთი 16 თებერვალი.

ბეჭდვა
1კ1