წმინდა თეოგნე ბითილიის ეპისკოპოსი - 15 (28) თებერვალი
წმინდა თეოგნე ბითილიის ეპისკოპოსი - 15 (28) თებერვალი
წმინდა თეოგნე 425 წელს დაიბადა კაბადოკიის ქალაქ არიათეაში. ის ძალზე ადრეულ ასაკში აღიკვეცა . როგორ ახალმა აბრაამმა თეოგნემ ღვთის მოწოდებით დატოვა სამშობლო და პალესტინაში წმინდა ნაწილების მოსალოცად გაემგზავრა (454 წელს).

მაშინ პალესტინაში მრავალი მონასტერი მონოფიზიტებს ჰქონდათ ხელში ჩაგდებული. წმინდა თეოგნემ თავი გეთსიმანიაში მდებარე სავანეს შეაფარა, რომელიც ცოტა ხნით ადრე რომაელ დიდებულ ფლავიუსს აუშენებია. ის შემდეგ ფლავიუსი სამშობლოში გაემგზავრა და იქვე გარდაიცვალა. ფლავიუსმა წმინდა თეოგნე მონასტრის ხელმძღვანელად დანიშნა და წმინდა იულიანეს სახელობის ტაძრის მშენებლობა დაავალა. მაგრამ ბერს შეეშინდა, რადგან, მონასტრის საჭიროების გამო ერისკაცებთან ხშირი ურთიერთობა მოუხდებოდა და სულის მყუდროება დარღვეოდა. ამიტომაც მან უარი თქვა თანამდებობაზე და უდაბნოში გავიდა, იქ ის შეუერთდა წმინდა თეოდოსის საძმოს (ხს. 11 იანვარს). შემდეგ წმინდა თეოგნე იორდანის ველზე მდებარე კალამონის ლავრის მღვიმეში დაბინავდა. იქ ის მარხვას და მღვიძარებას მიეცა და ცრემლებით ასველებდა თავის მოწნულ კალათებს.

ერთხელ მას საშინელი სარკინოზის სახით დემონი გამოეცხადა და შეძრწუნებული სენაკიდან გარეთ გამოვარდა, მაგრამ ის უფლის ანგელოზმა შეაჩერა და უბრძანა სასწრაფოდ თავის ბინაში დაბრუნებულიყო და უშიშრად გაეგრძელებინა სულიერი ბრძოლა. როცა წმინდა თეოგნეს ორმოცდაათი წელი შეუსრულდა იერუსალიმის პატრიარქმა ილიამ (494) მისი უარის მიუხედავად იგი ღაზის სიახლოვეს მდებარე ქალაქ ბითილიის ეპისკოპოსად ხელი დაასხა. მაგრამ მან მთლად უარი არ თქვა მეუდაბნეობაზე. თუ დროს ხელში მოიგდებდა, მის ეპისკოპობამდე დაარსებულ მონასტერში მიდიოდა ხოლმე თავის მოწაფეებთან.

იმპერატორ ანასტასის მეფობისას (491-518) ეპისკოპოსი სხვა მონაზვნებთან ერთად მისიით გაემგზავრა ბიზანტიაში და თავის ქალაქისთვის გადასახადების შემცირებას მიაღწია. თეოგნე ყველგან სასწაულს აღასრულებდა და თავის გარშემო მადლს ასხივებდა. ამგვარივე იყო მისი საეკლესიო მმართველობა: ლოცვით ღვთაებრივ მადლს გამოითხოვდა ხოლმე გატანჯული ხალხისთვის. ასე შეაჩერა მან საშინელი ქარიშხალი. ნაპირზე ჯვარი ჩაასო და ზღვას უბრძანა დაწესებული საზღვარი არ გადაელახა. თავისი ცხოვრებით თავმდაბლობის მაგალითს იძლეოდა, ის მოუკლებლად ცრემლიანი თვალებით ლოცულობდა , ძილშიც კი მისი ბაგეები ფსალმუნთა გალობას განაგრძნობდნენ. წმინდა თეოგნე 522 წელს გარდაიცვალა და იმ მხარეს ხანგრძლივი გვალვის შემდეგ მადლმოსილი წვიმა მოევლინა.

წმინდა თეოგნე სვინაქსარებში არ იხსენიება. მისი "ცხოვრება" შეუდგენია ვინმე პავლე ელადელს (1786), ხოლო კირილე სკითოპოლელს მისი შინაარსი მოკლედ გადმოუცია.

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1