წმინდა ევსები მეუდაბნოე - 15 (28) თებერვალი
წმინდა ევსები მეუდაბნოე - 15 (28) თებერვალი
წმინდა ევსები IV-V საუკუნეებში მოღვაწეობდა, მის შესახებ ნეტარი თეოდორიტე მოგვითხრობს "ღვთსმოყვარეთა ისტორიაში":

"იმ წმინდანებს, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ, შევუერთებ დიდებულ ევსებისაც. ის ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა საკმაოდ მხცოვანი. მან მრავალი და დიდებული ღვაწლი იტვირთა, შეიძინა ამ ღვაწლის შესაფერისი სათნოება და მიიღო ღვთისგან მრავალნაირი ნაყოფნი; რამეთუ უმაღლესი მსაჯული თავისი ნაბოძები ჯილდოთი გარდაამეტებს ადამიანურ ღვაწლს. ევსებიმ თავიდან საკუთარ თავზე ზრუნვა სხვას ჩააბარა, მიდიოდა იქით, საითკენაც მიჰყავდათ, რადგან ის ღვთის კაცნი იყვნენ მოშურნენი და მოსაგრენი სათნოებებში (იგულისხმება კინოვიური ან ნახევრად კინოვიური მონასტერი, სადაც გამოცდილ მამათა ხელმძღვანელობით თავიდან მოღვაწეობდა ევსები, - კ.კ.). იცხოვრა მათთან, შეისწავლა სიბრძნისმოყვარება, მერე კი განმარტოებით ცხოვრების მოყვარული ერთი მთის ქედზე მივიდა, რომლის სიახლოვესაც მდებარეობდა ძალზე დიდი დასახლება ასიხა, რომელსაც გალავანი ერტყა და გალავნის ქვები ერთმანეთში თიხითაც კი არ იყო შეკრული. აქ ევსები ღია ცისქვეშ ცხოვრობდა და მუშაობდა, სხეულს ტყავის შესამოსელი უფარავდა და წყალში ჩამბალი ბარდითა და ცერცვით იკვებებოდა. ზოგჯერ ლეღვსაც ჭამდა და ცდილობდა, მოეძულებინა სხეულის სისუსტე. ღრმა სიბერემდე იცხოვრა და როცა კბილების უმეტესობა დაკარგა, მაინც არ შეიცვალა არც საკეთებელი და არც საცხოვრებელი. ზამთრის ყინვასა და ზაფხულის სიცხეს მართალი კაცი მოთმინებით დაითმენდა. მას სახე დანაოჭებული და გამხმარი სხეული ჰქონდა. შრომით საკუთარი სხეული ისე მოაუძლურა, რომ ქამარი წელზე აღარ უჩერდებოდა, რამეთუ კუნთები საერთოდ გაუქრა და ქამარი ძირს ვარდებოდა. ამიტომაც ევსებიმ ქამარი ქიტონს მიაკერა.

მოსაგრეს არ მოსწონდა ხალხთან საუბარი. რამეთუ მუდმივად ღვთაებრივ ჭვრეტაში იყო და არ სურდა აზრები გაფანტვოდა. თუმცა ასე მხურვალედ შეიყვარა ჭვრეტა, რომ მაინც აძლევდა ზოგიერთ ნაცნობს კარის გაღებისა და მასთან შესვლის ნებას. როგორც კი განაძღობდა მათ საღმრთო სიტყვებით, ბრძანებდა კარის კვლავ ტალახით ამოქოლვას. როცა გადაწყვიტა ამ მცირე ხალხთანაც არ ჰქონოდა ურთიერთობა, კელიაში კარები ლოდებით ამოქოლა. რამდენიმე ძმათაგანს ხვრელით ელაპარაკებოდა, რომელიც ისე იყო მოწყობილი, რომ მისგან სახის დანახვა შეუძლებელი იყო. სწორედ ამ ხვრელით მიიღებდა მცირეოდენ საჭმელს. ბოლოს, ევსები ყველას უარს ეუბნებოდა საუბარზე. მხოლოდ მე ღირსმყოფდა თავისი ტკბილი და ღვთივსაყვარელი ხმის მოსმენისა; ხშირად როცა წასვლას დავაპირებდი, მოძღვარი მაჩერებდა და ზეციურ საგნებზე განაგრძობდა საუბარს. მასთან ბევრმა იწყო მისვლა და კურთხევის თხოვნა, უკმაყოფილო იყო ამგვარი ხალხმრავლობისა და მიუხედავად სიბერისა და სისუსტისა, გადაახტებოდა გალავანს, რომელზე აძრომა ყმაწვილკაცსაც კი გაუჭირებოდა. ერთხელ ნეტარ კაცებთან სავანეში მივიდა და კედელზე მიდგმულ დაბალ მიწურზე განაგრძო ცხოვრება და ღვაწლი.

ქრისტეს ამ ფარას წინამძღოლობდა ყოველგვარი სათნოებით გარდავსებული (გარდამეტებული) კაცი, მან ევსების უთხრა, აქ გაეტარებინა დიდმარხვის შვიდი შვიდეული და ნებას აძლევდა, მხოლოდ 15 ლეღვი შეეჭამა. ამგვარ ღვაწლს შეუდგა უკვე 90 წლისა და ამასთან დაუძლურებული! მაგრამ დიდ ხორციელ უძლურებასთან ერთად მასში მხურვალე გულმოდგინება და ღვთის სიყვარული იყო, რომელიც ყველაფერს უადვილებდა და უმსუბუქებდა. ამგვარ შრომაში ოფლის მდინარეებით მორწყულმა, თავისი სარბიელის მიზანს მიაღწია, უცქერდა უმაღლეს მსაჯულს და იმედი უჩნდებოდა ზეციური გვირგვინების მოპოვებისა. მე კი ახლა მსურს ვისარგებლო მისი ღვთის წინაშე შუამდგომლობით, ისევე როგორც მის სიცოცხლეშივე ვსარგებლობდი. რამეთუ მწამს, რომ იგი ახლაც ცოცხალია და აქვს წმინდა კადნიერება ღვთისა მიმართ".

ბეჭდვა
1კ1