წმინდა ილარიონ ქართველი (ახალი) - 14 (27) თებერვალი
წმინდა ილარიონ ქართველი (ახალი) - 14 (27) თებერვალი
"ხოლო უკეთუ დასაბამი იგი წმიდა არს და თბეცა; და უკეთუ ძირი იგი წმიდა არს და რტონიცა მისნი" (რომაელთა 11,18).

ყრმობა

მარად ნეტარსახსენებელი ბერდიდი სქემმღვდელმონაზონი ილარიონი წარმოშობით იმერელი იყო. დაიბადა 1776 წელს ქუთაისის გუბერნიაში, შორაპნის მაზრის სოფელ ლოსიათხევში. მისი მშობლები - ხახული და მარიამ ყანჩაველები (ძველ ხელნაწერებში ხშირად შეხვდებით წმინდა ილარიონის მინაწერს, სადაც ის გვთხოვს, ვილოცოთ მისთვის, "ცოდვილი ბერის ილარიონ ყანჩაიშვილისთვის", - კ.კ.), ძველ აზნაურთა გვარის წარმომადგენლები, ძალზე ღვთისმოსავი ადამიანები იყვნენ და განსაკუთრებული გულმოდგინებით თაყვანისცემდნენ წმინდა დიდმოწამე გიორგის.

მათი ღვთისმოსავობისთვის უფალმა ისინი პირველშობილი ყრმით, ვაჟით, დააჯილდოვა, რომელსაც წმინდა ნათლისღებისას იესე უწოდეს. როცა იესეს ექვსი წელი შეუსრულდა, მისმა დედისძმამ, ტაბაკინის წმინდა გიორგის სახელობის მონასტრის მეუდაბნოემ, ბერდიაკონმა სტეფანემ, ყრმა მშობლების სახლიდან წაიყვანა და თორმეტი წლის მანძილზე უდაბურ მთაზე ზრდიდა, ვიდრე თვითონ არ აღესრულა.

ბერდიაკონი სტეფანე, ერისკაცობაში სვიმეონი, აზნაურიშვილი, სიყრმიდანვე ღვთის შიშში იზრდებოდა და წმინდა წერილი შინ ჰქონდა შესწავლილი. შემდეგ სასახლეში მიიყვანეს და მეფის მცველთა შორის ჩაწერეს, სადაც სახლთუხუცესის, თავად გიორგი წერეთლის განმგებლობაში იმყოფებოდა. სასახლეში ყოფნისას სვიმონი მკაცრად, თავშეკავებულად ცხოვრობდა, მუდმივად ლოცულობდა და ცდილობდა, უმეტესად სასულიერო პირებთან ჰქონდა კავშირი, რომელთაც რჩევებისთვის მიმართავდა ხოლმე.

სასახლეში მას ყველა პატივსა სცემდა. ამიტომაც ეძნელებოდა მას მეფის სამსახურის დატევება და ბერად შედგომა, რომელიც ასე მხურვალედ სურდა. მაგრამ როცა ასისთავის ჩინს მიაღწია, თავისი მფარველის, თავად წერეთლის შუამავლობით, მეფის სამსახურიდან გათავისუფლდა.

სანატრელი თავისუფლების მიღების შემდეგ, მან მაშინვე გაიძრო სამხედრო სამოსელი, უგულებელსყო ყოველივე ამსოფლიური დიდება და ტაბაკინის მონასტერში ღვთის სამსახურში ჩადგა. ამ დროს მონასტერს ხელმძღვანელობდა ბერდიდი არქიმანდრიტი გერმანე, კაცი დიდსულიერი. მას უფლისგან უხვად ბოძებული მადლით ლოცვით წვიმა მოჰყავდა და სნეულებს კურნავდა. მას წესად ჰქონდა წმინდა მოწამეთა კანონები ცისკარზე წაეკითხა. ამ დროს თვალთაგან წყაროსავით სდიოდა ცრემლი. მამა ილარიონს შემდგომში დიდად უკვირდა, რომ ხორცის ჭამა მამა გერმანეს სასწაულის ქმნაში ხელს არ უშლიდა.

მონასტერში ცხოვრების სამი წლის თავზე, ქუთათელმა მიტროპოლიტმა დოსითეოსმა სტეფანეს ბერდიაკვანად ხელნი დაასხა. ამის მერე, მალევე სტეფანემ ბერდიდ მამა გერმანეს, თავისი დიდი ხნის სურვილი გაუმხილა, რომ განმარტოებული ცხოვრება სურდა. ბერდიდმა კი, როგორც გამოცდილმა კაცმა, რომელსაც თავისი ხანგრძლივი მიმომწირობის მანძილზე პალესტინის წმინდა მიწასა და სინაიზე, ეგეოისის ზღვის კუნძულებსა და ათონის წმინდა მთაზე მრავალი დიდებული მოსაგრე ენახა, ყველა ღონე იხმარა, რომ მისთვის განზრახვა შეეცვლევინებინა, რათა ეშმაკის მახეში - ხიბლში არ ჩავარდნილიყო; მაგრამ მერე, როცა მის სიმტკიცეში დარწმუნდა, დათანხმდა, ოღონდ არა მაშინვე, არამედ, უპირველესად, სხვადასხვა მორჩილებაში სამწლიანი მკაცრი გამოცდა მოუწყო. ყოველი ერთი წლის გავლის მერე რომელიმე მონაზონთან მესენაკედ დაადგენდნენ ხოლმე. ასე გაიარა კიდევ სამმა წელმა - მონასტერში მან სულ ცხრა წელი იცხოვრა.

მაგრამ ამ დროის გავლის მერე სტეფანეს მოძღვარმა მონასტრის ბერდიდთა სულიერი საბჭო შეკრიბა. მოუხმეს სტეფანესაც, ჰკითხეს თავისი განზრახვის შესახებ და კვლავ მტკიცე პასუხი მოისმინეს. მაშინ ბერდიდებმა ჰკითხეს, რომელ ადგილას სურდა განმარტოება. მან კი, სიყრმიდანვე ღვთის ნებასა და მამათა ხელმძღვანელობას მინდობილმა, ეს ბერდიდების განსჯას მიანდო და მათი რჩევით, მონასტრიდან ექვსი კილომეტრით დაშორებული მთასა და უღრან ტყეში მდებარე ადგილი აირჩია, სადაც ადრე ბევრი მეუდაბნოე ცხოვრობდა.

ამ გამოცდის შემდეგ მას ნება მისცეს, ბოსტანი გაეშენებინა და ორი ღამე უდაბნოში დარჩენილიყო, მაგრამ მესამე დღეს აუცილებლად სავანეში უნდა გამოცხადებულიყო. მეოთხე წელს ნება მისცეს, უდაბნოში ოთხი ღამით დარჩენისა, ხოლო მეხუთე დღეს მონასტერში უნდა მისულიყო საღამომდე და შაბათ-კვირას იქ დარჩენილიყო; მეხუთე წელს კი ხუთი დღით განმარტოების ნება მისცეს, ხოლო შაბათ-კვირას კვლავ სავანეში დაბრუნდებოდა.

როცა ღვთის მადლის შეწევნით მოსანგრეობაში განმტკიცდა, ბერდიდებმა მისი განმარტოების ურყევი წადილი ირწმუნეს და სრულ მყუდროებაში ყოფნის კურთხევა მისცეს. სამი წელი სრულიად მარტო ცხოვრობდა, მერე კი საღმრთო მოშურნეობით აღიძრა, რომ ვინმე მეუდაბნოური სულით აღეზარდა. დიდი ხნის განსჯის შემდეგ, სოფელ ლოსიათხევში გაემართა მარიამ ყანჩაველთან და მას და მის ქმარს შესთავაზა, თავიანთი პირველშობილი ძე ღვთის სამსახურისთვის მიეძღვნათ. მშობლები დიდხანს ყოყმანობდნენ და ვერ გადაეწყვიტათ, მაგრამ როცა ბერდიდმა მათ უწინასწარმეტყველა, რომ ღვთის ნების შეწინააღმდეგებისთვის მათ ვაჟი მოუკვდებოდათ და შვილთასხმის უნარსაც დაკარგავდნენ, სასწრაფოდ გააყოლეს შვილი, რომელიც მაშინ სულ ექვსი წლისა იყო.

ბერდიდმა თან წაიყვანა იესე და მას თორმეტი წლის მანძილზე ზრდიდა, ვითარცა ახალნერგს, ასწავლიდა მას მდუმარებას, თავშეკავებას, ლოცვას და საღმრთო წერილის კითხვას. მხოლოდ იშვიათად აძლევდა ნებას, რომ ყრმას მშობლები ენახა, ანდა მონასტერში წასულიყო. მამა ილარიონი ეგზომ მცირე ასაკში გახდა მეუდაბნოე, მან ადრევე შეიცნო ეშმაკის ბოროტება, რომელსაც ყველაზე მეტად მეუდაბნოები სძულს. ერთი მხოლოდ უფალმა იცის, რამდენჯერ დაესხა თავს სიკეთის მოძულე ეშმაკი, დემონები სხვადასხვა მზაკვრობებით ცდილობდნენ იესე ან ჭკუიდან შეეშალათ, ანდა თავი მოეკვლევინებინათ. ღამით ისინი ავაზაკების სახით ესხმოდნენ თავს, ანდა დედის ხმით ეძახდნენ და მოაგონებდნენ მიტოვებულ მამისეულ სახლს, დღისით კი დათვებისა და სხვა მხეცების სახით მის შეშინებას ლამობდნენ.

სოფელს სრულიად მოწყვეტილმა ამგვარ მძაფრ ბრძოლაში გაატარა სიყმაწვილის წლები. მამა სტეფანეს სიცოცხლის ბოლო წლებში მათთან მოვიდა თავად აბაშიძეს გამოქცეული გლეხი, რომელიც სამწლიანი გამოცდის შემდეგ ლავრენტის სახელით მონაზვნად აღკვეცეს. შემდგომში მან მოილოცა წმინდა მიწა და იერუსალიმში მღვდელმონაზვნად ხელნი დაასხეს. უფლის საფლავთან დიდად მოღვაწების შემდეგ, იერუსალიმის პატრიარქის კურთხევით, ის ათონზე ივერთა მონასტერში გაემგზავრა, სადაც დაასრულა კიდეც მიწიერი ცხოვრება. მამა ილარიონი მასზე ყვებოდა, რომ ის ღვთის სიყვარულითა და სიმდაბლის სულით იყო ავსებული; მამა ბენედიქტე კი, რომელიც შეესწრო მის გარდაცვალებას, ამბობდა, რომ მამა ლავრენტი ნეტართა სიკვდილით აღესრულა, ანთებული სანთლებით ხელებაპყრობილმა სული თვისი ჩააბარა უფალს.

როცა მოახლოვდა ბერდიდ სტეფანეს აღსასრული, მან წინასწარ შეიტყო ეს და იესეს ანდერძად დაუბარა, რომ მისი სიკვდილის მერე მაშინვე გასცლოდა იქაურობას, რამეთუ იქ ხელმძღვანელის გარეშე ცხოვრებით, ვაითუ, ეშმაკის ბადეში მოხვედრილიყო. ამის შემდეგ მამა სტეფანე წავიდა მონასტერში, გამოემშვიდობა და უკანასკნელად ეამბორა ძმებს, მერე დაბრუნდა თავის სენაკში და რამდენიმედღიანი ავადმყოფობის შემდეგ წარვიდა ნეტარ მარადისობაში.

ბერდიდის გარდაცვალება დიდი დანაკარგი იყო როგორც მონასტრის ძმებისთვის, ასევე ერისკაცებისთვისაც. მისი სახით ბევრს მოაკლდა მლოცველი, დამრიგებელი და ნუგეშინისმცემელი.

მამა ილარიონი მასზე მოწმობდა, რომ მამა სტეფანე იყო მკაცრი მონაზვნური წესების აღმასრულებელი და უმაღლეს სულიერ საგანთა განსჯის საფეხურისთვის მიეღწია. კვირების მანძილზე მხოლოდ მჭადის ნატეხით, მარილითა და წყლით საზრდოობდა და ზოგჯერ იხმევდა მცირეოდენ ბოსტნეულს. დიდმარხვაში კვირის სამ დღეს საერთოდ არ იღებდა საკვებს. ბევრი მიდიოდა მასთან რჩევისთვის. ერთ ერისკაცს შეკითხვაზე, რომელიც მონაზვნობას ესწრაფვოდა, მან უთხრა: "თუ გსურს მონაზვნობა.. მაშინ ყველა ჟინისა და ამსოფლიურ მიდრეკილებათა ნახევარი ჯერ კიდევ ბერად აღკვეცამდე უნდა მოიკვეთო, მერე კი იღვაწო, რათა შენში საბოლოოდ აღმოიფხვრას ერისკაცული ცხოვრების კვალი".

ბერდიდის სიკვდილის მერე იესე ტაბაკინის მონასტერში გადავიდა, მაგრამ იქ მცირე ხანს იცხოვრა, რადგან დიდი საღმრთო მოშურნეობა ჰქონდა სწავლის გაგრძელებისა. როცა შეიტყო, ტფილისში სასწავლებელი გაიხსნაო, ყველას გაუფრთხილებლად ქართლში წავიდა. გზად გორის მაზრის სოფელ ნიქოზში, სამღვდელო პირებისადმი თავისი ჩვეული მოკრძალებით, კურთხევის ასაღებად ნიქოზის ეპისკოპოს ათანასესთან შევიდა. ამ წმინდა კაცმა ის ღამის გასათევად თავისთან დატოვა, მისი ცხოვრება გამოკითხა. ხოლო შემდგომ ძველ მამათა მსგავსად, სტუმარს სთხოვა, ერთად ელოცათ. იესემ ლოცვა ქართული ლოცვანის მიხედვით წართქვა.

მისი ლოცვით ფრიად დამტკბარმა მღვდელმთავარმა მიმართა მას, როგორც დამრიგებელმა და მრჩეველმა: "შვილო ჩემო, სასწავლებელში ისეთს ვერაფერს ისწავლი, რაც უდაბნოში გისწავლია; ასე რომ, დაბრუნდი შინ. უფალი ღმერთი, რომელმაც ლოცვა გასწავლა და შენი ბერდიდის ლოცვები ისეთ მდგომარეობაში მოგიყვანენ, რომ გამოადგები ღვთის ეკლესიას და შენს ერს".

და იესეც, ღვთის კაცის ლოცვა-კურთხევით, ლოსიათხევში, მშობლების სახლში დაბრუნდა.

მალე მამამ იესე სასახლეში წაიყვანა და ვითარცა მსხვერპლი, შესწირა მეფის სამსახურს. მეფემ იესე განსასწავლად თავის დაახლოებულ პირს, თავად გიორგი წერეთელს მიაბარა. ხოლო მან იხილა რა აღსაზრდელში სულიერი საგნებისადმი ძლიერი სწრაფვა, ცოდნის გასაღმავებლად ჯრუჭის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერში მცხოვრებ განსწავლულ არქიმანდრიტს, ერისკაცობაში თავად სოლოღაშვილს გადასცა.

მამა გერონტი ცდილობდა, თავის მოწაფეში უმეტესად ლოცვის სიყვარული გაეღრმავებინა და მას მკაცრი მონაზვნური სულისკვეთებით ზრდიდა. ასე რომ, შემდგომში მამა ილარიონი გაოცებით იხსენებდა, როგორ იდგა ბერი ღამისთევის ლოცვაზე მზის ამოსვლამდე და მასაც აიძულებდა, ლოცვაზე მასთან ერთად მდგარიყო. ასე ატარებდნენ ისინი მთელ ღამეებს ფსალმუნთგალობასა და ქართული ლოცვანიდან ლოცვების კითხვაში. ბერდიდთან სრულ მორჩილებაში მყოფი იესე მოსაგრე ცხოვრებით ცხოვრობდა.

ერთხელ, ზამთარში, მამა გერონტიმ დაავალა მას, თავის მეგობართან წერილი წაეღო და თოვლში ფეხშიშველი გაუშვა. როცა წერილი ადრესატს მიუტანა, იესეს ხილვით გაოცებულმა მასპინძელმა იესეს ორი პიასტრი მისცა და უბრძანა, ქალამნები ეყიდა. დაბრუნდა უკან ბერდიდთან ფეხჩაცმული, მან კი მოუთმენელობისა და სულმოკლეობისთვის მკაცრად უსაყვედურა. ყველაფერთან ერთად ბერდიდი თავის მოწაფეს თავშეკავებასაც ასწავლიდა, ოღონდ არ ერთბაშად, არამედ თანდათან, საფეხურიდან საფეხურზე აჰყავდა.

თავდაპირველად, იესეს ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს მზის ჩასვლამდე საკვების მიღება აუკრძალა, მერე კი სრულიად გადააჩვია ამ დღებში ჭამას. ამასთან საერო მეცნიერებებსაც ასწავლიდა: სუფთა წერას, გრამატიკას, არითმეტიკასა და სხვას. ასეთ დაუცხრომელ მღვიძარე ღვაწლში იესემ სამწელიწადნახევარი დაჰყო მამა გერონტისთან. როცა ბერდიდმა დაინახა რომ ყმაწვილმა ასე მცირე ხანში ყველა მეცნიერება აითვისა, მაშინ ის თავად წერეთელთან დააბრუნა სხვა საერო მეცნიერებათა ასათვისებლად. თავადს იესე მუდამ გვერდით ჰყავდა და სადაც წავიდოდა მუდამ თან დაჰყავდა.

ერთი წლის შემდეგ თავადმა იესეს თავისი ამალის შემოსავალ-გასავალისთვის თვალის დევნება დაავალა. აგრეთვე თავის სახელით ბრძანების წერა მიანდო და ამისთვის თავისი სახელობითი ბეჭედი გადასცა.

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე

წმინდა ილარიონ ქართველთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით ლინკზე



სამეფო სამსახურში

ორი წლის შემდეგ თავადმა წერეთელმა იესე სასახლეში წარადგინა და მეფე სოლომონ მეორემ საგანგიოს მოხელედ (ბრძანებათა მწერლად) განაწესა. აქ მან ორნახევარი წელი გაატარა. ამ ვადის გასვლის შემდეგ მეფემ იესეს ცოლის შერთვა და მღვდლობა შესთავაზა. რამეთუ ამ დროისთვის მეფესთან დაახლოებულ პირთა და ქვეყნის დიდგვაროვანთა შორის დიდი მღელვარება იყო ატეხილი იმერეთის რუსეთის იმპერიათან შეერთების გამო. შფოთიანი დრო იყო. ერთს ერთი აზრი ჰქონდა, მეორეს - სხვა. ამიტომ მეფემ, ხედავდა რა იესეს უბრალოებასა და სულიერ განწყობას, კეთილდროულად ჩათვალა იესესთვის სამღვდლო წოდება მიენიჭებინა.

თავისი ბატონის მორჩილმა იესემ ცოლად შეირთო თავადის ასული მარიამი. მან ცოლის მშობლების სახლში სულ ორი კვირა იცხოვრა, მერე გადავიდა ქუთაისში, სადაც მალევე ხელი დაასხეს ჯერ დიაკვნად, მერე ხუცესად და კარის ეკლესიის პროტოპრესვიტერად.

მეფე სოლომონი მას გვერდიდან არ იშორებდა და ავალებდა მამულების გაყოფის დროს თავადთა შორის უთანხმოების მოგვარებას. შემრიგებლის მოვალეობა დიდ ტაქტს, თავშეკავებასა და დროს ითხოვდა მამა იესესგან, რის გამოც ის ცოლს იშვიათად ხვდებოდა.

ეს ძალზე ადარდიანებდა მარიამს. ერთხელაც შეიტყო, რომ მამა იესე თავად აბაშიძეების მამულიდან დაბრუნების შემდეგ მეუღლის უნახავად პირდაპირ ქუთაისში გაემგზავრაო. ქალმა ეს ამბავი ისე მიიტანა გულთან, დარდით ჯანმრთელობა შეერყა და ექვსი თვის შემდეგ გარდაიცვალა. მათი ცოლქმრობა მხოლოდ ორი წელი გაგრძელდა.

ტრაგიკული იყო ჩვენი ქვეყნისთვის XIX საუკუნის I ნახევარი. რუსეთმა დაიმორჩილა აღმოსავლეთ საქართველო, ნაწილ-ნაწილ დაიპყრო სამთავროებად დაყოფილი დასავლეთ საქართველო. რუსეთის იმპერიას საქართველოს უკანასკნელი მონარქის ხელში ჩაგდება მოინდომა. დაატყვევეს კიდეც. მეფე სოლომონმა გაქცევა მოახერხა და ოსმალეთში გაიქცა, სცადა საეფო ტახტი დაებრუნებინა მაგრამ დამარცხდა. ბოლოს ის თურქეთში დაბრუნდა და გარდაიცვალა ტრაპიზონში 1814 წელს. მამა იესემ დიდი შრომა გასწია მეფე სოლომონის ცხედრის ღირსეულად დაკრძალვისათვის.


რუსეთში მისვლა და მოსკოვში დასახლება

სოლომონ მეფის ამალაში 600 იმერელი იყო. ხელმწიფის გარდაცვალების შემდეგ პროტოპრესვიტერმა იესემ გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა რუსეთში წასულიყო, რაც მეფის კარის ყველა წარმომადგენელს აცნობა და ურჩია, მისი მაგალითისთვის მიებაძათ. ბევრი ამ წინადადებას სიხარულით დათანხმდა, მაგრამ იმპერატორის რისხვის შიშით, ამის გაკეთებას ვერ ბედავდნენ.

მამა იესე ყველას ამშვიდებდა და ჰპირდებოდა, იმპერატორთან შუამდგომლობას ჩემს თავზე ავიღებო. მან თავადების და ამალის სხვა წევრთა სახელით თხოვნის წერილი დაწერა და იმპერატორს გაუგზავნა. იმპერატორმა მოწყალებით მიიღო თხოვნა და არა მხოლოდ აპატია გუშინდელ მტრებს, ყველას დაუბრუნა ადრინდელი წოდება და მამული. სამეფო ამალაში 76 მარტო თავადი იყო.

1814 წლის მაისში, მეფე სოლომონის გარდაცვალებიდან სამი თვის მერე, მამა იესე, დანარჩენებთან ერთად, იმერეთში დაბრუნდა და თავისი მშობლების სახლში დასახლდა. ახლა მეფის მოძღვრობისა და ტყვეობისაგან განთავისუფლებულმა მყუდრო ცხოვრებისათვის შესაფერისი ადგილის ძებნა დაიწყო. Fიქრობდა, რომ თავისი სოფლის სიახლოვეს დასახლებულიყო, ანდა ტაბაკინის მონასტრის მახლობლად, უდაბნოში, სადაც სიყმაწვილის წლები გატარებინა.

მაგრამ, სამშობლოში დაბრუნებიდან შვიდ თვეს არ გაევლო, რომ იმერეთის დედოფალმა მარიამმა იხმო მოსკოვში, სადაც ის მეფე სოლომონის თურქეთში გაქცევის შემდეგ ჩაიყვანეს. მამა იესეს, როგორც მეფის მოძღვარს, შეეძლო, მისთვის მისი ქმრის უკანასკნელი დღეების შესახებ მოეთხრო. მოვალეობის ერთგულმა მამა იესემ აღარ დააყოვნა, დედოფალთან გამოცხადდა და ყველაფერი მოუთხრო.

დედოფალი დიდად აფასებდა განსვენებული ქმრისადმი მამა იესეს ერთგულებას და რაკი მოძღვრად უცხოტომელი არ სურდა, იგი თავისთან დაიტოვა. მამა იესემ თან მეფე სოლომონის კუთვნილი მაცხოვრის ცხოველსმყოფელი ჯვრის ნაწილი ჩაიტანა, რომელიც დედოფალმა მარიამმა თავის კარის ეკლესიაში დაასვენა.

არ ვიცი, რა მიზეზით, შესაძლოა, იმიტომ, რომ სოლომონ მეფის ამალა რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომნი გახადა და ამით იმპერატორის გული მოიგო, ანდა იქნებ მარიამ დედოფლის შუამდგომლობით, იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა მამა იესეს დედაქალაქის მღვდელმთავრად დაწინაურება მოისურვა. . მაგრამ, მაღალმა წოდებამ ვერ შესძლო განდეგილობის მოყვარე მამა იესეს მოხიბვლა, რომელსაც ის ასე ჯიუტად ესწრაფვოდა.

სასახლეში დასახლებულმა მალე დაინახა, თუ რაოდენ სულიერად დაცემულიყო სამეფო კარი, იმ ღვთისმოშიშებასთან შედარებით, რომლითაც იყო გამსჭვალული იმერეთის მეფე სოლომონი და მთელი მისი ხალხი.

მან შეამჩნია, რომ დედოფალი და მისი ამალა ივიწყებდნენ ქრისტიანულ მოვალეობას და მაღალი წრისთვის ჩვეულ გართობას იყვნენ მიცემულნი. ოთხშაბათ-პარასკევის მარხვების დარღვევა, მუდმივად გართობა, რასაც მოსდევდა გარყვნილება და რომლის მაგალითსაც თვითონ დედოფალი იძლეოდა, რომელმაც საყვარელი გაიჩინა - ყველაფერი ეს ძალზე ამძიმებდა მამა იესეს, როგორც მოძღვარს, როგორც მკაცრ ქრისტიანს, რომელიც სიყრმიდანვე უფლის მცნებებით ცხოვრებას იყო მიჩვეული. მამა იესეს დამოძღვრასა და დარიგებას არავინ ყურს არ უგდებდა.

საკუთარი თავისადმი სიმკაცრის მიუხედავად, მამა იესემ შენიშნა, რომ მისი მკაცრი ასკეტიზმით აღბეჭდილ ცხოვრებაშიც საგრძნობი ცვლილებები მოხდა; ნებსით თუ უნებლიეთ იძულებული გახდა, დედაქალაქის ცხოვრებას დამორჩილებოდა: მისი ტრაპეზი აღსავსე იყო სხვადასხვანაირი საკვებით, ღვინოს ბევრს სვამდა და ბუმბულის ლეიბზე ეძინა. მაგრამ, ყველაფერ ამას უფრო სერიოზული საფრთხე - ღრმა და დიდი დაცემის საფრთხე ემატებოდა. მამა იესე გამოირჩეოდა გარეგნული სილამაზით: მაღალი, მხარბეჭიანი, ტანადი, ლამაზი კაცი იყო. სილამაზე სულისა მის სათნო სახეზეც აღიბეჭდებოდა და უნებლიეთ მრავალთა მზერას იპყრობდა.

ღვთისმოსავი სულის ადამიანებში ის პატივისცემას იმსახურებდა, ხოლო ვნებიან ადამიანებში არაწმინდა სურვილებს აღძრავდა. მამა იესეს ეშმაკის მიერ აღძრული სამეფო კარის ქალთა და ქალწულთა თავდასხმების გამოცდა მოუხდა. მათმა მოურიდებელმა შემოტევებმა ისე შეავიწროვეს მამა იესეს მოკრძალებული სული, რომ მტკიცედ გადაწყვიტა, რამენაირად გასცლოდა სასახლეს, რადგან ამ ქალებისაგან თავის დაღწევის სხვა საშუალებას ვერ ნახულობდა. ამასთან, ხვდებოდა, რომ სასახლის წესების გარდაქმნა მარტოს არ შეეძლო.

ყველა მხრიდან შევიწროებულმა მამა იესემ მრავალგზის სთხოვა დედოფალს, დედაქალაქის ცხოვრება მამძიმებს, ამიტომაც სამშობლოში დაბრუნების ნება მომეციო, მაგრამ მას ამის გაგონებაც არ სურდა და ხან ხუმრობით და ხან გადაჭრით უარს ეუბნებოდა. მამა იესეც ჯიუტად ეუბნებოდა, - თუკი ნებით არ გამიშვებ, მალულად წავალო.

რაზეც დედოფალმა სიცილით უთხრა, - აქ იმერეთი არ გახლავს და გაქცევა შეუძლებელიაო: პირველსავე ქალაქში დაგიჭერს პოლიცია და ჩემთან დაგაბრუნებსო. ამ მუქარის მიუხედავად, მამა იესემ მტკიცედ განაცხადა, რომ მაინც წავიდოდა სასახლიდან. ასე გაიარა სამწელიწად-ნახევარმა, რომელიც გაცილებით მძიმე გამოცდა იყო მამა იესეს ღვთისმოსავი სულისთვის, ვიდრე შვიდი წელიწადი მეფე სოლომონთან ერთად უცხო ქვეყანაში ხეტიალი.

ამგვარ უბედურ მდგომარეობაში მყოფი მამა იესე ნუგეშს მხოლოდ უფლისა და ყოვლადწმინდა ღვთიმშობლისადმი ლოცვაში ნახულობდა, აღმოთქვამდა რა თავის სულის გასაჭირს, უდაბნოში განდგომის სურვილის აღსრულებას ევედრებოდა. განსაკუთრებით წმინდა გიორგის შესთხოვდა დახმარებას, რომლისადმი განსაკუთრებული რწმენა მშობლების სახლში შეეძინა და წმინდანიც მას ცხოვრებაში მრავალგზის შესწევია.

მალე მამა იესემ წმინდა ნიკოლოზის მონასტერში ათონის ივერთა მონასტრის არქიმანდრიტი გაიცნო. ამ არქიმანდრიტმა გაამხილა შემდგომში, თუ ვინ იყო სინამდვილეში მამა იესე, როცა ის ათონზე გლახაკი, უბრალო მონაზვნის სახით იმალებოდა.

დრო გადიოდა, მამა იესეს მწუხარება კი დღითი-დღე მატულობდა. ერთხელ დედოფალ მარიამის კამერდინერს, რომელიც დიდად ერთგული იყო მისი, საუბრისას თავისი სანუკვარი სურვილი გაუმხილა. მან კეთილი განზრახვა მოუწონა და დახმარებას შეპირდა. მალე მან გეგმა შეადგინა და მამა იესეს გააცნო. წინასწარ გულმოდგინედ ილოცეს, მერე კი მიტროპოლიტ სერაფიმესთან წავიდნენ. მიტროპოლიტი ხშირად სტუმრობდა დედოფალს და კარგად იცნობდა როგორც მის კამერდინერს, ისე მის მოძღვარს - მამა იესეს. მიტროპოლიტთან მისვლისას კამერდინერმა უთხრა მღვდელმთავარს, დედოფლის თხოვნით, მამა იესეს იმერეთში დროებით გამგზავრების გამო მის სახელზე პასპორტი გაეცა. მიტროპოლიტს ეჭვი არაფერში შეჰპარვია და პასპორტის გაცემა ბრძანა, რომელიც მალე მიიღეს კიდეც.

სურვილის აღსრულების იმედით ფრთაშესხმული მამა იესე დედოფალთან გამოცხადდა და ძველებურად წასვლაზე საუბარი დაუწყო. დედოფალი მის სიტყვებზე იცინოდა; და როცა მან უთხრა, - უკვე პასპორტი მივიღეო, დედოფალმა ბრძანა, ამას არასოდეს დავიჯერებ, რადგან ჩემი ბრძანების გარეშე პასპორტს არავინ გასცემსო. "მშვიდობით, მე მივდივარ", - უთხრა მამა იესემ, დასტოვა დედოფალი და იმავე საღამოს გაემგზავრა.

მამა იესე საქართველოში არ წასულა, რადგან იცოდა, რომ დედოფალი იქ ადვილად მონახავდა და კვლავ თავისთან გამოიძახებდა. ამიტომ პირდაპირ ოდესაში გაემგზავრა, არსად შეჩერებულა, კონსტანტინოპოლში ჩავიდა. მას გადაწყვეტილი ჰქონდა პალესტინა და სინა მოელოცა და სადმე იმ ადგილებში დასახლებულიყო, სადაც ადრე ქართველები მოღვაწეობდნენ. ათონის შესახებ კი თითქმის არაფერი იცოდა.

კონსტანტინოპოლში სულთმოფენობისას ჩავიდა და იერუსალიმში წასვლასთან დაკავშირებით რჩევის საკითხავად იერუსალიმის პატრიარქთან (ასე სწერია ტექსტში, შესაძლოა იერუსალიმის პატრიარქი, ამ დროს კონსტანტინოპოლში იმყოფებოდა, - კ.კ.) მივიდა. პატრიარქმა განუმარტა, თუ აღდგომის შეხვედრას იერუსალიმში აპირებდა, მაშინ მთელი წელი მოუწევდა იქ ცხოვრება. ამიტომ, რომ არ მოეწყინა, ურჩია, ათონზე გამგზავრებულიყო, ზამთრამდე დაეცადა, იქიდან კი დიდი მარხვისთვის იერუსალიმში ჩასულიყო. მამა იესემ კეთილი რჩევისთვის მადლობა გადაუხადა პატრიარქს და გამოემშვიდობა.

თავისთავად ცხადია, რომ მამა იესეს ათონის მთაზე ბერების გარემოცვაში დარჩენა და დასახლება უნდა გასჩენოდა აზრად. მან თავისი აბრეშუმის ტანსაცმელი გლეხის ძონძებზე გაცვალა, რითაც იმედი ჰქონდა, რომ თავის მიწიერ დიდებას დაფარავდა და ყველასთვის უცნობი სრული თავგანწირვით ღმერთს ემსახურებოდა.

მამა იესემ ათონისკენ მიმავალი გემი მონახა და კონსტანტინოპოლი დასტოვა. მთაწმინდაზე ის 1819 წელს ჩავიდა.

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე

დიონისეს მონასტერში


ათონზე მამა იესე ივერთა მონასტერში დასახლდა. მან იქ ვერცერთი ქართველი ვერ ნახა და ბერძნულის უცოდინრობის გამო ძმებთან თურქულად საუბრობდა. რადგან თურქულის მცოდნეც ბევრი არ აღმოჩნდა, მამა იესე მთელ დროს მდუმარებაში ატარებდა.

მონასტრის ძმებს მან უთხრა, - ღარიბი ქართველი ვარო, რასაც მისი ძველი და ჭუჭყიანი ტანსაცმელიც მეტყველებდა. უთხრა ისიც, რომ ათონის სიწმინდეების თაყვანისსაცემლად და დასათვალიერებლად ჩამოვიდა. წესისაებრ, არქონდარიკში (სტუმართა მისაღები ოთახი) შეიყვანეს, სადაც მან ერთი კვირა გაატარა, საეკლესიო მსახურებას ესწრებოდა და მონასტრულ ცხოვრებას აკვირდებოდა.

მას განსაკუთრებულ ყურადღებას არავინ აქცევდა, მამა იესეს სავანეში ჩუმად დადიოდა და იდიორითმული მონასტრის ცხოვრებას გულდასმით აკვირდებოდა, მაგრამ იდიორითმი არ მოეწონა და თავისთვის თქვა: "თუმცა ეს მონასტერი ჩვენია, ქართველების, ჩემი ადგილი აქ არ არის".

ერთ დილას მონასტრის კარებიდან ჩაფიქრებული გამოვიდა და შენიშნა, რომ რამდენიმე ძმა, ზურგზე თოფრამოგდებულნი სადღაცა მიდიოდნენ. ჰკითხა, საით გაგიწევიათო? მათ უპასუხეს, რომ დიონისეს მონასტერში მიდიოდნენ, ხვალ ტაძრის დღესასწაულია - წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღეაო. მამა იესემ ჰკითხა:

- ხომ არ წამიყვანთ?

- თუ გსურს წამოდიო, - უპასუხეს და ერთად გაემართნენ მონასტრისკენ.

ათონური წესით, დღესასწაულზე მისული უწინარესად არქონდარიკში მიდის და შემოთვაზებულ ადგილს დაიკავებს. იქ მათ თურქული ყავით, ცივი წყლით და ერთი სირჩა რახით უმასპინძლდებიან. შემდეგ კი სატრაპეზოში მიემართებიან დასანაყრებლად. მამა იესეს კი ასეთი რამ შეემთხვა: მონასტერში შესვლისას მან თანამგზავრები დაკარგა და კართან შეჩერდა. ძმებს კი დაავიწყდათ, რომ მამა იესე ადგილობრივ წესებს არ იცნობდა და ძებნა აღარ დაუწყეს. მას კი დილიდან არაფერი ეჭამა და ძალზე მოშივდა. დაპატიჟებითვის არ დაუცდია და როცა მწუხრის ლოცვის მაუწყებელი ზარები ჩამორეკეს, სხვა ძმებთან ერთად ტაძარში შევიდა, ჩათვალა, რომ დიდი წინასწარმეტყველის წმინდა იოანე ნათლისმცემელის შობის დღე მარხვად არის გამოცხადებული და ძმები არაფერს მიირთმევენო.

ლოცვის ხანგრძლივობამ გააკვირვა, რადგან მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და მზის ამოსვლიდან ორი საათის მერე დამთავრდა. მამა იესე ფიქრობდა, ატრაპეზებდნენ თუ მარხვას გააგრძელებდნენ. დაიწყო ლიტურგია; ამის შემდეგ ყველა სატრაპეზოდ წავიდა, მათ გაჰყვა მამა იესეც. ამ დღესასწაულმა დიდად ანუგეშა იგი. მსახურების განრიგი, მონაზვნების ცხოვრების წესი, ყველაფერში სიმკაცრე და ღვთისმოშიშება ძალზე მოეწონა, ისე რომ სავანის დატოვება აღარ მოისურვა.

მესამე დღეს არქონდარიუსმა ჰკითხა, რატომ სხვებთან ერთად არ წახვედიო. მამა იესემ მიუგო, მონასტერში კიდეც ცოტა ხნით მინდა დარჩენა და მისი ტიპიკონის გაცნობა, რადგან აქ დიდ სულიერ ნუგეშს ვგრძნობო. არქონდარიუსმა უთხრა, რომ თუ დარჩენა სურდა, მონასტრის წესისაებრ იღუმენისგან კურთხევა უნდა აეღო.

მამა იესე მივიდა იღუმენთან, რომელიც კარგად საუბრობდა თურქულად და უთხრა, ძალზე მომეწონა მონასტრის მკაცრი კანონები, კიდევ რამდენიმე ხანი მინდა აქ დავყო, რისთვისაც კურთხევას გთხოვთ, ხოლო თუ მიმიღებთ, საერთოდ დიონისეს მონასტერში დავრჩებიო.

იღუმენმა სტეფანემ შენიშნა მისი ხორციელი სიძლიერე, და რადგანაც მუშახელი აკლდათ, მის მიღებას დათანხმდა და სამზარეულოში გაამწესა.

დიონისეს მონასტერში მამა იესემ თავისი ძველი ქართველი მეგობარი მამა ბენედიქტე (ქიოტიშვილი) იპოვა, რომელიც იმ დროს მონასტრის ახლოს უდაბნოში ცხოვრობდა. 1821 წელს, დიდმარხვისას, ისინი ერთად შემოსეს დიდი სქემით. დიდი სქემით შემოსვისას მამა იესეს ილარიონი ეწოდა და რაკი პირველად ის აღკვეცეს, ბერობაში ის მამა ბენედიქტეს უფროსი ძმა გახდა, მაგრამ მამა ილარიონი ყოველთვის მამა ბენედიქტეს თვლიდა უფროსად, განსაკუთრებით როცა საქმე მოღვაწეობას შეეხებოდა. აღკვეცისას მამა ილარიონს ახალი სამოსი მოუმზადეს, მაგრამ მან ძველი, დაკონკილი ძონძებით შემოსვა ითხოვა.

მამა ილარიონმა სხვადასხვა მორჩილება გამოიარა: სამზარეულოსა და სატრაპეზოს გარდა, ის ყველანაირ მძიმე სამუშაოს ასრულებდა. მონოქსილიტზე, ათონის საზღვრის ახლოს, მონასტრის ვენახებშიც მუშაობდა. უმეტესად ყველაზე მძიმე და ძნელ საქმეს ამჯობინებდა. ვენახში დიდ ჭიგოს ისე ღრმად არჭობდა, ამაგრებდა მიწაში, რომ ვერავინ შეედრებოდა, მონასტერშიც ასევე დაუღალავად ასრულებდა ყველა დავალებას, რადგანაც ღვთისაგან როგორც ხორციელი სიძლიერით, ისე ღვაწლისადმი მოშურნეობით იყო დაჯილდოებული.

მიუხედავად იმისა, რომ ბერძნული ენა არ იცოდა, მონასტრის ძმებმა ის სამაგალითო გარჯის, მორჩილებისა და მოსაგრე ცხოვრებისთვის ძალზე შეიყვარეს. დიონისეს მონასტერში, უბრალო უპოვარი ქართველის სახელით ცხოვრებისას მამა ილარიონი სენაკს არასოდეს კეტავდა. ერთხელაც ერთი ძმა შევიდა მის კელიაში, იქ თუნუქის ქილა იხილა და დაინტერესდა, რა იდო შიგ. ძლიერ გაოცებული დარჩა, როცა ქილაში რუსული პასპორტი და თურქული ფირმანი იპოვა, სადაც აღნიშნული იყო, რომ მისი მფლობელი მღვდელია. მან დაუყოვნებლივ უამბო იღუმენს ეს ამბავი. იღუმენმა თავისთან იხმო მამა ილარიონი და ჰკითხა, - რას ინახავდა თუნუქის ქილაში. მამა ილარიონმა უპასუხა, ქილაში ჩემი პასპორტებიაო. მაშინ იღუმენმა უბრძანა, მიეტანა და ეჩვენებინა. მამა ილარიონი დარწმუნებული იყო, რომ თურქული ფირმანის წაკითხვა არავის შეეძლო და თამამად მიუტანა. შაუბედუროდ, ერთმა ბერმა თურქული კითხვა იცოდა და ფირმანი წაიკითხა. ყველამ გაიგო მისი მღვდლობის ამბავი. მამა ილარიონმა სთხოვა ძმობას, არავისთვის ეთქვათ ეს ამბავი, ბერძნებთან ხშირად ხდება ხოლმე, რომ საერო მღვდელი ღვთისმსახურებაზე არ დაიშვება და სხვა უბრალო ბერებთან ერთად ეზიარება.

დაახლოებით ორი წელი გაატარა მამა ილარიონმა მძიმე მორჩილებაში, და ყველაფერს სიყვარულით და თავგანწირვით აღასრულებდა. მას მხოლოდ ის აწუხებდა, რომ ბერძნულის უცოდინრობის გამო ღვთის სიტყვის მოსმენას მოაკლდა. ამიტომ გადაწყვიტა, იღუმენისგან კურთხევა აეღო და ივერონში ქართული წიგნების სათხოვნელად წასულიყო, რომელიც იქ ბევრი იყო ბიბლიოთეკაში, რამეთუ სული მისი მოწყენილი იყო წმინდა წერილის კითხვის გარეშე. იღუმენმა აკურთხა მამა ილარიონი და ისიც ივერონისკენ გაემართა ჩვეულებისაებრ ძველი და ჭუჭყიანი სამოსით მოსილი.

ივერონის მონასტერს რომ მიუახლოვდა, სალოცავად ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის წინ შეჩერდა, რომელიც მონასტრის ჭიშკრის ზემოთ იყო მოთავსებული. საღამო ხანი იყო და ძმები პორტიკში ისხდნენ, მათ შორის იყო ის არქიმანდრიტიც, რომელიც მამა ილარიონმა ჯერ კიდევ მოსკოვში ყოფნისას გაიცნო.

მან მამა ილარიონი დანახვისთანავე იცნო, მივარდა და ყველასთვის გასაოცრად მხრებსა და ხელებზე ეამბორა, თან გაიძახოდა: "ბრე! ბრე! - პაპა იესეე, პაპა იესეე! არია პრევმატიკე! პრევმატიკე ვასილიკოს!" (ბერძ.) - ჰოი! მამა იესე! მამა იესე! წმინდა მოძღვარი! მეფის მოძღვარი!" უჩვეულო მისალმებით გაოცებული მამები წამოდგნენ და მიეახლნენ. არქიმანდრიტმა კი, რომელსაც მამა ილარიონისთვის ხელი ჰქონდა ჩაკიდებული და თავის მამებს გააცნო: "ეს მამა იესეა, მეფის მოძღვარი, მე მქონდა ბედნიერება, რომ ის გამეცნო მოსკოვში, იმერეთის დედოფლის სასახლეში!"

გაოცებულმა ბერებმა მამა ილარიონი მონასტერში შეიყვანეს, ყველა განცვიფრდა ამგვარი მოულოდნელი აღმოჩენით, განსაკუთრებით ისინი, რომელთაც იგი სავანეში ორი წლის წინ გაიცნეს, როგორც უპოვარი გლახა. არქიმანდრიტი საყვედურობდა მათ ასეთი დიდებული კაცის გაშვებისათვის, ძმები კი, შეძლებისდაგვარად, თავს იმართლებდნენ. არქიმანდრიტმა მამა ილარიონი თავისთან შეიყვანა და სამი დღე გვერდიდან არ მოუშორებია, თან ეხვეწებოდა, მონასტერში დარჩენილიყო. საუკეთესო სენაკები, მონასტრის კმაყოფაზე ყოფნა და მომსახურე შესთავაზა, მაგრამ როცა მამა ილარიონის გადაწყვეტილების სიმტკიცეში დარწმუნდა, მისცა ქართული წიგნები და დიდი სინანულით გაისტუმრა.

მამა ილარიონი დიონისიატში მხრებზე თოფრამოკიდებული დაბრუნდა, თან ეგონა, არავინ არაფერი იცისო, მაგრამ ყველამ ყველაფერი იცოდა. ელვის სისწრაფით მოედო მთელ ათონს ახალი ამბავი, დიონისიატში უბრალო გლახის სამოსით მეფის მოძღვარი იმალებაო.

მონასტერში შესვლისას მეკარემ მდაბლად თავი დაუკრა, ვითარცა ბერდიდს და მისი მოსვლა იღუმენს შეატყობინა. იღუმენი მას ხელებგაშლილი შეეგება და ძმურად უსაყვედურა, - რატომ არ შემატყობინე, ვინ იყავიო. ამგვარი შეხვედრით შეწუხებულმა მამა ილარიონმა თქვა:

- არ მარგო ივერონში წასვლამ, სჯობდა, არ წავსულიყავი, რადგან მთაწმინდაზე ცოდვათა სატირლად მოვედი და უცნობად დარჩენილი უფრო მშვიდად ვიქნებოდი, ვიდრე ახლა.

იღუმენმა აღარ ისურვა ძველ მორჩილებაში ჰყოლოდა და სთხოვა, მოძღვარი გამხდარიყო. მაგრამ მამა ილარიონმა მტკიცედ იუარა, დაჟინებით ითხოვა, ძველ მორჩილებაში დაეტოვებინათ, რათა ძმებს მომსახურებოდა და მაშინვე სამზარეულოსკენ გაემართა. იქ დიდხანს ვერ გაჩერდა, რადგან საერთო პატივისცემა ახლა უკვე ყველგან თან სდევდა. ძმები ადრინდელი მისთვის ესოდენ საყვარელი მძიმე სამუშაოების კეთებას აღარ ანებებდნენ, ცდილობდნენ, ყველაფერში გაფრთხილებოდნენ - სიმძიმის აწევისას, წყლისა და შეშის მოზიდვისას. ეს კი იმით დასრულდა, რომ მამა ილარიონმა დატოვა სამზარეულო და მონასტრის სიახლოვეს უდაბნოში მდებარე კელიაში დასახლდა.


აღმსარებლობა

იმ დროს (1821 წ.) ბერძენთა აჯანყების გამო, ყველგან სასამართლოები და დასჯა წარმოებდა. ქრისტიანთა სისხლი მდინარესავით მოედინებოდა, რამეთუ თურქებს იარაღის ძალით სურდათ აჯანყების ჩახშობა და მეამბოხეების დაშოშმინება.

რადგან ათონიც ჩარეული იყო ამ აჯანყებაში, ომის მძიმე შედეგები იქაც იწვნიეს. თესალონიკის მმართველი აბდულ-რობუთ-ფაშა მრავალრიცხოვანი ლაშქრით კასანდრიიდან ათონისკენ დაიძრა და ბანაკი ათონის საზღვარზე, კუმიცაში გაშალა.

ეს მოხდა 1822 წლის დამდეგს. აქედან გასცა ფაშამ მრისხანე ბრძანება, რომ ყველა მონასტრის წინამძღვარი ხლებოდა და მისთვის თაყვანი ეცათ, თორემ იმუქრებოდა, ათონის მთას დავიპყრობ და მონასტრებს გავანადგურებო. იღუმენებმა იცოდნენ თურქების სისასტიკე და ფანატიზმი, ამავე აჯანყებით გამოწვეული მძვინვარება, ვერ გაბედეს ფაშათან წასვლა, რადგან გრძნობდნენ, ცოცხლები ვერ დაბრუნდებოდნენ. ყველა მოსალოდნელი ხიფათის თავიდან აცილებას ცდილობდა და სურდათ, თავის მაგივრად ვინმე მოხალისე-რწმუნებული გაეგზავნათ, რომელიც ურჯულოებს არ შეუშინდებოდა.

ამ დროს დიონისეს მონასტრის იღუმენმა სტეფანემ, ეშინოდა რა ფაშასთან მისვლისა, მამა ილარიონს სთხოვა მის მაგივრად გარჯილიყო. მამა ილარიონი ხალისით დათანხმდა და თქვა, თურქების არ მეშინიაო. მაგრამ, იღუმენმა გააფრთხილა, ეს იოლი საქმე არ არისო, რადგან როცა ისინი ფაშასთან წავიდოდნენ, ბერებს წინასწარ მომზადებული ნავებით მთელი ძვირფასეულობა და სიწმინდეები თან უნდა წაეღოთ.

ელჩების გამგზავრებისთანავე მონასტერს ყველა დატოვებდა, ეს თურქებს შეუმჩნეველი არ დარჩებოდათ, ამ ტყუილისთვის შურს იძიებდნენ და ელჩებს დახოცავდნენ. მამა ილარიონსაც აშკარა სიკვდილი ელოდა. მამა ილარიონი ყველაფრისთვის მზად იყო, რადგან დიდი ხანია, სურვილი ჰქონდა ქრისტესთვის ვნებულიყო და მოწამის გვირგვინი შემოსილიყო. იღუმენმა უთხრა:

- აი, ახლა ხელსაყრელი დროა და გამოიყენე ეს შემთხვევა საერთო სიკეთისათვის.

მამა ილარიონთან ერთად კიდევ ორი, მამა პანტელეიმონი და ერთი ბერი გაემგზავრა. კუმიცას რომ მიაღწიეს, ფაშასთან გამოცხადნენ და წმინდა კინოტის (ათონის მმართველობითი ორგანოა, ათონის ყველა მონასტრის წარმომადგენელთაგან შეკრებილი) წერილი გადასცეს. რომელშიც მონასტრის რწმუნებულები იყვნენ ჩამოთვლილნი. ფაშამ კითხვა დაიწყო და როცა მამა ილარიონ ქართველის სახელამდე მივიდა, გაჩერდა, მამებს შეხედა და ჰკითხა:

- ვინ არის თქვენს შორის ქართველი?

მამებმა ილარიონზე მიუთითეს. მაშინ ფაშამ ჰკითხა:

- რომელი მხრიდან ხარ?

- იმერეთიდან, - უპასუხა მამა ილარიონმა.

- მე კი აფხაზეთიდან.

- რომელი ქალაქიდან? - ჰკითხა ბერმა.

მან ქალაქი დაასახელა.

- ეს ქალაქი ჩემი კუთხის მეზობლად მდებარეობს, რა გვარის ხარ?

ფაშამ ქართული გვარი დაასახელა.

- მაშ, ესე იგი, შენი სახლიც კარგად მცნობია, - გაეხარდა მამა ილარიონს.

ფაშა მართლმადიდებელი მღვდლის შვილი აღმოჩნდა. ბავშვობაში მოუტაცებიათ, თურქებისთვის მიუყიდიათ და მუსლიმანურ სარწმუნოებაზე მოუქცევიათ.

- ამგვარად, ჩვენ თანამემამულეები ვყოფილვართ, - უთხრა ფაშამ, - დიდი ხანია, რაც აქ ცხოვრობ, აქ რისთვის მოხვედი?

- მე მოვედი, რათა ღმერთს შევევედრო. აქ უკვე სამი წელია რაც ვცხოვრობ.

ამ ახსნა-განმარტების შემდეგ ფაშამ მამა ილარიონს თურქულად უთხრა:

- რატომ მოხვედი ამ ავაზაკებთან? შენ, პატიოსანი და კეთილშობილი ადამიანი, რატომ შეუერთდი ამ არამზადებს?

ფაშა უშვერად ლანძღავდა ათონს და ათონელებს, ამასთან მამა ილარიონს არწმუნებდა, ათონის მთა დაეტოვებინა, ეუნებოდა რომ ის აქ ათონელების ამოსაწყვეტად იყო მოსული; მაგრამ, ის ეცოდებოდა როგორც თანამემამულე და კეთილშობილი ადამიანი და არ სურდა მასაც სხვების ბედი გაეზიარებინა.

ყველანაირად ცდილობდა მამა ილარიონის დარწმუნებას, სთავაზობდა თავის სახლს, თესალონიკთან, სადაც მისი ცოლი ცხოვრობდა. ამბობდა, რომ მის შესახებ სულთანს მისწერდა და ყოველგვარ წყალობას პირდებოდა, სადაც არ უნდა დასახლებულიყო, სამშობლოში თუ თესალონიკში - ყველაფრით უზრუნველყოფილი იქნებოდა. რაზეც წმინდა ილარიონმა მიუგო, რომ ათონზე ის სულის საცხოვნებლად მივიდა და ამის მეტი არაფერი უნდოდა.

ფაშამ კვლავ სცადა მამა ილარიონის დარწმუნება - დაეტოვებინა ათონი "ეს ავაზაკობისა და გარყვნილების ბუდე". იგი დაპირდა, რომ თავისი ხარჯით გაამგზავრებდა, და სულთნის სახელით ყოველგვარ მფარველობას ჰპირდებოდა. მაგრამ წმინდა ილარიონმა უკუაგდო შეთავაზებული წინადადება და ათონელებზე კი უთხრა:

- არა, ესენი პატიოსანი და ჭეშმარიტი ღვთისმსახურნი არიან!

მერე კი ფაშა ამხილა მამა-პაპისეული რწმენისა და საკუთარი სამშობლოს ღალატში:

- აი, როგორ უპატიოსნოდ იქცევი! ქრისტეს ჭეშმარიტ რწმენას განუდექი და შენს მწარე შეცდომას და წარწყმედას ასრულებ იმით, რომ შეიარაღებულმა შეუტიე ქრისტეს მომხრეებს და დაღვრი მათ უმანკო სისხლს, ძალადობით იპყრობ ქრისტიან ჭაბუკებს, რათა ღვთისგან განდგომასა და დაღუპვას აზიარო!

ფაშა კი პასუხად ათონელებს თურქთა წინააღმდეგ აჯანყებასა და გარშემო მცხოვრებთა წაქეზებაში ადანაშაულებდა. რაც შეეხება ათონიდან წაყვანილ ყმაწვილებს, ამბობდა, მათ სახელმწიფოსთვის სარგებლობის მოტანა შეუძლიათ და მათი უდაბნოში დასამარება არ არის საჭიროო.

ამის მერე ფაშამ მკრეხელურად შეურაცხყო მართლმადიდებლური რწმენა და განაცხადა:

- რამხელა შეცდომაა, ქრისტიანებს დაუჯერო და გწამდეს, რომ თითქოს ქალწულმა შვა ღმერთი, თითქოს ადამიანის საშოს შეუძლია დაიტიოს ღმერთი და შობის შემდეგ ქალწულად დარჩეს?

ამაზე მამა ილარიონი შეეწინააღმდეგა:

- შენ არ გესმის ღვთის სიტყვის განცხადების საიდუმლოება, ამის შეგნება ღვთის დიდი ჯილდოა. ვისაც ეს გააჩნია, ესმის, როგორ შესძლო ქალწულმა ქვეყნიერების მხსნელის შობა! მაგრამ მე შენ აგიხსნი...

ამ სიტყვებზე ფაშა განრისხდა და კარავში ბოლთის ცემას მოჰყვა. მონასტრებიდან გაგზავნილი წარმომადგენლები მიხვდნენ, რომ ეს ლაპარაკი კარგს არაფერს მოუტანდათ, შეუმჩნევლად დასწიეს უკან მამა ილარიონი და ჩუმად უთხრეს:

- ახლა ამაზე კამათის დრო არ არის, რადგან შეიძლება ფაშა ისე გააბრაზო, რომ არა მარტო შენ, არამედ ჩვენც და ათონზე დარჩენილი მამებიც დაგვხოცოს, ანდა გვაწამოს. შენი თავი თუ არ გენანება, ათონელი მამები მაინც შეინანე, რომელთაც მწარე ხვედრი ელით.

დაარწმუნეს მამა ილარიონი, ფაშას ახსნა-განმარტება მისცეს და ჩამოტანილი საჩუქრებიც მიართვეს.

ფაშამ წმინდა ილარიონი გაათავისუფლა და ნება მისცა, სადაც უნდოდა, წასულიყო. ხოლო მონასტრების დანარჩენი წარმომადგენლები თესალონიკის ციხეში ჩაამწყვდევინა. ბიჭებიც თესალონიკში გაამგზავრა, ისლამის მიღებისთვის მოსამზადებლად. ისინი სამასზე მეტნი იყვნენ. თვითონ ფაშა ქალაქ ნეგოშში გაემგზავრა, რომელიც თესალონიკის იქით მდებარეობდა და სადაც მანამდე აჯანყება მოხდა, იქ მან მრავალი ქრისტიანი აწამა და მოკლა. ათონზე დაბრუნებული მამა ილარიონი ბევრს სწუხდა, რომ ფაშას ნათქვამი მკრეხელობის საპასუხოდ სიტყვის თქმა ვერ მოასწრო და ამ დავაში თითქოს ფაშა გამოვიდა გამარჯვებული. განსაკუთრებით მაშინ შეწუხდა, როცა ნეგოშში ფაშას მხეცობის ამბავი შეიტყო.

საღმრთო შურით აღძრულმა იღუმენ სტეფანეს სთხოვა, მისთვის ნება მიეცა, თესალონიკში ფაშასთან წასულიყო ახსნა-განმარტებისთვის: ჯერ ერთი, უნდოდა განეგრძო საუბარი ქრისტიანული რწმენის საიდუმლოებებზე და ეჩვენებინა მისთვის, თუ რამხელა ცდომილებაში იმყოფებოდა. მეორე, ემხილებინა მისი სიმხეცე და სისხლისმსმელობა.

იღუმენმა ჰკითხა, თუ ეყოფოდა იმდენი ვაჟკაცობა და ძალა, რომ დაეთმინა ხანგრძლივი წამება და თვით სიკვდილი? რაზეც მამა ილარიონმა უპასუხა, რომ მზად იყო ყველანაირი ტანჯვა-წამებისათვის და ღვთის შეწევნის იმედი ჰქონდა; კუმიცაშიც ამას ეძიებდა და ფაშას მხილება დაიწყო. სიტყვა არ დაასრულებინეს. მაშინ იღუმენმა სტეფანემ უყოყმანოდ დალოცა და უფლისა და ღვთისმშობლის შემწეობა უსურვა. მამა ილარიონმა ძმებს დალოცვა სთხოვა, ფეხით წავიდა თესალონიკში და ზუსტად მუსლიმანების დღესასწაულის "რამაზანის" დროს ჩავიდა. ამ ზეიმისას თურქები დღისით მარხულობენ და მზის ჩასვლის მერე ლხენას მიეცემიან.

ფაშას სახლის კარებთან დარაჯმა შეაჩერა და ჰკითხა, რა გინდაო. მამა ილარიონმა უპასუხა, - აუცილებლად უნდა ვნახო ფაშა და მნიშვნელოვან საქმეზე ვესაუბროო. და სთხოვა ეცნობებინათ მისთვის ილარიონ ქართველის მოსვლა, რომელიც კუმიცაში წარსდგა მის წინაშე და ახლაც რაღაც აქვს სათქმელიო.

ამ დროს ფაშასთან შეკრებილიყვნენ ყველა მთავარი თურქი ჩინოვნიკი და ცნობილი უცხოელები, ინგლისელი, ფრანგი, სომეხი, ებრაელი წარჩინებულნი. მოსაღამოვდა და საცაა, ნადიმიც დაიწყებოდა. როცა ფაშას ილარიონ ქართველის მოსვლა მოახსენეს, მან ყველას გასაგებად შესძახა:

- ჰოო, ეს ის მღვდელია, რომელსაც ფუჭ ქრისტიანულ რწმენაზე აზრი შევაცვლევინე და ახლა დიდი წინასწარმეტყველის რწმენის მისაღებად მოვიდა, - დაუძახეთ შემოვიდეს!

ძახილზე მამა ილარიონი შევიდა, დაინახა დივანზე მჯდარი ფაშა, მოხელეებით გარემოცული და სათანადო პატივი მიაგო. ფაშამ მას სიხარულით მიმართა:

- ჰოო! მამა ილარიონ, კეთილი იყოს შენი მობრძანება, ნამდვილად რწმენაზე ჩვენი საუბრის გამო მოხვედი?

- დიახ, - უპასუხა მამა ილარიონმა, - სწორედ შენმა საუბარმა მაიძულა, საგანგებოდ მოვსულიყავი და შენთან დაწვრილებით მესაუბრა, რადგანაც მაშინ კუმიცაში სათქმელი არ დამასრულებინეს. ასევე ძალზე მსიამოვნებს, რომ ახლა შენთან თესალონიკის წარჩინებული მოქალაქეები ბრძანდებიან.

- ჩემთვისაც სასიამოვნოა, რომ დღესასწაულის დროს შეგხვდე და გესაუბრო, - უთხრა ფაშამ და მამა ილარიონი დივანზე გვერდით მოისვა. მამა ილარიონმა შეწყვეტილი საუბარი გააგრძელა:

- შენ ინებე, ეჭვი გამოგეთქვა, როგორ შეეძლო ქალწულს მაცხოვრის შობა და ქალწულად დარჩენა? მაშინ აგიხსნი ამას, თქვენი წინასწარმეტყველი მუჰამედიც ამბობს, რომ იესო ქრისტე ქალწულისაგან იშვა უთესლო ჩასახვით, ამიტომაც შობა მისი, როგორც ჭეშმარიტი ღმერთისა, გონებისთვის მიუწვდომელია. ის არის ჭეშმარიტი ღმერთი, რომელმაც კაცობრიობის ხსნისათვის შეისხნა ხორცი, რათა ადამიანის დაცემული ბუნება წყევისა და სიკვდილისაგან ეხსნა.

ფაშა მიხვდა, რომ ბერი მტკიცედ იდგა თავის რწმენაზე. საუბრის დროს მამა ილარიონი შეეხო ფაშას მიერ ნეგოშში ჩადენილ მხეცობას და უთხრა:

- ღმერთის აღარ გეშინია, უდანაშაულო ქრისტიანებს რომ აწამებ? შენ ქრისტიანი მშობლების შვილი ხარ და ასე სასტიკად, ჭეშმარიტად მხეცურად იმისთვის იქცევი, რომ ჩაახშო ქრისტესგან განდგომით გამოწვეული სინდისის ქენჯნა.

ფაშამ გაიცინა და უპასუხა:

- პირიქით, მე იმდენად მოხარული ვარ სასაცილო ქრისტიანული რწმენის თავიდან მოშორებით, რომ როცა ჩემთან მოვიდა ის, ვინც მშობლებს მომტაცა და თურქებს მიმყიდა, მას უკვე ფაშამ, ბაქშიში (ჯილდო) ვუბოძე და ვმადლობდი გაწეული სამსახურისთვის. თქვენი რწმენა ჭეშმარიტი და საამო რომ იყოს, ღმერთი მტრების ხელში არ ჩაგაგდებდათ და ისინი არ დაგჩაგრავდნენ ყველგან და ყოველთვის.

ამ ქედმაღლურ ნათქვამზე მამა ილარიონი შეეკამათა:

- ფაშა, შენ ყველაფერი მცდარად გესმის. განა მამა არ აიღებს წკეპლას შვილის დასასჯელად? მაგრამ ამას იმიტომ კი არ სჩადის, რომ გულიდან ამოიგდოს შვილი, არამედ გამოსასწორებლად. ხოლო როცა გამოსწორებულს დაინახავს, გადატეხავს წკეპლას და ცეცხლს მისცემს. ამიტომ მოგიშვათ ღმერთმა, მას ჩვენი ცოდვათაგან ჩვენი გამოსწორება სურს. თქვენ წარმოადგენთ კვერთხს ღვთის ხელში, და როცა ღმერთი გამოსწორებულს გვიხილავს, ამ უსარგებლო ნივთს ფეხისალაგში მოისვრის.

შემდეგ ფაშა ათონის მთიდან წაყვანილი ბიჭების გამო ამხილა, თუმცა პირველ დღეს ბევრი ლაპარაკი ვერ შესძლო, რადგან უკვე მოსაღამოვდა და ფაშა კი მშვიდად ისმენდა მხილებას. მან მამა ილარიონს თავისთან ღამის გათენება შესთავაზა, მაგრამ მოწამეობის მოსურნე ბერმა მთელი ღამე ეზოში გაატარა და მიზნის მიღწევის იმედით გათენებას ელოდა.

მეორე დღეს, როცა ფაშამ მოლხენის შემდეგ გაიღვიძა, მამა ილარიონმა ქრისტიანული რწმენის შესახებ საუბარი და მტკიცება განაგრძო. ამავე დროს ფაშას ლანძღავდა, უღმერთოდ, არამზადად იხსენიებდა, ჯორსა და ღორს უწოდებდა. ყოველნაირად ცდილობდა, გაეღიზიანებინა და სასიკვდილო განაჩენი გამოეტყუებინა. განსაკუთრებით იმ ბიჭების გულისთვის გალანძღა, რომლებიც თეთრი სამოსით მოსილნი მოიყვანეს მათზე ბილწი წესის აღსასრულებლად (ალბათ წინადაცვეთის წესზეა საუბარი, - კ.კ.). ფაშას მიერ სხვადასხვა ადგილიდან თავმოყრილი ოთხასი ბიჭიდან მხოლოდ ორი არ განუდგა ქრისტიანულ სარწმუნოებას და ისინი აწამეს, დანარჩენები გათურქდნენ.

ფაშა გულგრილად უსმენდა მხილებას, ხანდახან კი გადიოდა, რათა მამა ილარიონისთვის სიტყვის დასრულების საშუალება არ მიეცა. ასე გაიარა სამ-დღენახევარმა, მამა ილარიონი მოდიოდა და ფაშას ამხილებდა. იქ მყოფი თურქი მოხელეები და უცხოელები გაოცებულნი იყვნენ, როგორ უსმენდა ფაშა ვიღაც ღატაკი ბერის მხილებას.

პირველი ღამის შემდგომ მამა ილარიონმა დანარჩენი დღეები ერთი ღვთისმოყვარე ქრისტიანის, სპანდონის სახლში გაატარა. რომელმაც მთელი თავისი ოჯახით მას გულითადად უმასპინძლა. ერთ ღამეს, როცა ის ლოცულობდა და მოწამეობისთვის ემზადებოდა, ოთახში შეიარაღებული თურქი შემოვიდა. ამ დროს ნებადართული იყო ქრისტიანის მოკვლა ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე. ამიტომ თურქმა მახვილი იძრო და მლოცველი ბერის განგმირვა მოისურვა. შეჰყვირა კიდეც, - მე შენ აგკუწავო! მაგრამ ხელი მოიქნია და უცებ მარჯვენა გაუქვავდა, თითქოს ვიღაცამ ხელი სტაცაო და მანამდე ეჭირა ასე, ვიდრე არ გადაწყვიტა, რომ ბერისთვის ვნება არ მიეყენებინა და ხმალი ქარქაშში ჩაეგო.

მეოთხე დღეს წმინდა ილარიონმა სცადა, ძლიერ გაებრაზებინა ფაშა და მუსლიმანობისა და თვით მის დაამარსებელ მუჰამედის სიცრუეზე იწყო ლაპარაკი. მუჰამედს ის ქოსატყუილას ეძახოდა, რომ თვითონაც წარიწყმიდა და მისი მორწმუნენიც წარწყმედისაკენ მიდიანო.

- როგორ ფიქრობ, ჩვენ სად წავალთ? - სიცილით ჰკითხა ფაშამ
.
- იქ სადაც თქვენი მუჰამედია, - უპასუხა ბერმა.

- მუჰამედი სად მოხვდება?

- ჯოჯოხეთში, - მიუგო მამა ილარიონმა, - და თქვენც მასთან ერთად.

- შენი აზრით, ვინ ცხონდება და შევა სამოთხეში?

- მხოლოდ ღვთის ჭეშმარიტად მორწმუნენი, მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიის წიაღში მყოფნი, მათ გარდა ყველა: ებრაელი იქნება ეს, სომეხი, კათოლიკე და პროტესტანტი განწირულნი არიან საწამებლად.

ოთახში მყოფმა ხალხმა ყველამ ერთხმად შესძახა: "სიკვდილი მაგას!"

ამ შეძახილზე ფაშას გულგრილად დარჩენა აღარ შეეძლო, მიუხედავად იმისა, რომ ბერის სიკვდილი არ უნდოდა, მამა ილარიონისთვის თავის მოკვეთა ბრძანა, რათა თვითონ იგი არ დაესაჯათ, როგორც მუჰამედის სჯულისგან განდგომილი.

- აი, შენ თვითონ დაიტეხე თავს უბედურება. მე აღარ შემიძლია შენი დაცვა, თამამად ნათქვამი სიტყვების გამო თავს წაგაცლიან!

მამა ილარიონმა კისერი მოიშიშვლა, წინ წასწია და შესძახა:

- აჰა, მომკვეთე... ჭეშმარიტებისათვის სიკვდილის არ მეშინია!

მანამ ეჭირა თავი ასე, ვიდრე სარდარები არ მოვიდნენ და დასჯის ადგილას არ წაიყვანეს.

ვიდრე განაჩენის აღსასრულებლად ემზადებოდნენ, ფაშასთან დაახლოებული ორი მცველი მივიდა, წარმოშობით აბაზგები. ერთი ხაზინადარი, მეორე კი განსაკუთრებულ საქმეთა მოხელე, ისინი ფაშას ერთგულებისა და თავდადების გამო უყვარდა. მან მათ ქართველი მღვდლის სიკვდილით დასჯის ბრძანება გააცნო. განცვიფრებულმა მცველებმა წამოიძახეს:

- ეს არ მოხდება, არ მოხდება! ეს ჩვენი თავის მოჭრაა; ქალაქში გამოჩენას ვეღარ შევძლებთ, რადგან ხალხი იტყვის, ძლივს ამ მხარეში ერთი თანამემამულე გამოუჩნდათ და ისიც სიკვდილით დასაჯესო. ეს ჩვენ სამუდამო სირცხვილად დაგვრჩება!

თავისი საყვარელი ხალხისთვის გული რომ არ დაეწყვიტა, ფაშამ მამა ილარიონი მათ გადასცა.

დამსჯელ პროცესიას უამრავი ხალხი აედევნა, როგორც ქრისტიანები, ისე თურქები და მრავალი ებრაელი. ქუჩებში ბრბო თანდათან იზრდებოდა. მოედანზე კი იმდენი ხალხი მოგროვდა, გასვლა აღარ შეიძლებოდა. მამა ილარიონი მტკიცედ მიაბიჯებდა, არც სახეზე, არც მოძრაობაში შიში არ ეტყობოდა, ლოცვას ჩურჩულებდა და ისეთი მხიარული ჩანდა, თითქოს ქორწილის სუფრაზე მიიჩქარისო. მცველებმა მიიღეს რა ფაშას ბრძანება, სწრაფად გაემართნენ მოედნისკენ. ხალხი მისწი-მოსწიეს და მამა ილარიონს დასჯის ადგილას მიუსწრეს. ფაშას სახელით ჯალათს ხელიდან გამოსტაცეს და თან წაიყვანეს. ხალხი მათ უკან გაჰყვა.

მამა ილარიონს ეგონა, დასჯის სახე შემიცვალეს და ჩამოსახრჩობად მივყავარო. ამიტომ მორჩილად გაჰყვა მათ, თან ლოცულობდა. რაც უფრო შორს მიჰყავდათ, უფრო უკვირდა. საკმაოდ დიდხანს იარეს. მიდიოდნენ ქუჩებით, ეზოებით, თითოეულ ეზოში ეგონა, რომ იქ დასჯიდნენ, მიჰყავდათ უფრო შორს, იმ გზისკენ, რომლითაც ის ათონიდან მოვიდა.

ადევნებული ხალხი ქალაქის ჭიშკართან გუშაგებმა შეაჩერეს. აბაზგმა მოხელეებმა მამა ილარიონი ქალაქგარეთ გაიყვანეს, ერთ-ერთმა მათგანმა ისეთი ძალით წასცხო კისერში, რომ ბერი კინაღამ მიწას დაასკდა, თან უთხრა:

- წადი, ბერო, შენს ათონზე და აქ აღარ გამოჩნდე!

სულის მოთქმის შემდეგ მამა ილარიონი ნელა გაეცალა მათ და როცა საკმაოდ დაშორდა, უკან მოიხედა. ორივე მოხელე იმავე ადგილას იდგა და მუქარით ეძახდნენ, - უკან მოუხედავად წადიო. საკმაოდ შორს წავიდა, კიდევ მიიხედა, აბაზგები ისევ იქ იდგნენ და მუშტებს უღერებდნენ. მამა ილარიონმა ჯვარი გამოისახა. ამოიოხრა და თქვა: - არა ვარ ღირსი მე, წყეული, რომ ღმერთმა ჩემი წამება შეიწიროსო და მდუმარედ გაუყვა ათონის გზას, მაგრამ იმ ქრისტიანის სიყვარული გაახსენდა, რომელმაც უმასპინძლა და გადაწყვიტა, მისთვის მადლობა გადაეხადა. შპანდონმა, როცა ბერი კვლავ იხილა, ათონზე ფეხით აღარ გაუშვა, ცხენი მისცა და მეგზური გააყოლა.


ტყვეების სამსახურში

ათონზე გამცილებელთან ერთად რომ ბრუნდებოდა, მამა ილარიონმა გზად თესალონიკში შეიარა. გადაჭრეს მთელი ქალაქი და ბოლოს, განაპირა ქუჩაზე ძახილი მოესმათ: - მამაო, მამაო! მამა ილარიონმა მიმოიხედა, მაგრამ ვერავინ შეამჩნია. ვიღაცამ კვლავ დაუძახა. მეზობელი შენობის კედელში პატარა სარკმელი შენიშნა, საიდანაც გამოყოფილი ხელი თავისკენ უხმობდა.

როგორც შემდეგ შეიტყო, ამ შენობაში სხვა დამნაშავეებთან ერთად ქრისტიანებიც იყვნენ დატუსაღებულნი, უმეტესად ბერძენთა აჯანყებაში მონაწილე ათონელი მონაზვნები. ტყვეები შიმშილითა და წყურვილით იტანჯებოდნენ. როცა მამა ილარიონი სარკმელს მიუახლოვდა, კაცმა, რომელიც ეძახოდა, ხელი გამოჰყო და წყლის მოტანა სთხოვა.

მამა ილარიონმა ტუსაღის თხოვნა შეასრულა და იქვე მეორე ხელი გაჩნდა და იგივე სთხოვა. შემდეგ სხვებმა გამოჰყვეს ხელები. ბერმა სიხარულით შეასრულა ყველას თხოვნა და როცა შეიტყო, ვინ იყვნენ საპყრობილეში, გადაწყვიტა, დარჩენილიყო და ტუსაღებს მომსახურებოდა. გამცილებელი ცხენიანად უკან გააბრუნა და ასე განსაჯა, უფალმა მხოლოდ იმიტომ შეუნარჩუნა სიცოცხლე, რომ ამ საცოდავებს მომსახურებოდა. ბერდიდი ყოველდღიურად მიდიოდა საპყრობილეში და ყველაფერი მიჰქონდა, რასაც სთხოვდნენ: პური, წყალი და სხვა პროდუქტი.

ერთმა თურქმა მცველმა ეს შეამჩნია და განრისხებულმა მამა ილარიონის მოკვლა მოინდომა, თუმცა ბერი მცირედითაც არ შეშინებულა და სიხარულით მზად იყო სიკვდილთან შესახვედრად. ამ დროს იმ თურქის მეგობარს გამოეღვიძა და განრისხებული ამხანაგი შეაჩერა:

- ხელს ნუ ახლებ, დაე, მოუტანოს საჭმელი. მათ პურს არც მე, არც შენ და არც სხვა ვინმე არ მიაწვდის. ჩვენ მათთვის შიმშილით სულის ამოსახდელად კი არ ვართ მიჩენილნი, არამედ საყარაულოდ. ამიტომ, თუ სურს, დააპუროს, ჩვენ ნუ შევეწინააღმდეგებით.

იმ დროიდან მცველები ხელს აღარ უშლიდნენ მამა ილარიონს პატიმრების დახმარებაში, მაგრამ უსაფრთხოებისთვის ფაშას მაინც მოახსენეს, ვიღაც ქართველი მღვდელი, რომელმაც ცოტა ხნის წინ კადნიერად ამხილა ფაშა, ახლა საპყრობილესთან არის და პატიმრებს ეხმარებაო. ფაშამ უპასუხა:

- ხელს ნუ შეუშლით, აკრძალული ნივთების გარდა, რაც სურს, მიუტანოსო.

მაშინ დაცვამ დახმარების ნება დართო. მას შეეძლო ღვინის, რახისა და სხვა მაგარი სასმლის გარდა, ყველაფერი მიეტანა, თუ პირობას დაარღვევდა, თავის წაცლით დაემუქრნენ.

სარგებლობდა რა ფაშას ნებართვით, მამა ილარიონი დღე და ღამ დაუღალავად მუშაობდა. იგი არა მარტო პურსა და ხილს ყიდულობდა, ტუსაღთა სხვადასხვა დავალებასაც ასრულებდა, თანაბრად, როგორც ქრისტიანებისთვის, ისე თურქებისათვის. მათ თეთრეულს თვითონვე რეცხავდა და მუდმივად შრომაში გახლდათ, რადგან პატიმარი ბევრი იყო, თვითონ კიერთი. ერთხელ ლავრის ერთმა პროესტოსმა, ავადმყოფობის გამო ცოტაოდენი რახის მიტანა სთხოვა. მამა ილარიონი დათანხმდა და დარაჯების მალულად რახი მიუტანა. მაგრამ როგორც კი ეს ერთს მიუტანა, ახლა სხვებმაც სთხოვეს, ზოგს ღვინის მიტანა სურდა.

ბერდიდმა შეასრულა მათი თხოვნა. ერთხელაც თოფრა პურით აავსო და ციხეში წავიდა. ციხის კართან მცველმა შეაჩერა - მოიცა, მღვდელო, ვნახოთ, რა მიგაქვს, აკრძალული ხომ არაფერია?

თოფრა გაუსინჯეს და გაუშვეს, თან მუქარა გაიმეორეს.

მაგრამ მიხედავად ამისა, მამა ილარიონმა მაინც განაგრძო პატიმრების თხოვნით, რახისა და ღვინის მიტანა. ხუთი დღის შემდეგ ტვირთის სიმძიმის გამო მან კვლავ არ წაიღო აკრძალული სასმელი და რახისთვის ხელმეორედ დაბრუნება სურდა, მაგრამ ამჯერადაც შეაჩერეს თურქებმა და გულდასმით გაჩხრიკეს მისი თოფრა. მისი ჩხრეკის ამბავი რომ შეიტყვეს, ტუსაღები შეწუხდნენ. საბედნიეროდ, მცველებმა ვერაფერი უპოვეს და ბერი კვლავ შეუშვეს პატიმრებთან. მალე ტუსაღებს ფული გამოელიათ და მძიმე დღეში ჩავარდნენ. მამა ილარიონს ძველისძველი სამოსის გარდა, არაფერი გააჩნდა, მაგრამ საცოდავი პატიმრების მიმართ დიდი თანაგრძნობით გამსჭვალულმა თესალონიკის ქრისტიანებს მიმართა და მოწყალების შეგროვება დაიწყო. ბერის მიერ სამოწყალოდ აღძრულმა მორწმუნეებმა ერთი პურის საცხობი იმ პირობით გამოისყიდეს, რომ უფასოდ მიეცათ პური ტუსაღებისთვის. აღრიცხვის სისწორისთვის ხაბაზსა და მამა ილარიონს ერთნაირი ჯოხები მისცეს, რომლებზეც იმდენ ნაჭდევს აკეთებდენენ, რამდენ პურსაც წაიღებდა მამა ილარიონი, შემდეგ კი ამ ნაჭდევების მიხედვით უსწორდებოდენენ ხაბაზს.

ასე გაატარა მამა ილარიონმა ექვსი თვე ტუსაღების მსახურებაში.

ამავე საპყრობილის ცალკე სენაკში თოკზე ორი ტუსაღი ჩამოკიდეს: ერთი ქრისტიანი, მეორე კი მდიდარი თურქი ბანკირი, რომელსაც ფაშა წამებითა და ტანჯვით სახელმწიფო საჭიროებისათვის ფულს სძალავდა. ფეხებით და ხელებით ისე დაჰკიდეს, რომ პატარა მოძრაობაზე თოკი ტრიალს იწყებდა და ქანაობდნენ.

მათ განსაკუთრებული მცველები მიუჩინეს, რომელთაც მუდამ დატენილი ჰქონდათ იარაღი და ხმლები კი გაშიშვლებული. ისინი პატიმრებთან მიახლოების ნებას არავის აძლევდენენ, ამგვარად, ისინი შიმშილითა და წყურვილით სიკვდილისათვის იყვნენ განწირულნი.

ცხელი დღე იდგა, თოკებზე ჩამოკიდულნი წყურვილით იტანჯებოდნენ: ტუჩები დაუსივდათ და დაუსკდათ. საპყრობილეში ხშირად ნამყოფმა მამა ილარიონმა მთელი ყურადღება ამ ორი უბედურის დახმარებაზე გადაიტანა. მაგრამ მათი დახმარება შეიძლება სიცოცხლის ფასად დაჯდომოდა.

თოფრაში ორი დიდი მსხალი ჩაიდო, მათარა წყლით გაავსო და მათთან მისასვლელად მოხერხებულ დროს დაელოდა. და, აი, შეამჩნია, რომ იარაღშემართულ სარდარებს ჩაეძინათ. მამა ილარიონი ჩუმად გაძვრა მათ შორის. ყველას გასაოცრად, ვიწრო გასასვლელის მიუხედავად, მცველებს არ გაღვიძებიათ. მიუახლოვდა ერთ დაკიდებულს, პირში ცოტაოდენი წყალი ჩაუსხა, მერე კი მეორეს, სამჯერ გაიმეორა ასე, შემდეგ თითოეულს მსხალი ჩაუდო. ბერის თავგანწირვა რომ დაინახა, თურქმა ამოილუღლუღა: "ალაჰი მოგიზღავს კეთილი საქმებისთვის, სწრაფად წადი, რომ მცველებმა არ აგკუწონ!"

ყველა პატიმარი მღელვარებით უცქერდა მამა ილარიონს, საქმეს რომ მორჩა, წასვლა დააპირა, მაგრამ დაბრუნებისას, სიფრთხილის მიუხედავად, მაინც წამოედო ერთ-ერთ მძინარე დარაჯს და ორივემ გაიღვიძა. მაგრამ ღმერთმა, რომელმაც მანამდე ძილი მოჰგვარა დარაჯებს, მანვე უცნაურად დაიფარა მამა ილარიონი. გაღვიძებულები უცქერდნენ ბერის საქციელს, მაგრამ გაუნძრევლად იდგნენ განცვიფრებულნი და არაფერი ავნეს მას. ამ გმირობამ ტყვეები სიკვდილს გადაარჩინა, - მისცა მათ სასიცოცხლო ძალები.

ამასობაში თურქი ბანკირის ნათესავმა იშუამდგომლა ფაშასთან და გამოიხსნა. მაგრამ ეს მოხდა ბერის ათონზე წასვლის მერე. ბანკირი ყველას უამბობდა მამა ილარიონის გმირობის ამბავს და გაიძახოდა: "მაჩვენეთ, დამანახეთ ის, ოქროთი დავაჯილდოვებ, მის სახეს ოქროთი ჩამოვასხამ და თაყვანს ვსცემ, როგორც ჩემს მხსნელს!"

ამ ამბის შემდეგ მალევე მამა ილარიონი შევიდა საპყრობილეში პატიმრებთან გამოსამშვიდობებლად და უთხრა, წუხელ ღვთისაგან მეუწყა, რომ დავტოვო თქვენი მსახურება და ათონზე წავიდეო. თვითონ თავისთავად არასოდეს მიატოვებდა მათ, მაგრამ ღვთის ბრძანებას დაემორჩილა. თავის სანაცვლოდ იპოვა კაცი, რომელიც მზად იყო, პატიმრებს მომსახურებოდა. ღვთისმოყვარე სპანდონმა ფულის გადახდა იკისრა, მამა ილარიონმა აუხსნა, რა და როგორ უნდა გაეკეთებინა, გამოემშვიდობა ყველას და გზას გაუდგა. მეორე დღეს, ბერის გამგზავრების შემდეგ, ყველამ გაიგო, რომ ფაშამ ჯალათს მისთვის თავის მოკვეთა უბრძანა. მაშინ ყველა პატიმარმა ადიდა ღმერთი, რომელიც იფარავს თავის მონებს და ბერის წასვლით გამოწვეული მწუხარება სიხარულით შეიცვალა.

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე


ათონზე დაბრუნება და მეუდაბნოება


მამა ილარიონი ათონზე ფეხით დაბრუნდა, თან საკუთარ თავს საყვედურობდა, რომ მოწამის გვირგვინი ვერ დაიმსახურა. ის წმინდა დიონისეს მონასტერში, ანუ დიონისიატში დასახლდა. იმავე მორჩილებას ასრულებდა და ამავე დროს თურქებსაც ემსახურებოდა, რომლებიც იმ დროს მრავლად იყვნენ მთაწმინდის მონასტრებში; იმდენად ბევრნი, რომ მონაზვნებისთვის ადგილი აღარც კი იყო. მარტო დიონისეს მონასტერში ორმოცდაათი თურქი ბინადრობდა.

ამ გარემოებმა აიძულა მამა ილარიონი, უდაბნოში გასულიყო - მონასტრის ახლოს, მთის ქვეშ, გამოქვაბულში დასახლდა, სადაც ორწელიწადნახევარი დაჰყო.

მას აქ არანაირი საზრდო არ ჰქონდა. თავდაპირველად ვიღაცამ გოგრა მისცა. ყოველ დღე პატარ-პატარა ნაჭერს აჭრიდა და უმად მიირთმევდა. მალე წყალიც გაუთავდა.

მღვიმეში კიდევ სამი დღე დაჰყო და შემდეგ კი საკვების სათხოვნელად მონასტერში წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ როგორც კი გამოქვაბულიდან გამოვიდა, ერთი ტომარა ფქვილი იპოვა. ვინ, როდის და როგორ მოიტანა, გაუგებარი დარჩა. მონასტერში წავიდა ამბის გასაგებად - მათ ხომ არ გამომიგზავნესო. მაგრამ იქ არავის უფიქრია რამის მიტანა, რადგან თვითონ მონაზვნებსაც არაფერი ჰქონდათ საჭმელი. მაშინ მამა ილარიონმა ნახევარი ფქვილი მონასტერს მისცა. ცომს ზელდა და ხან უმად, ხან გამომცხვარს იხმევდა.

შემდეგ კი კაცთა მოდგმის მტრის შურით მას საშინელი ხორციელი ბრძოლა აღეძრა, და ის ამ მღვიმიდან კატუნაკში გადავიდა, სადაც ბევრ მღვიმეში იცხოვრა და გამოსცადა ყველაზე დიდი უმძიმესი განსაცდელები, რომლებიც მრავალი წელი გრძელდებოდა. გამოქვაბულებში სამი წელი გაატარა. ამ დროის მანძილზე მას არ უჭამია არც პური და არც რაიმე მოხარშული, საზრდოდ მხოლოდ მინდვრის მხალს, ფესვებსა და წაბლს იღებდა. ხორცის მოკვდინებით უხილავ მტერს ებრძოდა. მამა ილარიონი თითქოს ბაბილონის სახმილით იწვოდა. ბრძოლა იმდენად ძლიერი იყო, რომ სამი წლის განმავლობაში არც დღისით, არც ღამით არ დაუსვენია.

ვინც მას იცნობდა, ამბობდა, - როცა ის კატუნაკში ცხოვრობდა, წმინდა ანასა და წმინდა ბასილის სკიტებს შორის არ დარჩენილა ადგილი, თითქმის ქვაც კი, ცრემლით არ დაენამა და შემუსრავდა გველის თავს, რომელიც ჯოჯოხეთური ძალებით აღმდგარიყო მის წინააღმდეგ.

ამ დროს მკაცრ მდუმარებას ინახავდა და კაცთაგან თითქმის არავის ნახულობდა. თუ შემთხვევით ვინმე მეუდაბნოეს შეხვდებოდა, თავს არიდებდა და მდუმარებას არ არღვევდა. ერთხელ, მტრის უძლიერესი თავდასხმის დროს, უსმელ-უჭმელმა ორმოცი დღე ჯვარზე გაკრულმა გაატარა და შეუსვენებლად ებრძოდა და სძლევდა მასზე ბუნების მიერ აღძრულ მტერს, რომელიც იმ დროს იმდენად გამძვინვარდა, რომ სულიერი ცეცხლის გარდა, დასაწვავად ნივთიერი ცეცხლიც შეუნთო, მაგრამ ამითაც ვერ სძლია მხნე მეომარს.

გარდა ხორციელი ვნებებისა მტერი სხვადასხვანაირად ცდილობდა მის ცდუნებას. თავს ესხმოდა ეთიოპების, მეომრებისა და მხეცების სახით. ყველაფერ ამას იმიტომ აკეთებდა, რომ ბერდიდი ლოცვისთვის მოეწყვიტა.

მღვიმეში უკიდურესი სინესტისაგან მამა ილარიონს თითქმის მთელი თმა გასცვივდა. ეს მღვიმე ძალზე ფართო იყო, ერთი მხრიდან სრულიად დაუცველი და წვიმისგან სველდებოდა. ნესტს შიმშილი და ავადმყოფობა ემატებოდა, მუდმივი გაციებით ძლიერ იტანჯებოდა. ფეხები დაუსივდა და ხშირად მღვიმიდან გამოსვლაც კი არ შეეძლო.

ერთხელ, ავადმყოფობისას, წყალი გაუთავდა და რაკი ქვემოთ, წყაროსთან ჩასვლა არ შეეძლო, ლოცვა დაიწყო. ღმერთმა მაშინვე წვიმის ღრუბელი გამოუგზავნა, რომელიც ზუსტად მღვიმის თავზე გაჩერდა. წვიმამ ყველა ჭურჭელი წყლით აავსო. სამი წლის შემდეგ კი, უფალმა, რომელიც თავის ერთგულ მონაზე დიდად ზრუნავს, მას ყველაფერი გაუგზავნა, რაც სჭირდებოდა და ეს ასე მოხდა: მღვიმეში მყოფი მამა ილარიონი ხშირად ხუთი, ათი და თხუთმეტი დღის განმავლობაში არაფერს სჭამდა. არ ჰქონდა პური, არც სხვა რაიმე. მთლიანად ღვთის განგებას მიენდო და ამბობდა, თუ უფალი ისურვებს, ყველაფერს აუცლებლად გამომიგზავნისო.

და, აი მღვიმეში ცხოვრების მესამე წლის დასასრულს ერთმა ბერმა, რომელიც სილენგოზებს (ლოკოკინებს) აგროვებდა, მამა ილარიონის მღვიმეში შეიარა და ძლიერ ღონემიხდილი ნახა. როცა გაიგო, თხუთმეტი დღე არაფერი ეჭამა, სილენგოზებით დააპურა. შემდეგ წავიდა და მისი ამბავი სკიტში მოჰყვა. მას მერე, რაც ხალხმა შეიტყო მისი სამყოფელი, ყოველი მხრიდან იწყეს მოსვლა მამა ილარიონთან და თან საკვები მოჰქონდათ, მასში წმინდა მამას ხედავდნენ და რჩევისთვის აკითხავდნენ.

უფრო ადრე უჭმელად ორი კვირა გაატარა. მარხვით ისე გამოიფიტა, რომ განძრევა არ შეეძლო. იწვა და სიკვდილს ელოდა. ღვთის განგებულებით ერთმა მეუდაბნოემ, რომელსაც სადღაც ორცხობილა ეყიდა, თავისი ბარგით ბერის მღვიმეს ჩაუარა (ამ ადგილის ცოტა ზემოთ წმინდა ანას სავანიდან ლავრაში ბილიკი მიემართება). გზად ძლიერ მოსწყურდა, წყაროზე რომ ჩავიდა, რომელიც ბერის მღვიმის ქვემოთ იყო, მამა ილარიონთან შესვლა გადაწყვიტა. მღვიმეში ბერი მომაკვდავი იხილა. მიხვდა, რომ სრულიად გამოფიტული იყო. პირში წყალი ჩაასხა და დამბალი ორცხობილა ჩაუდო, რითაც სიცოცხლე შეუნარჩუნა.

ამის შემდეგ მალევე მამა ილარიონმა მღვიმე დატოვა, რადგან მასთან სულიერი რჩევისთვის ყოველი მხრიდან უამრავი ადამიანი მოდიოდა. თავდაპირველად ცდილობდა, არავინ შეეშვა თავისთან, მერე გადაწყვიტა, მდუმარებისა და განუწყვეტელი ლოცვისათვის საერთოდ გაქცეოდა ადამიანებს.


დაყუდება

მნახველთა სიმრავლით შეწუხებულმა მამა ილარიონმა განიზრახა, უფრო დიდ ღვაწლს შედგომოდა - სრულ განდეგილობას მისცემოდა, რაც აღასრულა კიდეც - დაეყუდა რა ახალი სკიტის გოდოლში, რაზეც კურთხევა წინასწარ გამოითხოვა წმინდა პავლეს მონასტერში. დაყუდებაში სამ წლამდე გაატარა. მისი ცხოვრების წესი ამგვარი იყო: დღეში ერთხელ ჭამდა მხოლოდ პურსა და ორცხობილას; პარასკევობით კი არაფერს იღებდა.

ათონზე ჩასვლისას ბერდიდი ისე ბევრს ჭამდა, რომ მას დღეში სამი ფუნტი პურიც კი არ ჰყოფნიდა. როცა დაეყუდა, ღირსი მაკარი დიდის მსაგავსად, დანამცეცებულ ორცხობილას წვრილყელიან ხაპში ყრიდა, იქიდან კი იმდენს იღებდა, რამდენიც პეშვს ამოჰყვებოდა და მთელ დღე ეს ჰყოფნიდა.

სკიტმა ბერდიდს მოსამსახურედ დაუნიშნა მამა გერასიმე, რომელიც ყოველ თხუთმეტ დღეში ერთხელ მიდიოდა მასთან და ორცხობილა მიჰქონდა.

მამა ილარიონი წყალსაც ზომით სვამდა - დღეში ერთ პატარა ჭიქას. როცა ბერდიდი პეტერბურგში, მეფის სასახლეში ცხოვრობდა, ძალზე ბევრ ღვინოს სვამდა, ათონზე ჩამოსულმა ასევე დიდი რაოდენობის წყლის სმა დაიწყო, რის გამოც ყოველთვის ისე ოფლიანობდა, რომ მაუდის პერანგების გაშრობას ვერ ასწრებდა.

როცა მამა ილარიონი მღვიმეებში ცხოვრობდა, მისი მოძღვარი იყო ბერდიდი ნეოფიტე კარამანლისი, რომელმაც იხილა რა მის მიერ ასე უზომოდ წყლის სმა, აუკრძალა და მოკლე ხანში მისი დღიური ნორმა ერთ პატარა ჭიქაზე დაუყვანა, ეუბნებოდა, რომ თვითნებობა უსარგებლოა, ხოლო წყლის უზომოდ სმა კი აავადებსო.

მამა ილარიონს სასახლეში ცხოვრებისას უჭირდა დაჩოქება, დიდ მეტანიებსაც ვერ ასრულებდა, ხოლო როცა ათონზე მოვიდა, იწყო ბევრი დიდი მეტანიის ასრულება და დაყუდებისას უფრო გაამრავლა. დღეში ორი საათი ეძინა, შემდგომში კი მხოლოდ ერთი.

ასეთი გარეგნული ღვაწლით სულიერი ჭვრეტისა და გონებისმიერი ლოცვის ზღვაში ჩაეშვა. მაგრამ ამას სასტიკი სულიერი ბრძოლა მოჰყვა. ხშირად დემონები ჯოგებად ეცხადებოდნენ, როგორც მეომართა ლეგიონები. მოდიოდნენ გოდოლთან, თითქოს უსაფრდებოდნენ, ესხმოდნენ, გვირაბს თხრიდნენ და ასე შემდეგ. მაგრამ ვერაფერს ვნებდნენ და შერცხვენილნი მიდიოდნენ, თან იქადნებოდნენ, - სულ ერთია, მაინც ხელს აგაღებინებთ დაყუდებაზეო. ზოგჯერ ეს ეშმაკთა სიმრავლე ბერდიდის შესაშინებლად გაჰკიოდა:

- სამი მხარე აღებულია, დარჩა ერთი და ამასაც ავიღებთო!

მამა ილარიონი ახალდაყუდებული იყო. ჩვეულებისამებრ მამა გერასიმე ეახლა და სურსათი მოუტანა. შევიდა მამა ილარიონთან, დაჯდა კუთხეში და ორივე მოსანგრემ სულის საცხოვნებელ თემაზე იწყო ლაპარაკი. უცებ კიბეზე მომავალი ადამიანის ნაბიჯების ხმა მოესმათ.

იგი ისე მძიმედ მოაბიჯებდა, რომ გოდოლის კედლები ზანზარებდა, თან ხმაზე ეტყობოდა, უზარმაზარ ხმალს მოათრევდა, მათ იცოდნენ კარი შიგნიდან იყო დაკეტილი. ამიტომ გაუკვირდათ, როგორ შეძლო ამ კაცმა შემოსვლა. ამასობაში, ნაბიჯები მოახლოვდა, კარი გაიღო და თავით ფეხებამდე შეიარაღებული, ეპილოტებიან მუნდირში გამოწყობილი მაღალი მეომარი შემოვიდა. მან ქარქაშიდან ხმალი იძრო და გაშმაგებულმა ყვირილით მამა ილარიონს მოუღერა: "ჩემს წინააღმდეგ?!" უეცარი გამოჩენისა და მეომრის საშინელი შესახედაობის გამო მამა ილარიონი გაიწია კედლისაკენ, ის ამ დროს იქვე, მახლობლად, ჩიჩობზე იჯდა. ღვთის განგებას სრულიად მინდობილმა ხელები აღაპყრო, უფალს მოუხმო და დემონი იმწასვე გაქრა. ამის შემსწრე მამა გერასიმე შიშით გაშეშდა.

ერთხელ მამა ილარიონს დემონების ურდო გამოეცხადა; მაგრამ დიდბერის მხნე და ურყევ რწმენას შეხვდნენ, ვერ შესძლეს მისთვის ზიანის მიყენება და უთხრეს:

- ნუ იფიქრებ, რომ გადარჩი! აუცილებლად დაგცემთ, ხალხს აგიმხედრებთ, თურქებს აგიშარებთ, ამ ადგილს გადავთხრით ისე, რომ ქვა ქვაზე არ დარჩება!

ამაზე მამა ილარიონმა მიუგო:

- დიდება უფალს! თუკი ღვთის ნებაა, აჰა, შემჭამეთ!

ასეთი სიმტკიცის შემხედვარე დემონებმა შესძახეს:

- იცი, ვის აღუდგები, ვისთან გაქვს საქმე?!.

ამ დროს გოდოლის ჭერი გაირღვა და მამა ილარიონის წინაშე გოლიათი დემონი გაჩნდა, რომელიც თავით ვარსკვლავიან ცას ებჯინებოდა! მაშინვე მამა ილარიონმა ლოცვა დაიწყო და ქრისტეს სახელის ძალით ძლეული დემონი გაქრა.

იყო დრო, როცა უფალი მიუშვებდა ეშმაკებს და ისინიც ბოროტი გაშმაგებით ესხმოდნენ ბერდიდს, ცემით სიკვდილის პირას მიჰყავდათ.

გოდოლში გადასვლით მამა ილარიონი რჩევისთვის მისულ ხალხს გაექცა. მამა გერასიმესა და თავისი მოძღვრის, ნეოფიტე კარამანლისის გარდა, არავის იღებდა. თუმცა მოძღვარიც ძლიერ იშვიათად ნახულობდა. გოდოლში გადასვლიდან მალე იგი მოძღვარმა მოინახულა და ჰკითხა:

- რატომ დატოვე მღვიმე და აქ გადმოხვედი?

- მნახველებმა მაიძულეს, - უპასუხა მამა ილარიონმა.

- კურთხევის გარეშე როგორ შეუდექი ასეთ დიდ ღვაწლს? - კვლავ ჰკითხა მოძღვარმა.

რაზეც მამა ილარიონმა უპასუხა, რომ რადგან მოძღვარი იმ დროს შინ არ იყო (მამა ნეოფიტე მოძღვარი გახლდათ ათონის მეუდაბნოებისა და მათ სააღსარებოდ და საზიარებლად ხშირად დადიოდა ხოლმე უდაბნოებში), მიმართა ადრინდელ მოძღვარს, დიონისეს მონასტრის იღუმენ სტეფანეს და მისგან გამოითხოვა ლოცვა-კურთხევა. თან დაუმატა: - მე ყველა მადიდებს, და მოვედი იმ პირობით, რომ აქ აღვესრულოო.

ერთხელ მამა ილარიონმა მოისურვა უძილობას მისჩვეოდა და თორმეტი დღე-ღამე არ დაუძინია, რამაც სრულიად შეურყია ჯანმრთელობა: მთელი სხეული უკანკალებდა, ხოლო თავრუ ისე ეხვეოდა, რომ სამყარო მის წინაშე ტრიალებდა; ამასთან ერთად გონებაც დაებინდა. ყოვლადცბიერი ეშმაკი ხედავდა ბერდიდის ამგვარ მდგომარეობას, მიეპარა და შთაგონება დაუწყო: - აი, უკვე ხიბლში ხარ, უბრძანე, კისერზე თოკი შემოგახვიონ და კედელზე მიგაბან. მოწაფეს უთხარი, მოგკლას, რადგან ჭკუა სავსებით გამოგეცალა და არაფრის მაქნისი არა ხარო...

როცა მამა გერასიმე მოვიდა, მამა ილარიონმა მას ბოროტი სულის ამ შთაგონების შესახებ უამბო. მამა გერასიმემ არ იცოდა, თუ რამხელა ღვაწლს შეუდგა იგი და უთხრა, ეგ ალბათ ავადმყოფობის ბრალი იქნებაო. მაგრამ როცა დაწვრილებით გამოკითხა, შეიტყო რომ თორმეტი დღე არ დაუძინია, ძილი საერთოდ გაუტყდა და ვერ იძინებდა. ცოტაოდენი წყალი დაალევინა და ურჩია, დამშვიდებულიყო, ბერმა რამდენიმე წამით ჩათვლიმა.

შემდეგ მამა გერასიმემ კვლავ ცოტაოდენი წყალი დაალევინა დამბალი ორცხობილაც მისცა, ამან ისე კარგად იმოქმედა ბერზე, რომ კიდევ რამდენიმე წუთით ჩაეძინა. წყლისა და პურის ასე ცოტ-ცოტა მიღებით მთელი საათი ეძინა და მალე სრულიად გამოჯანმრთელდა.

როგორც უკვე ითქვა, მამა გერასიმე მამა ილარიონს ყოველ მეთხუთმეტე დღეს უზიდავდა საზრდელს და გოდოლის შესასვლელში ტოვებდა. ერთხელ მამა გერასიმეს დაავიწყდა დადგენილი ულუფის მიტანა. როცა დრო მოვიდა და მამა ილარიონი ორცხობილების ასაღებად გამოვიდა, იქ ვერაფერი ნახა, თქვა: ეტყობა, ღმერთი გამომცდისო!

თუმცა მას შეეძლო გამვლელთათვის დაეძახა, არ ისურვა და ღვთის განგებას მიენდო. ცხრა დღე მშიერმა ჩვეულ ღვაწლში გაატარა. ამასობაში დასუსტდა და თავისი ჩვეული ლოცვითი კანონის შესრულება აღარ შეეძლო. რის გამოც გულზე ხელებდაკრეფილი დაჯდა ჩიჩობზე და ამგვარ მდგომარებაში დაჰყო ექვსი დღე. გავიდა თხუთმეტი დღე და მამა გერასიმეც მოვიდა. თავისდა გასაკვირად, ბერდიდი ძალგამოცლილი, ცოცხალმკვდარი იხილა.

მან ჰკითხა, ავად ხომ არ ხარო. არა, ჯანმრთელი ვარ, ოღონდ ძლიერ დავსუსტდიო, - უპასუხა ბერმა. უცებ მამა გერასიმეს გაახსენდა, რომ გასულ ჯერზე მისთვის არც წყალი და არც საკვები არ მიუტანია. ძალზე შეწუხდა, საკუთარ თავს გულმავიწყობისთვის ლანძღვა დაუწყო და ბერის დაპურება მოისურვა, მაგრამ ვერ შესძლო, რადგან ძლიერ მისწებებოდა ტუჩები. წყალი გაათბო, მასში ორცხობილა ჩაალბო და პირში ჩაუდო.

ბერდიდს ძალღონე ნელ-ნელა აღუდგა. შემდეგში ასეთი რამ რომ არ განმეორებულიყო, ისინი შეთანხმდნენ, მამა ილარიონი საჭიროების შემთხვევაში ცხვირსახოცს ფანჯარაში გამოფენდა.

ერთხელ ეშმაკები მას ისეთი რაოდენობით გამოეცხადნენ, რომ გოდოლს ზვავად ასკდებოდნენ და გაჰკიოდნენ: "გადავაგდოთ, გადავაგდოთ!" ბერმა უშიშრად უპასუხა: "თუ ღვთის ნება არის, გადამაგდეთო!" ღვთის სახელის ხსენებაზე ეშმაკები გაქრნენ. სხვა დროს კი დაემუქრნენ, გოდოლში ჩაგნამქრავთო. მართლაც, ზამთრის ერთ ქარბუქიან დღეს სახურავი ჩატყდა და იმდენი თოვლი ჩამოიყარა, რომ ბერი ჩამარხა. სამი დღე თოვლში იყო, ვიდრე ის სკიტის ძმებმა არ ამოთხარეს. ნახეს რა სიკვდილის პირას მისული, არქონდარიკში წაიყვანეს და გონს ძლივს მოიყვანეს.

ძლიერ ევედრებოდნენ განდეგილობას შეშვებოდა, მაგრამ ბერდიდი არ დათახმდა. ამის მერე ის მთელი სიცოცხლე რევმატიზმით იტანჯებოდა. ეს ავადმყოფობა არა მარტო ნამქერში სამდღიანი ყოფნით იყო გამწვეული, არამედ ცივი შენობის სინესტითაც (გოდოლში ჭერიდან წყალი ჩამოდიოდა), რომელიც მამა ილარიონს მთელ სხეულში გაუჯდა და მხოლოდ ძლიერი აღნაგობის წყალობით არ ამოხდა სული ამ სამწლიან განდეგილობაში.

ერთხელ ანატოლიელი მომლოცველები, რომლებიც გემით სკიტის სიახლოვეს მიცურავდნენ და მამა ილარიონის შესახებ გაეგონათ, ძლიერ შტორმში მოხვდნენ და გადარჩენის იმედი თითქმის გადასწუროდათ. მათ ლოცვით უფალს მიმართეს და სთხოვეს:

- ბერდიდი ილარიონის ლოცვით, შეგვიწყალეო!

უფალმა შეიწყალა ისინი და ქარიშხალი მაშინვე ჩადგა. ნაპირს რომ მიადგნენ, მომლოცველებმა თავიანთ კეთილისმყოფელს მიაშურეს მადლობის სათქმელად, მაგრამ მათ გოდოლი დაკეტილი დახვდათ. მამა გერასიმეს სთხოვეს, მათთვის კარები გაეღო, რათა შესულიყვნენ და ბერისთვის თაყვანი ეცათ, რაზეც მან უარი განუცხადა.

მაშინ ორი მათგანი რაღაცნაირად გოდოლის ქვედა სარკმელში შესძვრა და კარები შიგნიდან გააღეს. მამა ილარიონს ისინი ეშმაკები ეგონა და ყოველთვის უშიშარი, ახლა ძლიერ შეშინდა - უფალი ამით გვიჩვენებს ხოლმე, რომ მის გარეშე არაფერი შეგვიძლიაო.

მომლოცველებმა ბერდიდს შიში შეამჩნიეს დააწმუნეს, რომ ადამიანები იყვნენ, შევიდნენ ბერდიდის სახლის გვერდით მდებარე ეკლესიაში და იწყეს ლოცვა და პირჯვრის წერა. მერე კი მივიდნენ ბერდიდთან, თაყვანისცეს მას, ფეხებზე ეამბორნენ და დახრჩობისაგან გადარჩენისთვის ჰმადლობდნენ.

ამ სტუმრობამ მამა ილარიონში იმდენად დიდი სულიერი ბრძოლა გამოიწვია, რომ გადაწყვიტა, განდეგილობაზე ხელი აეღო. ეშმაკები მოსვენებას არ აძლევდნენ და განუწყვეტლივ ჩასჩიჩინებდნენ: "აი, შენ უკვე წმინდანი ხარ, შენ უკვე სასწაულთმოქმედი ხარ!"

აღძრული გულისთქმების დასამდაბლებლად მამა ილარიონმა მამა გერასიმეს სთხოვა, ყველა მამისთვის ეთქვა მასზე, რომ ის ხიბლშია და მისთვის სკვნილზე ელოცათ. ასეც მოიქცნენ, მაგრამ ბრძოლა არა წყდებოდა, მაშინ მამა ილარიონმა სთხოვა მამა გერასიმეს, ხელები შემიკარი, როგორც გიჟი, სკიტის კელიებში ჩამომატარე და მამებს ჩემთვის ლოცვა სთხოვეო. მაგრამ ამ უკანასკნელის გაკეთებაზე მამა გერასიმე არ დასთანხმდა.

ერთხელ სავანეში მომლოცველთა ჯგუფი მოვიდა; მათ საკრებულო ტაძარს დიდი თანხა შესწირეს და როცა დაყუდებული მამის ამბავი შეიტყვეს, მისი ნახვა მოისურვეს, მაგრამ ბერდიდმა არ შეუშვა. მაშინ მათ ცოცხალი კიბის გაკეთება გადაწყვიტეს, ერთმანეთს მხრებზე შეადგნენ, რომ სარკმლამდე მიეღწიათ, მამა ილარიონის დანახვა და ბერდიდისაგან კურთხევის გამოეთხოვა შეძლებოდათ. მამა ილარიონმა მათი განზრახვა რომ იხილა, შეძრწუნდა, რადგან სარკმელი მაღლა იყო და მათი ახირება შესაძლოა ცუდად დამთავრებულიყო.

ბერს ძლიერი სულიერი ბრძოლა დაეწყო. ერთი გულისთქმა ეტოდა, რომ კარი გაეღო და უგუნურთა სიკვდილის მიზეზი არ გამხდარიყო, მეორე კი უკრძალავდა ერთხელ მიღებული წესის დარღვევას და ეუბნებოდა, მათ ბრალი არ ექნებოდა. რამდენიმე წუთის განმავლობაში სული უშფოთავდა, არ იცოდა საით გადახრილიყო საბოლოოდ, მოყვასის სიყვარულმა სძლია, შეეშინდა, არაფერი მოსვლოდათ, კარები სასწრაფოდ გააღო და მიიმალა.

მიღებული წესის დარღვევა მას აიძულებდა, უკან, გოდოლში, აღარ დაბრუნებულიყო. სკიტის მოძღვარს, მამა ლეონტის ფიქრები გაუმხილა. მან ის დაამშვიდა და დაარწმუნა, რომ გოდოლიდან გამოსვლა დაყუდების აღთქმის დარღვევად არ ჩაეთვალა და ურჩია, უკან დაბრუნებულიყო. მამა ილარიონი ასეც მოიქცა, თუმცა გოდოლში მცირე ხანსღა დარჩა.

დემონებმა ისარგებლეს ამ შემთხვევით და ალყაში მოაქციეს: მლოცველთა სახით, ერთი-მეორეს მიყოლებით ძვრებოდნენ გოდოლის სარკმელში. ბერდიდს კი ეუბნებოდნენ, ამას იმიტომ ვშვრებით, შიგნით არავის უშვებ, ჩვენ კი ძალიან გვინდა თანამემამულის ნახვა და რომლის გამოც ამხელა გზა გამოვიარეთ, რათა შენთვის რჩევა გვეკითხაო. მამა ილარიონს ნამდვილი მლოცველები ეგონა და საუბარიც გაუბა, დემონებსაც მხოლოდ ეს უნდოდა. ხალხისა და ეკლესიის უბედურებაზე საუბარი წამოიწყეს, ბოლოს კი ისე სცემეს, რომ ორი თვე ხმას ვერ იღებდა.

იმავე დროს ეშმაკები ბერის ხიბლში ჩაგდებას ცდილობდნენ, მოაჩვენეს, თითქოს ეზოში ისე მოთოვა, რომ თოვლმა ყველაზე მაღალ სარკმლამდე მიაღწია და მნახველები თავისუფლად შედიოდნენ მასთან. როცა ეს იხილა, გულისთქმამ უთხრა: "წადი, წადი აქედან ჩქარა!" მაგრამ მამა ილარიონმა ხმამაღლა უპასუხა: მოვკვდები და აქედან არ წავალო. ეშმაკები ამ სიტყვების გაგონებაზე გაქრნენ.

მამა ილარიონის დაყუდების მესამე წელს საიდანღაც მღვდელმთავარი ჩამოვიდა და მასთან სულის მარგებელი საუბარი მოისურვა; მიუხედავად დიდი ხვეწნისა, ბერდიდმა იგი არ მიიღო. ამით შეურაცხყოფილმა ეპისკოპოსმა ხმამაღლა თქვა:

- ფრთხილად, მესვეტევ! ამგვარი დაყუდებით ამპარტავნებაში არ ჩავარდე! შენ არად ჩააგდე მღვდელმთავარი, რომელიც უბრალო ცნობისმოყვარეობის კი არა, სულიერი სარგებლისათვის მოვიდა შენთან. ამისთვის ღმერთი დაგსჯის!

მღვდელმთავრის წასვლისთანავე, როცა მამა ილარიონი თავის კანონს ჩამოილოცავდა, ციდან ცეცხლი გარდამოვიდა და მოსწვა იგი, ამასთან, თითქოს ჭკუაზეც აღარ იყო. ასეთი ძალმოსილი გახლდათ მღვდელმთავრის სიტყვა. მაგრამ უფალმა ეს მამა ილარიონისა და მისი გამოცდილებით სავსე სიტყვებს მოწყურებულთა სასიკეთოდ მოიმოქმედა, რადგანაც მას ადრინდელი სნეულების გამო გოდოლში დიდხანს დარჩენა არ შეეძლო.

მისი განდეგილობის ბოლო ხანს, მან ეშმაკთა უთვალავი ლეგიონები იხილა, რომლებიც წმინდა პავლეს ქვიშებიდან მისი გოდოლისკენ ნახევარი საათის სავალ მანძილზე უწყვეტ ნაკადად მოდიოდნენ. ღვთის დაშვებით ანტონი დიდის, აბრაამისა და სხვათა მსგავსად, ბერდიდს ისე სცემეს, რომ ცოცხალი ძლივს გადარჩა. სამი დღის შემდეგ მამა გერასიმემ საჭმელი მოუტანა და ბერი იატაკზე გართხმული, ცოცხალ-მკვდარი იხილა. მამა გერასიმემ სხვებსაც მოუხმო, ბერდიდი უახლოეს კელიაში გადაიყვანეს და იქ საერთო ძალისხმევით გონს მოიყვანეს.

როცა მამა ილარიონი გამოფხიზლდა, თავის განსაცდელებზე მოჰყვა და ითხოვა, გოდოლშივე დაებრუნებინათ, მაგრამ სკიტელმა მამებმა ეს არ დაუშვეს, მოუხმეს მის მეგობარს, მამა ბენედიქტეს და სთხოვეს, მამა ილარიონის სულიერ მდგომარეობაში გარკვეულიყო. მამა ილარიონთან საუბრის მერე მამა ბენედიქტემ მამებს გამოუცხადა, რომ მისი დაყუდებული ცხოვრება აღარ შეიძლებოდა, ისინი ერთსულოვნად დაეთანხმნენ.

მამა ილარიონი მამათა გადაწყვეტილებას მდაბლად დაემორჩილა. ის წმინდა ხარლამპეს კელიაში მოათავსეს, მასზე ზრუნვა კი მამა ბენედიქტემ იდო თავს. მალე ბერდიდი გამოჯანმრთელდა. ზურგი დემონების ნაგვემი ჰქონდა, ორი თვე ლოგინად იყო ჩავარდნილი და მთელი სხეულით იტანჯებოდა. მისი სულიერი მდგომარეობაც საფრთხეში იყო.

მოსაგრე ცხოვრებაში გამოცდილმა მამა ბენედიქტემ კელიაში გადადგილების გარდა, ყველაფერში მკვეთრად მოკვეთა მამა ილარიონის ნება. აიძულა, ეჭამა კარაქი, თევზი და ყველი. მამა ილარიონი იმდენად ბრძენი და მორჩილი იყო, რომ მეგობრის კეთილგონიერების რწმენით ყველაფერს უსიტყვოდ ასრულებდა.

გამოჯანმრთელებული მამა ილარიონი დიონისეს მონასტრის წმინდა იაკობ მოციქულის კელიაში გადაიყვანეს, სადაც მცირე ხანს ცხოვრობდა. გოდოლიდან გამოყოლილი რევმატიზმი თავს ახსენებდა და საშინლად სტანჯავდა. გარდა ამისა, ძმებს შორის ზიარების საიდუმლოს თაობაზე აზრთა სხვადასხვაობა ზნეობრივ ტკივილს აყენებდა. ერთნი დაჟინებით ამტკიცებდნენ, ძმები ყოველ კვირას უნდა ეზიარონ წმინდა საიდუმლოსო, სხვები თვეში ერთხელ ამბობდნენ და სხვები კი სხვას გაიძახოდნენ! ამის გამო განხეთქილება მოხდა და ყველა ცდილობდა მამა ილარიონის გადაბირებას. ამან ღრმად დაამწუხარა ბერდიდის მშვიდობისმოყვარე სული და უკვე ორი თვის შემდეგ ივერთა მონასტერში გადავიდა.

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე


ივერონში დასახლება და მოწაფეების მიღება

ივერონში მამა ილარიონი ავადმყოფი დასახლდა. მაგრამ, როგორც კი ოდნავ მომჯობინდა, იქაურ ქართულ წიგნთსაცავს მიხედა. შეადგინა კატალოგი, შემდეგ კი წიგნებიდან და ხელნაწერებიდან ამონარიდებით თორმეტი ტომი შეადგინა, რომელთაც "ყვავილნარი" დაარქვა. წიგნებში ძირითადად წმინდათა ცხოვრებები იყო აღწერილი. ეს კრებული გადაეცა რუსეთში მიმავალ ზოგრაფის მონასტრის იღუმენს, რომელმაც ყველა ტომი ქართულ ენაზე გამოსცა, თუმცა არ იყო აღნიშნული, ვინ იყო "ყვავილნარის" შემდგენელი.

...

აქვე მცირე ხნით შევწყვეტთ "ცხოვრების" თხრობას და ვიტყვით, რომ ეს კატალოგი წმინდა ილარიონს პლატონ იოსელიანის თხოვნით შეუდგენია.

ხელნაწერთა ნუსხას წინ უძღვის შემდგენელის - წმინდა ილარიონის წერილი: "მის მაღალ ღირსებას, უფალს პარმენს, სიყვარულით თაყვანის-ვჰსცემ მარჯვენესა შენსა, უფალო, ნუსხა გეთხოვნა წიგნებისა და აღმძრა სიყვარულმან უსწავლელი და უგუნური და ხელ-ვჰყავ, აღვნუსხე, რაოდენიცა იპოვებოდა სიძველისაგან და უდროებისაგან განრყვნილ და სხვა ავაზაკთაგან განრყვნილი-ამოხეული. თათრები იყვნენ მონასტერშიდ ათი წელიწადი. სად-სად მიმოეყარათ ბერძნულიც და ქართულიც, უდროება მრავალჯერ ქმნილ არს და ესრეთა მიზეზთაგან წიგნებს მრავალი აკლია და ამისთვის ჩემებრ უსწავლელთაგან ძნელ არს გამოწვლილვით აღნუსხვა, მაგრამ რაოდენიც შეიძლებოდა ლოცვითა მამათა ვენედიკტოსითა და ბრძანებისა მონასტრისაა ესრეთ თავთავად წიგნად არ აღვნუსხე, რომ რომელიმე წიგნი თავი ოცდაათი იყო ოდესმე, ან თორმეტი არს და სხვა აკლს უდროებისგან და სხვა ოცი თავი და აწ ათი თავი ანუ ექვსი და კუალად თავებიც რომელიმე სრული არს და რომელიმე არა და ამისთვის სრული დავწერე და უსრული დაუტევე".

კატალოგის დასაწყისში წმინდა ილარიონი ამბობს: "საქართველოს ეთხოვა სერაფიმე არხიმანდრიტისთვის, ვითარმედ რაიცა წიგნი ქართული ივერიის მონასტერში იყოსო, მათი სახელები თითოეულად მოგვწერენო, ამისთვის საჭირო არისო და სერაფიმს აქ წიგნი მოეწერა და რომელიც ვიხილე სრული წიგნი განურყვნელი აქ დავწერე მათი სახელები და წარმოაგზავნა მონასტერმა; დაღაცათუ უცოდინარი ვარ და ცოდვილი, გარნა შეწევნითა ღვთისმშობლისაითა განვიხილე და დავწერე აქ თავებნი წიგნთანი, რომელიცა ვპოვე ვითარ შევიძელ, შემინდევით უფალნო".

წმინდა ილარიონი "დაბადების" თარგმანის აღწერისას აღნიშნავს წიგნების სავალალო მდგომარეობას და ამბობს: "ეს საქმეც იმისთვის გავბედე, რომ წიგნი მოგვივიდა ჩვენის არქიმანდრიტისაგან: "ითხოვს ეკლესია საქართველოისა, წიგნების სახელსა, რაი წიგნი არისო, და უკეთუ იპოვოს წიგნი ისეთი, რომ საქართველოშიდ არ იყოს, წარვგზავნით მწერალს და გარდავაწერინებთო", ესრეთი წიგნი მოვიდა მანდ მყოფის არქიმანდრიტისაგან ბერძნულად და მიბრძანეს, მამათა: "უკეთუ შეგეძლოს ცნობა, მხოლოდ წიგნის სახელი დასწერე და გავაგზავნითო". და მე უმეცრება წინა უყავ-მართლად, რომ უსწავლელი ვარ და გლახაკი: ვპოვე აქ ერთი რომელიმე სულით საქართველოდან მტყუვე ცოდვისაგან და აქ მოვარდი ამჟამად საგლოველად ცოდვისა და არა ესე ვითარი რაიმე ძალმიც, მაგრამ ვინათგან მაიძულეს მამათა და წარმოვგზავნეთ. გავბედავ და ვიტყვი, ვინაიდგან მაიძულებს ნაწლევი სიყვარულისა მშობელისათვის ქვეყანისა: განამრავლეთ სწავლა საღმრთოისა წერილისა და ნუ პითაღორასა და ნურცა პლატონისა... მესმის, სწავლა განმრავლდა საქართველოს შინაო და უხარის სულსა ჩემსა, უკეთუ სახარებასა და ცნობასა ქრისტესსა. უკეთუ არა - ვაი, ჩემდა, უბადრუკსა, რომელსაც სიბრძნესა და საქებელი და უკუნითი უკუნისამდე. და გარეშე ამისა - ეშმაკისაგან არსა. ღვთისთვის სიბრძნესა შეუდგეს შიში ღვთისა და შიშსა ღვთისასა - ხსენება სიკვდილისა და სასჯელისა, და ამათსა ხსენებასა შეუდგეს მოღვაწება და სათნოება და სიყვარული ღვთისა. ხოლო სიბრძნესა ეშმაკისასა შეუდგეს უდებება, ნაყროვანება, შფოთი, მტერობა, სიძულვილი და სხვანი მრავალნი უკეთურებანი და უბადრუკება. ხოლო უკეთუ პირველსა სიბრძნესა იწურთით - სამგზის სანატრელ ხართ და ჩემ ცოდვილისთვისცა სახარულევან და ვსასოებ, რომ ლოცვითა თქმითა ღირს ვიქმნე მეცა ცოდვილი განრომად სასჯელსა მას მერმესა; ხოლო უკეთუ შემდგომსა - ვაი ჩემდა, უბადრუკსა..."

...

პირველსავე სიტყვას მოვიდეთ:

ივერონში მან ექვს თვეს იცხოვრა და მთელი ეს ხანი მდუმარებაში გაატარა. გამოჯანმრთელების შემდეგ ნათლისმცემლის სკიტში გადავიდა, სადაც მისი თანამემამულეები - ქართველი მონაზვნები, ჯერ კიდევ მერვე საუკუნიდან ცხოვრობდნენ, აქ ის საკრებულო ტაძრის სიახლოვეს პატარა ქოხში დასახლდა.

კითხვაზე, თუ რატომ დატოვა გოდოლი და სკიტში გადავიდა, ბერი პასუხობდა:

- აქ ჭეშმარიტი მყუდროება ვპოვე, რამეთუ ჩემთან მოსულებს სკიტის მოძღვართან ვგზავნი, ვეუბნები, - მე მოძღვარი არა ვარ, აქ ჩემი ცოდვების დასატირებლად მოვედი-მეთქი.

ასე უფრთხილდებოდა ბერდიდი მყუდროებას - ყოველი გონებისმიერი მუშაკის აუცილებელ თანამგზავრს.

მიუხედავად იმისა, რომ ბერი თავისთან არავის უშვებდა და კელიის კარი მუდამ დაკეტილი ჰქონდა, ხალხი მასთან მაინც ძველებურად დადიოდა. ამის გამო გადაწყვიტა, აქაურობა დაეტოვებინა და წმინდა მთვარანგელოზთა კელიაში დასახლებულიყო, რომელიც მონასტერმა საკუთრივ მას აუშენა.

აქ მამა ილარიონთან ორი ძმა მოვიდა და სთხოვა, - შენთან დაგვტოვეო. ათონზე დასახლების მერე ისინი მორჩილად დაუდგნენ ერთ ბერს, რომელიც სამი წლის შემდეგ გარდაიცვალა და მოწაფეებს დიდი კელია დაუტოვა მიწის ნაკვეთთან ერთად. უმოძღვროდ დარჩენილები მალევე მიხვდნენ, რომ სულიერი ცხოვრების გარეშე ცხოვრება არ შეიძლებოდა. მაშინ უფროსი ძმა მაკარი ივერიის მონასტერში დასახლდა, სადაც იგი მიიწვიეს, როგორც კარგი კალიგრაფი. უმცროსი საბა კი სენაკში მარტო დარჩა და თავისთვის გამოცდილი ბერდიდის ძებნას შეუდგა. რაკი მამა ილარიონის სახელი მთელ ათონს მოედო, საბამ მასთან მისვლა გადაწყვიტა.

საბამ ბერდიდი დაკონკილი ჭუჭყიან სამოსელში იხილა. კუნკულიც ისეთივე ჰქონდა, ხოლო თმა და წვერი აბურძგნული.

საბამ ბერდიდს მორჩილად მიღება სთხოვა, მამა ილარიონმა ცივი უარი უთხრა:

- თუ ჩემთან დარჩენა გსურს, ამგვარი წესი უნდა დაიცვა: არავისგან არაფერი აიღო, ფული არ უნდა გქონდეს და სიცოცხლის ბოლომდე უნდა იმარხულო, მშრალ საჭმელს დასჯერდე და დღედაღამ ილოცო.

საბა ყველაფერს მშვიდად დათანხმდა და მასთან დასახლდა.

ამის მერე მალევე მაკარმაც მოიწადინა ბერთან ცხოვრება. ივერონის პროესტოსები მის დატოვებას ცდილობდნენ, სასწავლებლად აკადემიაში გაგზავნას ჰპირდებოდნენ, მაგრამ იგი ამ დაპირებმა ვერ მოხიბლა და მხოლოდ ის სურდა, რომ უფლის სამსახურით ცხონებულიყო. ექვსი თვის შემდეგ მაკარი მივიდა მამა ილარიონთან და მანაც მიიღო იგი.

მაკარი მტკიცე ხასიათისა იყო და მამა ილარიონის ნამცნევ ყველანაირ ღვაწლს აღასრულებდა, უდიდესი თავდადება ჰქონდა, მსგავსი ცოტას თუ შეუძლიან. მან სავსებით მიუძღვნა საკუთარი თავი მორჩილებას და ბერდიდის წინაშე ყველაფერში მოიკვეთავდა საკუთარ ნებას. მოუკლებელ ღვაწლში მყოფი ძალზე მალე - რვა წლის მერე გარდაიცვალა. და მისი აღსასრული მოწმობდა მამა ილარიონის დიდ სიბრძნეს, რომელმაც ასე მალე აიყვანა იგი სულიერი წარმატების უმაღლეს საფეხურზე.

საბა კი ქარაფშუტა იყო და თუმცა ბერდიდს უჯერებდა, ბევრ რამეს საკუთარი ნებით ასრულებდა და ხშირად ეკამათებოდა კიდეც. მამა ილარიონს კი, რახან ერთხელ მიიღო, მისი გაგდება არ უნდოდა, იმედი ჰქონდა, რომ მოთმინებითა და მამობრივი რჩევებით გამოასწორებდა გამოუცდელ ახალგაზრდას. ახალგაზრდული სწრაფვით წარტაცებულ საბას რამდენჯერმე სურდა ბერდიდ ჰაჯი-გიორგისთან წასულიყო კერასიაში. და ერთხელაც მივიდა, მაგრამ მიუხვდა რა მას სურვილსა და ცთუნებებს ბერმა ჰკითხა:

- შეასრულებ, რასაც გიბრძანებ?

ახალგაზრდა ძმებთან ყოფნისას გართობისა და თავისუფალი ცხოვრების იმედით საბა დათანხმდა და ბერს მიებარა.

მაგრამ მოძღვარმა ის თავისი კელიის გვერდით მდებარე დიდი ქვის ქვეშ წარმოქმნილ მღვიმეში დაასახლა და კვლავ ჰკითხა საბას:

- ყველაფერს დამიჯერებ?

მან მტკიცედ დაუდასტურა. შემდეგ მოძღვარმა ლოცვის წესი გააცნო და უთხრა, რომ თვითონ მიუტანდა საჭმელს, იმასვე, რასაც თავად ჭამდა.

ერთხანს საბა სიტყვას არ გადადიოდა და უსიტყვოდ მიირთმევდა მამა გიორგის მიტანილ საზრდელს; მაგრამ ასეთ აკრძალვებს დიდხანს ვერ გაუძლო, რადგან მამა ჰაჯი-გიორგი მას მხოლოდ ერთი ჯიშის უხეშსა და მწარე ბალახს უზიდავდა საჭმელად. საბამ, ისე რომ ბერდიდმა არ იცოდა, იწყო წმინდა ანას სკიტში გაპარვა და იქ პურისა და ორცხობილის მოპარვა. როცა ბერდიდი ადგილზე არ იყო, საბა საერთოდ დაუტევებდა დაყუდებას და პატიმრობიდან განთავისუფლებულს ემსგავსებოდა, ზოგიერთ ახალგაზრდა ძმასთან ერთად ბავშვურ თამაშს წამოიწყებდა.

ეს რომ შეიტყო ჰაჯი-გიორგიმ, ურჩობისა და თავქარიანობისთვის დატუქსა, თან დაუმატა, მაგ საჭმელს, რომელიც აუტანელად გეჩვენება, ჩემი გაკეთებულია და მე ვჭამ ყოველდღეო. თვითნებობისთვის დასასჯელად უთხრა, თუ ჩემთან ცხოვრება გსურს, დიდ კასრში უნდა ჩაჯდე და შიგ მანამდე იყო, ვიდრე არ დავრწმუნდები შენს გულწრფელ მორჩილებაში. თუ არ მოისურვებ, აქ აღარ გაგაჩერებო.

საბამ მოძღვრის წინაშე თავი დამნაშავედ იგრძნო და კასრში ჩაჯდა, სადაც ის ბერდიდმა ჩაამწყვდია და არსად უშვებდა. კასრი ძალზე დიდი იყო, ფართო, იქ მას თავისი კანონების შესრულება შეეძლო, მუხლის დრეკა და რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა; ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად კასრს ჭრილი ჰქონდა გაკეთებული.

მამა ჰაჯი-გიორგის მიზანი საბას გამოსწორება იყო, სურდა, მას დაყუდებისთვის ვერ გაეძლო და უკან, თავის მოძღვართან, ილარიონ ქართველთან წასულიყო.

ცოტა ხნის მერე მამა ჰაჯი გიორგი მამა საბასთან მივიდა და უთხრა, თითქოსდა მამა ილარიონის სიკვდილის ამბავი შეიტყო. საბა ატირდა, სახეში იცემდა და საკუთარ თავს ლანძღავდა მამა ილარიონის მიტოვების გამო. შემდეგ თქვა: - ამ კასრიდან არ ამოვალ და აქ მოვკვდებიო! მერე კი ვედრება დაუწყო ბერდიდს, - ღმერთს შეევედრე, რომ მამა ილარიონი მკვდრეთით აღადგინოსო.

მამა ჰაჯი-გიორგიმ საბას სინანული რომ იხილა, ჰკითხა: - მორჩილი იქნები ილარიონისა, თუ ის გაცოცხლდება? საბამ ტირილით მიუგო, - კუბოს ფიცრამდე ვუერთგულებ, ოღონდ კი ის გაცოცხლდეს, ვის წინაშეც დამნაშავედ ვგრძნობ თავსაო. ჰაჯი-გიორგი დაპირდა, რომ მამა ილარიონის მკვდრეთით აღდგენისთვის ილოცებდა.

რამდენიმე ხნის შემდეგ მან მამა საბას ხელი მოჰკიდა და მამა ილარიონთან წაიყვანა. საბა ვერ ითმენდა, სწრაფად სურდა შეეტყო, ცოცხალი იყო თუ არა ბერდიდი, სულ ჰაჯი-გიორგის წინ გარბოდა, ბოლოს გაიქცა. უკვე ბინდდებოდა. შორიდანვე მოჰკრა თვალი ბერდიდის კელიაში სინათლეს და მიხვდა, რომ ცოცხალი იყო. საბამ ჩაირბინა მის კელიამდე და კარზე დააკაკუნა.

- ვინა ხარ? - იკითხა მამა ილარიონმა.

- ძაღლი ვარ, - უპასუხა საბამ.

მამა ილარიონმა ხმაზე იცნო მოწაფე და გამოსძახა:

- მე ძაღლებისა მეშინია, ვაითუ მიკბინონ.

- მე შენი მოწაფე ვარ, - საწყალობლად წარმოთქვა საბამ

- მე მოწაფე ძაღლი არ მყავს, - უპასუხა ბერდიდმა და გაჩუმდა.

საბამ ხვეწნა დაუწყო, კარი გაეღო და უძღები შვილივით მიეღო, რადგან ყველაფერს ინანიებდა და პატიებას ითხოვდა. ამაზე კი ბერმა გამოსძახა, ვიდრე ჰაჯი-გიორგი არ მოვიდოდა, არ შეუშვებდა.

როცა ჰაჯი-გიორგი მოვიდა, მამა ილარიონი გამოვიდა, თაყვანისცა მას, ანაფორა გაიხადა და მას მიაწოდა, თავად ჰაჯი-გიორგის ანაფორა ჩაიცვა; შემდეგ კი ორივე კელიაში შეიყვანა.

ბერდიდი გიორგი მასთან დაახლოებული იყო და ახლა ასეთი მოქმედების მიზეზი ჰკითხა. მან უპასუხა, რომ რადგან მოწაფის გამოსწორება და ხიბლისგან ხსნა ვერ შევძელი, და ეს შენ მოახერხე, ამიტომაც მოგეცი ჩემი ანაფორა, რადგან მე შენ გიღებ, როგორც ჩემს მოძღვარსო.

- შენი დიდი მადლობლი ვარ, რადგან საბა საერთოდ არ მიჯერებდა, და რადგან მისი ცხონების გზაზე წაყვანა ვერ შევძელი, თავი მივანებე, - საითაც სურს, იქით წავიდეს-მეთქი. შენ ის უფლისათვის შეიძინე და მოათვინიერე და ახლა ვხედავ, რომ დიდი მადლის მქონე ხარ!!!

ისინი დასხდნენ. საბას სურდა, მისთვის ფეხები დაებანა, ნიშნად თავისი სრული სინანულისა და მორჩილებისა, მაგრამ ჰაჯი-გიორგიმ ამის ნება არ დართო.

შემდეგ მამა ილარიონი საბას მიუბრუნდა და ჰკითხა:

- რა გინდა ჩემგან? მე ჯერ არ მოვკვდარვარ!

- ერთი მინდა მხოლოდ: ყოველთვის და ყველაფერში დაგემორჩილო! - უპასუხა საბამ.

ბერდიდმა შეხედა და ჰკითხა:

- რასაც გეტყვი, გააკეთებ?

საბამ თავი დაუქნია.

მამა ილარიონმა განაგრძო:

- სიტყვაზე ვერ გერწმუნები, თავდები მომიყვანე, რომ დამიჯერებ!

- აი, ქრისტეა მოწამე, - უპასუხა საბამ და ხატზე მიუთითა.

- რადგან ქრისტე დაიმოწმე, მაშინ წადი მამა გიორგისთან და იქ იმუშავე, - უთხრა ბერმა.

საბამ ხვეწნა დაუწყო, არ გამაგდო, იქ ცხოვრება აღარ შემიძლია, ჰაჯი-გიორგი ისევ კასრში ჩამსვამს და მაშინ რაღა უნდა ვქნაო? მაგრამ მამა ილარიონი შეუვალი იყო; მამა გიორგის უთხრა, საბა უკანვე წაეყვანა. ჰაჯი-გიორგი ბერდიდის პატივისცემის გამო დათანხმდა, ოღონდ იმ პირობთ, რომ საბა იმავე საჭმელს შეჭამდა, ორცხობილას არ მოიპარავდა და მისი არყოფნისას ახალგაზრდა ბერებთან თამაშის უფლებას არ მისცემდა საკუთარ თავს.

ბერდიდმა ილარიონმა საბას უთხრა:

- არ გრცხვენია? მამა გიორგი მუდმივად მუშაობს, ამასთან მძიმე სამუშაოს ასრულებს, მაგრამ იმავე საჭმელს სჭამს. შენ კი არაფერს აკეთებ და არ გსურს იგივე მიირთვა? ხომ იცი, თავისუფალ მოპყრობას ადამიანი უტიფრობამდე მიჰყავს, უტიფრობა კი ყველა სიბილწის დედაა.

მისცა მცნებად, რომ მამა გიორგისთვის დაეჯერებინა და გაისტუმრა.

ჰაჯი-გიორგიმ ადრინდელ მღვიმეში მოათავსა საბა, დაარიგა, როგორ უნდა გაესწორებინა ლოცვის კანონი. საჭმელს კი ძველებურად უზიდავდა იმას, რასაც თვითონ ჭამდა - მწარე მხალს.

მაგრამ ამჯერად მამა საბას ჰაჯი-გიორგისთან დიდხანს არ უცხოვრია, რადგან მისი ძმა მაკარი მეტისმეტი ღვაწლით ჭლექით დაავადდა და ძლიერ იტანჯებოდა. მამა ილარიონმა მამა გიორგის ბარათი მისწერა, სთხოვდა, ავადმყოფის მოსავლელად მასთან ვინმე გამოეგზავნა. ბარათში ის საბაზე არ მიანიშნებდა, მგრამ სწორედ ის გაუგზავნეს. ჰაჯი გიორგისთან ბოლო მცირე ხნის დროს მამა საბამ იმდენი რამ დაითმინა მისგან, რომ მთელი სიცოცხლე დაამახსოვრდა.

მამა ილარიონთან საბას მისვლის მეათე დღეს მაკარი გარდაიცვალა. ნეტარი გახლდათ მისი აღსასრული: სიკვდილის წინ სახე გაუბრწყინდა უჩვეულო ნათლით, რომელიც თანდათანობით გაძლიერდა და მთელი კელია და არა მარტო კელია, მთელი არემარე გაანათა და ყველამ დაინახა, ვინც მამა ილარიონის სენაკისკენ მოდიოდა.

მომაკვდავი მაკარი სიხარულისგან ბრწყინავდა, ამბობდა:

- ანგელოზები მოვიდნენ, ღირსი მამები, მოწამეები, აღმსარებელნი, წმინდა მღვდელმთავარნი და წინასწარმეტყველნი. აი, თვით ღვთისმშობელიც!

ყველა თრთოდა. ისეთი ნათელი იყო, რომ თვალები მის სიკაშკაშის ცქერას ვერ უძლებდენენ. როცა მომაკვდავმა თქვა: "აი, უფლი ჩვენი, იესო ქრისტე!"- ყველა პირქვე დაემხო კეთილმოკრძალებული შიშით.

მაკარმა ბერდიდს უთხრა: - შემინდევ და მაკურთხე, მამაო, მე აქედან მივყევარ, - ამ სიტყვებთან ერთად მისი სული ცაში აიჭრა და შუქი, რომელიც მთელ უდაბნოს ანათებდა, თანდათან ჩაქრა. ყველას უკვირდა, ღმერთს ადიდებდნენ, რადგან ასეთი წყალობა მოჰმადლა მონასა თვისსა, რომელმაც ჭეშმარიტი მორჩილებითა და თავისი ნების დათრგუნვით ღვთის გული მოიგო.

მამა მაკარის დაკრძალვის შემდეგ მამა ილარიონმა საბას მოუხმო და უთხრა, შენი დატოვება არ შემიძლია და სადაც გინდა, იქ წადიო. საბას თხოვნის მიუხედავად, მტკიცედ დარჩა თავის ნათქვამზე. საბა ჰაჯი-გიორგის მიუბრუნდა, მაგრამ მან უთხრა, შენს დაუდევრობასა და სისუსტეს ვეღარ შევეგუებიო და მამა ილარიონთან ურჩია წასვლა.

დიდი ხვეწნისა და მამა გიორგის მტკიცე უარის შემდეგ საბა კვლავ მამა ილარიონთან მივიდა. გზად ჯორს აღვირი მოხსნა და თვითონ ჩამოიცვა, ასე აკაზმული მიადგა ბერდიდს. მისი პირველი სიტყვები ასეთი იყო:

- როგორც გსურს, ისე მმართე, ჩემი თავი ჯორივით შენთვის მომინდვია.

მაშინღა მიიღო ბერდიდმა.

მალე ჰაჯი გიორგიც მოვიდა. საბაზე მიუთითა და ჰკითხა: - დასჯილია? მამა ილარიონი თითქოს იცავსო, შეეკამათა: "არა, ახლა ლაგამი აქვს ამოდებული, მე ვმართავ, ის კი მიჯერებს".

ამის შემდეგ, ჭირთა დათმენისათვის საბას ქებას მოჰყვა და თქვა: - მე ახლა დიაკვნობას ვუწოდებთო. "არა, - შეედავა მამა გიორგი, - ჯერ ადრეა, ჯერ კიდევ დიდი სულელია. ბევრი საუბრის შემდეგ, მესამე დღეს ბერდიაკვნად აკურთხეს, ცოტა ხანში მღვდელმონაზვნად ხელნი დაასხეს. ბერდიდს ამ ხარისხის მინიჭება მაკარისათვის სურდა, მაგრამ მისი სიკვდილისა და საბას გულწრფელი სინანულის გამო გადაწყვიტა, უკანასკნელისთვის ებოძებინა. ამასთან, მან მცნებად დაუდო საბას: მთელი შენი სიცოცხლე, ყოველდღიურად ლიტურგია აღასრულე და მთელი მსოფლიოსთვის ილოცეო.


ივერონსა და დიონისეს მონასტერში ცხოვრება

დავუბრუნდეთ იმ დროს, როცა მამა ილარიონი ივერთა მონასტრის სიახლოვეს, წმინდა მთავარანგელოზთა კელიაში დასახლდა. ფიქრობდა, რომ აქ სიმშვიდეს ჰპოვებდა, მაგრამ მნახველებმა არც ახალ ადგილას მოასვენეს. ამიტომაც მამა ილარიონს უწევდა მათ გაქცეოდა და მამა ბენედიქტესთან შეეფარებინა თავი, რომელიც იმ დროს წმინდა ილია წინასწარმეტყველის კელიაში ცხოვრობდა, სადაც ის ეზიარებოდა ხოლმე წმინდა საიდუმლოს, და ხუთი-ათი დღის მანძილზე ცხოვრობდა.

საერთოდ დარჩენა კი არ უნდოდა, მამა ბენედიქტეს ეუბნებოდა:

- შენც ქართველი ხარ და მეც. ამიტომ შესაძლოა, უქმ მეტყველებას მივეცეთ.

მაგრამ ეს სტუმრობები მამა ბენედიქტესაც შეავიწროებდა, რადგან მამა ილარიონს თავის კელიაში ვერ პოულობდნენ, მრავალი მოდიოდა მამა ბენედიქტესთან, რის გამოც მამა ილარიონი დიონისიატის წმინდა იაკობის სახელობის კელიაში გადასახლდა.

ამას სხვა მიზეზიც ჰქონდა: მას მერე, რაც მასთან მოწაფეები - მაკარი და საბა დასახლდნენ, ბერდიდმა ყოველდღიურად იწყო ლიტურგიის აღვლენა, სეფისკვერებს კი მონასტერში იღებდა. სეფისკვერში მამა ილარიონი ხშირად პოულობდა თაგვის ცურცლს.

ღვთისმოშიშების შურით აღძრული მამა ილარიონი მონასტერში წავიდა, რათა ეჩვენებინა, თუ რაოდენ მკრეხელური დამოკიდებულება იყო სალიტურგიო პურისადმი. სამჯერ უსაყვედურა პროესტოსებს, მით უმეტეს, რომ საჭმელად ისინი წმინდა პურს იყენებდნენ, მაგრამ ყური არ უგდეს ბერის შეგონებას.

დაინახა რა მათი აგდებული დამოკიდებულება, ბერდიდმა კიდევ ერთხელ მკაცრად ამხილა ისინი, დატოვა მთავარანგელოზთა კელია და იღუმენის თხოვნით საცხოვრებლად დიონისიატის მონასტრის სიახლოვეს, წმინდა იაკობ მოციქულის კელიაში გადავიდა. ეს მოხდა 1843 წელს და იქ მოწაფესთან ერთად 1857 წლამდე ცხოვრობდა; იქვე გარდაიცვალა მისი მოწაფე მაკარიც.

ახალ სენაკში მცხოვრებმა ბერმა, დიდი თხოვნის მიუხედავად, მოძღვრის წოდების მიღებაზე (ანუ ძმათაგან აღსარებების მიღებაზე, - კ.კ.)უარი თქვა, მაგრამ აქვე ყველას მიღება დაიწყო, ვინც კი მასთან სულიერი რჩევისთვის მიდიოდა. კითხვებზე მისი პასუხები უფრო რჩევებს ჰგავდა და თუმცა ყველა მასთან მისული მას როგორც მოძღვარს უცქერდა, მას ცოდვათაგან განხსნის ლოცვა არავისთვის არ წაუკითხავს, ხუთი კაცის გარდა, რომელთაც სხვადასხვა დროს რაღაც მნიშვნელოვანი მიზეზების გამო წაუკითხა შენდობის ლოცვა.

სულიერი რჩევისთვის მასთან მასთან ყოველი მხრიდან მოდიოდნენ და მას "მოძღვართ-მოძღვარს" უწოდებდნენ. ამქვეყნიური დიდებით აღსავსე ადრინდელ ცხოვრებასთან შედარებით ჭეშმარიტი აღმსარებლობით, უდაბნოსა და განდეგილობაში დიდი ღვაწლით, მის ცხოვრებაში გამჟღავნებული მადლმოსილი მოვლენებით გაცისკროვნებული, ახლანდელი ცხოვრების გამო, წმინდა მთის მამებმა ისეთ მაღალ სულიერ საფეხურზე დააყენეს, რომ ძველი დროის მამათა დარად მიიჩნევდნენ და მისადმი ღრმა პატივისცემით იყვნენ გამსჭვალულნი.

ძალმოსილი იყო მისი სიტყვა, პირუთვნელი; ხანდახან მომავალზე წინასწარმეტყველურად საუბრობდა და მისი სიტყვები ყოველთვის მართლდებოდა. ათონზე ცნობილი მოსაგრე მამა ევსტატე, რომელიც შემდგომში ქალკაზე ცხოვრობდა, ამბობდა რომ ილარიონმა სულიერი ზრდის ყველა ის ათი საფეხური გაიარა, რომელიც "სათნოებათმოყვარებაში" განმარტა ნეტარმა თეოფანემ.

დიონისეს მონასტერში ყოფნისას ბერი უპირატესად ცხოვრობდა წმინდა იაკობ მოციქულის კელიაში, მონასტრიდან ნახევარი საათის სავალზე, მთის ფერდობზე მდებარეობდა. აქ მას ციება გაურთულდა. არცთუ იშვიათად მოშორებით მდებარე წმინდა ონოფრეს სენაკში განმარტოვდებოდა ხოლმე.

1849 წელს მამა ილარიონი რუსმა მწერალმა და წმინდა ადგილებში მოგზაურმა ანდრია მურავიოვმა მოინახულა. ამ შეხვედრის გამო იგი წერდა: "ბერდიდს ადვილად ვერ ნახავ, მაგრამ მეორე ქართველმა მოღვაწემ, ბენედიქტემ, რომელიც მე ივერიის მონასტერში ვინახულე, დამავალა, მისი როგორც მეგობარისა და თვისტომის სახელით დამეკაკუნებინა განდეგილის კელიის კარზე. ღრმა მოხუცებულობის მიუხედავად, მამა ილარიონი ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. სახე შევარდისფერებული ჰქონდა, მაგრამ თმისა და წვერის სიყვითლე მის წლებს ამხელდა.

როცა გაიგო, საიდან ვიყავი, რუსეთის ამბები გამომკითხა. რისთვის მოხვედით ჩემს უდაბნოში, - ოხვრით მკითხა ბერმა, - ჩემი ცოდვებისთვის, თუ ცოტაა ქვეყნად ჩემნაირი უსაქმური? რაც მე მინახავს და ვიცი, დიდი ხანია დავიწყებულია. ვცხოვრებ ამ მიყრუებულ ადგილას, სანამ ღმერთი მითმენს, თუმცა თქვენი თავმდაბლობისთვის აუცილებელია, რომ წმინდა ადგილები მოინახულოთ, რადგან კეთილი მიზნებით საქმიანობა ყოველთვის სასარგებლოაო.

მე მსურდა ჩვენი შეხვედრის სამახსოვროდ მისგან დალოცვის რაიმე ხილული ნიშანი მიმეღო. მამა ილარიონი თავის ეკლესიაში შევიდა და იქიდან ეგრეთ წოდებული იმერული შავი ქარვის სკვნილი გამოიტანა. თუ ჩემი უღირსის ლოცვა-კურთხევა გსურს, დაე, ეს მუდამ თან გდევდესო, - მითხრა ბერმა და მშვიდობით გამომისტუმრა.

დიონისეს მონასტერში ერთი მებაღე ბერი იყო, რომელსაც თავისი ცხოვრებისეული გარემოებების ცხონების იმედი დაჰკარგვოდა და სასო წარკვეთოდა. ერთხელ მამა ილარიონმა საბა მონასტერში გაგზავნა რაღაც საქმეზე. მან გზად მებაღესთან შეიარა. მებაღე კი გასამგზავრებლად ემზადებოდა - სურდა სამუდამოდ დაეტოვებინა ათონი. მამა საბამ ჰკითხა, რატომ მიდიხარო. მან - ცხონების იმედი დამიკარგავს, ტყუილად ვეწევი ბერობის უღელს. სჯობია, ამ ცხოვრებაში მაინც ვიცხოვრო უშფოთველად, ამიტომ ერში დაბრუნება გადავწყვიტეო.

მამა საბამ ნუგეში სცა, ურჩია ღვთის ნებას მინდობოდა და სასოწარკვეთას არ მისცემოდა. მებაღეს თავიდან არაფრის გაგონება არ უნდოდა, მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა მამა საბას დაეთანხმა და ბოლოს, სამუდამოდ დარჩენაზე იმ პირობით დათანხმდა, თუ საბა იტვირთებდა მის ცოდვებს. საბაც დაყაბულდა და დასტურად ხელი ჩამოართვა.

უკანა გზაზე ეშმაკი გულისთქმებით დაეძგერა მამა საბას, თითქოს მას არ ჰქონოდა იმის ძალა, რომ ძმის ცოდვები ეტვირთა. ამ ფიქრებით საბა უკვე სასოწარკვეთაში ვარდებოდა. გულისთქმები შტააგონებდნენ, ბერდიდს არ დაბრუნებოდა და სადმე წასულიყო. ამ დროს მამა ილარიონმა სულით იგრძნო, რომ მისი მოწაფე საფრთხეში იყო და მისთვის ლოცვით შეერკინა ეშმაკს. მამა საბამ იმწამსვე იგრძნო, რომ გულისთქმებისგან განთავისუფლდა და ბერდიდთან დაბრუნდა, თუმცაღა დასევდიანებული. მამა ილარიონი მას გზაში შეხვდა:

- რა დაგემართა, - მიმართა მან სულიერ შვილს, - ასეთი მხიარული წახვედი და დაღვრემილი ბრუნდები? ნუ გეშინია, უფალმა მთელი ამ სოფლის ცოდვა იტვირთა და ნუთუ ერთი კაცის გადარჩენას არ ინებებს?

ამ სიტყვებმა საბა სრულიად დაამშვიდა

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე

სევასტოპოლის ომის დროინდელი ამბავი



მამა საბას წერილი რუსიკის მონაზონს მამა დენასეს.

"1853 წელს ღვთისმოსავი იმპერატორის, ნიკოლოზის დროს, დაამკვიდროს ღმერთმა მისი სული ყველა წმინდათა თანა, ცათა შინა, სადაც ბრწყინავს ნათელი პირისა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი და სადაც ყოველთა მოლხენილთა საცხოვრებელია, ჩემს ნეტარ ბერდიდთან, სქემმღვდელმონაზონ ილარიონთან ერთად, დიონისეს მონასტრის საზღვრებში, გორაკზე სიმყუდროვეში ვიყავით და უფლის ძმის, წმინდა იაკობ მოციქულის წმინდა ტაძარში ღვთისმსახურებას აღვასრულებდით.

მაშინ მოხდა სევასტოპოლთან საშინელი ომი რუსეთისა თურქებთან და მათ მოკავშირე ერეტიკოსებთან. როცა ამის შესახებ შევიტყვეთ, გულწრფელად დავნაღვლიანდით, რადგან ჩემს ნეტარ ბერდიდს ძალზე უყვარდა რუსები და ბევრჯერ მსმენია, თუ როგორ მადლობდა ღმერთს იმისთვის, რომ მისი ხალხი თურქებს ან ერეტიკოსებს კი არ ჩაუვარდათ ხელში, არამედ მართლმადიდებელ ქრიტიანთა ხელში მოხვდა.

როგორც კი შევიტყვეთ ამ საშინელი ომის შესახებ, ჩემმა ბერდიდმა მითხრა:

- შვილო, რადგან ჩვენი ძმები, ქრისტიანი რუსები, ცეცხლსა და სისხლში იმყოფებიან, ამიტომაც გულმხურვალედ და ცრემლებით უნდა შევსთხოვოთ ღმერთს, სძლიონ მტერს და დაიმორჩილონ, რათა ამით განდიდდეს ყოლადწმინდა სახელი უფლისა და რუსი ხალხი, სიმდიდრე უფლისა. შენ კი, შვილო ჩემო საბა, წირვის გარდა, რომელსაც აღასრულებ და ღმერთს რუსთა შემწეობას სთხოვ, გავალებ, დამატებით, ყოველდღიურად წაიკითხო მთელი "ფსალმუნნი", მეფისა და წინასწარმეტყველისა დავითისა და მეტანიები შეასრულო ჩვენი ძმების შესაწევნელად.

- შენი გულისთვის, რასაც შევძლებ, ყველაფერს გავაკეთებ, - ვუპასუხე.

როცა ლიტურგია დაიწყო და ასამაღლებელი წარმოვთქვი: "კურთხეულ არს მეუფება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა", მან მიპასუხა: "ამინ!" მე მშვიდობიანი კვერექსი დავიწყე: "მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ". ბერდიდი ქართულად მპასუხობდა: "უფალო, შეგვიწყალე!" მაგრამ მძიმედ და ძალზე სევდიანად. შემდეგ, როცა ვთქვი: "კეთილმორწმუნე მართლმადიდებელ ქრისტეანეთათვის", ბერდიდმა, დიდი ურვითა და ცრემლით აპყრობილი ხელებით, ნელა იგალობა "უფალო, შეგვიწყალენ!", თან მარჯვენა ხელს მკერდში იცემდა, სამჯერ დაემხო ძირს, სამჯერ დაარტყა იატაკს თავი და ცრემლებით მორწყო. შემდეგ, როცა წარვთქვი: "კეთილმსახურისა და ღვთისმოყვარისა იმპერატორისა ჩვენისა ნიკოლოზისა და მეუღლისა, შვილთა, მსახურთა და მხედრობათა მისთათვის", ბერდიდი გულშემუსვრილი, ხელებ და თვალებ ზეაპყრობილი მპასუხობდა: "უფალო, შეგვიწყალენ!"

"დაე დაუმორჩილოს ქვეშე ფერხთა მისთა ყოველი მტერი და სუპოსტატი" - ბერი მპასუხობდა: "უფალო შეგვიწყალენ!" გულში მჯიღს ირტყამდა და ტირილით იატაკს თავს ურტყამდა. შემდეგ: "უწმინდესისა სინოდისა, და მთელი ღვთივდაცული რუსული სამეფოსათვის", - ბერდიდმა გულშემუსვრილმა და ატირებულმა მიპასუხა: "უფალო, შეგვიწყალენ!"

როცა ამ სტრიქონებს ვწერ, გული მეკუმშება, ვტირი და წერის თავი აღარ მაქვს. იგივე ხდებოდა მრჩობლ კვერექსზე. აი, ამგვარად ვატარებდით ყოველდღიურად ლიტურგიას. ცოტა ხნის შემდეგ ბერდიდმა მითხრა:

- წავიდეთ მონასტერში, ვკითხოთ იღუმენს, რა იციან ომის შესახებ, რუსები ამარცხებენ თუ არა მტერს.

როცა მონასტერში მივედით, იღუმენმა პროესტოსებთან ერთად ქაღალდი გვაჩვენა, რომელიც კონსტანტინოპოლიდან პატრიარქს გამოეტანებინა ერთი მღვდელმთავრისთვის, ყველა მონასტერში მღვდელმონაზვნებისთვის დასარიგებლად. პატრიარქი წერდა, რომ საღმრთო ლიტურგიაზე, დიდი შესვლის დროს, შევედრებოდნენ უფალს, რომ ძალა მიეცა თურქებისათვის, რათა დაემორჩილებინათ რუსის ჯარი. ამას თან ერთვოდა განსაკუთრებული ლოცვა, რომელიც ხმამაღლა უნდა წაეკითხათ.

როცა იღუმენმა, ბერდიდმა ევლოგიმ წაგვიკითხა პატრიარქის წერილი, ბერდიდს ჰკითხა:

- გაიგე, რას გვწერს თავი ჩვენი და მამაი ჩვენი?

- ის ქრისტიანი არ არის, - თქვა შეძრწუნებულმა მამა ილარიონმა და ნაღვლიანად ჰკითხა, - თქვენ წაიკითხეთ ეს მონასტერში წირვისას, ისე როგორც გვწერს?

- არა! ნუ იყოფინ! - უპასუხეს მათ.

პატრიარქი კი სიგელში იმუქრებოდა, რომ ის მონასტერი, რომელიც ასე არ მოიქცეოდა, მკაცრად დაისჯებოდა.

მეორე დღეს ჩვენს კელიაში დავბრუნდი. გავიდა ერთი კვირა, მეორე და წმინდა გრიგოლის მონასტრიდან ერთი მონაზონი მოვიდა გულისთქმების აღსარებისთვის და მას ჰკითხა ჩემმა ბერდიდმა:

- წაიკითხეთ ის ლოცვა, პატრიარქმა მონასტრებს რომ გამოუგზავნა?

- დიახ, წავიკითხეთ ლიტურგიის შემდეგ, - უთხრა ბერმა.

- ცუდად მოიქეცით, რომ წაიკითხეთ; ამით წმინდა ნათლისღების მადლი დაკარგეთ და თქვენს მონასტერსაც დაუკარგეთ ღვთის მადლი, ბრალი თქვენზეა!

დაბრუნდა მონაზონი მონასტერში და უთხრა თავის ბერდიდსა და იღუმენს:

- ჩვენ მონასტერს დავუკარგეთ მადლი და და თავად წმინდა ნათლისღების მადლი დავკარგეთო, - ასე ამბობს მამა ილარიონი.

იმავე დღეს წყალდიდობამ წისქვილი წაიღო და ბერებმა იღუმენს ბუზღუნი დაუწყეს: - მონასტერი შენ დაანგრიეო. იღუმენმა დიდი სევდით სამჯერ დაიჩოქა მაცხოვრის ხატის წინ და შეჰღაღადა: - უფალო ჩემო იესო ქრისტე, წავალ მოძღვარ ილარიონთან ჩადენილი დანაშაულის აღსარებისთვის, და რა კანონსაც დამადებს, შევასრულებ, რათა დამბლა არ დამეცეს მწუხარებისგანო.

წამოიყვანა ერთი ბერდიაკონი და ერთიი მონაზონი და წმინდა იაკობ მოციქულის კელიაში წამოვიდა, სადაც ამ დროს ჩვენ ვიმყოფებოდით. როცა ისინი მოვიდნენ, მამა ილარიონი კელიის გარეთ იდგა. იღუმენმა და მისმა თანამგზავრებმა ბერდიდი რომ დაინახეს, ძირს დაეცნენ, მუხლნი მოიდრიკეს და თქვეს: - გვაკურთხეთ, წმინდაო მამაო. შემდეგ ხელზე საამბორებლად მიუახლოვდნენ. მაგრამ ჩემმა ბერდიდმა დაიყვირა:

- წარვედ, წარვედ ჩემგან, მე ერეტიკოსებს არ ვიღებ!

- შევცოდე, მოვედი, რათა გთხოვო, სასჯელი დამადო, - შეჰღაღადა იღუმენმა.

- როგორ გაბედე, უბედურო, მუჰამედი ქრისტეზე მაღლა დაგეყენებინა? - უთხრა მას ბერდიდმა, - ღმერთი და მამა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი ძეს ეუბნება: "დასჯედ მარჯვენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქვეშე ფერხთა შენთა" (ფსალ.109,1), შენ კი მას სთხოვ, თავისი ძე დაუმორჩილოს ქვეშე ფერხთა მისთა?! ჩემგან შორს გაეთრიე, მე არ მიგიღებ!

იღუმენი ცრემლის ღვრით შესთხოვდა, სააღსარებოდ მიეღო და სასჯელი დაედო, მაგრამ ჩემმა დიდბერმა თქვა:

- მე შენი მოძღვარი არ ვარ, იპოვე შენთვის მოძღვარი და იმან დაგადოს სასჯელი.

დატოვა მტირალნი გარეთ, თვითონ სენაკში შევიდა და კარი ურდულით ჩაკეტა.

რა უნდა გვექნა? შევედით ჩემს სენაკში, მთელი ღამე ლოცვაში გავატარეთ, ღმერთს შევსთხოვდით, მამა ილარიონს რისხვა წყალობით შეეცვალა და იღუმენისთვის სასჯელი დაედო. ბერდიდი დილას ლიტურგიაზე ეკლესიაში მოვიდა. მოსულთათვის ერთი სიტყვაც არ უთქვამს და წირვის დამთავრების შემდეგ თავის სენაკს მიაშურა. მათ მოუსვენრობა დაეტყოთ შიშით, რომ იღუმენს დამბლა არ დასცემოდა. მთხოვეს, შევსულიყავი და მეთხოვა, იქნებ ჩემთვის დაეჯერებინა.

მივედი, ფეხებში ჩავუვარდი და ვთხოვე:

- გაიღე მოწყალება და სასჯელი დაადე, იღუმენს შეიძლება დამბლა დაეცეს და სული განუტევოს.

- რა სასჯელი დავადო, მაღალი ღმერთი განრისხებულია მათზე. რით დავსაჯო, რომ ღმერთმა შეიწყალოს? - მკითხა ბერდიდმა.

- მამაო, - ვუპასუხე მამა ილარიონს, - მე ყოველდღე ვკითხულობ მეფე წინასწარმეტყველის, დავითის ყველა ფსალმუნს, იქ ერთი ფსალმუნია ამ შემთხვევის შესაბამისი, 82-ე: "ღმერთო, ვინ გემსგავსოს შენ? ნუ დასდუმნები, ნუცა დამშვიდნები, ღმერთო"... უბრძანე, წაიკითხონ ეს ფსალმუნი ლიტურგიისას, როცა ქერუბინთა საგალობელი იგალობება დიდი გამოსვლისას. ის ბერმონაზონი, რომელიც პატრიარქის ლოცვას კითხულობდა, დადგეს ქორკანდელის ქვეშ. როცა მღვდელი დიდი გამოსვლისას ბარძიმითა და ფეშხუმით ხელში საკურთხეველიდან გამოვა, წინ ერთი ბერი წაუძღვეს ქარტიაზე დაწერილი 82-ე ფსალმუნით. ქორკანდელის ქვეშ მდგომმა ბერმონაზონმა წაიკითხოს მთელი ფსალმუნი, ხოლო მთელმა ძმობამ მეორიდან მეცხრე მუხლამდე მრავალჯერ გაიმეორეს "უფალო, შეგვიწყალენ". სხვა კითხვისას ყველამ თქვას: "ამინ", და მაშინ დაუბრუნდება მონასტერს მადლი.

ბერი ჩემს რჩევას დათანხმდა და მთხოვა, დამეძახა მათთვის. როცა ისინი გახარებულნი შემოვიდნენ კელიაში, დიდბერმა უთხრა:

- ეს კანონი შეასრულეთ და ღვთის წყალობა დაგიბრუნდებათ!

როცა ეს მოისმინეს, შეწუხდნენ, თურქებს არ გაეგოთ და უბედურება არ დაეტეხათ თავს მონასტრისათვის. პატრიარქის მიერ გამოგზავნილი ეგზარქოსი კარეაში (პატარა ქალაქია ათონზე, სადაც ყველა მონასტრის წარმომადგენლობა და სამმართველო არის მოთავსებული) თვალყურს ადევნებდა პატრიარქის ბრძანების შესრულებას..

ბერმა უთხრა:

- თუ თქვენ ასე გეშინიათ, მიმყავს ჩემი მღვდელმონაზონი და მივდივარ მონასტერში. თუ ეგზარქოსი ან თურქები შეიტყობენ, უთხარით მათ: ერთმა ბერმა ილარიონ ქართველმა დაგვიბარა და ჩვენც ასე მოვიქეცითო. და გულდარდიანებიც აღარ იქნებით.

მაშინ იღუმენმა თქვა:

- მოძღვარო, თქვენზე გული შეგვტკივა და ვდარდობთ, რადგან როცა ამას თურქები შეიტყობენ, მოვლენ, წაგიყვანენ, ტომარაში ჩაგსვამენ და ზღვაში დაგახრჩობენ.

- ჩვენ მზად ვართ, დაე დაგვახრჩონ, - უპასუხა ჩემმა ბერდიდმა.

შემდეგ ყველანი ნავით წმინდა გრიგოლის მონასტრისაკენ გავემართეთ. როცა მონასტრის ძმობამ დაგვინახა, ძლიერ გაიხარა.

დილით იმ მღვდელმონაზონმა, რომელმაც პატრიარქის ლოცვა წაიკითხა, თვითონ სწირა. ქერუბიმთა საგალობლის დროს აანთეს დიდი ქორკანდელი და როცა ყველა მამა მოგროვდა, საკურთხევლიდან მსახური გამოვიდა. წინ სანთელი და საცეცხლური მიუძღოდა, ხელში ბარძიმი და ფეშხუმი ეჭირა და წარმოთქვა: "ყველანი, ყველანი მოგიხსენოთ მოგიხსენოთ უფალმა ღმერთმა სასუფეველსა თვისსა", და დიდი ქორკანდელის ქვეშ გაჩერდა. მაშინ ერთი ბერი ქარტიით ხელში, რომელზეც 82-ე ფსალმუნი ეწერა, მღვდლის წინა გაჩერდა და მღვდელმა კითხვა დაიწყო: "სახელითა მამისათა,და ძისათა, და სულისა წმიდისათა! ღმერთო ვინ გემსგავსოს შენ"... და ბოლომდე ჩაიკითხა.

მამები კი მეათე მუხლამდე წართქვამდნენ: "კირიე, ელეისონ" შემდეგ კი ყველა მრავალგზის იმეორებდა: "ამინ!", და ყველამ იგრძნო, რომ კვლავ გარდამოვიდა მადლი ღვთისა. ბერდიდები სიხარულით მეხვეოდნენ და მმადლობდნენ ყველაფრისათვის რაც მათთვის გავაკეთე; ყველა ადიდებდა და მადლობდა ღმერთს".

ამით მთავრდება მამა საბას წერილი.

ეს ყველაფერი პატრიარქ ანთიმოზ მეექვსის დროს მოხდა. ომის შემდეგ ის ხელმეორედ ჩამოაგდეს ტახტიდან (20.09.1855). ამის შემდეგ ათონზე ჩავიდა და ესთიგმენუს მონასტერში დასახლდა, სადაც სქემით შემოსეს.

ერთხელ, 1856 წელს, რომელიღაც დღესასწაულზე მან პანტელეიმონის მონასტრის სტუმრობა გადაწყვიტა, სადაც იმ დროს მამა ილარიონი იმყოფებოდა. წირვისას პატრიარქი, ღვთისმშობლის საფარველის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის კათედრაზე იდგა. მამა ილარიონმა, მამა საბასთან ერთად, გვერდით ჩაუარა და ზედაც არ შეხედა მხცოვან პატრიარქს, რაზეც ამ უკანასკნელმა ყურადღება გაამახვილა. პატრიარქს გადასცეს წმინდა გრიგოლის ტაძარში ლოცვის ამბავი.

ღვთისმსახურების დამთავრების შემდეგ წესისაებრ ყველა არქონდარიკში მიიპატიჟეს. პატრიარქს სურდა, რამენაირად უხერხულ მდგომარეობიდან გამოსულიყო, მამა ილარიონის და რუსების წინაშე. გასული მოვლების შესახებ დაიწყო ლაპარაკი და შეეცადა, ის აზრი გაეტარებინა, რომ არის შემთხვევები, როცა ეკლესიისთვის ზრუნვა მთავრობის ნაკლებად უკანონო მოთხოვნებზე დათმობას მოითხოვს, თუ კი ეს ეკლესიის სიკეთისთვის ხდება. "ასე, რომ ჩვენ ვლოცულობდით ჩვენი სულთნისთვის ზეციური დახმარების მონიჭებისთვის. და ამით მოწყალებით განვაწყეთ უფალი ჩვენი ეკლესიისა და შვილთა მისთა მართლმადიდებელ ქრისტიანეთადმი დახმარებსთვის".

როცა პატრიარქი ანთიმოზი, ტახტიდან გადმოგდების მერე ,ათონზე ჩამოვიდა და ფეხი შედგა ნაპირზე, წმინდა მთა მიწისქვეშა ბიძგებმა შეაზანზარა და რამდენჯერმე შექანდა. მთაწმინდელებმა ყველაფერი პატრიარქის დანაშაულს მიაწერეს და კინოტმა მთელ მთას უბრძანა, გულმოდგინედ შევედრებოდნენ ღმერთს, რათა თავისი სამართლიანი რისხვა არ დაეტეხა წმინდა მთის მცხოვრებთათვის და შეეწყალებინა წყალობითა თვისითა.


ცდუნება დიონისეს მონასტერში

ამონარიდი რუსიკის იღუმენ არქიმანდრიტ მაკარის დღიურიდან:

"1857 წლის იანვრის მერვე დღეს ჩვენთან მცხოვრები ქართველი ბერი, მამა იოასაფი აღსარებისთვის დიონისეს მონასტერში წავიდა ჩვენი დროის გამოჩენილ მოღვაწესთან, სქემმღვდელმონაზონ ილარიონთან. წამოსვლისას ჩვენს მონაზონს ვთხოვე, მამა ილარიონს ელოცა, რათა ღმერთს ჩემთვის მოთმინება მოენიჭებინა და თუ ჩემი ცხოვრება უფლის სადიდებლად იქნებოდა, გაეგრძელებინა იგი, თუ საზიანოდ - შეეწყვიტა.

მამა ილარიონის პასუხი ამგვარი გახლდათ: "მოთმინება ღვთის სასოებითა და საკუთარი თავის უღირსად შეცნობით მოიპოვება. ხალხი, რომელთაც ღმერთი მსახურებისთვის ეძახის, მორჩილების გამო თავს, როგორც შინაგანად, ისე გარეგნულად ღვთის წინაშე უძლურად აღიქვამს. ასეთი ადამიანები საკუთარ განდიდებას კი არ ეძიებენ, არამედ ღვთის დიდებას. რაც შეეხება დიდების მოყვარე ადამიანებს, ისინი ყველფერს სწირავენ, რათა მიაღწიონ მიზანს - იბატონონ".

და დამპირდა, რომ ჩემთვის ილოცებდა.

მაგრამ ჩვენი ცხონების მტერმა ბერდიდი დიონისიატში არ გააჩერა. მან მამა ილარიონის წინააღმდეგ აღძრა იღუმენი ევლოგი, რომელმაც ბერდიდი აიძულა, მონასტერი დაეტოვებინა და წმინდა ანას მცირე სკიტში გადასახლებულიყო. ეს კი ასე მოხდა:

ცნობილი გახდა, რომ იმ ფქვილში, რომლითაც სეფისკვერს ამზადებდნენ, კატებს ეძინთ. გობზე მოთავსებულ ცომზეც კი მოჩანდა კატის არაწმინდება. მესეფისკვერეს ძმებმა არაერთხელ მიუთითეს, მაგრამ ისე უყვარდა თავისი კატები, რომ ისინი არ გაწირა და უკმაყოფილომ უპასუხა, - ოცი წელია სეფისკვერს ვაცხობ და ჩემი საქმე კარგად ვიციო.

ზოგიერთმა ძმამ, რომელთაც მამა ილარიონი უყვარდათ და მისგან რჩევებს იღებდნენ, ყველაფერი დაწვრილებით მოუყვნენ და ფურნეში სიბინძურის გამო შესჩივლეს. ბერდიდი არ გაჩუმებულა, მივიდა იღუმენთან და მკაცრად მიუთითა, ასეთი უწესრიგობა შეუწყნარებელია, ბნელსა და ვიწრო შენობაში არ არის შესაფერი პირობებიო და დასძინა: - შენ გქონდა კარგი კელია, რომელშიც სიკვდილამდე მშვიდად შეგეძლო გეცხოვრა. მაგრამ სივრცე მოინდომე და ახალი აიშენე, პირველზე უკეთესი. ასეთი რამ სანახევროდ ფურნესთვის რომ გაგეკეთებინა, საკმარისი იქნებოდაო.

იღუმენს არ მოეწონა პირდაპირი და მკაცრი მხილება. არ დაეთანხმა მამა ილარიონს, მკაცრად გაკიცხა და უთხრა:

- იღუმენობა ხომ არ გსურს?

შეურაცხყოფილი მამა ილარიონი თითქოს გამოაგდო იღუმენმა.

ამ საუბრის მერე იღუმენი ძმებს მამა ილარიონის წინააღმდეგ აქეზებდა და ლანძღავდა ბერდიდს:

- რაო? მაგას აქ უფროსობა ხომ არ სურს? ერთი კარგად უნდა დავამდაბლოთ; უნდა დავსაჯოთ, რომ სხვის საქმეში აღარ ჩაერიოს, უნდა გავაგდოთ ეგ უვარგისი აქედან!
იღუმენის ნათქვამი და განზრახვა მამა ილარიონს გადასცეს, მან - ასეთი ადამიანების გვერდით არ შემიძლია ცხოვრებაო და წმინდა ანას მცირე სკიტში წავიდა. იქ უკვე კარგად იცნობდნენ, რადგან ეს ადგილი ახლოს იყო იმ მღვიმესთან, სადაც ადრე ბერდიდი ცხოვრობდა. დიდი სიხარულით მიიღეს და ერთმა ვაჭარმა მას ღირსი ონოფრეს კელია უყიდა, სადაც 1862 წლამდე ცხოვრობდა. სკიტში გადასვლიდან მალევე მასთან მოვიდა მისი მოძღვრის, მამა ნეოფიტე კარამანლისის მოწაფე ბერდიდი ჰაჯი-გიორგი, რომელმაც ქრისტესმიერი სიყვარულით შენიშნა:

- მე მასწავლიდი მოთმინებას, შენ კი წამოხვედი!

- არა, - მდაბლად უპასუხა ბერდიდმა, - მე სახარების მიხედვით მოვიქეცი, სადაც წერია: თუ ერთ ქალაქში გდევნიან, მეორეში გაიქეცი.

მამა ილარიონის წმინდა ანას მცირე სკიტში ყოფნისას ღირსახსოვარი ამბავი მოხდა: მისი კელიის ეკლესია ღირსი ონუფრეს სახელზე იყო ნაკურთხი. საკურთხეველი სარემონტო იყო, მაგრამ ბერდიდს არ უნდოდა მონასტერი თხოვნით შეეწუხებინა, შეკეთებაში დამეხმარეთო.

ამასთან მოწაფე ხშირად შეახსენებდა თავიანთ გასაჭირს და ევედრებოდა ბერდიდს, დახმარებისთვის მონასტრისთვის მიემართა. მაშინ ბერდიდმა თქვა:

- ჩემი ცხოვრების მანძილზე საკუთარი თავისთვის არავის არაფერში შეწუხება არ მსურს. აქ კი წმინდა ტრაპეზის მოსაწყობად მღვდელმთავრის, მასთან ერთად მის მსახურთა და მგალობელთა დაძახება მოგვიხდება, რაც ხარჯებთან არის დაკავშირებული. სჯობს მოვითმინოთ და ყველაფერი ეს ღვთის განგებას მივანდოთ!

ჭეშმარიტად, ვინც უმთავრესზე, საუკუნო ცხოვრებაზე ზრუნავს, თუმცა უცებ არა, მაგრამ ის ყველაფერს მიიღებს, რაც სჭირდება, როგორც ნათქვამია: "ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველი შეგეძინოთ თქუენ". ამ დროს ვალახიაში ერთი მეროჭიკე ბერი იმყოფებოდა. ერთხელ ქალაქში ერთი დედაკაცი შეხვდა, რომელმაც თუმანი მისცა და სთხოვა, ათონზე ღირსი ონუფრეს კელიაში, ბერდიდ ილარიონ ქართველისთვის მიეცა, თანაც დაუმატა, მას ახლა სჭირდებაო და ამის თქმის მერე თვალს მიეფარა.

როცა მეროჭიკე ბერი თავის საქმეს მორჩა, ათონზე დაბრუნდა და მაშინვე მამა ილარიონთან წავიდა, ფული გადასცა და დასძინა, იმ ქალს ალბათ იცნობო. გაოცებულმა მამა ილარიონმა უთხრა, ვალახიაში არასოდეს ვყოფილვარ, არც არავის ვიცნობ იქაურს, მგონი, შეგეშალა და ეს ფული სხვა ვინმეს გამოუგზავნესო. მაგრამ ბერმა აუხსნა, ქალმა არა მარტო შენ გახსენა, არამედ ის ეკლესიაც, რომელსაც ფული შესწირა, ამიტომ შენს გარდა სხვას ვერ გადავცემო.

მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ნათლად იყო მითითებული, ბერდიდმა მტკიცე უარი განაცხადა ფულის მიღებაზე და სთხოვა მეროჭიკეს, თუკი მის სეხნიას სხვას ვერავის ნახავდა, ფული გლახაკებისთვის დაერიგებინა.

მეროჭიკემ ეს ამბავი ლავრას შეატყობინა და რაკი იქ ყველამ იცოდა, რომ ბერდიდის ეკლესიას შეკეთება სჭირდებოდა, მონასტრის ძმობამ გადაწყვიტა, მეროჭიკე ბერს თავად დაექირავებინა ხელოსნები, მოეწყო ყველაფერი, როგორც საჭირო იყო, მოეწვია მღვდელმთავარი კრებულითურთ და კურთხევის შემდეგ სტუმრებს გამასპინძლებოდა. მეროჭიკემ ყველაფერი შეასრულა. მამა ილარიონის თხოვნით, ტაძარი უფლის აღდგომის სახელზე აკურთხეს.

წმინდა ანას მცირე სკიტში გადასვლიდან ორი წლის შემდეგ ასეთი განსაცდელი მოევლინა: მოძღვარი მამა გრიგოლი, რომელიც წმინდა ანას დიდ სკიტში ცხოვრობდა, ყუთლუმუშის მონასტრის იღუმენს დათანხმდა, ინგლისის მოქალაქეობა და პასპორტი მიეღო. ეს რომ შეიტყო მამა ილარიონმა, შეხვედრისთანავე გაკიცხა მამა გრიგოლი, რადგან მეგობრები იყვნენ და მიუთითა ყველა იმ ბოროტებაზე, საიდანაც ეს წამოწყება მოდიოდა.

მამა გრიგოლმა შეინანა, მუხლებში ჩაუვარდა და სასჯელის დადება სთხოვა. მაგრამ მამა ილარიონმა ეპიტიმიის დადებაზე უარი უთხრა:

- მე მხოლოდ წმინდა კანონებით შემიძლია ამ შემთხვევის განსჯა, მით უმეტეს, რომ საქმე წმინდა ეკლესიას ეხება. ამიტომაც ეპიტიმიას შენ ვერ დაითმენ და მეგობრიდან მტრად გადამექცევი. ამიტომაც სჯობს შენს მოძღვართან წახვიდე, მას გაუმხილე შენი ცოდვა და რა კანონსაც დაგადებს, მიიღე და აღასრულე.

მამა გრიგოლი დიდხანს და დაჟინებით სთხოვდა მამა ილარიონს, შენ დამადე კანონი, რასაც შენ მეტყვი, ყველაფერს დავითმენ და შევასრულებო. დიდი თხოვნის შემდეგ მამა ილარიონმა მამა გრიგოლს თავის მიერ ჩადენილი საქციელის მთელი ბოროტება დაანახა, შემდეგ ეკლესიის კანონი მოიყვანა და მისი ძალით ორმოცი დღის მანძილზე წირვის ჩატარებისგან განაყენა; ორმოცი დღის შემდეგ ყველაფერი გამოჩნდებოდა. თუ მისი ინგლისელებთან ურთიერთობის შედეგად ფაშა ჩამოვიდოდა, მას საერთოდ აეკრძალებოდა ლიტურგიის ჩატარება; ხოლო თუ არ ჩამოვიდოდა, მის საქმეს კვლავ განიხილავდა, გაითვალისწინებდა მისი სინანულის სიმძიმეს და ეტყოდა, შემდეგში რა გაეკეთებინა.

მამა გრიგოლმა სიხარულით მიიღო კანონი და რამდენიმე დღე არ უმსახურია. მაგრამ ყუთლუმუშის იღუმენთან შეხვედრის შემდეგ საერთოდ შეიცვალა. მან დაარწმუნა, რომ თავის განზრახვაზე მტკიცედ მდგარიყო. არავისთვის დაეჯერებინა. ანდა რა სისულელე იყო, ამგვარი საქმისთვის სასჯელის დადება და იმ ადამიანის დაჯერება, რომელსაც თავისი ველური უდაბნოს გარდა არაფერი გაეგებოდა. თითქოს არაფერი მომხდარიყო, მამა გრიგოლმა იღუმენთან შეხვედრის შემდეგ უარყო მამა ილარიონის ეპიტიმია, ღვთისმსახურება დაიწყო და სინდისის დასამშვიდებლად მოჰყვა მამა ილარიონის ლანძღვასა და ცილისწამებას.

ამის შემდეგ წმინდა პავლეს მონასტერში ინგლისის ელჩი ჩამოვიდა. უნდა ითქვას, რომ ამ მონასტრის ყველა ბერი იონიის კუნძულებიდან იყო, რომლებიც ჯერ კიდევ ინგლისის მფლობელობაში შედიოდა. ელჩმა ლოცვებში მოხსენიება სთხოვა და მომსახურე მღვდელმონაზონმა, არა მარტო კვერექსში, კვეთაშიც მოიხსენია.

მაგრამ მერე თავის საქციელზე დაეჭვდა, მოძღვართან წავიდა და თავისი ეჭვი გაუმხილა. მან ის დატუქსა - რადგან ერეტიკოსი მოიხსენიე, სამი წელი წირვის ჩატარება გეკრძალებაო. მღვდელმონაზონმა არ დაუჯერა და მამა ილარიონთან წავიდა. მაგრამ გაგონილით აღშფოთებულმა მამა ილარიონმა მთელი სიცოცხლის მანძილზე აუკრძალა წირვის ჩატარება.

მონასტერში დაბრუნებისას მღვდელმონაზონი აღარ სწირავდა. იღუმენმა გამოჰკითხა, რაში იყო საქმე და როცა შეიტყო, ორივე მოძღვარმა წირვა აუკრძალა, ორივეს დაუწყო ლანძღვა, განსჯის უნარს მოკლებულებს ეძახდა, რადგანაც ასეთი წვრილმანისთვის, როგორიც ერეტიკოსი მოხსენიებაა, მათ ღვთისმსახურებისგან განაყენეს.

ღვთის შეურაცხყოფა არავის ეპატიება. წირვის შემდეგ მღვდელმონაზონს ცხვირიდან სისხლი წასკდა, ვერაფრით შეუჩერეს და ბევრისთვის ჭკუის სასწავლებლად გარდაიცვალა. ეს ამბავი ათონზე ყველამ შეიტყო.

ამის შემდეგ, მალევე, მამა ილარიონი, მამა საბასთან ერთად, რუსიკში გადავიდა.

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე

რუსიკში დასახლება


ზემოხსენებული შემთხვევების გამო ბერდიდი რუსიკში გადასახლდა. პირველად მამა ილარიონი წმინდა პანტელეიმონის მონასტერში 1810 წელს იყო, ათონზე ჩამოსვლისას. მეორედ 1856 წელს, ბერდიდისა და მოძღვრის, მამა იერონიმეს გასაცნობად, მესამედ კი საერთოდ გადავიდა საცხოვრებლად.

ზოგიერთი ბერის რჩევითა და თხოვნით, მან მამა იერონიმეს გაცნობა გადაწყვიტა. პირველივე შეხვედრისას დაახლოვდნენ და მათმა სულიერმა მეგობრობამ მამა ილარიონის სიკვდილამდე გასტანა. როცა მამა ილარიონი წმინდა ანას მცირე სკიტში ცხოვრობდა, მაშინ მამა იერონიმე ყოველწლიურად მიემგზავრებოდა ხოლმე განაპირა ათონს, სულიერი მეგობრების სანახავად, უპირველესად კი მამა ილარიონს მოინახულებდა ხოლმე.

1862 წელს მამა ილარიონი მივიდა რუსიკში და გამოუცხადა, რომ სამუდამოდ სურდა იქ დარჩენა. მონასტრის ბერდიდებმა სიხარულით მიიღეს იგი და სთხოვეს, თავადვე აერჩია საცხოვრებლად რომელიმე განმარტოებული კელია, ვიდრე მას წმინდა გიორგის სახელობის კელიას არ აუშენებდნენ. ბერდიდი დროებით მღვიმევის ღირს მამათა კელიაში დასახლდა, რომელიც აეგო კიევის მღვიმევის მონასტრის ყოფილ ნაცვალს მამა ამბროსის; მეორე წელს, მშენებლობის დამთავრების შემდეგ, გადავიდა წმინდა გიორგის სახელობის კელიაში, რომელიც მამა ილარიონის რუსი თაყვანისმცემლის, ე.გ. ხაბაროვის სახსრებით აშენდა.

ეს კელია მონასტრიდან ნახევარი საათის სავალზე დგას, ზეთისხილის ტევრში. მისი ეკლესია იმავე წლის ოქტომბერში აკურთხეს. იქ ბერდიდმა მცირე ხანს, შემდეგ წლამდე, თავის გარდაცვალებამდე იცხოვრა.

გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე ბერდიდს სასიკვდინე სნეულება შეეყარა - ნაწლავების გადახლართვა დაემართა და არც ჭამა და არც სმა აღარ შეეძლო. ექიმმა თქვა, ბერდიდი ხვალ, ამა და ამ საათზე მოკვდებაო. ავადმყოფი გაუნძრევლად იწვა და კვნესოდა. მასთან ბერდიდები და ძმები მივიდნენ გამოსამშვიდობებლად. თვითონაც დარწმუნებული იყო, რომ მისი სიცოცხლე მალე შეწყდებოდა.

მაგრამ, მეორე დღეს, სწორედ ნაწინასწარმეტყველებ დროს, სრულიად ჯანმრთელი, საკუთარი ფეხით მივიდა მონასტერში ავადმყოფი მამა მაკარის სანახავად. მისმა დანახვამ გააოცა ყველა!

ბერდიდის განკურნება ამგვარად მოხდა: როცა ის უკანასკნელ წუთებში იყო და საწოლს მიჯაჭვული ლოცულობდა, უეცრად მოესმა ხმა მაცხოვრის ხატიდან:

- გსურს, რომ ცოცხალი და ჯანმრთელი იყო?

ყოველთვის ღვთის ნების მორჩილმა ბერდიდმა მიუგო, საღმრთო განგებულებას ვარ მინდობილიო. პასუხად მოესმა, რომ ებოძა სიცოცხლე და ჯანმრთელობა. მამა ილარიონი სრულიად ჯანმრთელი წამოდგა დილით საწოლიდან და როცა მამა მაკარის ავადმყოფობის შესახებ შეიტყო, მის სანახავად წავიდა.

ამის მერე მალევე, ათონზე ყოფილი ობერ-პროკურორი, გრაფი ტოლსტოი ჩამოვიდა, რომელიც აღმოსავლეთის ქვეყნებში საეკლესიო საქმეებზე მოგზაურობდა. სხვადასხვა ადგილას, განსაკუთრებით ალექსანდრიაში, მას ბევრი ცუდი რამ უთხრეს ათონზე და განსაკუთრებით რუსიკსა და მის ბერდიდებზე, ასე რომ, ის მთაწმინდაზე უკვე მიკერძოებული აზრით მიდიოდა.

მასზე კეთილისმყოფელი გავლენის მოხდენა შეეძლო მხოლოდ მამა ილარიონს, რომელსაც ის შორიდან იცნობდა და მისთვის თავისი ცოლის (ანა გიორგის ასული გრუზინსკაია, დაკრძალულია დონის მონასტერში, - კ.კ.), ქართველი მეფის ასულის, მოკითხვა-თაყვანისცემა უნდა გადაეცა. ბერდიდთნ საუბრის შემდეგ გრაფი დარწმუნდა, რომ ყველაფერი სიცრუე იყო, რაც მთაწმინდელებზე გაეგონა.

მამა ილარიონის შესახებ მას გაგონილი ჰქონდა წმინდა სინოდის კანცელარიის მმართველის, პ.ი. სოლომინისა და განსაკუთრებულ საქმეთა მოხელის კ.კ. ზედერგოლმისაგან. ისინი 1859 წელს იყვნენ ათონზე და საგანგებოდ მივიდნენ მამა ილარიონთან სულიერი და საეკლესიო საკითხების გადასაწყვეტად. შემდგომში პ.ი. სოლომინმა წერილი მისწერა მამა ილარიონს და მისი საპასუხო წერილი "ტამბოვის ეპარქიის ცნობებში" დაბეჭდა (იხილეთ დანართი).

თავის მოწაფეს, მამა საბას, მამა ილარიონმა დაუბარა: არასოდეს ეჭამა კარაქი, არ დაელია ღვინო, ყოველდღე ეწირა და მთელი მსოფლიოსთვის ელოცა. როცა ისინი ერთად ცხოვრობდნენ, ყველაფერს აუცილებლად აღასრულებდნენ. ამის გარდა, ყოველ ღამეს ლოცვასა და მღვიძარებაში ატარებდნენ.

როცა ორივე მოსაგრე რუსიკში გადავიდა, ძმებმა ამგვარი რამ შეამჩნიეს. საღამოდან მოყოლებული, მათ არ ეძინათ, ხოლო როცა სიჩუმე ჩამოწვებოდა, ბერდიდი გამოვიდოდა, ან ოდნავ ჩაახველებდა, ან ფეხმტკიცედ ჩაუვლიდა თავისი მორჩილის სენაკს, ან დააკაკუნებდა სამჯერ, ხანდახან კი ვითომ საქმეზე დაუძახებდა. ამას იმიტომ აკეთებდა, რომ შუაღამის ლოცვაზე არ ჩასძინებოდა.

როცა შუაღამე დადგებოდა, ბერი კელიიდან გამოვიდოდა და ხმაურით სიარულს იწყებდა, რომ მისი ნაბიჯების ხმა ძმებს გაეგონათ და ცისკრის ლოცვისთვის ამდგარიყვნენ, ძახილით კი არავის აღვიძებდა. მღვიმევის კელიის ძმები დგებოდნენ კანონის შესასრულებლად, რომელიც რვა საათს გრძელდებოდა, ამის შემდეგ ლიტურგია აღესრულებოდა. ბერდიდი თვითონ არ მსახურებდა, მაგრამ ყოველთვის ეზიარებოდა.

უქმად რომ არ ყოფილიყო, ხშირად დღისით გამოდიოდა სამუშაოდ. ხუროობა უყვარდა; შემორჩენილია მისი გაკეთებული კიბეები, სკამები და მაგიდა. ყველაფერი ეს ნაჯახითა და ლურსმნებით არის გაკეთებული, შალაშინისა და წებოს გარეშე.

წმინდა გიორგის კელიაში მოავლინეს რუსი მსახური, რომელიც უნებურად გახდა მოწმე მათი ყოველდღიური შრომისა, ღამისთევის ლოცვებისა და მკაცრი მარხვისა; მაგრამ, ყველაფერი ეს რომ დაეფარათ უცხო თვალისგან, ამ მსახურს თავისთან დიდხანს არ სტოვებდნენ და მღვიმევის მამათა კელიაში გზავნიდნენ.

საჭმელს ისინი მხოლოდ შაბათ-კვირას ამზადებდნენ, ისიც მოსაჩვენებლად. მაგრამ როცა მამა ილარიონი სტუმრად იყო ხოლმე თავისი ღრმა განმსჯელობით, უარს არ ამბობდა გამასპინძლებოდნენ, და რასაც მიართმევდნენ ყველაფერს ჭამდა. თუმცა მოწაფე მარხვას არსად და არასოდეს არ არღვევდა. ასე რომ, აღდგომა დღეს სამარხვოს მხოლოდ მას უდგამდნენ, კელიაში დაბრუნებული ბერდიდიც მარხვას აგრძელებდა.

მამა ილარიონს დღე-ღამეში მხოლოდ ორი საათი ეძინა, ერთი - ფეხზე მდგარს, კვერთხზე დაყრდნობილს, მეორე კი იატაკზე მჯდომს და ზურგით კედელზე მიყრდნობილს. ღამისთევით ლოცვას ისინი ყოველთვის თავიანთ კელიებში ატარებდნენ. გონებისმიერი ლოცვისთვის ბერდიდს საკიდი ჰქონდა გაკეთებული. ჭერზე მიმაგრებულ ოთხ რკინის რგოლში ორი მხრიდან პირსახოცები იყო გაყრილი. მათზე ბერდიდი ეკიდებოდა, როცა გადაიქანცებოდა ხოლმე. მომსვლელებს რომ არ შეეტყოთ, რისთვის იყო გაკეთებული ეს საკიდარი, ბერდიდი დღისით თეთრეულს ფენდა გასაშრობად.

მამა ილარიონი ყოველთვის თურქულად საუბრობდა, მოწაფე კი ბერძნულად გადათარგმნიდა, რადგან ბერდიდმა ცუდად იცოდა ბერძნული. რუსეთში ყოფნისას რუსულიც ისწავლა, მაგრამ რუსებთან ორმოცი წელი ურთიერთობა არ ჰქონია და ამიტომაც სრულიად დავიწყებოდა. მაგრამ იყო ხოლმე შემთხვევები, როცა რუსულად და ბერძნულად კარგად იწყებდა საუბარს, ენის ცოდნის გამო კი არა, არამედ ზეციური შთაგონებით, მნიშვნელოვანი სულიერი საჭიროების შემთხვევაში.

მაგალითად, როცა მღვიმევის მამათა კელიაში ცხოვრობდა. იქ იყო რუსი ბერი თეონა, რომელიც დურგალიც იყო და მნათეც. მორჩილებას დიდი მოშურნეობით ასრულებდა. ერთ ღამეს მასთან დემონი მივიდა ადამიანის სახით და უთხრა: "კელიაში ღვინოს რატომ ინახავ?" - მან უპასუხა, რომ ეს ღვინო ეკლესიისაა, და ამიტომ ინახავს, და არა თავისთვის.

დემონმა ღვინო მოითხოვა და ის იყო, უნდა აეღო, რომ მამა თეონამ ჭურჭელს ხელი ჩასჭიდა და დავა გაიმართა. ისე გაცხარდა, ყვირილი დაიწყო, ღვინოს არ მოგცემო. ხმაურზე ყველამ გაიღვიძა და მამებმა მის კარზე დააკაკუნეს. მამა თეონას კი არ ესმოდა და გაჰყვიროდა, ღვინოს არ მოგცემო. ბოლოს, გონს მოეგო და კარი გააღო. ყველა ძლიერ აღელვებული იყო.

მამა ილარიონმა მამა თეონა თავისთან წაიყვანა და დამშვიდება დაუწყო. აუხსნა, რაშიც იყო საქმე. რომ უკეთურმა ეს შურით გააკეთა, რადგან სძულდა მისი ასეთი გულმოდგინე მსახურება. მამა ილარიონი დიდხანს ესაუბრა, ვიდრე მამა თეონა სრულიად არ დამშვიდდა.

მხოლოდ დილით მიხვდა რომ რუსულად საუბრობდნენ. წირვის შემდეგ მამა თეონა ისევ მივიდა ბერთან, მაგრამ მამა ილარიონმა მტკიცედ უთხრა, არაფერი მესმისო.

- აკი ღამე ხომ დიდხანს ვსაუბრობდით? - ჰკითხა გაოცებულმა მამა თეონამ.

ამაზე ბერდიდმა მამა საბას დახმარებით უპასუხა:

-არ ვიცი, როგორ ვლაპარაკობდით, მაგრამ ღმერთმა დაინახა საჭიროება და ისე მოგაწოდა ჩემი საუბარი, გეგონა, რუსულად ვლაპარაკობდი. სინამდვილეში კი რუსულისა არაფერი გამეგება.

დასასრული იხილეთ შემდეგ გვერდზე

ჩანაწერები მამა ილარიონზე


იმ დროს, როცა მამა ილარიონი მღვიმეში ცხოვრობდა, მასთან ერთი მეუდაბნოე შევიდა. სულიერ საკითხებზე საუბრის შემდეგ შეექცნენ ახალთახალ რბილ პურს, ვგონებ, იმავე მეუდაბნოის მიერ მოტანილს. სტუმარი მამა ილარიონს დაპირდა, რომ მალე მობრუნდებოდა და ნახავდა. მაგრამ ბერდიდის მონახულება მხოლოდ ერთი თვის შემდეგ შესძლო. ამიტომაც, როცა მოვიდა, დაგვიანებისთვის შენდობა ითხოვა.

მამა ილარიონი შეედავა: "რა ოთხი კვირა? გუშინ არ იყავი ჩემთან და ვისაუბრეთ?!" მამები რამდენიმე წუთი დაობდნენ, თითოეული თავისას ამტკიცებდა. გაახსენდათ ის რბილი პური, რომელიც მათ მამა ილარიონის ფიქრით, გუშინ ჭამეს. მამა ილარიონი წავიდა მორჩენილი პურის გამოსატანად, მაგრამ ის უკვე დაობებული და გაქვავებული იხილა. მაშინ დარწმუნდა, რომ მეუდაბნოე მართალი იყო. ამან ის ჩააფიქრა, რადგან მთელი ეს დრო სულიერ აღტაცებაში იმყოფებოდა და ყოველივე ამქვეყნიური დავიწყებოდა.

ერთხელ მამა ილარიონმა თავს გადახდენილი ამბავიც მოჰყვა, მაგრამ ვითომ სხვა ადამიანზე. ერთი მონაზონი დაყუდებული იყო. ერთხელ თავშესაფრიდან გამოსულმა დემონი დაინახა ბერის სახით, რომელიც იჯდა და ისე მწარედ მოთქვამდა, - ძნელად თუ მოიპოვება კაცი რომელსაც შეუძლია ბუნებრივად მიეცეს ამგვარ მწუხარებას. განდეგილი მას, როგორც კაცს, თანაგრძნობით მოეპყრა და ჰკითხა, ასე მწარედ რა გატირებსო. ეშმაკმა უპასუხა, რომ უკვე ოცდაათი წელია, რაც ღმერთს ერთი, კონკრეტული ცოდვის მიტევებას ევედრება, მაგრამ უფალი არ ჰპატიობს. ამის თქმა იყო და ეშმაკმა კვლავ ტირილი და გოდება წამოიწყო.

მონაზონმა, როგორც შეეძლო, დაამშვიდა მტირალი, მაგრამ როცა თავის კელიაში დაბრუნდა, იმავე ეშმაკისგან შთაგონებული მზაკვრული აზრი აეკვიატა: "აი ადამიანი, ერთი ცოდვის გამო ტირის და ღმერთს შენდობას თხოვს, მაგრამ ღმერთი არ ჰპატიობს. შენ კი სიყრმიდანვე სცოდავდი, სცოდავ და განარისხებ ღმერთს. რაღას ელი? აქ რატომ ცხოვრობ და ტყუილად ფლანგავ დროს?"

მაგრამ მოწყალე უფალმა არ დაუშვა თავისი ერთგული მონა ეშმაკის ბადეში მოხვედრილიყო და დაყუდებულს იქვე მოესმა ხმა: "ნუ დაუჯერებ შენს მაცდუნებელ ეშმაკს. გადი და უთხარი, რომ მარტო ერთ ოცდაათწლიანი ტირილი კი არ მოულბობს გულს ღმერთს, არამედ ადამიანს მთელი სამყაროს ცოდვა რომ ედოს და მთელი გულით შეინანოს, მაშინ უფალი მიიღებს მის სამსაათიან სინანულს და შეუნდობს მონანულს. შენ, სატანასაც კი მიგიღებდა უფალი, თუკი შეინანებდი".

როცა მონაზონი გავიდა და ეშმაკს ეს სიტყვები უთხრა, მან გადაიხარხარა და უთხრა: "ჰაა! ბერიკაცო, მიცანი?!" და მაშინვე გაქრა.

ერთხელაც ათონზე ძაღლი გაცოფდა. სარდარები ბევრს დასდევდნენ და მაგრამ ვერ შესძლეს მისი დაჭერა. ძაღლი თავს ესხმოდა პირუტყვსა და ხალხს. მამა ილარიონის კელიასთანაც მიირბინა. მან ის სარკმლიდან დაინახა და მამა საბას გასძახა, თოკი მოიტანეო. მაგრამ რადგან "თოკი" და "ძაღლი" თურქულად ერთნაირად ჟღერს, მოწაფემ იფიქრა, რომ ბერდიდმა ძაღლის მოყვანა დაავალა. არ დაფიქრებულა, გაიქცა, დაიჭირა ძაღლი ყურით და ბერთან მიყვანა სცადა. მაგრამ, როცა მამა ილარიონმა ძაღლს ლაბებზე მომდგარი დუჟი და მოელვარე თვალები შეამჩნია, შეძრწუნებულმა მისი გაშვება უბრძანა მოწაფეს და თანაც გაკიცხა. ძაღლი ისე გაიქცა, საბას არ მიკარებია და ის შემდგომში სარდარებმა დაიჭირეს და მოკლეს.

მღვდელმთავრისაგან ბერად აღკვეცილ ახალ სკიტელ მონაზონ კირილეს, რომელიც კარეესში ცხოვრობდა, ჰყავდა ღვიძლი ძმა, რომელიც ერში წავიდა თავისი საქმეების მოსაგვარებლად, რათა მერე საბოლოოდ ათონზე დამკვიდრებულიყო. მაგრამ შინ აეხლართა საქმეები, რომლებიც ათონზე დაბრუნებაში ხელს უშლიდნენ, ამიტომაც მან ძმას წერილი მოსწერა - ჩამოდი და დამეხმარე, თორემ ვაითუ საბოლოოდ სოფელში დავრჩეო. მამა კირილე თავის ბერდიდთან - მღვდელმთავართან მივიდა და წასვლაზე კურთხევა სთხოვა, მაგრამ მან უარი უთხრა. სხვა მოძღვრები სხვადასხვა რამეებს ეუბნებოდნენ, ასე რომ, ვერ გაეგო, არ ექნა. Bოლოს, მამა ილარიონთან მივიდა. ბერდიდმა ყურადღებით მოუსმინა და მიხვდა, რით დამთავრდებოდა ეს და უთხრა:

- მიდი შენს მოძღვართან, კიდევ უამბე თავიდან შენი საქმე და თუ ახლა გაკურთხებს, წადი დაუფიქრებლად.

მამა კირილე ასეც მ დაიწყო თუ არა თავიოიქცა. Dაუწყო თუ არა საქმეზე საუბარი, მღვდელმთავარმა თანხმობა მისცა, მიუხედავად იმისა, რომ ადრე ცივი უარი უთხრა. მაშინ მამა კირილე დაფნაში წავიდა, იქიდან ერში აპირებდა წასვლას. იმ დროს ზღვა ძალზე ღელავდა და ბერს შეეშინდა, ვაითუ ჩემს მოგზაურობაზე ღვთის კურთხევა არ არისო. დაბრუნდა მღვდელმთავართან და თავისი გულისთქმა გაანდო, - შესაძლოა ღმერთს არ უნდა ჩემი წასვლაო. მაგრამ მღვდელმთავარი მომხდარის ასეთ ახსნას არ დაეთანხმა და მამა კირილე სოფელში გაემგზავრა.

წასვლის წინ მამა ილარიონს შეუარა, მაგრამ ბერდიდი შინ არ დახვდა. მაშინ კარზე ორცხობილების ასხმა ჩამოჰკიდა და გზას გაუდგა. შინ დაბრუნებულმა მამა ილარიონმა ორცხობილების ასხმა რომ ნახა, მამა საბას უთხრა:

- ეს ორცხობილები მამა კირილემ მოიტანა, გზად შემოუვლია. ახლა ის წავიდა და კარგიც ქნა, რამეთუ ყველას საქმეს კარგად დაასრულებს, უკან დაბრუნდება, ქალს მონაზვნად აღკვეცს, ძმას კი ათონზე წამოიყვანსო.

ასეც მოხდა: შინ მისულმა მამა კირილემ ყველა საქმე მშვიდობიანად მოათავა, თავისი და მონაზვნად აღკვეცა. როცა ის ძმასთან ერთად ათონზე დაბრუნდა, პირდაპირ მამა ილარიონთან მივიდა კურთხევისათვის. მისი ძმა მთელი გზა, მამა ილარიონის კელიამდე, გამოუთქმელ კეთილსურნელებას გრძნობდა. მამა კირილე ამბობდა, რომ მამა ილარიონმა კიდევ ბევრი რამ უწინასწარმეტყველა, რაც შემდგომში გადახდა თავს.

ვისაც ბერდიდისადმი რწმენა ჰქონდა, მას ბევრი რამ განეცხადებოდა. ასე, მაგალითად: სქემმონაზონი ნიკოდიმოს ბულგარელი, რომელიც კოსტამონიტას მონასტერში ცხოვრობდა, თხუთმეტ წელზე მეტხანს დადიოდა აღსარებაზე მამა ილარიონთან და ხედავდა რა ბერდიდში საღმრთო მადლის სიუხვეს, განკრძალული იყო მის წინაშე. მამა ილარიონის გარდაცვალების დღეს მამა ნიკოდიმოსს ასეთი გულისთქმა მოუვიდა: ამდენი ხანი დადიოდა ბერდიდთან და ერთხელ არ უთხოვია შენდობის ლოცვის წაკითხვა; ამიტომ გადაწყვიტა, როცა შემდგომში წავიდოდა, აუცილებლად ეთხოვა. მეორე დღეს მამა ილარიონი გარდაცვლილი დახვდა და ძალზე დამწუხარდა.

სამი დღის მერე, გარდაცლილის სულისთვის მხურვალე ლოცვისას, ცისკრამდე ერთი საათით ადრე, მამა ნიკოდიმოსს ჩათვლიმა. მას მამა ილარიონი გამოეცხადა, კეთილმშვენიერი, ნათელი, მხიარული. მან მამა ნიკოდიმოსს უთხრა:

- იმაზე ნუ ჯავრობ, რომ შენდობის ლოცვა ვერ წაგიკითხე, მიდი მამა საბასთან და ჩემს მაგივრად ის წაგიკითხავს.

მამა ნიკოდიმოსმა მაშინვე მოიკიდა თოფრა და ნაცნობი ბილიკებით წმინდა გიორგის კელიისკენ წავიდა. ტაძარში მისულმა ოლარით მჯდომი მამა საბა იხილა, რომელსაც ხელში გაშლილი წიგნი ეჭირა. მამა საბა მოუბრუნდა და უთხრა:

- მე შენ გელოდები, ბერდიდმა მიბრძანა, რომ შენდობის ლოცვა წაგიკითხო.

წამოდგა და კურთხევანის კითხვა დაიწყო. ლოცვასთან ერთად გამოცხადებაც დასრულდა.

ერთხელ მამა ნიკოდიმოსი მამა ილარიონთან იყო წმინდა იაკობის კელიაში,
მღვდელმონაზონთან ერთად. დიდხანს ისაუბრეს სხვადასხვა სულიერ საკითხზე, საუბარი გვიან საღამომდე გაგრძელდა. საუბრის დასასრულს ბერდიდმა უთხრა: "ახლა კი წადით, ღვთის შეწევნით". ისინი შეიშმუშნენ, .სად უნდა წასულიყვნენ ასეთ სიბნელეში, თანაც უმთვარო ღამე იყო, მაგრამ ბერდიდის ურჩობა ვერ გაბედეს და გარეთ გამოვიდნენ. როგორც კი კელიის კარს გამოსცდნენ და ხელის ცეცებით გაუყვნენ ციცაბო და დაკლაკნილ ბილიკს, უეცრად განათდა, როგორც დღისით და იოლად შესძლეს დიონისეს მონასტერში მისვლა.

ქოლერის დროს ათონის შემოგარენში ყველგან კარანტინი იყო დაწესებული, ქარიშხალმა დიონისიატის მონასტრის ნაპირს ერისკაცებით სავსე ნავი მოაგდო. ისინი ცდილობდნენ ნავი წყლიდან ამოეწიათ და ნავსაყუდელში მოეცადათ გამოდარებამადე, მაგრამ ეპიდიმიის მიზეზით ნავმისადგომის უფროსმა ისინი ნაპირზე არ გამოუშვა, ვიდრე ამისთვის იღუმენისგან კურთხევას არ აიღებდა. იღუმენმა კი ბრძანა, არ გადმოეშვა ისინი და ეთქვა მათთვის, რომ დაფნას საკარანტინო ზონისკენ გაეცურათ.

ნავში მსხდომებმა აუხსნეს, რომ ქარიშხლისა და დაღამების გამო წასვლა შეუძლებელიაო. ეს აშკარა იყო ყველასთვის, მაგრამ მაინც უარი უთხრეს და ნავი წყალში შეაგდეს. ისინი დიდი გაჭირვებით მიცურდნენ მეზობელ მონასტრამდე.

ზოგიერთმა ძმამ უკმაყოფილება გამოთქვა იღუმენის საქციელის გამო, მამა ილარიონთან მივიდნენ და მოუყვნენ, რაც მოხდა. ბერდიდმა ისინი დაამშვიდა და დასძინა, რომ ღმერთი იღუმენს თავისსავე სასარგებლოდ ორმაგად დასჯიდა: ისეთი სნეულება მოევლინებოდა, რომ სამი დღე ძროხასავით იბღავლებდა, და რადგანაც ამ საქმეში სხვა ძმებიც მონაწილეობდნენ, მათი ჭკუის სასწავლებლად სხვა უბედურებაც მოხდებაო.

სამი დღის შემდეგ იღუმენს ყელი ისე ასტკივდა და რომ სამი დღე მართლაც ძროხასავით ბღაოდა. მისი გამოჯანმრთელების შემდეგ რამდენიმე ძმა ნავით თევზის დასაჭერად წავიდა და თან მონასტრის ყველა ბადე წაიღეს. მშვიდი დღე იყო, უეცრად ძლიერი ქარი ამოვარდა და იმგვარი ღელვა ატყდა, რომ ყველანი ქანცგაწყვეტილნი ნავის ფსკერზე ეყარნენ; ღელვამ დამსხვრეული ნავი ნაპირისკენ წამოიღო, ყველა ბადე დაიკარგა, მებადურები ძლივს გადაურჩნენ სიკვდილს. მაგრამ ეს ყველაფერი არ იყო, მათ დასახმარებლად გაშვებული ნავი, ქარიშხალმა ამოაბრუნა და ჩაძირა.

როცა დიონისიატში ძმათა შორის მღელვარება დაიწყო სეფისკვერების საცხობში არსებული უსუფთაობის გამო, მამა ამბერკი, სხვა ძმებთან ერთად, წინ აღუდგა ამგვარ უკრძალველობას. მან პირველმა მოუთხრო მამა ილარიონს ამის შესახებ, ბერდიდმა მოუწონა საღმრთო საქმეში მოშურნეობა და ურჩია, უკან არ დაიხიოო.

როცა მღვდელმონაზვნები თანდათანობით დაწყნარდნენ იღუმენის დაპირების მერე, - სეფისკვერების საცხობს მოვაწესრიგებო, მამა ამბერკის, როგორც ამ შფოთის მოთავეს, იღუმენმა შევიწროება დაუწყო და სავანიდან მისი გაგდება უნდოდა. მამა აბერკი მივიდა მამა ილარიონთან და თავისი გაჭირვება მოუთხრო. ბერდიდმა მას უპასუხა:

- შენ საღვთო საქმეს იცავდი, ამიტომ დევნისა ნუ შეგეშინდება, ხოლო თუ მაინც გაგაგდებენ, უფალი შენი მოშურნეობისათვის ყოველივე აუცილებელს გამოგიგზავნის.

მამა ილარიონის სიტყვებმა მამა ამბერკი დაამშვიდა; ის მშვიდი იყო სავანიდან გაგდების დროსაც. მამა ილარიონის ნათქვამი კი აცხადდა, რამეთუ როცა ის ყუთლუმუშის მონასტრის კუთვნილ წმინდა პანტელეიმონის სკიტში მივიდა, მას კელიაც მისცეს, პურიც, და ყოველივე აუცილებელიც.

ცოტა ხნის შემდეგ შეხვედრისას მამა ილარიონმა უთხრა, გაგდების გამო გული არ გაიტეხო, რამეთუ ღმერთი ნეტარს უწოდებს სიმართლისათვის დევნილს და მას მოთმინებისათვის მეფეთა მსგავს დიდ პალატებს უბოძებს, რამეთუ თავდაუზოგავად იდგა სიმართლის მხარეზეო. და იცით, რა მოხდა? მალე მამა ამბერკისთან კოსტამონიტას მონასტრის ბერდიდები მოვიდნენ და სთხოვეს, რომ მათი იღუმენი ყოფილიყო.

როცა ის იღუმენობის მოვალეობის შესრულებას შეუდგა, მან ისურვა, რომ მასთან მამა ილარიონი მისულიყო, მისი ახალი ცხოვრება ეკურთხებინა და ძმათა სახელმძღვანელოდ კანონი მიეცა. ბერდიდთან მამა ნიკოდიმოს ბულგარელი გაგზავნა. როცა ისინი მონასტერში მოვიდნენ, იღუმენი მათ დიდი სიხარულით შეხვდა; მაგრამ ბერდიდმა განსჭვრიტა რა სულით მომავალი, შეჩერდა და ვიდრე იღუმენი რამის თქმას მოასწრებდა, მამა ილარიონმა იგავებით დაუწყო ლაპარაკი, მოიყვანა მაგალით წინასწარმეტყველ სამუელის ცხოვრებიდან:

- როცა ებრაელები ეგვიპტიდან აღთქმულ ქვეყანაში მიდიოდნენ, ღმერთმა ისრაელის მეფე საულს ამალეკის წინააღმდეგ გალაშქრება უბრძანა, რომელიც ებრაელებს დიდად ეწინააღმდეგებოდა და სამუელ წინასწარმეტყველის პირით უბრძანა, არავინ დაენდოთ ამალეკთაგან, თვით მეფეც კი, არც მათგან მოტანილი ძღვენი მიეღოთ.

სამუელ წინასწარმეტყველის გადმოცემით, საულმა სძლია ამალეკს, მაგრამ უფლის სიტყვა არ შეასრულა: არ მოკლა მეფე და კაცთმოთნეობის გამო არ ამოწყვიტა მათი საქონელი, არამედ ისრაიტელებს ნება მისცა, საუკეთესო საუკეთესო პირუტყვი წაეყვანათ. როცა დაბრუნდა გალგალაში და სურდა მსხვერპლი შეეწირა, მაშინ უფალმა უბრძანა სამუელს, წასულიყო და მეფე ემხილებინა, ეთქვა, რომ წაერთმევა მეფობა და სხვა უფრო ღირსეულს გადაეცემა. ასე დაგემართება შენც", - უთხრა მამა ილარიონმა და ეკლესიაში შევიდა. შემდეგ დაემშვიდობა და შინ წავიდა.

კარგა ხნის შემდეგ იღუმენ ამბერკის აზრად მოუვიდა, წასულიყო დიონისიატში და შერიგებოდა მხცოვან იღუმენს, რომელმაც თავის დროზე გამოაგდო. საქმის არსით მას შენდობა მხოლოდ მათთვის მიყენებული შეურაცხყოფისთვის უნდა ეთხოვა; მაგრამ, კაცთმოთნეობის გამო სეფისკვერებთან დაკავშირებული დანაშაულიც დაიბრალა და მლიქველურად ამტკიცებდა იღუმენის სიმართლეს. მამა ამბერკის ეს საქციელი მთელი ათონისთვის გახდა ცნობილი.

მისი კაცთმოთნეობის გამო, უფალმა დაუშვა, რომ იგი საულ მეფის მსგავსად ნაწინასწარმეტყველებ ცდუნებაში ჩავარდნილიყო, როგორც მეფემ დაკარგა მეფობა, ისე ამ იღუმენმა - იღუმენობა. ჩოტა ხნის მერე რაღაც საქციელის გამო კოსტამონიტას ძმობმა მამა ამბერკი მონასტრიდან გააგდო.

ერთმა რუსმა მონაზონმა, მამა ბარსანოფიმ, წმინდა ანას სკიტში, ბერდიდ ექვთიმესთან საუბარში რომელიღაც მონაზვნის გარდაცვალება ახსენა. უეცრად მამა ექვთიმე აცრემლდა და თქვა:

- მამა ილარიონი მეუბნებოდა, როცა ვინმეს სიკვდილს შეიტყობ, ვინც არ უნდა იყოს, მაშინევე დაუტევე ყველა შენი კანონი და საკუთარ სულზე ზრუნვა, იტირე და ილოცე სულისთვის, რომელიც საზვერეებში იმყოფება. რამეთუ ჩვენ ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ და შეგვიძლია შევინანოთ. გარდაცვლილის სულს საკუთარი თავისთვის არაფრის გაკეთება არ შეუძლიან და ძლიერ სჭირდება ლოცვით დახმარება.


წმინდა ილარიონის აღსასრული

მამა ილარიონს სიყრმიდანვე დიდი სიყვარული და მოშურნეობა ჰქონდა წმინდა გიორგის მიმართ, რომელიც, მამა საბას მოწმობით, ეცხადებოდა და იფარავდა მას მთელი სიცოცხლის მანძილზე. მამა ილარიონი ამ წმინდანის სახელობის ეკლესიაში იყო მონათლული და თავისი ყრმობა და სიყმაწვილე წმინდა გიორგისადმი მიძღვნილ ტაბაკინის და ჯრუჭის მონასტრებში გაატარა, აღსასრულიც წმინდა გიორგის მფარველობის ქვეშ მყოფი დიდმოწამის სახელობის კელიაში ეწვია.

სიკვდილისწინა ტანჯვისას ბერდიდი ამბობდა:

- დიდება ღმერთს! მოწამეობა მსურდა, მაგრამ უფალმა ღირსი არ გამხადა ამისა; ახლა კი სნეულება გამომიგზავნა; ეს უფრო მეტია, ვიდრე წამება, როცა მას მოთმინებითა და ღვთის ნებისადმი მინდობით გადაიტან.

გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე მამა ილარიონმა მამა საბა წირვის ჩასატარებლად გაუშვა წმინდა დიმიტრის კელიაში; ამ დროს მან თავი შეუძლოდ იგრძნო და ლოცვა დაიწყო. სწორედ ამ დროს მამა საბამ ბერდიდის ხმა გაიგო, რომელიც მას ეძახდა: - საბა, საბაა, საბა!.. როცა მამა საბა უკან დაბრუნდა, ბერი სრულიად ღონემიხდილი დახვდა. მეორე დღეს მამა საბა გარდაიცვალა.

ეს მოხდა 1864 წლის თებერვლის მეთოთხმეტე დღეს.

სხვა წვრილმანები ბერდიდი ილარიონის აღსასრულზე მამა საბას ჩანაწერებში ვერ მოვიძიეთ. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მამა ილარიონმა იცოდა, თუ რაოდენ დიდ პატივს სცემდნენ მას რუსები, და ეშინოდა, ვაითუ გარკვეული დროის მერე მისი ძვლები წმინდა ნაწილების გვერდით მოეთავსებინათ და ამიტომაც დაუბარა მამა საბას, მისი ნეშტი მალულად წაეღო და ისეთ ადგილას დაეკრძალა, რუსებს რომ არ სცოდნოდათ. სად დაიკრძალა მამა ილარიონის პატიოსანი ნეშტი, უცნობია; უფრო შესაძლოა, ნათლისმცემელის ივერონის სკიტში, სადაც ადრე ცხოვრობდა ბერდიდი. და იქვე დარჩებოდა, რომ არა ერთი შემთხვევა:

მამა საბამ, ვგონებ, ეს საიდუმლო გაუმხილა მამა ილარიონის უკვე გარდაცვლილი მეგობრის, მამა ბენედიქტეს მოწაფეს, მონაზონ მამა ბესარიონ ქართველს და შესაძლოა, ბერდიდთან დაახლოებულ რამდენიმე სხვა ბერსაც.

მამა ილარიონის გარდაცვალებიდან მალევე, მამა ბესარიონმა მოისურვა მის საფლავზე ელოცა. წინა ღამეს მას ძილში გამოეცხადა თავისი მოძღვარი მამა ბენედიქტე და ჰკითხა:

- საით გაგიწევია?

- მამა ილარიონის საფლავზე მივდივარ, რომლის დაკარგვის გამო გამუდმებით ვტირი, - უთხრა მამა ბესარიონმა.

მამა ბენედიქტე შეეკამათა, - მამა ილარიონი არ მომკვდარა და რატომ უნდა მიხვიდე საფლავზეო. მამა ბესარიონი შეედავა, მამა ილარიონი მოკვდა, ეს გაგებული მაქვს მისი მოწაფისა და მისი სიკვდილის სხვა შემსწრეთაგანო. მამა ბენედიქტე ამტკიცებდა, მისი სიკვდილი ჭორია და ნუ დაიჯერებო. მამა ბესარიონი კი თავისას ადგა. ბოლოს, სიმწრით აღმოხდა:

- რატომ დამცინი, მამაო?

მამა ბენედიქტემ მტკიცედ უთხრა: - მამა ილარიონი ცოცხალია და ღირს ათანასე ათონელთან ერთად იმყოფებაო. ამ დროს მამა ბესარიონს გამოეღვიძა და და სიხარულის მოზღვავება იგრძნო. მამა ილარიონის დაკრძალვის ადგილას მივიდა და ძილში ნანახი მამა საბას მოუთხრო.

სიკვდილის წინ მამა ილარიონმა რუსიკის ბერებს უთხრა:

- მამა საბას სახელზე ნუ ჩაწერთ კელიას, ის აქ ცხოვრებას აღარ მოისურვებს. წმინდა ანას მცირე სკიტს მიეჩვია და იქ ვუშვებ.

მამა საბა ასეც მოიქცა, ბერდიდის სიკვდილის შემდეგ მალევე ქრისტეს აღდგომის სახელობის კელიაში დაბრუნდა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე - 1908 წლამდე იცხოვრა.

ხელნაწერებში ვნახეთ შემდეგი დოკუმენტი, რომელიც 1867 წლის 18 ივნისითაა დათარიღებული:

"ვინ არს ღმერთი დიდ, ვითარ ღმერთი ჩვენი? შენ ხარ ღმერთი, რომელმან ჰყავ საკვირველი"... აი, ჩვენი მოლოდინიც სრულდება, დიდხანს მალა მამა ილარიონის ნაწილები მისმა მოწაფემ, მაგრამ უფალმა გამოაცხადა ისინი და განადიდა. ამ გამოჩინების მიზეზი კი ის იყო, რომ ბერძნებს შორის გავრცელდა ხმა, თითქოს მამა ილარიონის ნეშტი არ გაიხრწნა (ათონზე, ისე როგორც მთელ საბერძნეთში, გარდაცვალებიდან მესამე წელს გახსნიან განსვენებულის საფლავს და ძვლებს საძვალეში მოათავსებენ, სხეულის უხრწნელება, რომელსაც კეთილსურნელება და სასწაულები არ სდევს, აფიქრებინებს გარდაცვლილზე, რომ ის ცოდვილი იყო და მისი სხეული მიწამ არ მიიღო, - კ.კ.) და მოწაფე არ თხრისო. ეს რომ სკიტელმა მამებმა გაიგეს, მამა საბას ურჩიეს, ამოესვენებია ბერდიდის ნაწილები და ეჩვენებინა ყველასთვის, რათა მამა ილარიონის ლანძღვისთვის თავი დაენებებინათ. ასე თუ არ მოიქცეოდა, ლანძღვის ცოდვა მასზე იქნებოდა.

მაშინ მამა საბამ საფლავის გათხრა გადაწყვიტა. საფლავის გასახსნელად და წმინდა ნაწილების გადასასვენებლად მან ოთხი კაცი მოიწვია, თვითონ კი კელიაში დარჩა სალოცავად.

25 მაისს, ამაღლების წინა საღამოს, მონაზვნებმა ამოამოასვენეს მამა ილარიონის ძვლები. საფლავის გათხრისას მათ საკვირველი კეთილსურნელება იგრძნეს, რომელიც მთელი გზა გაჰყვათ, წმინდა ანას მცირე სკიტამდე. მოწაფის კელიაშიც ისეთი კეთილსურნელება დატრიალდა, იქ მყოფი ოთხი რუსი და სამოცდაათამდე ბერძენი გაოცებული დარჩნენ.
წმინდა ნაწილების გადატანისას ერთმა მეუდაბნოემ ასეთი რამ იხილა: დღისით-მზისით, ბიზანტიური დროით ხუთ საათზე, მან მზის მსგავსი მანათობელი ბურთი დადგა მამა საბას კელიის თავზე. ბურთი სხივებს გამოსცემდა და კელიის სიახლოვეს ჰაერი მიმოდიოდა.

ეს დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. ამის მხილველმა ბერს სხვებისთვის სურდა ეჩვენებინა, მაგრამ ბურთი გაქრა და უხილავი შეიქმნა. მან დაასკვნა, რომ ალბათ მამა ილარიონის საფლავი გახსნესო, და გარდაცვლილის სიყვარულითა და უჩვეულო სანახაობით აღძრულმა სასწრაფოდ მამა საბას კელიას მიაკითხა და მოუყვა, რომ მისი კელიის თავზე მზის მსგავსი ბურთი დაინახა. მამა საბამ კი უამბო, როგორ აღმოიყვანეს მამა ილარიონის ნაწილები დაანახა მას.

მომზადებულია ანტონ მთაწმინდელის მიერ შედგენილი "ცხოვრების" მიხედვით


წმინდა ილარიონს იგონებენ

არქიმანდრიტი გაბრიელ დიონისიატელი - მთაწმინდის ლავსაიკონი. (ამონარიდი)

ჩვენამდე მოღწეული გარდამოცემის თანახმად, ეს ფრიად პატიცემული კაცი და დიდი მოშურნე მონაზვნური ცხოვრებისა, ტომით ქართველი, ათონზე მთლად ახალგაზრდა მოვიდა. ის თავდაპირველად ივერთა სავანესთან ახლოს, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ქართულ კელიაში მოსაგრეობდა. მაგრამ იქ ვერ ჰპოვა თავისთვის საყვარელი მყუდროება და მან დიონისიატიდან უფლის ძმის, წმინდა იაკობის სახელობის კათიზმა მიიღო, სავანიდან ნახევარი საათის მანძილზე, მიყრუებულ და უდაბურ ადგილას.

ამ ისიქასტრიონში ნეტარი ილარიონი ზეკაცობრივი ძალით მოღვაწეობდა. საკვებს რაც შეეხება, მონასტრის ნაწყალობევით, ანდა რაც ექნებოდა, იმით კმაყოფილდებოდა. სრულ განდეგილობაში ათი წელი დაჰყო და მერე სავანის კურთხევით მორჩილი მიიღო, შემდგომში სახელგანთქმული მოღვაწე მამა საბა....

ის და მამა საბა ყოველდღიურად, რიგ-რიგობით ატარებდენ ლიტურგიას, ხოლო რომელიც არ სწირავდა, იმ დღეს ასრულებდა წიგნის მკითხველის და მგალობლის მოვალეობას.
მონასტერში ორივე მხოლოდ დიდი დღესასწაულების დროს აგრიპინიებზე მოდიოდნენ ხოლმე. ჩვენს დრომდე მოღწეული დიონისიატელი მამები იხსენებენ ჭაღარა მოძღვარს, რომელიც მთელი მსახურება განუძრევლად იდგა გერონდიკონზე (ბერდიდის სტასიდია) და ტაძარს შუალედშიც კი არ ტოვებდა, არამედ კარიბჭეში ელოდებოდა საღმრთო ლიტურგიის დაწყებას.

ნეტარხსენებულმა ბერდიდმა სათნოების ისეთ საფეხურს მიაღწია, რომ ღირსი შეიქმნა დაფარულთმცოდნელობის ნიჭისა და მისი სახელის დიდებამ რუსეთამდე მიაღწია. დაახლოებით 1859 წელს, ომის დაწყების წინ, მოგვიანებით ყირიმის ომი რომ ეწოდა, ათონზე სპეციალური ხომალდით, თვით მეფისგან თუ მისი გენერალური შტაბიდან გამოიგზავნა სარწმუნო კაცი, რომელმაც მამა ილარიონს სამხედრო მოქმედებების შედეგზე ჰკითხა, იმ ომისა, რომლის დროსაც თურქეთთან ერთად, ლამის მთელი ევროპა იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ. თავიდან ამ კაცის მიღებაზე უარს ამბობდა. მაგრამ როცა გემი სამი დღე რეიდზე იდგა და არ წავიდა, პასუხი გასცა.

როგორ შემდგომი უახლოესი სამი წლის ისტორიამ აჩვენა, ბერდიდის წინასწარმეტყველება ზედმიწევნით ასრულდა. "რუსეთი დაუძლურდება და ბოლოს დამარცხდება, მაგრამ თავის სამფლობელოებს არ დაკარგავს", - თქვა მან და ასრულდა კიდეც. აწ გარდაცვლილმა მამა იაკობმა კი ასეთი რამ მომიყვა: "მორჩილებისას ახალ სამორჩილო საქმეზე გამგზავნეს წმინდა იაკობის კათიზმის გვერდით მდებარე წყლის სამხერხაოზე. კათიზმატი მამების, მათი მოძღვრის, ილარიონისა და მღვდელმონაზონ საბას სიყვარულით თვითნებურად წავედი მათთან მონაზვნობაზე კურთხევის მისაღებად. ბერდიდი მოძღვარი გარეთ, ქოხის წინ იჯდა. გამოვჩნდი თუ არა, მაშინვე მითხრა: "კეთილი იყოს შენი მობრძანება, შვილო იოანე!" გაოცებული დავრჩი - საიდან იცოდა ჩემი მაშინდელი ერისკაცული სახელი. ვიფიქრე, ალბათ იქ მყოფებმა მამებმა უამბეს-მეთქი. მან მაკურთხა, რომ მოთმინებით დამეთმინა ყველაფერი და მორჩილი ვყოფილიყავი, მითხრა, რომ არ დავღონებულიყავი წინა დღეს წასული ჩემი ღვიძლი ძმის გამო, რადგან ის ქსენეფონტეს კინოვიურ მონასტერში მოეწყო სადაც კარგად იქნება (რამდენიმე დღის შემდეგ შევიტყვე ძმისაგან, რომ სწორედ იმ დღეს მიეღოთ მორჩილად). შემდეგ წმინდა იაკობის მცირე ეკლესიაში შემიყვანა, მიბრძანა, სამჯერ მომედრიკა მუხლი და მის ხატსა ვმთხვეოდი. როცა წამოვდექი, აბბამ მხარზე ხელი დამადო და მითხრა: "გიყვარდეს და პატივი მიაგე შენს სეხნია წმინდა მოციქულს: "ის საუკეთესო შემწე იქნება შენი!" ვიფიქრე, ბერდიდს შეეშალა-მეთქი და შევეპასუხე: " მამაო, მე იაკობი კი არა, იოანე მქვიან"-პასუხად კი მოვისმინე: "იაკობიც იქნები, და ვიდრე მონაზონი არ გახდები, მარტო შენ იცოდე, რა გითხრა ერთმა სულელმა ბერიკაცმა". ნათქვამი ასრულდა, მაგრამ როცა ანგელოზის სქემა შევიმოსე, საკვირველი მოძღვარი ცოცხალი აღარ იყო".

პანტელეიმონის მონასტრის ბერები მას უზომო პატივს მიაგებდნენ და როგორც რუსული ენის მცოდნეს, ხშირად იწვევდნენ აღსარების მისაღებად. და აი, ამ მიზნით რუსიკში 1864 წლის დიდმარხვისას მისული მიიცვალა უფლისა მიმართ 14 თებერვალს, ასეა აღნიშნული ჩვენი სავანის მონაზონთა სიაში.

წინასწარ სცნო რა თავისი გარდაცვალების ჟამი, აბბა ილარიონმა ანდერძად დაუტოვა თავის მორჩილს, მღვდელმონაზონ საბას, რომელიც მაშინ რუსიკშივე იმყოფებოდა, რომ მისი სხეული იქ არ დაეტოვებინა (რადგან რუსები დიდი პატივისცემის გამო წმინდა ნაწილებად შერაცხდნენ), გადაესვენებინა მონანიების ადგილას - ივერონის იოანე ღვთისმეტყველის კელიაში, სამი წლის გასვლის შემდეგ (როცა ბერძნული ტრადიციით მისი საფლავი გაიხსნებოდა, - კ.კ.) მისი ძვლები დიონისიატის საძვალეში ძმათა ძვლებისთვის შეერია. რაც შეასრულა კიდეც მამა საბამ რუსიკის მონაზვნების დახმარებით.

მამა ილარიონი მღვდელმონაზონმა საბამ დაკრძალა და მანვე გადმოასვენა ის ჩვენს მონასტერში (დიონისიატში). დაჟინებული თხოვნის შემდეგ იღუმენისა და ბერდიდების კურთხევით, მამა საბას ნება მიეცა, კურთხევის ნიშნად თავისი ნეტარი მოძღვრის პატიოსანი თავი თან წაეღო კატუნაკში, უფლის აღდგომის კალივაში, სადაც ის თავისი დამრიგებელის გარდაცვალების შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა. ყოვლადსახიერი ღმერთი, რომელიც განადიდებს თავისი მიწიერი ცხოვრების მანძილზე სიტყვითა და საქმით უფლის სწორად განმადიდებლებს, კეთილ ინება, რომ ამ კალივის თავზე, მთელი სამი წლის მანძილზე ყოველ პარასკევს ზეციური ნათელი ადგებოდა ხოლმე. ამ ნათელს ხედავდნენ, მოპირისპირე მხარეს მდებარე წმინდა ანას სკიტის პატიოსანი მამები, რომელთაც ნათლის მოფენა იმით ახსნეს, რომ ამ დღეს ბერდიდი სრულყოფილ მარხვას ინახავდა და წყალსაც კი არ სვამდა.


წმინდა პანტელეიმონის სახელობის მონასტრის არქივიდან

მონაზონი დენასე (იუშკოვი). ათონელი რუსი მონაზონის ჩანაწერები მთაწმინდის სავანეებში თავის მოგზაურობაზე. ("სულისმარგებელი თხრობანი". 1909 წ.); ერთხელ, სახელდობრ 1871 წლის აპრილში მამა პანტელეიმონის (საპოჟნიკოვი) კითხვაზე მამა ილარიონ ქართველთან დაკავშირებით, მამა დანიელმა (გრიგორიატის ყოფილმა იღუმენმა, რომელიც 85 წლისა გარდაიცვალა და ცხოვრების 58 წელი ათონზე გაატარა), რომელსაც სულიერი ურთიერთობა ჰქონდა ბერდიდთან, მასზე შემდეგი რამ მოჰყვა:

მამა ილარიონს დიდი განსჯის უნარი და ღრმა გონება ჰქონდა, მაგრამ მის ღვაწლზე არაფერი ვიცი. როცა მონასტრიდან გამოვედი და წმინდა ანას სკიტის უდაბნოში დავსახლდი, რჩევისთვის მივმართე მამა ილარიონს: მსურდა რომ ორ დღეში ერთხელ მეჭამა. მან მიბრძანა:

-დღეში ერთხელ ჭამე (მშრალი საკვები); შაბათსა და კვირას დღეში ორჯერ ჭამე, საჭმელში კი ზეთი ჩაუმატე.

მე კვლავ დაჟინებით ორ დღეში ერთხელ ჭამის უფლება ვთხოვე, მაგრამ ბერდიდმა უარი მითხრა:

-არა, ისე მოიქეცი როგორც გითხარი, ეს შენი გზაა!

და აი დღემდე აღვასრულებ მის ნათქვამს.

ვკითხე მამა ილარიონს ძილზეც, მან მითხრა:

-იმდენ ხანს იძინე, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლი, მაგრამ როცა გაიღვიძებ, მაშინათვე წამოდექი და საწოლზე ნუღარ დაწვები!

....

წმინდა ილარიონის სულიერი შვილი მამა საბა (ბერძენი) იგონებს: "მთლიანად მისი სული, ფიქრები, სურვილები და განზრახვები წმინდა იყო, - ამბობდა - კეთილ და ნათელ სახეზე ასახვოდა ანარეკლი მაცხოვრის ხატისა. მისი შემოხედვისას სამოთხის ბრწყინვალებას ჭვრეტდი. მე ხშირად ვერც ვუბედავდი თვალებში შეხედვას. ეს წინასწარმეტყველის თვალები პირდაპირ ანათებდნენ. გული საღმრთო სიყვარულით ანთებოდა. აბა, სხვას რას შეეძლო იძულება, შორეული კავკასიიდან მთაწმინდაზე, უდაბნოში დასახლებულიყო. მას ქრისტეს გარეშე სიცოცხლე არ შეეძლო. რომ გენახა, როგორ ატარებდა საღმრთო ლიტურგიას, როგორ ეზიარებოდა! უზიარებლად ერთ დღესაც არ განვლიდა! ამბობდა ხოლმე: - ქრისტე ჩემი სიცოცხლეაო. ყოველ პარასკევს ჯვარცმის წინ იდგა გულშემუსვრილი, ღვთისმშობელთან და წმინდა იოანესთან ერთად - ასე ძლიერ თანაუგრძნობდა ჯვარცმისას უფალს. ამ დღეს, ნიშნად მაცხოვრის ვნებების ერთგულებისა, არაფერს ჭამდა და არაფერს სვამდა".

ანტონ მთაწმინდელი (ავტორი მისი ცხოვრებისა) წერდა: სულიერ რჩევას ყველა მხრიდან მოსულნი ეკითხებოდნენ, მოძღვართა მოძღვარს უწოდებდნენ. ამქვეყნიური დიდებით აღსავსე ადრინდელ ცხოვრებასთან შედარებით ჭეშმარიტი აღმსარებლობით, უდაბნოსა და განდეგილობაში დიდი ღვაწლით, მის ცხოვრებაში გამჟღავნებული მადლმოსილი მოვლენებით გაცისკროვნებული, ახლანდელი ცხოვრების გამო, მთაწმინდის მამებმა ისეთ მაღალ საფეხურზე დააყენეს, რომ ერთ-ერთ ბერდიდს ეძახდნენ და პატივისცემით ეპყრობოდნენ. მისი სიტყვა ძლიერი და მიუკერძოებელი იყო.

წმინდა ილარიონ ქართველთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით შემდეგ გვერდზე


აქვე შეგიძლიათ წაიკითხოთ:

ჰოი, როგორი შემოხედვა იცოდა!


იხილეთ დასაწყისი

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.03.2024
წმინდა ათანასეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს 01 იანვარს (გარდაცვალების დღეს);
28.03.2024
1 (14 იანვარს), დიუსელდორფის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძრის მართლმადიდებლური მრევლი აღნიშნავს წმიდა ბერის კლარუს სელიგენშტადტელის ხსენებას.
28.03.2024
წმინდანი დაიბადა პატარა სოფელში, რომელსაც ახლა უწოდებენ სენ-კლერ-დიუ-რონს (Saint-Clair-du-Rhone), ისერში (Isère),ვენის სამხრეთით, საფრანგეთში.
28.03.2024
ღირსი კუან ირლანდიელი (მოკუა, მონკანი, მონკაინი, კლაუნი; ირლანდიური. Cuan, Mochua, Moncan, Moncain, Claunus) ცხოვრობდა მე-6 საუკუნის ირლანდიაში.
28.03.2024
ღირსი მამა წარმოშობით ბრეტანიდან იყო. ის შესაძლოა წმინდანების კადფანის და ჰივინუსის ბიძაშვილი იყო. მალრისი გადავიდა ბრიტანეთში,
26.03.2024
მცირე აზიაში, ბითინიაში, პრუსას (დღევანდელი ბურსა) სიახლოვეს მდებარეობდა ქალაქი ტრიგლია (დღევანდელი ზეიტინბაღი), რომელიც ბიზანტიურ ეპოქაში ცნობილი იყო თავისი მონასტრებით, ესენია:
26.03.2024
წმ. ევგენდი გახლდათ კონდატის (იურას) მონასტრის მეოთხე აბატი, დაიბადა დაახლოებით 449 წელს იზერნორში, აინში, ფრანშ-კონტეში;
26.03.2024
თავის წიგნში "ინგლისელი ხალხის საეკლესიო ისტორიაში" წმინდა ბედა წერდა:
31.01.2024
სენაკი, სამეგრელოს ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქი თავისი ტრადიციებით, საუკეთესო წარმომადგენლებით, განათლებით, კულტურით,
30.11.2023
ქართული ეკლესია წელს, 2 ნოემბერს, პირველად აღნიშნავს წმინდა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler