წმინდა მოციქულთასწორი კირილე, სლავთა განმანათლებელი - 14 (27) თებერვალი
წმინდა მოციქულთასწორი კირილე, სლავთა განმანათლებელი - 14 (27) თებერვალი
წმინდა მოციქულთასწორი კირილე, სლავთა განმანათლებელი (სქემის შემოსვამდე - კონსტანტინე) და მისი უფროსი ძმა მეთოდე (ხს. 6 აპრილს), მაკედონიის ქალაქ თესალონიკში დაიბადნენ და წარმოშობით სლავები იყვნენ. წმინდა კირილემ ბრწყინვალე განათლება მიიღო იმპერატორის სამეფო კარზე, სადაც ის იმპერატორის ძესთან ერთად იზრდებოდა, იმ დროის გამოჩენილ მოძღვართა ხელმძღვანელობით. იგი, ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა, მღვდლად აკურთხეს და საკათედრო ტაძრის წიგნთსაცავის მცველად დაადგინეს, და თან ფილოსოფიას ასწავლიდა. წმინდანი სარწმუნოების საკითხებზე წარმატებით ეკამათებოდა ხატმებრძოლ ერეტიკოსებს და მაჰმადიანებს. მყუდროებისკენ მოსწრაფე ღირსმა მამამ ოლიმპოს მთას მიაშურა, სადაც მისი ძმა, მეთოდე მოღვაწეობდა, მაგრამ მისი განდგომა ამ ცხოვრებისგან ხანგრძლივი არ აღმოჩნდა: 857 წელს იმპერატორმა მიხეილმა ისინი სავანიდან გამოიძახა და წარმართ ხაზართა შორის ქრისტიანობის საქადაგებლად გაგზავნა.

გზად ძმები ქერსონესში გაჩერდნენ, სადაც რომის პაპის, წმინდა მღვდელმოწამე კლიმენტის ნაწილები მოიპოვეს. კირილეს და მეთოდეს მისიონერული მოგზაურობა ხაზარეთში მეტად წარმატებული აღმოჩნდა: მეფემ და, მასთან ერთად, მთელმა ერმა ქრისტიანობა მიიღო. მადლიერ ხელმწიფეს სურდა, უხვი ძღვენით დაეჯილდოვებინა მქადაგებლები, მაგრამ წმინდანებმა საჩუქრებზე უარი სთქვეს და ბერძენი ტყვეების განთავისუფლება ითხოვეს მისგან. წმინდა კირილე ტყვეობისგან გამოხსნილ 200 ბერძენთან ერთად დაბრუნდა კონსტანტინოპოლში.

862 წელს დაიწყო ნეტარი ძმების მოღვაწეობის უმთავრესი ეტაპი: მთავარ როსტისლავს თხოვნით, იმპერატორმა მორავიაში სლავურ ენაზე ქრისტიანობის საქადაგებლად გაგზავნა ძმები. კირილემ და მეთოდემ ღვთაებრივი გამოცხადებით სლავური ანბანი შეადგინეს და ამ ენაზე თარგმნეს სახარება, სამოციქულო, ფსალმუნები და სხვა მრავალი საღვთისმსახურო წიგნი; მათ სლავურ ენაზე შემოიღეს ღვთისმსახურება. შემდეგ ძმები, რომის პაპის მიწვევით, რომში ჩავიდნენ. თვით პაპი ადრიანე II წმინდანებს დიდი პატივით შეხვდა, მათ ხომ თან მღვდელმოწამე კლიმენტი, რომის პაპის წმინდა ნაწილები მოჰქონდათ. ფიზიკურადაც ძლიერ სუსტი წმინდა კირილე მძიმე და დაუცხრომელმა ღვაწლმა დაავადა და 869 წელს ძალზე ახალგაზრდა 42 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიკვდილის წინ მან ძმას უანდერძა სლავების ქრისტიანულ განათლება განეგრძო. წმინდა კირილე დაკრძალულია რომში წმინდა კლიმენტის სახელობის ტაძარში, აქვეა დასვენებული წმინდა კლიმენტის წმინდა ნაწილები, რომლებიც აქ ხერსონიდან წმინდა კირილემ გადმოასვენა.

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1