წმინდა აბრაამი ეპისკოპოსი კარისა - 14 (27) თებერვალი
წმინდა აბრაამი ეპისკოპოსი კარისა - 14 (27) თებერვალი
წმინდა აბრაამი IV-V საუკუნეების გასაყარზე ცხოვრობდა, იმპერატორ იუსტინიანეს მეფობის ჟამს. ის ასურეთის ქალაქ კირის სიახლოვეს დაიბადა და იქ მოღვაწეობდა ქალკედონის უდაბნოს ასკეტებს შორის. მის შესახებ მოგვითხრობს ნეტარი თეოდორიტე კვირელი "ღვთისმოყვარეთა ისტორიაში".

" შევცოდავ, რომ არ მოვიხსენო საკვირველების ღირსი აბრაამი, თუნდაც იმიტომ, რომ მან განდეგილი ცხოვრების მერე განამშვენა მღვდელმთავრის კათედრა. ის განსაკუთრებული ყურადღების ღირსია იმის გამო, რომ თუმცა იძულებული გახდა, შეეცვალა ცხოვრების სახე, წესი არ შეუცვლია და მიწიერი სარბიელის დასრულებამდე თავისი ცხოვრება განდეგილის ღვაწლსა და მღვდელმთავრის შრომაში გაატარა.

ის ასევე ნაყოფი იყო კირის მიწისა: იქ იშვა, იქ აღიზარდა და იქვე შეაგროვა მოსაგრეობის სათნოებათა სიმდიდრე. ამბობდნენ, რომ მან თავის ღამისთევით, ლოცვაზე დგომით და მარხვით ისე მოიუძლურა სხეული, რომ დიდი ხნის მანძილზე სიარული არ შეეძლო. მერე კი ამ უძლურებისგან ღვთის განგებულებით განთავისუფლებულმა ღვთისადმი მადლიერების ნიშნად, საკუთარი თავი მაცხოვნებელ განსაცდელებში ჩაიგდო და გადასახლდა ერთ დიდ დაბაში, ლიბანს, რომელზეც ამბობდნენ უწმინდურობის ბნელით არის დაფარულიო. თავის მონაზვნური წოდება ვაჭრის სამოსში დაფარა და სხვა ვაჭრებთან ერთად იქ ტომრებით მივიდა, თითქოსდა თხილის შესაძენად, მცირე თანხით დაიქირავა სახლი და აბრაამი იქ 3-4 დღე იყო დაყუდებული. მერე კი ნელ-ნელა ჩუმი ხმით დაიწყო ღვთისმსახურების შესრულება. როცა ლიბანელებს მოესმათ მისი ფსალმუნთგალობა, ქადაგმა მოუხმო მამაკაცებსა და დედაკაცებს; შეკრებილთ ამოქოლეს იმ სახლის კარები, სადაც აბრაამი ცხოვრობდა, მერე მიწა მოიტანეს და სახურავიდან სახლში ჩაყარეს. მაგრამ, როცა დაინახეს რომ შიგნით მყოფნი (აბრაამთან ერთად ლიბანელი ქრისტიანებიც იყვნენ) თავს არაფრით იცავდნენ და მხოლოდ ღვთისადმი გალობას განაგრძობდნენ, უხუცესთა ბრძანებით, გახსნეს კარები, გამოგავეს მიწა და იქაურობას გაშორდნენ.

ამ დროს სოფელში გადასახადის ამკრებნი მოვიდნენ. ზოგს ვალის გამო ბორკილები დაადეს, ზოგიც გაამათრახეს. აბრაამმა მიჰბაძა უფალს, რომელიც ჯვარზე გაკრული ჯვარმცმელებისთვის ლოცულობდა და გადასახადის ამკრეფთ სთხოვა, შემწყნარებელნი ყოფილიყვნენ. მათ ლიბანელებს თავმდებობა მოსთხოვეს. ხალისით დათანხმდა და დაპირდა, რომ მალე მიუტანდა ას ოქროს, რომელიც აკლდებოდათ. ლიბანელები, რომელებიც ასე ცუდად მოექცნენ მას, განცვიფრდნენ აბრაამის კაცთმოყვარეობით, შენდობა სთხოვეს და ბატონად მიიწვიეს, რამეთუ იმ სოფელს ბატონი არ ჰყავდა. აბრაამი წავიდა ქალაქ ემესაში, ნაცნობებისგან ასი ოქრო ისესხა, სოფელში დაბრუნდა და აასრულა თავისი დანაპირები.

სოფლელებმა გულწრფელად სთხოვეს, გვიპატრონეო. აბრაამმა აღუთქვა იმ პირობით თუ დათანხმდებოდნენ აქ ეკლესიის აშენებას. ლიბანელებმა შესთავაზეს, ახლავე დაეწყო მშენებლობა. მათ ნეტარ კაცს დაათვალიერებინეს იქაურობა. აბრაამმა საუკეთესო აარჩია, ჩადო ტაძრის საძირკველი, მცირე ხანში კედლები ამოიყვანა და გადახურა. მშენებლობის დასრულების მერე ნეტარმა დაარწმუნა იქაურები, მღვდელი მოეწვიათ. მათ უპასუხეს: შენ იყავი ჩვენი მოძღვარი და მწყემსიო. ნეტარმა აბრაამმაც მღვდლობის მადლი მიიღო. ასე იცხოვრა სამი წელი, ბრძნულად წარუმართავდა მათ გზას ღვთისაკენ, მერე თავის სანაცვლოდ მღვდელი მოამზადა, თვითონ კი მონაზონთა ნავსაყუდელს მიაშურა.

ამგვარი ღვაწლით გაბრწყინების მერე აბრაამმა მღვდელმთავრის კათედრა დაიკავა კარში (ქალაქი კარი -ბიბლიური ხარანი-მესოპოტამიაში, მდინარე ევფრატის ზედაწელში, მისი ერთ-ერთი შენაკადის ნაპირზე მდებარეობდა). ეს ქალაქი ჯერ კიდევ უწმინდურებით იყო აღსავსე და შეპყრობილი გახლდათ ეშმაკეული უმეცრებით. მაგრამ, ღირს იქმნენ ამგვარი მუშაკის ზრუნვისა და მიიღეს მისი მოძღვრების ცეცხლი, განიმარგლნენ ადრინდელ ეკალთაგან და ახლა უხვად გამოსცემენ სულიწმიდის ნაყოფს და მიართმევდნენ ღმერთს ღვთის მოშიშების თავწარსხმულ თავთავს. ასეთი უნაყოფო მიწა დაამუშავა ამ ღვთის კაცმა მრავალი ძალისხმევით: მიჰბაძა იმ ხელოვნებას, ვისაც სხეულის კურნება აქვს მინდობილი, იგი ხან დაატკბობდა თავის სამწყოს დამოძღვრით, ხანაც მწარე წამალს იყენებდა, ზოგჯერ სნეული ნაწილის მოწვითა და მოკვეთით, უძლურებს ჯანმრთელობას უბრუნებდა. მწყემსის დამმოძღვრელ სიტყვასა და კურნების სხვა ხერხებს ეხმარებოდა მისი სათნო ცხოვრებაც.

თავის მღვდელმთავრული მსახურებისას აბრაამი მცირე რაოდენობის პურითა და წყლით კმაყოფილდებოდა. ზედმეტად მიაჩნდა საწოლი და არც ცეცხლი სჭირდებოდა. ღამე მონაცვლეობით ორმოც ფსალმუნს გალობდა და მათ შორის დროს ორმაგი რაოდენობის ლოცვით ავსებდა. განთიადისას ჯდებოდა სკამზე და წამწამებს დასვენების უფლებას აძლევდა. არა მხოლოდ ერთითა პურითა ცხონდება კაცი (II სჯული 8.3), - თქვა ეს ჯერ კიდევ სჯულმდებელმა მოსემ; დაამტკიცა იგი უფალმაც, ოდეს ეშმაკის საცთური უკუაგდო (მათე 3,4). ეს საკვირველი კაცი თავის მღვდელმთავრობისას არც პურს სჭამდა, არც მწვანილს, არც ბოსტნეულს, არც ცეცხლზე მომზადებულს, თვით წყალსაც არ იხმევდა. აბრაამს საჭმელ-სასმელი შეუცვალა სალათამ, ვარდკაჭაჭამ და ოხრახუშმა, არ სჭირდებოდა მას ხაბაზ-მზარეულთა ხელოვნება. ალოობისას, რომელიმე ნაყოფს შესჭამდა მაგრამ ამასაც ღამისთევის ლოცვის მერე.

დიდი შრომით იუძლურებდა სხეულს და სხვებსაც არ აკლებდა ზრუნვას. მწირებისათვის ყოველთვის გამზადებული ჰქონდა საწოლი და პური - თეთრი და გემრიელი, დიდებული ღვინო და თევზი, ხილი და ყოველივე მსგავსი. შუადღისას თვითონვე ჯდებოდა ტრაპეზთან და მეინახეებს კერძებს და სასმელს სთავაზობდა, თვითონ კი ჰბაძავდა რა თავის მოსახელე, ანუ მწირების მასპინძელ პატრიარქს (შესაქმე. 18. 1-8) და მათთან ერთად სჭამდა.

მთელი დღეები ესწრებოდა მძიმე სადავო საქმეებს და მოდავეებს შერიგებას არწმუნებდა. ისინი, ვინც არ უჯერებდნენ, მის მდაბალ მოწოდებას, არ თანხმდებოდნენ სამართლიან დათმობებზე, მათდა უნებურად აიძულებდა ამის ქმნას. მტყუანთაგან ვერავინ გამოდიოდა თავისი კადნიერებით გამარჯვებული, ვინაიდან თუ უსამართლოდ განაწყენებულთა მხარეს ღვთის კაცი დგებოდა, იგი უძლეველი ხდებოდა. იგი მსგავსი იყო კარგი ექიმისა, რომელიც ეწინააღმდეგება სხეულიდან სასიცოცხლო სითხის გამოდენას და ზრუნავს ორგანიზმში ელემენტთა თანასწორობისათვის.

მეფემ (თეოდოსი დიდი) მოისურვა მისი ნახვა და იხმო. მიესალმა მას და უთხრა, შენი სოფლური ტყავის შესამოსელი აღმატებულია მეფის მეწამულ სამოსზეო. უფლისწულები, ყველანი, მიემთხვევნენ მუხლებსა და ხელებს ღირსი მამისა და კურთხევა სთხოვეს კაცს, რომელსაც ბერძულიც კი არ ესმოდა.

ამგვარი სიბრძნისმოყვარება პატივისცემას იმსახურებს, როგორც მეფისგან, ისე ხალხისგან და მოსაგრენი სიკვდილის მერე არც თუ იშვიათად ღირსი შეიქმნებიან ამგვარი პატივისა. როცა ის გარდაიცვალა (433 წელს, - კ.კ.), მეფემ ერთ-ერთ წმინდა აკლდამაში გადაწყვიტა მისი დამარხვა. მერე კი ჩათვალა, სამართლიანი იქნებოდა, მწყემსის სხეული სამწყსოსთვის გადაეცა. თვითონვე გააცილა გარდაცვლილი. ის ყველაზე წინ მიდიოდა, უკან მიჰყვებოდა დედოფალთა ქორო (მეფის და, დედოფალი და მეფის ასულნი), მერე კი ხელმძღვანელნი და ქვეშევრდომნი, სამხედრონი და უბრალონი. ასეთივე დღესასწაულით შეხვდნენ მას ყველა სხვა ქალაქში, ვიდრე მდინარე ევფრატამდე. მდინარის ნაპირთან უამრავი მოქალაქე და უცხოტომელი და საზღვრისპირა ქვეყნის მკვიდრნი მოვიდნენ - ყველა გარდაცვლილისგან კურთხევის აღებას ცდილობდა. კუბოს მრავალი მცველი მიაცილებდა, რომლებიც შოლტებით აშინებდნენ გარდაცვლილის სამოსიდან ნაწილის მოხევის მსურველებს. ისმოდა ფსალმუნთგალობა და სამგლოვიარო საგალობლები: ერთი მწუხარე დედაკაცი მას მფარველს, გამომზრდელს, მწყემსს და მასწავლებელს ეძახდა, მგლოვიარე მამაკაცი - მამას, შემწეს და შუამდგომელს. ამგვარი შესხმითა და ცრემლებით მიაბარეს მიწას ღვთისკაცის წმინდა სხეული!

მე მიკვირს მისი, როგორც კაცს, რომ მიუხედავად ცხოვრების სახის შეცვლისა, ცხოვრების წესი არ შეუცვლია - ეპისკოპოსობისას უფრო მსუბუქი ყოფა არ აურჩევია, არამედ მხოლოდ განამრავლა თავისი მოსაგრეობის ღვაწლი. ამიტომაც მოვათავსე მისი ცხოვრება, განდეგილების ცხოვრებებში და არ გამოვყავი თავისი საყვარელი საზოგადოებისგან, რათა თვითონაც მიმეღო ამის გამო მისგან კურთხევა".

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1