ღირსი მარონი - 14 (27) თებერვალი
ღირსი მარონი - 14 (27) თებერვალი
ღირსი მარონი IV საუკუნეში ცხოვრობდა სირიაში, კვიროსის მახლობლად. მასზე მოგვითხრობს ნეტარი თეოდორიტე თავის "ღვთისმოყვარეთა ისტორიაში". აი რას წერს იგი:

"აკეფსიმეს მერე მოვიხსენებ მარონს - მან განამშვენა წმინდათა ღვთაებრივი დასი. შეიყვარა ღია ცის ქვეშ ცხოვრება - საცხოვრებლად მთის მწვერვალი აირჩია, რომელსაც ძველად პატივს მიაგებდნენ წარმართები, განწმინდა ეს ადგილი საკერპოსგან, საღვთისმსახურო ადგილად გადააქცია და იქ ქოხი აიშენა, სადაც იშვიათად რჩებოდა. შეკრებდა რა სიბრძნისმოყვარების უხრწნელ სიმდიდრეს, მოსაგრეთათვის ჩვეული ღვაწლის აღსრულებასთან ერთად ახალიც გამოიგონა.

უმაღლესმა მსაჯულმა მარონს ღვაწლის მიხედვით შეუთანადა მადლი თვისი. დიდად მწყალობელმა ისე უხვად დააჯილდოვა კურნების ნიჭით, რომ მარონს სახელი ყველგან გაუვარდა. უამრავი ადამიანი აკითხავდა. ყველას თვალწინ ციებ-ცხელება ქრებოდა მისი კურთხევის მადლით, სიგიჟე მთავრდებოდა, ეშმაკები გარბოდნენ და სნეულებები ერთადერთი წამლით იკურნებოდნენ - წმინდანის ლოცვით.

მარონი სულიერ სნეულებებსაც კურნავდა: ერთს მომხვეჭელობისაგან ათავისუფლებდა, მეორეს მრისხანებისგან, მესამეს უბიწოებას შთააგონებდა, მეოთხეს სამართლიანობის გაკვეთილებს უტარებდა, მეხუთეს თავშეკავებულობაში ამხელდა, მეექვსეს სიზარმაცისგან განაღვიძებდა. ამგვარად მიწათმოქმედებდა და სიბრძნის მოყვარების მრავალი ნაყოფი გამოზარდა და ღვთისთვის ის ბაღი გააშენა, რომელიც ახლაც გაფურჩქვნილია კირის მიწაზე. ღვთისმშობლის ამ სანერგეში გაიზარდა დიდი იაკობი, რომელსაც სამართლიანად შეიძლება მივუსადაგოთ წინასწარმეტყველის ნათქვამი: "მართალი, ვითარცა ფინიკი აყუავნეს და ვითარცა ნაძვი ლიბანისაჲ განმრავლდეს" (ფს. 91,13), და მრავალი სხვა, რომელთაც ღვთის შეწევნით მოვიხსენებ თავის დროზე.

მოსაგრეობდა რა ამგვარად ღვთაებრივი მიწათმოქმედი მარონი, კურნავდა სულსა და ხორცს, მცირე ხნის სნეულების მერე, რომელიც მას იმისთვის ეწვია, რომ შევიცნოთ სხეულის სისუსტე და სულის ძალა, განვიდა ამ ცხოვრებიდან. მის წმინდა ნაწილებზე კი მეზობლებს შორის დიდი დავა ატყდა. ერთი მეზობლად მდებარე ხალხმრავალი დასახლების მკვიდრნი მოვიდნენ ერთად და სხვების განდევნის მერე მოიტაცეს ეს სანატრელი საგანძური. ააშენეს მისთვის დიდი ტაძარი, ყველანი დღემდე დიდ სიკეთეს იღებენ. და განადიდებენ ძლევაშემოსილ მარონს საერთო დღესასწაულისას. ჩვენ კი დაუსწრებლად მივიღებთ მისგან კურთხევა: ჩვენთვის საკმარისია კუბოს ნაცვლად ნეტარი გავიხსენოთ".

მისი მოწაფები იყვნენ: წმ. იაკობ განდეგილი - ხს. 26 ნოემბერს, წმ. ლიმნეა - 22 თებერვალი, დომნინე - 1-ლ მარტი.

მრავალჭირდამთმენმა ღირსმა მამა მარონმა, მცირე ხნის ავადმყოფობის შემდეგ დასტოვა ეს სოფელი და მშვიდობით წარვიდა უფალთან. მამა მარონი IV საუკუნეში მიახლოებით 433 წელს აღესრულა.

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1