ღირსი ავქსენტი განდეგილი - 14 (27) თებერვალი
ღირსი ავქსენტი განდეგილი - 14 (27) თებერვალი
თეოდოსი უმცროსის მეფობის დროს (418-450 წლები) კონსტანტინოპოლში სამეფო კარზე მნიშვნელოვან თანამდებობას იკავებდა ერთი ღვთისმოშიში კაცი ადი სპარსის ვაჟი ავქსენტი. მას პატივს სცემდნენ როგორც საღმრთო წერილის და საერო მეცნიერებების კარგად მცოდნე დიდებულს, ასევე თავისი კეთილი საქმეებით ცნობილ ადამიანს. ავქსენტი იცნობდა აია სოფიას ტაძრის იკონომოსს ღირს მარკიანეს (ხს. 10 იანვარს) და სათნო ბერს იოანეს, რომელიც კონსტანტინოპოლის გარეუბანში, ევდომში ცხოვრობდა წმინდა იოანე ნათლისმცემელის ტაძრის სიახლოვეს. იგი დაახლოებული იყო სხვა ღვთისმოშიშ კაცებთან. მათი ცხოვრების მიბაძვის სურვილით ავქსენტიმ დაუტევა ამსოფლიური დიდება, პატივი, მღელვარება და ზეციური მეუფის ქრისტეს მეომარი გახდა-მონაზვნად აღიკვეცა. თავიდან ის დიაკვნის ხარისხში მსახურებდა, მერე პრესვიტერის და ისეთი ხელმწიფება მიიღო ბოროტ სულებზე, რომ ადამიანებისგან განდევნიდა, რისთვისც მას მთელ კონსტანტინოპოლში განადიდებდნენ. მაგრამ ადამიანურ დიდებას არ ეძიებდა ავქსენტი: მას ის ამძიმებდა და მყუდრო ცხოვრების მოსურნემ ხალხმრავალი ქალაქი დაუტევა, ბითვინიაში ჩავიდა და იქ ერთი უდაბურ მთაზე ავიდა, რომელსაც ოქსიას ეძახდნენ და ქალკედონიდან ათ სტადიონზე მდებარეობდა. მას ეს ადგილი მოეწონა, ხელები აღაპყრო და ღმერთს მადლობა შესწირა: "რამეთუ შენ უფალმან მხოლო სასოებით დამამკვიდრე მე" (ფს.4:9).

წმინდანი ამ ადგილას დასახლდა რომელსაც "ავქსენტის მთა" ეწოდა, სწორედ ასე იხსენიება წმინდა სტეფანეს ცხოვრებაში (ხს. 28 ნოემბერს), რომელიც ხატთაყვანისცემისთვის ევნო, და რომელიც შემდგომში ამ მთაზე ცხოვრობდა.

ერთხელაც მას მწყემსები გადააწყდნენ, ისინი თავიანთ გზა აბნეულ ცხვრებს ეძებდნენ და წმინდანის ლოცვით იპოვეს. მას მერე წმინდანს ხმა გაუვარდა და ხალხმა იწყო მასთან მისვლა. ზოგს ხორციელი კურნება უნდოდა, რამეთუ წმინდანის ლოცვით ყოველგვარი სნეულებისგან იკურნებოდნენ, ზოგს კი სულიერი სწავლების მიღება სურდა. შემდეგ კი გარშემო სოფლების ღვთისმოშიში ქრისტიანები შეიკრიბნენ და მთის მწვერვალზე წმინდანს კელია აუშენეს. წმინდანი მასში დაეყუდა და მსათან მისულს პატარა სარკმლიდან ესაუბრებოდა, ასწავლიდა სათნოებებს და განკურნებდა სნეულებს, რამეთუ ღვთის მადლით ავსებული, იყო ვითარცა სამკურნალო წყარო. მასთან მრავალი ქალაქიდან მიდიოდნენ, როგორც უსასყიდლო მკურნალთან. ერთხელ მასთან ვინმე ნიკომიდიელი კომიტის უსინათლო ცოლი მივიდა და დახმარება სთხოვა:

- შემიწყალე ზეციური მეუფის მონავ.

ამაზე წმინდანმა ქალსა და იქ შეკრებილ ხალხს უპასუხა:

- ცოდვილი კაცი ვარ თქვენსავით ვნებებს მიცემული. თუ თქვენ ფიქრობთ რომ შობითგან ბრმის განმკურნელი ამ ქალსაც არ დაუტევებს, მაშინ ყველამ ერთად უფალს შევთხოვოთ მისი განკურნება.

როცა ყელა ლოცულობდა წმინდანი ქალს თვალებზე შეეხო და უთხრა:

- განკურნებს შენ იესო ქრისტე, ნათელი ჭეშმარიტი.

ქალს თვალთ აეხილა და ყველამ ადიდა ღმერთი. მადლიერმა ქალა უხვიდა შესწირა მთის ძირი მჯდარ მოწყალებისთვის ხელგაწვდილ გლახაკებს, მერეც ზრუნავდა მათზე და საკვებს ურიგებდა.

კურნების მადლის გარდა წმინდანს დაფარულთმცოდნელობის მადლიც ჰქონდა. ერთხელ მასთან ორი კაცი მივიდა, ერთი მართლმადიდებელი და მეორე ერეტიკოსების მიმდევარი. წმინდა ავქსენტი მართლმადიდებელს დიდხანს ესაუბრა, ხოლო ერეტიკოსს სიტყვაც არ უთხრა. ამაზე ეს უკანსკნელი გაბრაზდა და როცა მოძღვრისაგან წამოვიდნენ წმინდანის ლანძღვა დაიწყო, ფარისეველს ეძახდა. სახლს რომ მიუახლოვდნენ, მსახურმა უთხრა ერეტიკოსს, რომ მის ქალიშვილს ეშმაკი დაეუფლა. კაცმა შეინანა თავისი ურწმუნოება, თავისი ეშმაკეული ქალიშვილი წმინდა ავქსენტისთანმიივანა და თავმდაბლად მისი განკურნება სთხოვა. წმინდანმა ქალიშვილი ეშმაკისაგან გაანთავისუფლა და მისი მამა კი ბოროტი რწმენისგან.

ერთხელ წმინდა ავქსენტისთან ორი კეთროვანი მივიდა და განკურნება სთხოვა. წმინდა ჰკითხა:

- რა ცოდვებისთვის დაგსაჯათ ღმერთმა ასე?

მათ ისევ განკურნება სთხოვეს. მაშინ წმინდანმა უთხრა:

- ეს სნეულება იმიტომ შეგეყარათ, რომ წარამარა ფიცს მიეჩვიეთ და ამით მოიწიეთ თაზე ღვთის რისხვა.

გაოცდნენ კეთროვნები, რომ წმინდანმა მისი ცოდვები იცოდა. დაემხნენ მის წინ შეინანეს ცოდვები და კურნება სთხოვეს. წმინდა ავქსენტის შეეცოდა კეთროვნები, მათ თავიდან ფეხებამდე წმინდა ზეთი სცხო და უთხრა:

- მე ცოდვილი კაცი ვარ, ხოლო თქვენ უფალი იესო ქრისტე განგკურნებთ.

და კეთროვნებიც მაშინათვე გამოჯანმრთელდნენ.

ერთხელ წმინდანთან ეტლით განრღვეული მოიყვანეს; ამ კაცის მშობლები ტირილით მუხლებში ჩაუვარდნენ წმინდანს და შეჰღაღადეს:

- ჩვენი ურიცხვი ცოდვების გამო ჩვენს ვაჟს დამბლა დაეცა.

მაშინ წმინდა ავქსენტიმ ჰკითხა:

- გწამთ, რომ ღმერთს ძალუძს ჩემს ცოდვილის მიერ თქვენის ვაჟს კურნება მოანიჭოს?

- ჭეშმარიტად. გვწამს, რომ შენ ანგელოზი ხარ ჩვენი ცხონებისთვის უფლისგან გამოგზავნილი, და რომ ღმერთს ყველაფერი შეუძლია.

- რწმენისაებრ თქვენისა გეყავნ თქვენ.

უთხრა წმინდანმა და განრღვეულს მთელს სხეულზე ზეთი სცხო. ეს უკანასკნელი მაშინათვე ჯანმრთელი წამოდგა. მისი თანამედროვენი უამრავ ამბავს ჰყვებოდნენ თუ როგორ განდევნიდა ლოცვით ეშმაკებს. შორეული ქვეყნებიდანაც კი მოჰყავდათ მასთან ეშმაკეულნი და კურნებას ჰპოვებდნენ. ასეთი ძალა ჰქონდა წმინდანის ლოცვას.

ღირსი ავქსენტი ქალკედონში ეკლესიის მეოთხე მსოფლიო კრებაზეც კი მიიწვიეს და ბევრი შრომა გასწია ევტიქიანელების ერესის და ნესტორიანელთა ბოროტადრწმენის წინააღმდეგ ბრძოლაში, რისთვისაც ერეტიკოსები ძალზე ავიწროებდნენ.

მაგრამ ის ძალზე უყვარდა მეფე მარკიანეს და წმინდა მამებს. იგი გამოირჩეოდა ამ კრებაზე სიბრძნითა და მართალი რწმენის სასწაულებით. შეუძლებელი მასთან კამათი, რადგან კარგად იცოდა წმინდა წერილი.

წმინდა ავქსენტიმ სხვა წმინდა მამებთან ერთად დაამკიცა ჭეშმარიტი რწმენა და თავის უდაბნოსა და კელიას დაუბრუნდ. ქალკედონამდე გზაში წასვლისას და უკან დაბრუნებისას მან მრავალი დიდებული სასწაული მოახდინა. ბევრი განკურნა სულიერი და ხორციელი უძლურებისგან. თავის კელიაში გამოკეტილსაც კი სამყაროსთვის დიდი სიკეთე მოჰქონდა პირადი მაგალითით და თავისი სულიერი სწავლებებით. წმინდანი თავისი ნათელმხილველი თვალებით ცხადად ჰხედავდა შორს მყოფ საგნებს, უსხეულო ძალებს და მართალთა სულებს. ერთხელ მან ლოცვის დროს იხილა თუ როგორ აჰყავდათ წმინდა სვიმეონ მესვეტის სული (ხს. 1 სექტემბერს) უფლის ანგელოზებს ზეცაში. მოწაფეებმა დაიმახსოვრეს დღე და საათი და მართლაც მალე შეიტყვეს რომ სწორედ ამ დროს წმინდა სვიმეონი აღესრულა. არ გასულა დიდი ხანიც და დადგა წმინდა ავქსენტის აღსასრულის ჟამიც. წმინდა ავქსენტი ლეონ მეფის ზეობის წლებში, დაახლოებით 470 წელს გარდაიცვალა.


კონდაკი: სიწმინდე შეიტკბე შენ, ღმრთივგანბრძნობილო, და გულსთქუმასა ხორცთა შენთა აღვირახსენ, და გამოსჩნდი ბრწყინვალე სარწმუნოებით, ხოლო ვითარცა ნერგი შორის სამოთხისა აღყვავენ, ავქსენტი მამაო საღმრთოო.

ბეჭდვა
1კ1