ღირსი ევლოგი, ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსი (+607-608) - 13 (26) თებერვალი
ღირსი ევლოგი, ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსი (+607-608) - 13 (26) თებერვალი
ღირსი ევლოგი ალექსანდრიელი თავდაპირველად ანტიოქიაში მოღვაწეოდა ღვთისმშობლისადმი მიძღვნილ მონასტერში. მან სახელი გაითქვა, როგორც მონოფიზიტთაგან ქალკედონის კრების დადგენილებათა ბრწყინვალე დამცველმა. ამ დამსახურების გამო ის იმპერატორმა ტიბერიუს მეორემ (მეფობდა 578-582 წლებში) ალექსანდრიის პატრიარქად დაადგინა. წმინდანი კათედრაზე 581 წელს ავიდა და ვიდრე თავის აღსასრულამდე (607 წელს) სხვადასხვა ერესს ებრძოდა, დაუცხრომელი მოშურნეობით. თავის თხზულებებს ერთიმეორის მიყოლებით უგზავნიდა ეგვიპტის მონასტრებს, სადაც ძალზე დასნეულებულები იყვნენ ევტიქიანელობის ერესით. მას სამარიტელებთანაც უხდებოდა ბრძოლა, რომლებიც ვინმე დოროთეს წინასწარმეტყველად თვლიდნენ. წმინდანმა მათ წინააღმდეგ კრებაც კი გამართა.

მისი მდივნები იყვნენ წმინდა სოფრომი და იოანე მოსხოსი. ეს უკანასკნელი საინტერესო ცნობებს გვაწვდის მასზე:

ერთხელ, როცა წმინდა ევლოგი კარის ეკლესიაში საეპისკოპოსო კანონს ასრულებდა, მან იქვე მდგომი მთავარდიაკვანი იულიანე დაინახა. გაუკვირდა უკითხავად შემოსვლა როგორ გაბედაო. თუმცა არაფერი უთხრა და ფსალმუნების გალობა გააგრძელა. როცა ფსალმუნების კი¬თხვა შეწყვიტა, პაპმა დიაკვანს მუხლი მოუყარა, იულიანეს სახით გამოცხადებულიც მიწაზე განერთხა. პაპი წამოდგა, მაგრამ მთავარდიკვანი არ დგებოდა.

- ვიდრემდე იწვები? - ჰკითხა ევლოგიმ.

- ვიდრე ხელს არ გამომიწვდი და თვითონ არ წამომაყენებ, - უპასუხა იულიანემ, - მე წამოდგომა არ შემიძლია.

მაშინ აბბამ ხელი გაუწოდა და წამოაყენა. გააგრძელეს ლოცვა. ცოტა ხნის შემდეგ პატრიარქმა რომ მოიხედა, მთავარდიაკვანი იულიანე იქ ვეღარ ნახა. დილის ლოცვების შემდეგ მესენაკე მოიხმო და ჰკითხა:

- რატომ არ მომახსენე მთავარდიაკვანი რომ მოვიდა და მოხსენების გარეშე რატომ შემოუშვი, თანაც ღამით.

მესენაკე არწმუნებდა, არავინ მინახავს და არც არავინ შემოსულაო. არ დაუჯერა და ახლა მეკარეს მოუხმო.

- აქ მთავარდიაკვანი იულიანე ხომ არ შემოსულა?

ის კი ფიცით არწმუნებდა, არც არავინ შემოსულა და არც არავინ გასულაო. პაპი დამშვიდდა. მეორე დღეს მასთან მთავარდიაკვანი იულიანე მოვიდა, წმინდა ევლოგიმ ჰკითხა:

- შენ, მთავარდიაკვანმა წესრიგი რატომ დაარღვიე და ღამე მოხსენების გარეშე შემოხვედი?


- თქვენის ლოცვით, მეუფეო, აქ არ ვყოფილვარ, შინიდანაც ამ ჟამამდე არ გამოვსულვარ.

მაშინ ევლოგი მიხვდა, რომ მთავარდიაკვნის სახით წმინდა იულიანე გამოეცხადა და თავისი ტაძრის აღდგენისკენ მოუწოდა, რომელიც იმ დროს გაბზარული იყო და საცაა დაიქცეოდა. წმინდანის პატივისმცემელმა ნეტარმა ევლოგიმ დიდი მონდომებით გაიწოდა ხელი და მისი ტაძარი წამოაყენა, საფუძვლიანად აღადგინა და კეთილად განაშვენა, ისე როგორც მოწამის ტაძარს ეკადრებოდა.

იგივე ავტორი ჰყვება, რომ წმინდა ევლოგი პატრიარქს გამოეცხადა წმინდა ლეონ პაპი (ხს. 18 თებერვალს) თავისი ეპისტოლეს დაცვისთვის, რომელიც მან თავის დროზე კონსტანტინოპოლის პატრიარქს გაუგზავნა და ძალზე დაეხმარა მართლმადიდებლებს მეოთხე მსოფლიო კრებაზე ჭეშმარიტების დაცვისას.

წმინდა ევლოგი მეგობრობდა წმინდა გრიგოლ დიალოგოსთან, რომის პაპთან, რომელსაც მრავალი წერილი მისწერა. წმინდა გრიგოლი მასზე ამბობდა: "მან მნიშვნელოვნად შეამცირა ეკლესიის მტრები და განამრავლა ქრისტეს სამწყსო".

წმინდა ევლოგი 608 წელს გარდაიცვალა. მისი თხზულებები მხოლოდ ნაწილობრივ, პატრიარქი ფოტიოსის ამონაწერების სახითაა შემორჩენილი. ისინი ძირითადად ქრისტეს ორბუნებოვნებას ეხება და მის დროს გავრცელებული სხვადასხვა ერესის წინააღმდეგაა მიმართული. სრული სახით ჩვენამდე მოაღწია მისმა მხოლოდ ერთმა, ბზობის კვირიაკეს წარმოთქმულმა ქადაგებამ.

ბეჭდვა
1კ1