ღირსი ბენედიქტე ანიანელი (IX) - 11 (24) თებერვალი
ღირსი ბენედიქტე ანიანელი (IX) - 11 (24) თებერვალი
ღირსი ბენედიქტე, ერისკაცობაში ვიტიცა, ძე ეგულფისა, გოთი იყო და სამხრეთ საფრანგეთში, მაგელონში დაიბადა. განათლება პიპინ-მოკლეს კარზე მიიღო და იქვე დარჩა სამსახურად. 774 წელს მან ლამის საკუთარი სიცოცხლის ფასად ძმა გადაარჩინა მდინარეში დახრჩობას, რის შემდეგაც გადაწყვიტა თავისი ცხოვრება ქრისტესთვის მიეძღვნა და ბენედიქტეს სახელით მონაზვნად აღიკვეცა.

ბენედიქტე სენტ-სექუანის მონასტერში მიიღეს, სადაც ის გულმოდგინედ მოღვაწეობდა და წმინდა ბენედიქტეს ტიპიკონი შეისწავლა. 779 წელს, შინ დაბრუნებისას, მონპელიეს სიახლოვეს, მემკვიდრეობით მიღებულ მიწაზე პატარა მდინარის, ანიანის ახლოს, მონაზვნური თემი დააარსა, რომელიც მალე ანიანის დიდ მონასტრად გადაიქცა. სავანე სამაგალითო იყო და ცენტრი გახდა ლუდოვიკო ღვთისმოსავის მიერ საფრანგეთში წამოწყებული რეფორმისა, რომლის მიზანიც საფრანგეთში მკაცრი მონასტრული ცხოვრების აღდგენა იყო. წმინდა ბენედიქტე მთავარი მრჩეველი გახლდათ ლუდოვიკოსი რეფორმის საკითხებში.

ის ერთ-ერთი ლიდერი იყო აახენის კრებებისა. ამ კრებების გადაწყვეტილებების შედეგად აღდგა მონაზვნური დისციპლინა მონასტრებში.

ბენედიქტე სამეფო კართან რომ ახლოს ყოფილიყო, ლუდოვიკო ღვთისმოსავმა აახენის ახლოს, მდინარე ინდზე, კორნელიმიუნსტერის მონასტერი დააარსა, რომელიც სამაგალითო უნდა ყოფილიყო სხვებისათვის და ბენედიქტეს მზრუნველობის ქვეშ იქნებოდა.

ურჟელელ ფელიქსთან ადოპციონიზმზე დოგმატურ კამათში ბენედიქტემ მართლმადიდებლური პოზიცია დაიკავა. რეფორმის წარმატებისთვის ბენედიქტემ ერთად შეკრიბა მონაზვნური კანონები.

წმინდანი 821 წლის 11 თებერვალს კორნელიმიუნსტერში გარდაიცვალა.

...........................

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1