ღირსი დიმიტრი პრილუცკელი (+1392) - 11 (24) თებერვალი
ღირსი დიმიტრი პრილუცკელი (+1392) - 11 (24) თებერვალი
ღირი მამა დიმიტრი ქალაქ პერესლავლში ღვთისმოსავი ქრისტიანების ოჯახში დაიბადა. ყრმა დიმიტრი წერა-კითხვის სასწავლებლად მასწავლებელს მიაბარეს. ყმაწვილი თანატოლებს ბევრად აღემატებოდა გონიერებით და სიმდაბლის სიყვარულით. ნეტარი ხშირად ფიქრობდა მომავალ საუკუნეზე, ღვთის სამსჯავროზე, ზეციურ სასუფეველზე, მართალთა სიხარულზე და სამოთხის ნეტარებაზე. მან ბიბლია შეისწავლა და მიხვდა ამა სოფლის მსწრაფლწარმავალობას. ამიტომაც მალევე დატოვა ეს ამაო სოფელი და სულშემუსვრილი, ღვთის შიშით აღძრული პერესლავლშივე წმინდა ბორისისა და გლების მონასტერში აღიკვეცა მონაზვნად. აქ ის გულმოდგინედ მოსაგრეობდა, სულიერ მღვიძარებას და ლოცვას სწავლობდა, უაღრესად თავმდაბალი გახლდათ, ყველა სულიერი სიყვარულით უყვარდა. მონაზვნებმა და უბრალო ხალხმა შეიყვარა წმინდა ბერი მოსაგრე ცხოვრების გამო. შემდეგ მამა დიმიტრის მღვდლად დაასხეს ხელი. სწორედ იმ პერიოდში ღირსმა სერგიმ რადონეჟის სიახლოვეს მონასტერი ააგო წმინდა სამების სახელზე. წმინდა დიმიტრი ხშირად სტუმრობდა ღირს სერგის სულიერი საუბრებისთვის. მისი რჩევით, ღირსმა დიმიტრიმ წმინდა ნიკოლოზის სახელზე ეკლესია ააგო და პერესლავლის ტბის პირას მონასტერი დააარსა. იგი ამ მონასტრის იღუმენი გახდა. უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი მის გარშემო, მონაზონმა თუ ერისკაცმა, რომელთაც მის სავანეში ცხოვრება სურდა. წმინდანი მათ სიყვარულით იღებდა, განსწავლიდა და მერე აღკვეცდა მონაზვნად. წმინდა დიმიტრიმ მონასტერში კინოვიური ცხოვრების წესი შემოიღო და მკაცრი კანონები დააწესა. ძმებიც სიყვარულით ემორჩილებოდნენ მას, ვითარცა უფლის ანგელოზს და ჭეშმარიტ მოძღვარს. მისი დიდსულიერი ცხოვრების შესახებ შეიტყო დიდმა თავადმა დიმიტრი დონელმა, მან ის თავისთან მიიწვია და შვილები მოანათვლინა. შემდეგ კი ფული უხვად შესწირა წმინდანის დაარსებულ მონასტერს.

დიდი სქემით ის თავის უჩვეულო ლამაზ სახეს ფარავდა და დედაკაცებს არასოდეს ესაუბრებოდა. ერთხელ, ცნობისმოყვარეობით აღძრულმა ერთი თავადის ცოლმა მოახერხა და ღირსი მამის სახე დაინახა, როცა ის ლიტურგიისთვის ემზადებოდა. ქალი გაოგნებული ძირს დაეცა და ყვირილი მორთო. წმინდანმა უთხრა: "ჩემო შვილო, რად გსურს სახეში შეხედო კაცს, რომელიც დიდი ხნის წინ მოკვდა ამ სოფლისთვის?" მან ის დამოძღვრა, აკურთხა და შინ გამოჯანმრთელებული გაუშვა.

მომსვლელი ხალხის ნაკადით შეწუხებული წმინდანი დიდებასა და პატივს გაექცა, ამ ამბის შემდეგ მან თავისი დაარსებული მონასტერი მიატოვა და მდინარე ვოლოგდის სიახლოვეს გადასახლდა. 1371 წელს ვოლოგდიდან 15 კილომეტრში, ერთ მიყრუებულ ადგილას, პრილუცკში, მაცხოვრის სახელობის ტაძარი ააგო და მონასტერი დააარსა. დიდი გულმოდგინება გამოიჩინეს ვოლოგდელებმა და ყველაფრით დაეხმარნენ წმინდა მამას მონასტრის აშენებაში. დიმიტრი დონელმა რომ შეიტყო ახალი სავანის შესახებ, მოზრდილი თანხა შესწირა პრილუცკის მონასტერს. როცა ხმა გავარდა მამა დიმიტრი პრილუცკში დასახლდაო, მისი ბევრი მოწაფე პერესლავლიდან გადასახლდა. წმინდა დიმიტრისთან მონაზვნობის მსურველი მრავალი ადამიანი მოდიოდა. თანდათან მონასტერში დიდი საძმო შეიკრიბა. წმინდა დიმიტრი თავისი ღვაწლით და სათნოებით მაგალითი იყო მათთვის. ღირსი მამა გლახაკთა სიყვარულით და გულმოწყალებით გამოირჩეოდა. თვითონ მხოლოდ თბილ წყალში ჩამბალ სეფისკვერს იკმარებდა, ხოლო ძმებისთვის ზრუნავდა, რომ ყველაფერი ჰქონოდათ რაც სჭირდებოდათ. ზამთარ-ზაფხულ ერთნაირად ეცვა, ძმებთან ერთად შრომობდა. სხვებს რომ მისი ცრემლიანი ლოცვა არ დაენახათ, ხშირად განმარტოვდებოდა, ტაძრის გვერდით მიშენებულ ფიცრულში. თავისი ღვაწლით და ძალისხმევით, მან სულიერ სრულყოფილებას მიაღწია და დაფარულმცოდნეობის მადლი მიიღო. ქრისტეს სიტყვიერ ცხოვართა კეთილი მწყემსი ღირსი დიმიტრი 1392 წლის 11 თებერვალს გარდაიცვალა. არაჩვეულებრივი სურნელება გავრცელდა მისი კელიიდან, რითიც ძმებმა ღირსი მამის აღსასრულის შესახებ შეიტყვეს.

ღირსი დიმიტრი მონასტრის ეკლესიაში დაკრძალეს, სადაც მან მრავალი სასწაული აღასრულა. ერთხელ ვინმე მონაზონმა ძილში ანგელოზთა გუნდი იხილა, და მოესმა ხმა: "შენ ეძებ დიმიტრის? ის ახლა ყაზანშია!" სწორედ ამ დროს დიდმა თავადმა, ივანე მესამემ ყაზანში თათრებს სძლია, წმინდა დიმიტრის სასწაულებრივი გამოცხადების შემდეგ.

ბეჭდვა
1კ1