ღირსი სქოლასტიკა (+543) - 10 (23 ) თებერვალი
ღირსი სქოლასტიკა (+543) - 10 (23 ) თებერვალი
ეს წმინდანი დასავლური მონაზვნობის სულისჩამდგმელის, წმინდა ბენედიქტეს (ხსენება 14 მარტს) ტყუპი და გახლავთ.

წმინდა სქოლასტიკა მუდამ ძმის ერთგული შემწე იყო და ახალგაზრდობაშივე მიუძღვნა ცხოვრება უფალს.

როდესაც წმინდა ბენედიქტემ სუბიაკა დატოვა და მონტე კასინოს გადავიდა, წმინდა სქოლასტიკამაც დაუტევა დედათა სავანე და ძმასთან ახლოს დასახლდა.

წმინდა მამა წელიწადში ერთხელ, დიდმარხვის წინ ხვდებოდა დას, მთელ დღეს სულის სარგო საუბარში ატარებდნენ, საღამოს კი, მოკრძალებული ტრაპეზის შემდგომ ერთურთს შორდებოდნენ.

ერთი ასეთი შეხვედრისას, 543 წელს, წმინდა სქოლასტიკამ ძმას სთხოვა, საუბარი დილამდე გაეგრძელებინათ, მაგრამ წმინდა ბენედიქტემ იუარა, - მონასტრის გარეთ ერთ ღამესაც ვერ გავატარებო!

ძმის უარით გაწბილებული სქოლასტიკა ცრემლით ევედრა უფალს და მანაც შეიწყნარა მისი ლოცვა: - მანამდე მოწმენდილ ცაზე იელვა და ისეთი თქეში წამოვიდა, ვერც წმინდა ბენედიქტემ გადალახა ზღურბლი და ვერც - მისმა თანმხლებმა მონაზონმა, რის გამოც გათენებამდე მოუწია დარჩენა და დასთან საუბარი...

მომდევნო დღეს და-ძმა ერთურთს გამოემშვიდობა, სამი დღის შემდგომ კი, სენაკის სარკმელთან მდგომმა ბენედიქტემ იხილა, მისი დის სული მტრედის სახით როგორ ამაღლდა ზეცად, მამებს სქოლასტიკას სხეულის გადმოსვენება უბრძანა და ორივესთვის განმზადებულ საერთო სამარეში დაკრძალა, რომ გარდაცვალების შემდგომაც, როგორც - დედის მუცლად და შემდგომ, სიცოცხლეშიც, ერთად განესვენათ.

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1