ღირსი იოანე ჭიმჭიმელი, ფილოსოფოსი (+XIII საუკუნე) - 10 (23 ) თებერვალი
ღირსი იოანე ჭიმჭიმელი, ფილოსოფოსი (+XIII საუკუნე) - 10 (23 ) თებერვალი
ღირსი იოანე ჭიმჭიმელის შესახებ მეტად მწირი ცნობები მოგვეპოვება: იგი იყო XII-XIII საუკუნეთა დიდი საეკლესიო მოღვაწე, მთარგმნელი და ფილოსოფოსი.

"ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის" ავტორი წერს, რომ წმინდა დემეტრე მეფის (ხს. 23 მაისს) "დიდებითა, სიმჴნითა და გუარითა ცხოვრებასა აღმოაჩენს იოანე ფილოსოფოსისა ჭიმჭიმელისა შესხმა - მოთხრობა".

იოანემ განათლება პეტრიწონის სალიტერატურო სკოლაში მიიღო. მანვე თარგმნა რამდენიმე ეგზეგეტიკური ხასიათის თხზულება: 1) "თარგმანებაჲ ეკლესიასტისაჲ" მიტროფანე სმირნელისა; 2) "თარგმანებაჲ ეკლესიასტისაჲ" ოლიმპიოდორე ალექსანდრიელისა; 3) "თარგმანებაჲ მარკოზის სახარებისაჲ" თეოფილაქტე ბულგარელისა; 4) მისივე "თარგმანებაჲ ლუკას სახარებისაჲ".

ღირსი იოანე ჭიმჭიმელის თხზულებებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქართული სასულიერო მწერლობისათვის. ღირსი იოანეს ფრესკა გამოსახული ყოფილა იერუსალიმის ჯვრის მონასტერში.

XVIII ს-ის ცნობილი საეკლესიო მოღვაწე, მიტროპოლიტი ტიმოთე (გაბაშვილი) თავის "მიმოსლვაში" აღწერს ჯვრის მონასტრის ფრესკებს და შარავანდედითა და გვირგვინით გამოხატულ წმინდა მამათა და მოწამეთა შორის ღირს მამას, - იოანე ჭიმჭიმელსაც ასახელებს.

მოსე ჯანაშვილი "საქართველოს ეკლესიის ისტორიაში" აღნიშნავს, რომ იოანე ჭიმჭიმელს გრემში სალიტერატურო სკოლა ჰქონდა, სადაც იგი ფილოსოფიას, ღვთისმეტყველებას, ბერძნულ, ასურულ და არაბულ ენებს ასწავლიდა.

ქართველ მეცნიერთა ნაწილი წმინდა იოანე ჭიმჭიმელს იოანე პეტრიწთან აიგივებს, მეორე ნაწილი კი ამ აზრს არ იზიარებს, გთავაზობთ ორივე თვალსაზრისს:

იოანე პეტრიწი

იოანე პეტრიწი XI-XII საუკუნეების ქართველი ფილოსოფოსი, ნეოპლატონიკოსი (გადმოცემით, იოანე ფილოსოფოს ჭიმჭიმელსაც უწოდებდნენ). ბიოგრაფიული ცნობები არ მოგვეპოვება, მხოლოდ XVIII საუკუნის მწიგნობარნი იუწყებიან, რომ იოანე პეტრიწი სამცხიდან იყო, დიდგვაროვანი ჩამომავლობისა. ახალგაზრდობაში სწავლობდა კონსტანტინოპოლში, მანგანის აკადემიაში, სადაც მას ასწავლიდნენ ბიზანტიური რენესანსის წარმომადგენლები: მიქაელ ფსელოსი და იოანე იტალოსი.

იოანე პეტრიწს აქტიური მონაწილეობა მიუღია იდეურ მოძრაობაში, რომელსაც იტალოსი მეთაურობდა. იტალოსის გასამართლებისა (1083 წელი) და მისი მიმდევრების დევნის შემდეგ იოანე პეტრიწი პეტრიწონის მონასტერში გადასახლდა. ერთხანს შავ მთაზე ეფრემ მცირესთან იყო, შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და სათავეში ჩაუდგა გელათის აკადემიას.

იოანე პეტრიწის ფილოსოფიური მემკვიდრეობა წარმოდგენილია თარგმანებითა და ორიგინალური თხზულებით ("განმარტება პროკლესთვის დიადოხოსისა და პლატონურისა ფილოსოფიისად"). თარგმნა არისტოტელეს ორი თხზულება:

"ტოპიკა" და "განმარტებისათვის" ("პერი-ჰერმენეია"), ნემესიოს ემესელის "ბუნებისათვის კაცისა" (გამოიცა 1914),

პროკლეს "კავშირნი ღვთისმეტყველებითნი" ("თეოლოგიის ელემენტები"), ამონიოს ჰერმიას "მოსახსენებელი ხუთთა ხმათადმი პორფირი ფილოსოფოსისა" და "მოსახსენებელი ათთა კატიღორიათადმი არისტოტელისთა" (ზოგი მეცნიერი ამ უკანასკნელი თხზულების მთარგმნელად თვლის იოანე ტარიჭისძეს).

არისტოტელეს ტრაქტატთა თარგმანებს ჩვენამდე არ მოუღწევია. "კავშირნი ღმრთისმეტყველებითნის" პეტრიწისეული თარგმანი უძველესად ითვლება პროკლეს თხზულების მსოფლიოში ცნობილ თარგმანთა შორის. იოანე პეტრიწის "განმარტება" შედგება შესავლის, პროკლეს "კავშირთა" თავისადმი დართული შესავლის, ვრცელი კომენტარებისა და ბოლოსიტყვაობისაგან.

იოანე პეტრიწის ფილოსოფიური შეხედულებანი განსაზღ¬ვრულია არა იმდენად ანტიკური ფილოსოფიური მემკვიდრეობით, რამდენადაც XII საუკუნის ქართული კულტურული და იდეური სფეროთი, საერო განწყობილებათა და მისწრაფებათა მზარდი აღმავლობით, რაც ყველაზე თანამიმდევრულად რუსთაველის ჰუმანიზმში გამოიხატა.

ჰუმანიზმის ერთ-ერთი ძირითადი იდეაა ამქვეყნიური სი¬ნამდვილის ღირებულების აღიარება, რაც, თავის მხრივ, შუა საუკუნეებისათვის დამახასიათებელი მიწისა და ზეცის დუალიზმის დაძლევას გულისხმობს.

იოანე პეტრიწის, როგორც ფილოსოფოსის, ისტორიული მოწოდება ამ იდეის თეორიული დასაბუთება იყო.

ეს ამოცანა მის ფილოსოფიურ ნააზრევში გადაწყვეტილია ანტიკური იდეების, კერძოდ, ნეოპლატონიზმის (პროკლეს) საფუძველზე.

არსი, იოანე პეტრიწის მიხედვით, მთლიანობაა, რომლის უმაღლესი საფეხური "ყოველთაგან ზესტ მდებარე" ღმერთია, ხოლო ყველაზე დაბალი — ხილული სამყარო. უმაღლესი მიზეზისაგან სამყაროს "წარმოარსება" ნეოპლატონიზმში და იოანე პეტრიწთან ემანაციის (გამომდინარეობის, პეტრიწის ტერმინებით:

"არსებითი გზავნაის", "წარმოობის", "წარმოქმნის", "წარმოარსების") ცნების საფუძველზე ხდება. ემანაცია ხორციელ-დება შუალედი საფეხურების მეშვეობით.

პირველმიზეზსა და ხილულ სამყაროს შორის მოთავსებულია ღვთაებრივი რიცხვების, გონისა და სულის საფეხურები. პირველმიზეზი ზეარსია, არსებობაზე აღმატებული და "უცნაური" (შეუცნობელი). მისი განსაზღვრა მხოლოდ მიახლოებით შეიძლება და პრედიკატი, რომელიც მას მიეწერება, არის სიკეთე.

იოანე პეტრიწის ფილოსოფიური მსოფლმხედველობის მნიშვნელოვანი მხარეა შეხედულება მიზეზობრიობაზე, რომელიც ვრცელდება პირველმიზეზებსა და სამყაროს შორის არსებულ კავშირებზე. კავშირი მიზეზსა და შედეგს შორის ტრიადულია და სამი მიმართების მთლიანობას წარმოადგენს. პირველი მათ შორის იგივეობისა და მსგავსების მიმართებაა. ამ საფეხურზე შედეგი მიზეზშია, იგი არსებობს "თვისსა მიზეზსა შორის" და განუსხვავებელია მიზეზისაგან.

მეორე მიმართება შედეგის გამოყოფაა, მისი განსხვავება, განცალკევება, "სხვად" ყოფნა". ამ მიმართებით მოიპოვებს წარმოებული არსი საკუთარ არსებობას.

ამგვარად, შედეგი განსხვავებულიცაა მიზეზისაგან და მისი იგივეობრივიც, მსგავსიც. მიზეზსა და შედეგს შორის არსებული დიალექტიკური მიმართების გარკვევის მიზნით იოანე პეტრიწს შემოაქვს ცნება, რომლის მიხედვით, შედეგი მიზეზთან მიმართებაში არის "იგივე სხვა".


მიზეზ-შედეგობრივი კავშირის ამგვარი გაგება იძლევა საფუძველს არსის პირველმიზეზში, საწყისში უკუდაბრუნებისათვის, რაც ამთავრებს არსის მთლიანობას და კრავს იოანე პეტრიწის ფილოსოფიურ სისტემას. პირველმიზეზისა და სამყაროს მიმართების პეტრიწისეული გადაწყვეტა მიდის სამყაროს მარადიულობისა და მისი წარმოქმნის აუცილებლობის აღიარებამდე.

მესამე საფეხურია ინტუიცია, რომელიც გონის მეშვეობით ხორციელდება. ამ შემთხვევაში შემეცნების საგანი თვით აზროვნებაშია მოცემული და შემეცნება საგნის "მარტივად", უშუალოდ წვდომის შედეგადაა მიჩნეული.

იოანე პეტრიწმა, ფილოსოფიური ნაშრომების გარდა, დაგვიტოვა მნიშვნელოვანი თარგმნილი და ორიგინალური ლიტერატურული მემკვიდრეობა: მან ბერძნულიდან ხელახლა თარგმნა ბიბლიური წიგნები და იოანე სინელის "კლემაქსი" ("კიბე"). ბერძნულიდანვე გადმოაქართულა მეტაფრასული ჰაგიოგრაფიული საკითხავები - წმინდათა ცხოვრებანი და წამებანი (მაგალითად, ცნობილია თეოდორა ალექსანდრიელისა და მერკვირის "ცხოვრებანი", ზოსიმესა და ბარბარეს "მარტვილობანი"), აგრეთვე იოსებ ფლავიუსის საისტორიო შრომა "მოთხრობანი იუდაებრივისა სიტყუადასაბამობისანი" ("მსოფლიო ისტორიის იოსიპოსისაჲ"), რომლის თხუთმეტმა წიგნმა ჩვენამდე მოაღწია და სხვა.

იოანე პეტრიწმა დაწერა ორიგინალური ასკეტიკურ-მისტიკური პოეტური ტრაქტატი "სათნოებათა კიბე", რომელსაც საფუძვლად დაედო "კლემაქსის" ექვთიმე მთაწმინდლისეული ქართული თარგმანი. გალექსა "სათვეო სჳნაქსარი" ანუ "გალობანი ყოველთა წმინდათანი". მასვე მიაკუთვნებენ მცირე ზომის იამბიკურ ლექსებს, რომელთაგან ზოგს ჩვენამდე არ მოუღწევია.

იოანე პეტრიწმა შექმნა ლიტერატურული სკოლა, აღზარდა მრავალი მოწაფე, გამოუჩნდნენ მიმდევრებიც. თავისებურია მისი ენა და სტილი. იგი ქმნიდა ახალ ფილოსოფიურ ტერმინოლოგიას, ბერძნულიდან დედანთან ზუსტი მიმართების მიზნით უხვად იყენებდა ქართული ენის ბუნებისათვის შეუფერებელი მიმღეობიანი კონსტრუქციების წინადადებებს, რაც ართულებდა მის სამწერლო ენას. იოანე პეტრიწმა დიდი გავლენა მოახდინა ძველ ქართულ ფილოსოფიურ აზროვნე¬ბაზე, საერო პოეზიასა და საისტორიო მწერლობაზე, განსაკუ¬თრებით კი ანტონ I-ის ლიტერატურულ სკოლაზე.

კ. კეკელიძე, იოანე ჭიმჭიმელი (ამონარიდი წერილიდან)

ჩვენამდე შენახულა თხზულებები, რომლებიც ნათარგმნია ფილოსოფოსის, იოანე ჭიმჭიმელის მიერ.

ვინ იყო ჭიმჭიმელი? ჩვენი მწერლობის მკვლევარნი, რომელნიც ამ საკითხს შეხებიან ძველად თუ ახლად, სპეციალურად თუ შემთხვევით, ხშირად იოანე ჭიმჭიმელს იოანე პეტრიწად თვლიან. სახელწოდება ჭიმჭიმელი, რესპ. ჭირჭიმელი, ზოგიერთებს ესმის როგორც გეოგრაფიული ტერმინი, აღმნიშვნელი იოანეს სამშობლოში სამცხეში, ზოგიერთებს კი როგორც ეპითეტი - ზეციერი. მაგრამ ეს მართალი არაა: - ჩვენ უკვე გვქონდა ლაპარაკი იმის შესახებ, რომ იოანე პეტრიწის მოღვაწეობა, ყოველ შემთხვევაში, დავით აღმაშენებლის მეფობას დიდად ვერ გადასცილდებოდა.

რაც შეეხება ფილოსოფოსს, იოანე ჭიმჭიმელს, იმის სახელს ჩვენ ვხვდებით თამარ მეფის ისტორიკოსის თხზულებაში. ამ თხზულების შესავალში ნათქვამია, რომ "იოანე ფილოსოფოსისა ჭიმჭიმელისა შესხმა-მოთხრობა აღმოაჩენს დიმიტრისა, მჴნესა ჴდომათა შინა და მძლესა ბრძოლასა შინაო". ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ იოანე ჭიმჭიმელს შესხმის სახით აუწერია დიმიტრი მეფის ქველობა და მხნეობა. თავისთავად ცხადია, იოანე პეტრიწი დიმიტრი მეფის (1125-1154) თავგადასავალსა და საგმირო საქმეებს ვერ აღწერდა, თუ, რასაკვირველია, იმას პატრიარქალურ დღეგრძელობასა და მათუსალობას არ მივაწერთ. ამასაც რომ თავი დავანებოთ, როგორ უნდა გავიგოთ ისტორიკოსის სიტყვები - "იოანე იტყჳს ჭიმჭიმელიო", როდესაც ის, თამარის სიკვდილისა და დასაფლავების აღწერისას, ასახელებს რამდენიმე პირს, სხვათა შორის, იოანე ჭირჭმელსაც, რომელთაც მის ცხედარზე სიტყვა წარმოუთქვამთ? განა წარმოსადგენია, რომ იოანე პეტრიწს თამარის გარდაცვალებაზე (1215 წელს) ეთქვა სიტყვა? მაშასადამე, უცილობელი და ეჭვმიუტანელია, რომ იოანე ჭიმჭიმელი და იოანე პეტრიწი ორი სხვადასხვა პირი და სხვა¬დასხვა დროის მოღვაწეა. პეტრიწი, როგორც მოღვაწე, თანა¬მედროვეა გიორგი II-ისა და დავით აღმაშენებლისა, ხოლო ჭიმჭიმელი - გიორგი III-ისა და თამარ მეფისა, ისინი მთელი საუკუნით არიან ერთმანეთს დაშორებული.

მართალია, იოანე ჭიმჭიმელს ეგზეგეტიკური მწერლობის დარგში უმუშავია, მაგრამ ეს გარემოება არ ართმევს მას "ფილოსოფოსის" სახელწოდებას: მისი ფილოსოფიური სულისკვეთება და მიდრეკილება მის მიერ ნათარგმნ ეგზეგეტიკურ თხზულებათა შერჩევაშიაც ნათლად ჩანს. იოანეს თარგმანთა ენა ამჟღავნებს, რომ ის არის პეტრიწონული სალიტერატურო სკოლის მიმდევარი, რომელსაც ზედმიწევნით შეუთვისებია და განუმტკიცებია ყველა თვისება ამ სკოლისა.

მის მიერ ნათარგმნ თხზულებათაგან ჩვენამდე შენახულა: 1) "თარგმანებაჲ ეკლესიასტისაჲ" მიტროფანე ზმჳრნელისა, რომლის ბერძნული დედანი ჯერჯერობით ცნობილი არაა; 2) "თარგმანებაჲ ეკლესიასტისაჲ" ოლიმპიოდორე ალექსანდრიელისა, რომელიც, გამოცემულ ბერძნულ ტექსტთან შედარებით, საყურადღებო ვარიანტებს იძლევა; 3) "თარგმანებაჲ მარკოზის სახარებისაჲ" თეოფილაქტე ბულღარელისა და 4) "თარგმანებაჲ ლუკას სახარებისაჲ" იმავე თეოფილაკტესი.

მისთვისვე შეიძლება მიგვეკუთვნებინა ათეოფილაკტე ბულღარელის "თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ", რომელიც ერთადერთი ხელნაწერით შენახულა, რომ ერთი გარემოება არ იყოს: გადმომთარგმნელი ამ უკანასკნელი თხზულებისა ზმნათა მრავლობითი რიცხვის მეორე და მესამე პირში ხშირად ხმარობს ნაწილაკს ყე, რაც ჭიმჭიმელის უცილობელს შრომებში არ გვხვდება.

იოანე ჭიმჭიმელის თარგმანს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თანამედროვე სალიტერატურო წრეებში, ვინაიდან ის აჩვევდა მკითხველებს განყენებულ ფილოსოფიურ-თეოლოგიურ მსჯელობას, თავისი აზრების სხარტად და ლოგიკურად ჩამოყალიბებას და ამდიდრებდა მათ ახლად შექმნილი სიტყვებითა და ტერმინებით. იმათში დაცული გვაქვს მრავალი საღვთისმეტყველო, ფილოსოფიური და, თუ გნებავთ, საგრამატიკო სიტყვა, რომელიც წარმოადგენს იმ ახალ სატერმინოლოგიო მუშაობის განვითარებას, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა პეტრიწონის სალიტერატურო სკოლაში.

როგორც ეგზეგეტიკურ თხზულებებში, ჭიმჭიმელის თარგმანში უფრო მდიდრულადაა წარმოდგენილი ეგზეგეტიკური ტერმინები, რომელთაც მიზნად აქვს ეგზეგეტიკის მეთოდების გათვალისწინება.

ბეჭდვა
1კ1