კეთილმსახური იმერთა მეფე, სოლომონი (II), სამშობლოსათვის თავდადებული (+1815 წელი) - 07 (20) თებერვალი
კეთილმსახური იმერთა მეფე, სოლომონი (II), სამშობლოსათვის თავდადებული (+1815 წელი) - 07 (20) თებერვალი
წუთისოფელმა უკანასკნელი მირონცხებული მეფე საქართველოსი მიიტანა შესაწირავად ღვთისა და მამულის სამსხვერპლოზე. ძალზე ახალგაზრდა - 42 წლისა გარდაიცვალა წმინდა სოლომონი. 21 წელი მეფობდა იმერეთს და, შეიძლება ითქვას, 21 დღეც არ გაუხარია. ცხოვრება მისი მამულის ერთიანობისთვის ბრძოლაში გაილია და ბოლოს, სამშობლოდან ლტოლვილმა, უცხო მიწაზე დალია სული.

წმინდა მეფე სოლომონი დაიბადა 1772 წელს. დედამისი იყო ერეკლე II-ის ასული ელენე, მამა - არჩილ ალექსანდრეს ძე, ძმა იმერთა მეფე სოლომონ I-ისა. მამამისი 1775 წელს გარდაიცვალა და როგორც ურწმუნო და შეჩვენებული იოსებ კათოლიკოსისგან (ღვიძლი ძმისგან), სანეხვეზე დამარხეს.

დავითი (ასე ეძახდნენ ბატონიშვილობისას წმინდა სოლომონს) "თავის ბიძისგან თავის მამულიდამ გამოხმულ შეიქნა და ციხეებიც დაუქცია". ელენეს მცირეწლოვან შვი¬ლებთან - დავითსა და გიორგისთან ერთად მამის სამეფოში შეუფარებია თავი, სადაც მეორედ გათხოვილა ანდრონიკაშვილზე. ამის გამო სოლომონ I და ერეკლე ერთხანობას ემდურებოდნენ და 1782 წელს შერიგებიან. მაშინ გამოუცხადებია სოლომონ პირველს თავის მემკვიდრედ ძმისწული დავითი. მაგრამ წინასწარ გაითვალისწინა მისი მცირეწლოვნობა, - თავისი სიკვდილის შემთხვევაში, იმერეთი დროებით მის ბიძაშვილს დავით გიორგის ძეს უნდა განეგო. 1784 წლის 23 აპრილს, გიორგობას, გარდაიცვალა სოლომონ დიდი და მერვე დღეს იმერეთის დიდებულებმა სამეფო ტახტზე დავით გიორგის ძე აიყვანეს. იმავე წელს დავით არჩილის ძე იმერეთში დაბრუნდა და დავით მეფისგან საუფლისწულო მამულები მიიღო.

მეფე დავითმა დიდება და პატივი მოაკლო თავის ტახტზე ამყვანთ და სამეფო კარზე ახალი პირები დააწინაურა. განაწყენებულმა თავადებმა დაივიწყეს მეფისთვის მიცემული ფიცი და იმერეთში შინადაპირისპირება დაიწყო. მეამბოხეთა მეთაურები დაუკავშირდნენ დავით არჩილის ძეს და გადაწყვიტეს მისი გამეფება. მათ გვერდით ამოუდგა გრიგოლ დადიანიც, ოდიშის მთავარყოფილი, რომელსაც დავით გიორგის ძემ ჩამოართვა მთავრობა და მის ძმას, მანუჩარს, გადასცა.

მაშინ გრიგოლმა ერეკლე მეფისგან გამოიწვია დავით ბატონიშვილი. მას ცოლად შერთეს გრიგოლის და მარიამი. ამ დროს სოლომონი 17, ხოლო მარიამი 16 წლისა ყოფილა. "მოიყვანეს საქართველოდამ დავით არჩილის ძე ბაგრატიონი, ძმისწული პირველის სოლომონ მეფისა, რომელი ზემოთ ვახსენეთ, გარნა ესეცა ყრმა და მოიყვანეს ლეჩხუმს, სასახლესა მურს და მისცეს მეუღლედ ასული დადიანისა კაციასი და დაი გრიგოლისი მარიამ და უკურთხეს გვირგვინი და ქმნეს ქორწილი" (დადიანი ნ. ქართველთ ცხოვრება).

იმერთა თავადები და სამღვდელოება 1789 წელს თხოვნით ეახლნენ ერეკლე II-ს - დასავლეთ საქართველოს სამთავროები ქართლ-კახეთისთვის შეეერთებინა და ამით საქართველო გაეერთიანებინა. დელეგაციაში შედიოდნენ: ექვთიმე გაენათელი, დოსითეოს ქუთათელი, სარდალი ქაიხოსრო წერეთელი, სეხნია წულუკიძე, იოანე აბაშიძე, იოანე აგიაშვილი, ქაიხოსრო ჩიკვაიძე, ფიცისკაცნი: ლორთქიფანიძე, იოსელიანი, ავალიანი და სხვები. ორი დღე ემუდარნენ იმერნი ერეკლეს, მაგრამ მან ეს აზრი უარყო. სამწუხაროდ, არ შედგა საქართველოს გაერთიანება და ქართლ-კახეთის მეფემ თავისი შვილიშვილი დაადგინა იმერეთის ტახტზე. მეფე ერეკლეს უთქვამს: "დავსვამ იმერეთისა ტახტზედ შვილიშვილსა ჩემსა და ესრეთ კავშირითა თავით-თვისით იქმნება ერთობა იმერეთს ქართლსა თანა," ამისთვის იგი შვილიშვილს სამხედრო ძალითაც დაეხმარა – "მასვე წელსა წარავლინეს ჯარი ქართველთა 4000 და თანა ჰყვა სარდლად მუხრანის ბატონი იოანე ქიზიყის მოურავი, ზაქარია ანდრონიკაშვილი, ჯარდან ჩოლოყაშვილი, ანდრონიკაშვილი რევაზ და მეფის ძე იულონ. გარდააგდეს მეფე დავით და განამეფეს სოლომონ მეორე ქუთაისს"

1789 წლის 11 ივლისს ხონის მახლობლად, ხუნწ-მათხოჯის ჭალაში, ოდიშის ჯარმა, ქართლ-კახეთის ლაშქართან ერთად, დავით ბატონიშვილის მეთაურობით, დაამარცხა დავით მეფის მომხრეები და მეორე დღეს იმერეთის ტახტზე დავით არჩილის ძე ავიდა. მას ბიძის პატივსაცემად სოლომონ II ეწოდა.

წმინდა სოლომონს განსკუთრებული კრძალვა ჰქონდა თავისი სახელოვანი ბიძის, – "უშჯულოთა მაჰმადიანთა ძირითურთაღმომფხვრელი და ქრისტესთვის მრავალგზის სისხლდათხეული - იმერთა მეორე აღმაშენებელი" სოლომონ პირველის მიმართ; პირველად – "ღუწისათვის ამის ქუეყანისა, ვინადგან აგარიანთა მონებისაგან გამოიხსნა, და კიდევ იმისთვის, რომ თავის მემკვიდრედ დაასახელა: "რომელ მამობისა ადგილი მან აღმოავსო ჩემდა, ვითა პირმშო ძე ეგრეთ მიწადა და შემიტკბო, და შრომით პოვნილი ტახტი მეფობისა თვისისა, ჩემთვის განასაკუთრა". ამიტომაც მისი სულისთვისაც უზრუნია და მის სახელის "დაუვიწყებლად მოსახსენებლად" გელათის მონასტრისათვის ოთხი კომლი შეუწირავს.

მეფე სოლომონმა ტახტზე ასვლისთანავე დაიწყო - "ზრუნვად და მსახურებად პატიოსნისა სულისათვის მისისა", რისთვისაც მან გამოარჩია: "მღვდელი ვინმე პატიოსანი დავით მისვე მეფისა სოლომონისგან პატივცემული" გვარად წერეთელი, რომელიც ჯრუჭის წმინდა გიორგის ეკლესიაში იმსახურებდა სოლომონ პირველის სულის მოსახსენებლად.

ასევე ფრიად ამაღელვებელი და საგულისხმოა 1792 წლის სიგელის მინაწერი, რომელიც უშუალოდ სოლომონ მეორის მიერ უნდა იყოს შესრულებული: "ივერთა მეორესა აღმაშენებელისა აგარიანთა სისხლთა მრღვნელისა. ტომებით დავითნისა, უმაღლესისა მეფისა და მამებრ საწყალობლისა ჩემისა ბიძისა და ბატონისა სოლომონ ივერთა მპყრობელისასა აღწერილსა სიგელსა ამას ძე არჩილისა მეორე სოლომონ... ვამტკიცებ".

ერთი წლის შემდეგ დავით მეფემ ოსმალთა და ლეკთა ჯარით დაამხო სოლომონი. მან დახმარებისთვის პაპას მიმართა. ერეკლე II-მ ქართლ-კახეთის ჯარი გამოგზავნა შვილიშვილის დასახმარებლად, სიძეს ლაშქრით მიეხმარა გრიგოლ დადიანიც. ლომსიათხევთან ბრძოლაში დამარცხებული დავითი ახალციხეში გაიქცა, ხოლო ტახტს კვლავ სოლომონი დაუბრუნდა.

1790 წელს მეფე ერეკლეს ძის, გიორგის ასული ნინო ცოლად შეირთო გრიგოლ დადიანმა. ეს გამოიყენა ერეკლემ და სამხედრო კავშირი შეკრა დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროებთან. "ივერიელთა ერთობის ტრაქტატის" ძალით მეფე-მთავრებს შორის მყარდებოდა პოლიტიკური კავშირი ერეკლეს უზენაესი ხელმძღვანელობით, გარეშე მტრისგან ქვეყნის საერთო ძალით დასაცავად. ტრაქტატის შედგენაში დიდი წვლილი მიუძღოდა სოლომონ ლიონიძეს. მას დასავლეთ საქართველოში უმოგზაურია და მთავართათვის ამ დოკუმენტზე ხელი მოუწერინებია.

ეს ტრაქტატი ქართველთა ერთიანობისადმი ზრუნვის ერთ-ერთი წერილობითი წყაროა, რომელშიც კარგად ჩანს, რომ ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II და საქართველოს სხვა მეფე-მთავრები შესანიშნავად გრძნობდნენ, რომ საჭირო იყო ივერიის მთელი ძალების მობილიზება ივერიელთა გადარჩენისა და ბედნიერებისათვის (ერეკლე მეფის კარზე მომზადებულ ამ ტრაქტატს სხვა მეფე-მთავრები შეუერთდნენ).

სოლომონ II განაგრძობდა სოლომონ I-ის პოლიტიკას. წამოიწყო ბრძოლა დასავლეთ საქართველოს პოლიტიკური გაერთიანებისთვის. ყველაზე მეტი დაბრკოლება ამ საქმეში ოდიშის მთავარი გრიგოლ დადიანი იყო. გრიგოლი თავს მეფისტოლად მიიჩნევდა და თავის მიერ გამეფებულ სიძეს როგორ დაემორჩილებოდა! სოლომონმა 1792 წელს მაინც მოახერხა გრიგოლის გადაყენება, მთავრად კი მისი ძმა მანუჩარ დადიანი დაადგინა, ხოლო 1794 წელს დაამარცხა გრიგოლის და დავით გიორგის ძის გაერთიანებული ჯარი. საბოლოოდ, მეამბოხეებმა თავი ახალციხეში მოიყარეს. 1795 წელს მათ გამოაკლდა მეფე დავითი - ის 11 იანვარს ყვავილით გარდაიცვალა და ჯრუჭის მონასტერში დაკრძალეს.

1795 წელს აღა მაჰმად-ხანი შემოესია საქართველოს. მეფე ერეკლემ ბრძოლის ველზე 5000 კაცის გამოყვანაღა შეძლო. მათგან 3000 სოლომონ მეფემ ჩამოიყვანა პაპის დასახმარებლად. 3000 კაციდან ნახევარი ბრძოლის ველზე დაეცა. ისე გმირულად იბრძოდნენ იმერნი კრწანისის ომში, რომ ქართლელები გაუკვირვებიათ. ერეკლესა და სოლომონს ერთად დაუტოვებიათ თბილისი.

იმერეთში დაბრუნებულ გულმოკლულ სოლომონს ახალი განსაცდელი ელოდა. ტახტს ახალი მოცილე გამოუჩნდა - სოლომონ I-ის ძის, ალექსანდრეს უკანონო შვილი გიორგი ბატონიშვილი. მას მხარს უჭერდნენ გაენათელი ეპისკოპოსი და რამდენიმე იმერელი თავადი.

შეთქმულნი ახალციხეში მყოფ გრიგოლ დადიანს დაუკავშირდნენ და ისიც ოსმალთა ჯარით სასწრაფოდ გამოეშურა. სოლომონმა შეთქმულები დააპატიმრა, ტახტის მაძიებელი ბატონიშვილი მუხურის ციხეში გამოკეტა. შეთქმულების მონაწილე ექვთიმე გაენათელი იმერეთიდან გააძევა, რამდენიმე ხნის შემდეგ კი ისევ მოიწვია მღვდელ¬მთავრად.

გრიგოლ დადიანი უკან გაბრუნდა, შემდეგ კი ერეკლეს სოლომონის დასამხობად დახმარება სთხოვა. ერეკლემ უარი განუცხადა, მაგრამ სოლომონთან შუამავლად თავისი ძე, ალექსანდრე და შვილიშვილი იოანე გიორგის ძე გააყოლა.

სოლომონმა უარი უთხრა პაპას გრიგოლისთვის მთავრის ტახტის დაბრუნებაზე. გრიგოლი რომ დარწმუნდა, სოლომონი მთავრად აღარ დასვამდა, თავის ბიძასთან ერთად ლეჩხუმის მთავრის, ქაიხოსრო გელოვანის გადაბირება მოახერხა და 1798 წელს სოლომონი იძულებული გახდა, გრიგოლი ოდიშის მთავრად ეცნო.
სიძე-ცოლისძმის დაპირისპირება წლების განმავლობაში გრძელდებოდა. ოღონდ სოლომონს არ დამორჩილებოდა და გრიგოლმა ამჯობინა, თავი რუსეთისთვის შეეფარებია. "მსურს, რუსეთის მფარველობის ქვეშ ვიყო, - წერდა გრიგოლ დადიანი საქართველოს მთავარმართებელს პავლე ციციანოვს, - რათა თავი დავაღწიო სოლომონ მეფის ბრჭყალებს.

თუ რუსეთის მთავრობა არ მიშველის, იძულებული ვიქნები, მთელი ჩემი მიწა-წყლით ოსმალეთის ქვეშევრდომობა მივიღო".

რუსეთის ხელისუფლებას მთელი საქართველოს შემოერთება უნდოდა. ამიტომაც ციციანოვმა გადაწყვიტა, დადიანისთვის ემფარველა. 1803 წელს გაფორმდა აქტი, რომლის ძალითაც ოდიშის სამთავრო ავტონომიური უფლებებით უერთდებოდა რუსეთს. ამიერიდან იმერთა მეფეს აღარ შეეძლო ოდიშის დალაშქვრა და მის საშინაო საქმეებში ჩარევა. 1804 წელს გრიგოლ დადიანი გარდაიცვალა და მთავრად მისი მცირეწლოვანი ძე ლევანი დაადგინეს.

ოდიშის სამთავროს შეერთებამდე რუსეთის იმპერიამ ქართლ-კახეთის სამეფოც გააუქმა. 1803 წელს ციციანოვმა მიიღო იმპერატორის ბრძანება, ძალით დაეკავებინა იმერეთის სამეფო, მაგრამ იგი სისხლისღვრას ერიდებოდა და მშვიდობიანი გზით ცდილობდა ქვეყნის დამორჩილებას. ქრთამიც აამოქმედა - ოქროთი მოისყიდა სოლომონის კარისკაცები, საერო და სასულიერო პირნიც ბევრი გაიერთგულა.

ციციანოვმა სოლომონ მეფის გასატეხად მრავალგვარ საშუალებას მიმართა. ჯერ იმპერატორის მოკითხვის წიგნი გაუგზავნა, სადაც ხელმწიფე "სიყვარულს" და "მშვიდობას" აუწყებდა გაეჭვიანებულ მეფეს, შემდეგ კი ქრთამი აამოქმედა. ბოლოს მან საკუთარი წარმომადგენელი გაგზავნა და მეფეს კონსტანტინე ბატონიშვილის განთავისუფლება კატეგორულად მოსთხოვა. და სოლომონ მეფე, ოთხი თვის მოლაპარაკების შემდეგ, დაყვა ციციანოვის ნებას, კონსტანტინე ბატონიშვილი გაათავისუფლა და თვითონ ხელმწიფის მფარველობაში შესვლაც ითხოვა.

მეფე ცდილობდა, რუსეთის მფარველობაში იმავე პირობებით შესულიყო, როგორი მფარველობითი ტრაქტატიც 1783 წელს დაიდო ქართლ-კახეთსა და რუსეთს შორის. ამ მიზნით რუსეთში გაგზავნა სოლომონ ლიონიძე, პარალელურად კი ოსმალეთის სულთანს რუსეთისგან ხსნა სთხოვა. უარით უპასუხეს. გრიგოლ დადიანსაც მიმართა მოსარიგებლად, მაგრამ ამაოდ.

1804 წელს, 20 აპრილს, რუსეთის ჯარმა გადალახა იმერეთის საზღვარი, დაიკავა სოფლები და ხალხს იმპერატორის ერთგულებაზე აფიცებდა. სოლომონი იძულებული შეიქნა, 25 აპრილს ხელი მოეწერა დოკუმენტისთვის, რომლის ძალითაც მეფე იმპერატორის ქვეშევრდომი გახდა, ხოლო იმერეთის სამეფო - რუსეთის შემადგენელი ნაწილი. სოლომონს მეფობა კი რჩებოდა, მაგრამ რად გინდა, ყველაფერში მთავარმართებელს უნდა დამორჩილებოდა. ამიერიდან სისხლის სამართლის საქმეებს იმერეთში რუსი მოხელეები განაგებდნენ.

ამ ხელშეკრულებით ძალზე იზღუდებოდა სოლომონ მეფის არაერთი უფლება, მათ შორის იგი ხელს იღებდა სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობის შესაძლებლობაზე, ხოლო საშინაო საქმეებიდან - სისხლის სამართლის საქმეთა წარმოებაზე. სადავოდ დარჩა ლეჩხუმის საკითხი, რადგან იგი დადიანს ჰქონდა მიტაცებული, გურია კი სოლომონის ქვეშევრდომად დარჩა. რაც მთავარი იყო, სოლომონს მეფობა საუკუნოდ უმტკიცდებოდა, ხოლო შვილის არყოლის შემთხვევაში მის მემკვიდრედ კონსტანტინე ბატონიშვილი (დავით მეფის შვილი) ცხადდებოდა. სოლომონს ევალებოდა ასევე რუსული ჯარის სურსათ-სანოვაგით მომარაგება.

ეს ტრაქტატი სოლომონმა დროის მოსაგებად გამოიყენა და ომისთვის მზადებას შეუდგა. მან საიდუმლო კავშირი გააბა ქართველ ბატონიშვილებთან, ხანებთან, ფაშებთან, სპარსეთის შაჰთან და ოსმალეთთან. მეფემ ლეჩხუმელ ფეოდალთა გადმობირება სცადა, მაგრამ ყველგან და ყველაფერში ხელი მოეცარა. წაგებული ომის შემობრუნება ძნელდებოდა. რუსეთმა ჯარებიც ჩააყენა იმერეთში, მათ შორის - ქუთაისშიც.

სოლომონს დაჭერისა და რუსეთში გადასახლებისა ეშინოდა და ამიტომაც ვარციხეში გადასახლდა.

იმერეთის მეფე დიდ იმედებს ამყარებდა 1806 წელს დაწყებულ რუსეთ-თურქეთის ომზე, რადგან ამ ქვეყნების დასუსტება მისი სამეფოს გაძლიერებას შეუწყობდა ხელს.

ომის მსვლელობისას, 1809 წლის ოქტომბერში, ტრაპიზონის სერასკირის, შერიფ-ფაშას სარდლობით ოსმალები გრიგოლეთსა და მალთაყვას შორის დაბანაკდნენ. 2 ნოემბერს მამია გურიელმა მათ ზურგიდან შემოუტია, რის შემდეგაც რუსეთს გზა გაუხსნა ფოტიოსისკენ: მამია ამ სამსახურისათვის რუსეთმა დამოუკიდებლად სცნო იმერეთის მეფისაგან

1808 წელს მთავარმართებელ გუდოვიჩს რუსეთის იმპერატორისაგან საიდუმლოდ უკვე დავალებული ჰქონდა სოლომონის რუსეთში გაყვანა. ამ დავალების შესრულება ახალმა მთავარმართებელმა ალექსანდრე ტორმასოვმა იკისრა, რომელიც სოლომონისგან ითხოვდა რომ: 1) სასწრაფოდ ქუთაისში დაბრუნებულიყო, 2) დიდგვაროვანი თავადიშვილები მძევლად გაეგზავნა თბილისში და პეტერბურგში მადლობის დეპუტაციაც უნდა გაეგზავნა, რომლის შემადგენლობაში ზურაბ წერეთელი უნდა ყოფილიყო.

ამ მოთხოვნაზე სოლომონ მეფემ უარი განაცხადა, რადგან "იმისთვის ხომ არ უნდა გავგზავნო დეპუტაცია, რომ მოვახსენო ხელმწიფეს "გმადლობთ უმდაბლესად, დიდო იმპერატორო, ვინაითგან დამამდაბლე მეფე ერთმორწმუნე და დამაკლე სამფლობელოთა ჩემთა" (ნ. ბერძენიშვილი, 1965:372). სოლომონ მეფის ყველა ნაბიჯი ლოგიკური იყო არსებულ სიტუაციასთან მიმართებაში, მან რამდენი დათმობაც გააკეთა, კიდევ მეტ დათმობას ითხოვდნენ და რუსული ხელისუფლება მაინც არ დაკმაყოფილდებოდა, მისი უმთავრესი მიზანი სოლომონის რუსეთში გაყვანა იყო.

და ამ უსამართლობების გამო სოლომონ მეფე თავის ცნობილ წერილში აყალიბებს აზრს, სადაც ის მუხლობრივად ჩამოთვლის აღნიშნულ დარღვევებს: "ბევრ გზის განვაცხადე წერილი თქვენდა მომართ, რომ უწინარეს თქვენსა მყოფთა დახსნეს ფიცი, პირობა და შეკრულება, არა დაიცვეს წმინდად და უკეთუ დაიცვეს წმინდად, მუხლი 6. "ქუთაისს სამეფოსა სასახლესა და თვით საწოლსა შინა ჩემსა დაბალთა მოხელეთა უსხდათ ხასები, წართმეულნი თავადთა ჩემთა მოახლენი". 7. "წაგვართვეს ქალაქიცა ჩვენი ქუთაისი, სადაც არღარა არს მეფობა ჩვენი ესოდენთა წელიწადთა". 8. "დააქციეს სამეფო სასახლე ჩემი ქუთაისს ვიდრე საფუძვლამდე". 9. "და უკეთუ დაიცვეს წმინდად პირველი თავადი იმერეთისა წულუკიძე თვით სიძე ჩემი დავით, სალდათებმა ქუთაისს, ათრიეს, გალახეს, თავი გაუტეხეს და სისხლითა შეღებილი წარმოდგა ჩვენთან. ვთხოეთ მას ზედა სამართალი, რომელსა ზედა გვიპასუხეს: თავადს წულუკიძეს თუმცა დანაშაული არა ჰქონია, მაგრამ სალდათებს ვერ ეცნათ, თორემ არ გალახავდნენო". 10. "ესოდენთა წელიწადთა სადგანან მხედრობანი რუსეთისანი სამეფოსა შინა ჩემსა, ვითარცა სახლსა შინა თვისსა და იზრდებიან შეშითა, სახლითა ჩვენ მიერ მიცემულით, პროვანტით, ფურაჟითა, ხარითა, ცხენითა ურმითა, სასმელითა და საზრდელითა, გარნა ნაცვლად მადლობისა გვაგინებენ და შეურაცხჰყოფენ თავადთა და კეთილშობილთა ჩვენთა". 11. "მოწყალეო ხალმწიფევ ჩემო! მიჰხედე ზემო აღწერილთა და მიბრძანეთ, სად არს დაცვა წმინდათ და უცვალებლად პირობისა და შეკრულობისა უწინარე თქვენსა მყოფთაგან! განა, მე ერთმორწმუნებისათვის და შიშისათვის ყოვლად მოწყალისა ხელმწიფისა ჩემისა აღვწერე კვალად იგივე პუნქტნი, ციციანოვისგან აღწერილნი..." (ალ. ხახანაშვილი, 1911:40).

სოლომონ მეფე რუსებს შეახსენებს იმ უმსგავსობებს, რომლებიც მათ ჩაიდინეს მასთან მიმართებაში. მათ დაუქცევიათ მეფის სასახლე, ხოლო მისი მოახლეები კი ხასებად დაუსვამთ.

სოლომონ მეფე იმპერატორთან გაგზავნილ წერილში საერთოდ უარყოფს ბრალეულობას "არა გვაქვს შეცოდება არცა ერთი, გარნა ვიმყოფებით დაუთმენელსა მას მწუხარებასა შინა რუსეთის უსარგებლოდ..." (ისტ. დოკ. და არქ. II. 1953:65).

სოლომონ მეფის უფლებები თითქმის ყველა მიმართულებით დაირღვა: მას წაართვეს საკუთარი სამეფო რეზიდენცია ქუთაისში, სადაც საუკუნეების განმავლობაში ბაგრატიონი მეფეები ცხოვრობდნენ და აიძულეს, სამუდამოდ დაეტოვებინა ქუთაისი.

რუსებმა მიზანმიმართულად საფუძვლამდე დაანგრიეს სოლომონის სასახლე სადაც შემდგომ ჰოსპიტალი და ყაზარმები განათავსეს, რათა სოლომონს აღარასოდეს შეძლებოდა ქუთაისში დაბრუნება. რუსის ჯარისკაცებმა გალახეს და შეურაცხყოფა მიაყენეს სოლომონის ოჯახის წევრს დავით წერეთელს რაზეც არანაირი რეაგირება არ მოახდინეს.

ამასთან, რუსული სამხედრო ნაწილები თავხედურად იქცეოდნენ სოლომონის სამეფოში და განუკითხავად მოიხმარდნენ სურსათ-სანოვაგესა და ყველაფერს რაც ჯარის შესანახად იყო საჭირო. ამას განგებ სჩადიოდნენ რუსი ჯარისკაცები, რათა სოლომონი რაიმე მახეზე წამოეგოთ და იოლად გაეყვანათ იმერეთიდან. მიუხედავად იმისა, რომ სოლომონმა ბოლო რამდენიმე წელი დატოვა საერთოდ ქუთაისი და ვარციხეში გადავიდა საცხოვრებლად, რუსეთისთვის მეფე მაინც საშიში იყო და ამიტომ ყველაფერი გაკეთდა, რათა სოლომონი როგორმე ქუთაისში მიეტყუებინათ და შეეპყროთ. "სოლომონ მეფე 1807 წლიდან მოყოლებული ძლიერ ფრთხილად იქცეოდა, მისი მეფობის ისტორია არის მხოლოდ უკანონობასთან ბრძოლა, ბრძოლა სუსტისა მძლავრ მოწინააღმდეგესთან" (ჭეიშვილი. 1919: 17) წერდა 1919 წელს ნ. ჭეიშვილი.

სოლომონ მეფე მაქსიმალურად შეეცადა გაეხანგრძლივებინა თავისი მეფობა და ყველა საშუალება სცადა პრობლემის მოსაგვარებლად, მაგრამ ძალთა თანაფარდობა საერთოდ შეუსაბამო იყო. სოლომონ მეფე დაუპირისპირდა იმპერიის უზარმაზარ მანქანას, რომელსაც გააჩნდა უდიდესი რესურსი და პატარა თუ დიდი სახელმწიფოების წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილება. სოლომონ მეფის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მას არ მოუდრეკია ქედი მასზე ძლიერი იმპერიის თავაშვებულ მოხელეებთან და მან ღირსეულად დაიცვა თავისი წარმომავლობა და მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი სამეფო დინასტიის ავტორიტეტი"(ლ.ტყეშელაშვილი-იმერეთის მეფე სოლომონ მეორე)

იმერეთის სამეფოს გაუქმებაში დიდი წვლილი შეიტანა გავლენიანმა თავადმა, ზურაბ წერეთელმა. მას შემდეგ, რაც მეფემ სახლთუხუცესობიდან გადააყენა, რუსებს მიუდგა და აწვდიდა მის ყველა გეგმას.

1806 წელს ბაქოსთან მოკლული ციციანოვის მაგივრად გუდოვიჩი დანიშნეს. 1808 წელს ზურაბ წერეთელმა გუდოვიჩს შეატყობინა, სოლომონი ლეკების დახმარებით რუსების განდევნას აპირებს. თავად განვდევნოთ და მეფობას მე ვიკისრებო. რუსებმა უარი უთხრეს და ისევ მეფის მხარეზე გადავიდა.

1808-10 წლებში ისევ სახლთუხუცესი იყო, მაგრამ ღალატზე ხელი არ აუღია. 1809 წელს გუდოვიჩი გენერალმა ტორმასოვმა შეცვალა. მან კი მეფეს შეუთვალა: ქუთაისში ჩამოდი, მძევლები - დიდგვაროვანთა შვილები თბილისში გაგზავნე, ხოლო პეტერბურგში - მადლობის დეპუტაციაო. გაუკვირდა მეფეს - რისთვის გადავუხადო მადლობა, ვუთხრა: - "გმადლობთ უმდაბლესად, დიდო იმპერატორო, ვინაითგან დამამდაბლეთ მეფე ერთმორწმუნე და დამაკლე სამფლობელოთა ჩემთა ყოვლად უმოწყალესითა ამით ღრამოტითაო?" შეურაცხყოფილმა მეფემ ქუდზე კაცი იხმო. 6000 შეიარაღებული ვაჟკაცი ეახლა. სოლომონი ყველანაირად ცდილობდა ტახტის შენარჩუნებას. ახალციხის საზღვარზე ინახულა რუსეთის დაუძინებელი მტერი ალექსანდრე ბატონიშვილი, არზრუმის და ახალციხის ფაშებთან გაგზავნა დეპუტაციები დახმარების სათხოვნელად.

1808 წელს რაჭაში, დაყუდებულ ბერს, ზაქარია ჯაფარიძეს, სოლომონისთვის უთქვამს: "მეფეო, ვიხილე ჩვენება ესე: მოვიდა ვეშაპი დიდი წითელი, რომელმანცა შთაგნთქა შენ და გიჩნდა ოდენ ფერხნიო" და იქვე განუმარტა ჩვენება: - "აღდგება მეფობა შენი და მიეცემი მწუხარებასა და განსაცდელსა დიდსა. და გმართებს მოსვლად სინანულად და ვედრებად ღვთისა, რათა განერო ამ განსაცდელისაგან. ხოლო ხალხნი სამეფოისა შენისანი იქნებიან დიდსა ჭირსა შინა და ვალალებასა, რომელ აღდგების მომსვრელი სენი და ფრიად სიყმილიო".

ეს წინასწარმეტყველება მეფეს სიტყვა-სიტყვით აუხდა, ხოლო მისი დამარცხების შემდეგ დასავლეთ საქართველოში მართლაც გაჩნდა საშინელი ჭირი, რომელიც რუს ჯარისკაცებს შემოჰყვათ ახალციხეში ლაშქრობის შემდეგ, ამ სენმა უამრავი ადამიანი შეიწირა.

ნელ-ნელა წითელი ვეშაპი ბატონდებოდა იმერეთის მიწაზე. რუსებმა 1809 წლის ნოემბერში ფოტიოსს ციხე წაართვეს ოსმალებს. რუსებმა ამ ბრძოლაში გაწეული სამსახურისთვის მამია გურიელი გაათავისუფლეს იმერთა მეფის მორჩილებისგან და დამოუკიდებელ მთავრად ცნეს. პეტერბურგიდან ტორმასოვმა იმერეთში ჯარის შეყვანისა და მეფის ტახტიდან ჩამოგდების ნებართვა მიიღო. დასავლეთ საქართველოს ჯარების სარდალს სიმონოვიჩს დაევალა, დაეჩქარებინა სოლომონის შეპყრობა. ამ საქმეში კი რუსებს ზურაბ წერეთლის ხელშეწყობის იმედი ჰქონდათ.

სოლომონსა და ტორმასოვს შორის მოლაპარაკება ისევ გაიმართა. მეფემ კიდევ ერთხელ სცადა იმერეთის სამეფოს ავტონომიური უფლებების შენარჩუნება, ტორმასოვი კი თავის პირობებს სთავაზობდა. სოლომონი მოლაპარაკების გაჭიანურებით დროის მოგებას ცდილობდა. ბოლოს მასაც "ამოეწურა მოთმინება".

20 თებერვალს ქუთაისის ეკლესიებში გამოაცხადეს ტორმასოვის ბრძანება სოლომონ მეფის ხელისუფლების გაუქმების შესახებ. ამავე დღეს რუსეთის სამხედრო ნაწილებმა ყველა კუთხიდან შეუტიეს იმერეთის სამეფოს. სოლომონი 4000 კაცით იყო გამაგრებული ვარციხის მიდამოებში. რუსებს წამოეხმარა გურიელი, გელოვანი ლეჩხუმის ჯარით ოკრიბაში შეიჭრა და მეფეს რაჭიდან დახმარების მიღების საშუალება მოუსპო.

ალყაში მომწყვდეული სოლომონი იძულებული შეიქნა, რუსეთის წამოყენებული მოთხოვნები მიეღო. 12 მარტს ბაღდათის ზემოთ, სალხინოს საყდარში, სიმონოვიჩმა და მოგილევსკიმ საჯაროდ ჯვარსა და სახარებაზე დაიფიცეს, რომ მეფეს არ შეიპყრობნენ, მიიღებდნენ მეფური პატივით და ტორმასოვთან შეხვედრის შემდეგ უკან გამოისტუმრებდნენ. მეფე ტორმასოვთან შეხვედრაზე დაუყოლიებიათ.

ამ მძიმე და რთულ პერიოდში წმინდა სოლომონ მეფის მოძღვარი გახლდათ დეკანოზი იესე ყანჩაველი (შემდგომში ცნობილი ათონელი ქართველი ბერი წმინდა ილარიონი). იესე ყანჩაველი 1776 წელს დაიბადა ლოსიათხევის შემადგენლობაში შემავალ სოფელ ალავერდში, ღვთისმოსავი აზნაურის ხახული და მარიამ ყანჩაველების ოჯახში. პატარა იესე ექვსი წლიდან ტაბაკინის მონასტერში იზრდებოდა, ამის შემდეგ 12 წლის მანძილზე ბიძასთან, ბერდიაკონ სტეფანესთან იზრდებოდა უდაბურ მთაზე. ასეთ სულიერ გარემოში აღიზარდა იესე, რამაც განაპირობა მისი შემდგომი ნაყოფიერი მოღვაწეობა. ორი წლის შემდეგ თავად წერეთელმა იესე მონასტრიდან მეფის სასახლეში წაიყვანა, სადაც მეფის ბრძანებით იგი საგანგიოს მოხელედ (ბრძანებათა მწერლად) განაწესა. აქ მან ორნახევარი წელი გაატარა. შემდგომში მამა ილარიონი იხსენებდა, რომ ამ დროს მეფეს ჯარის მთავარსარდლის ქაიხოსრო წერეთლისა და რამდენიმე ერთგული მსახურის გარდა საკუთარ წრეში არც ერთი სანდო პირი არა ჰყავდა. იგი ძლიერ დაანაღვლიანა თავდადებული კარისკაცის თავად ქაიხოსრო წერეთლის გარდაცვალებამ. და რადგანაც მისი სიკვდილის მერე აღარ დარჩა კაცი, რომელსც თავის დაფარულ აზრებს და გრძნობებს გაუზიარებდა, მაშინ გადაწყვიტა იესე სამღვდელო სამოსით შეემოსა რათა მისი სახით ჰყოლოდა მოძღვარი და მრჩეველი სახელმწიფო საქმეებში.

თავისი ბატონის მორჩილმა იესემ ცოლად შეირთო თავადის ასული მარიამი. მან ცოლის მშობლების სახლში სულ ორი კვირა იცხოვრა, მერე გადავიდა ქუთაისში, სადაც მას მალევე ხელი დაასხეს ჯერ დიაკვნად, მერე ხუცესად და კარის ეკლესიის პროტოპრესვიტერად.

მეფე სოლომონს გვერდიდან არ იშორებდა და ავალებდა მამულების გაყოფის დროს თავადთა შორის არსებული უთანხმოების მოგვარებას. შემრიგებლის მოვალეობა დიდ ტაქტს, თავშეკავებასა და დროს ითხოვდა მამა იესესგან, რის გამოც ის ცოლს იშვიათად ხვდებოდა.

ეს ძალზე ადარდიანებდა მარიამს. ერთხელაც შეიტყო, რომ მამა იესე თავად აბაშიძეების მამულიდან დაბრუნების შემდეგ მეუღლის უნახავად პირდაპირ ქუთაისში გაემგზავრაო. ქალმა ეს ამბავი ისე მიიტანა გულთან, დარდით ჯანმრთელობა შეერყა და ექვსი თვის შემდეგ გარდაიცვალა, მათი ცოლქმრობა მხოლოდ ორი წელი გაგრძელდა.

გვსურს გავიხსენოთ წმინდა ილარიონის (მამა იესე) მონათხრობი იმერეთის სამეფოს ბოლო დღეებისა და სოლომონ მეფის ხვედრის შესახებ. ეს ყველაფერი მან გაბრიელ ქართველს უამბო. ხოლო ამ უკანასკნელისაგან ათონის მთის წმინდა პანტელეიმონის სახელობის მონასტრის რუსმა მოძღვარმა მამა პანტელეიმონმა ჩაიწერა.


იმერეთის სამეფოს აღსასრული და სოლომონ მეფის გაქცევა

მას შემდეგ, რაც მეფე გიორგი მეთორმეტეს თხოვნით 1801 წელს საქართველოს სამეფო რუსეთის იმპერიას შეუერთდა, რუსეთის მთავრობამ იმერეთის რუსეთთან შეერთების თაობაზე დაიწყო მიმოწერა. მეფე სოლომონმა მოიწვია ქვეყნის უმთავრეს დიდებულთა საბჭო და დაადგინეს:

"რადგანაც მეფეს არ ჰყავს ტახტის მემკვიდრე, იმერეთი მის სიკვდილამდე შეინარჩუნებს თავის დამოუკიდებლობას და ერთმორწმუნე რუსეთთან ძმურ ურთიერთობაში იქნება.

რუსეთის ჯარს შეუძლიან თავისუფლად გადაადგილდეს იმერეთის მიწაზე და თურქეთის საზღვრამდე მივიდეს, იმერეთის ჯარმა კი ამაში დახმარება უნდა აღმოუჩინოს. დაე, ამ ორი ქვეყნის ურთიერთობა სამუდამოდ და შეურყევლად განმტკიცდეს იმ პირობით რომელიც დამახასიათებელია განუყოფელი სულიერი კავშირით გაერთიანებული ღვთივ კურთხეული ქრისტიანებისთვის. მეფის სიკვდილის შემდეგ კი იმერეთში უნდა ემოქმედოს იმპერიის კანონმდებლობამ".

საბჭოს თათბირის ოქმი გაეგზავნა თბილისში კავკასიის მეფისნაცვალს, იმპერატორ ალექსანდრე პირველისთვის გადასაცემად.

თუმცა ეს გადაწყვეტილებები მეფის ყველა ქვეშევრდომმა მოიწონა, თავად ზურაბ წერეთლის გონებაში კი სხვა აზრი მწიფდებოდა. თავადმა ზურაბმა, რომელიც მეფე სოლომონ პირველს პეტერბურგში ახლდა, იმპერატორ ეკატერინე მეორისგან გენერალ-მაიორის ჩინი მიიღო და ამით ძალზე გამედიდურდა, სიმდიდრემ და დიდებამ თავრუ დაახვია. მისი სასახლე საჩხერეში ფუფუნებით მეფისას აღემატებოდა.


ცხოვრობდა ის იმ აზნაურთა გარემოცვაში რომელთაც თავიანთ კანონიერ ხელმწიფეს უღალატეს და მასთან სამსახურში გადავიდნენ. თავად ზურაბს იმერეთის, ქართლის, კახეთის, სამეგრელოს და გურიის ყველა წარჩინებულ გვართან ნათესაური კავშირი ჰქონდა. ცხოვრობდა ის, ვითარცა ფეოდალური ხანის რაინდი, სრული თავისუფლებისა და შეუზღუდავი უფლებების მქონებელი. რუსეთთან ფარისევლური ერთგულების გამოჩენით, იგი მეფისა და მის დაახლოებულ პირთა ნდობით სარგებლობდა.

მეორემ მოაწერა ხელი დიდებულთა საერთო გადაწყვეტილებას რუსეთთან შეერთების თაობაზე. სინამდვილეში კი ჩაფიქრებული ჰქონდა სოლომონ მეფე ჩამოეგდო ტახტზე თავად ასულიყო. ყველას გზით ცდილობდა მეფესა და იმპერატორს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობის დარღვევას. სოლომონ მეორეს მოწინააღმდეგე გრიგოლ დადიანს იმპერატორ ალექსანდრე პირველისადმი მეფე სოლომონის შესახებ ცილიმწამებლური წერილების დასაწერად აგულიანებდა. ხოლო თვით მეფეს ურჩევდა სამეგრელოდან ქართლისკენ მიმავალი რუსული ჯარი იმერეთზე არ გაეტარებინა, რამეთუ როგორც ის ამბობდა რუსებს იმერეთი შეიძლება მის სიკვდილამდეც კი დაეპყროთ. მაგრამ მეფე გულწრფელი და მშვიდობისმოყვარე კაცი იყო და მის მზაკვრულ რჩევებს ყურს არ უგდებდა, რადგანაც უყვარდა რუსები და ისინი ერთმორწმუნე ძმებად მიაჩნდა.

როდესაც თავადმა ზურაბმა ორ მონარქს შორის ზემოაღნიშნული გზით შუღლის ჩამოგდება ვერ მოახერხა, მაშინ სხვა ხერხს მიმართა. თავდაპირველად წერილობითი ურთიერთობა დაამყარა კავკასიის მეფისნაცვალთან, შემდეგ რამდენჯერმე პირადად ეწვია მას, რათა დაერწმუნებინა, მეფის იმერეთში ყოფნას ხელს უშლის იმერეთის დაშოშმინებასო. მეფის ამალას ყველაზე ბნელ ფერებში ხატავდა, ვერაგ, თავნება და საეჭვო ხალხს ეძახდა, ხოლო თვით მეფეს უჭკუოდ იხსენიებდა, რომელსაც სახელმწიფოს საქმეების გადაწყვეტა არ შეეძლო.

მრავალი ხრიკის შემდეგ, ბოლოსდაბოლოს, გაუმართლა. Gენერალ - ადიუტანტმა ტორმასოვმა იმპერატორს, თავად ზურაბ წერეთლის ცილისწამებაზე დამყარებული პატაკი წარუდგინა. იმპერატორმა დაიჯერა ცილისწამება და ტორმასოვს უბრძანა, მეფე სოლომონი რამენაირად ტფილისში ჩამოეტყუებინა და იქიდან კი მუდმივ საცხოვრებლად სანქტ-პეტერბურგში გაეგზავნა.

ამ ბრძანების ძალით გენერალმა ტორმასოვმა თავად წერეთელთან საიდუმლო მოლაპარაკების შემდეგ, მეფესა და დარბაზს წერილი მისწერა, რომ სურამში, იმერეთისა და ქართლის საზღვარზე ჩამობრძანებულიყვნენ პირადად მასთან შესახვედრად, რათა მისთვის იმპერატორის ზეპირი ბრძანება გადაეცა. მეფე სოლომონმა მაშინათვე იეჭვა და კრება მოიწვია, რათა გენერლისთვის პასუხი მიეწერათ. კრებამ დაამტკიცა ძველი გადაწყვეტილება. ხოლო გენერალს უბრძანა თავი აღარ შეეწუხებინა ამგვარი მეფისა და ხალხის შეურაცხმყოფელი წინადადებების შეტყობინებით.

თათბირის ბოლოს თავადი წერეთელი წინ აღუდგა ამ საერთო გადაწყვეტილებას, მზაკვრულად, მეფის ხვედრზე ზრუნვით, შენიღბა თავისი საქციელი. ამტკიცებდა რომ შეუწყნარებელი იყო იმპერატორისთვის ასეთი უკმეხი პასუხის გაცემა, რაც თავის მხრივ გამოიწვევდა ომსა და მეფის განდევნას. ამავე დროს, მეფეს ურჩევდა, რომ გენერალ ტორმასოვს სურამში სეირნობისას, ანდა ნადირობის საბაბით შეხვედროდა და ამით იმერეთისთვის თავიდან აეცილებინა მოსალოდნელი უბედურება.

დეკანოზი იესე მიუხვდა თავად ზურაბს მზაკვრულ ჩანაფიქრს, ბრალი დასდო მეფის ღალატში და ამხილა, როგორც სამეფოში ყველა არეულობის მოთავე, ვერაგი, ძალაუფლების მოყვარე დამნაშავე. Aმგვარად, მამა იესემ დაუხშო ბაგენი ზვიად თავადს და იგი შერცხვენილი წამოვიდა სასახლიდან. მოითხოვა ცხენი და საჩხერესკენ გააჭენა და თან თავის მამხილებელს ემუქრებოდა. ზემოთ ხსენებული წერილი ტფილისში გაიგზავნა. რამდენიმე დღის შემდეგ მამა იესემ ცოლის გარდაცვალების ამბავი გაიგო და განსვენებულისთვის უკანასკნელი პატივის მისაგებად შინ წავიდა.

მისი არყოფნისას სათათბიროში უთანხმოება დაიწყო. ერთნი წერილის დაწერას ნანობდნენ, მეორენი კი პირდაპირ მხარს უჭერდნენ თავად წერეთლის მოსაზრებებს, მესამენი კი არწმუნებდნენ მეფეს დეკანოზის რჩევას დაჰყოლოდა და მოძღვრის გლოვის დასრულებამდე ქუთაისი არ დაეტოვებინა. მეფემ არ იცოდა, ვისთვის დაეჯერებინა. შაუბედუროდ, თავად წერეთლის მზაკვრულმა გეგმამ სძლია, რის წინააღმდეგაც მამა იესე ასე შეუპოვრად იბრძოდა. მეფე სოლომონმა ქუთაისი დატოვა და სამასი მხედრის თანხლებით სურამში გაემგზავრა.

გენერელმა ტორმასოვმა შეიტყო რა მეფე მობრძანდებაო, ყველასთვის მოულოდნელად დატოვა სურამი და გორს მიაშურა. თან ერთ-ერთ მოხელეს დაუბარა, გადაეცათ მეფისთვის, რომ საგანგებო საქმეები გორში მის აუცილებელ ყოფნას მოითხოვდა. ამასთანავე, მის უმაღლესობას (მამა გაბრიელის თქმით, იმერეთის მეფეებს ეძახდნენ უმაღლესობას და არა უდიდებულესობას) გორში ჩაბრძანებას სთხოვდა.

გენერალმა ტორმასოვმა იმავე მოხელეს უბრძანა, უარის შემთხვევაში ჩასაფრებული ჯარისა და არტილერიის დახმარებით მეფე იქ ძალით ჩაეყვანათ. სურამში ჩასული მეფე სოლომონ მეორე დიდი ზარზეიმით მიიღეს; მაგრამ როცა გენერლის ეშმაკური მოქმედება შეიტყო, და მისადმი ესოდენ უმადური დამოკიდებულების გამო ძალზე დაღონდა. ყველაზე მეტად მშობლიური იმერეთის ხვედრი აღელვებდა. რა მოელოდა მას თუ რუსეთიდან ასეთ უსინდისო ხალხს გამოუგზავნიდნენ, რა უბედურ მდგომარეობამდე მიიყვანდნენ მის ქვეყანას? დამწუხრებული ამბობდა:" ნუთუ რუსეთის კეთილგონიერ ხელმწიფე-იმპერატორს შეუძლიან დანიშნოს ხალხი , რომლებიც სულ არ იმსახურებენ ნდობას?"და აქვითინდა მეფე სოლომონი თავისი ქვეყნის ბედზე, რომელსაც ოცდახუთი წლის მანძილზედაღალავად იცავდა და ცდილობდა ხალხში სახარებისეული სული შეენარჩუნებინა.

გენერალ ტორმასოვის მოხელეთა ალერსიანმა მოპყრობამ მეფეს ვერ გაუქარწყლა პირველი ცნობით მიყენებული ტკივილი. იგი დამწუხრებული ამბობდა, გენერლის უღირსი მოქმედება მასთან ანგარიშის სასწრაფოდ გასწორებას ითხოვს, რათა მსახური არ გადიდგულდეს და ნდობა ბოროტად არ გამოიყენოსო. ამალამ მეფეს ქალაქის გადაწვა და შინ დაბრუნება შესთავაზა, მაგრამ იგი არ დათანხმდა. მიენდო კაცთა მოდგმის საქმეთა წარმმართველ ღვთის შეუცნობელ ნებას და გორში გაემგზავრა.

მაგრამ გენერალი ტორმასოვი თბილისისკენ გასწია, გორში კი ჩასაფრებული ხალხი დატოვა. თავის მოხელეს მეფისთვის გადასაცემად დაუბარა, სასწრაფო საქმეებმა ჩემი თბილისში გამგზავრება მოითხოვესო, და უმორჩილესად სთხოვდა მის უმაღლესობას იქ შეხვედრას. შეურაცხმყოფელმა ტყუილმა მეფე აღაშფოთა და გაბრაზებულმა წამოიძახა:

- ნუთუ სახელმწიფო უსინდისო გენერლებს ეყრდნობა და თვით იმპერატორი ისეთ ხალხს ენდობა, რომელსაც არც სარწმუნოებისთვის, არც მეფისთვის, არც სახელმწიფოსთვის სიკეთის მოტანა არ შეუძლიათ?

მაშინ მან სამჯერ გადააფურთხა, მიუძღვნა რა ეს გენერალ ტორმასოვს და დაუყოვნებლად ტფილისში გაემგზავრა.

ტფილისში მეფეს დიდი პატივით შეხვდნენ და ვითომ საპატიო ყარაულის სახით, მრავალრიცხოვანი დაცვით გარშემორტყმულ საუკეთესო ოთახებში მოათავსეს. როცა მის წინაშე გენერალი ტორმასოვი წარსდგა, მეფემ სიტყვის თქმა არ აცალა და განრისხებულმა მიმართა:

- ვინ ხარ შენ? რა წარმომავლობისა და დამსახურებისათვის მიიღე ესოდენ მაღალი თანამდებობა?

როცა გენერალმა აუხსნა, რომ ის ძველი თავადური გვარის წარმომადგენელი იყო, მეფე სოლომონმა უთხრა:

- უანგაროდ რომ მიგეღწია ამ წოდებისათვის, ხოლო წარმომავლობა შენს ნათქვამს შეესაბამობდეს, ვერასოდეს მისცემდი თავს უფლებას ასეთი უღირსი საქციელით შეურაცხყოფა მოგეყენებინა ჩემთვის და ხელმწიფესთვის უსიამო ახსნა-განმარტების მიცემას არ მაიძულებდი. მაგრამ შენი საქციელი მდაბიურია და არ შეესაბამება არც შენს წოდებას, არც შენს გვარს. მე შემიძლია თავხედობისთვის ახლავე გაგისწორდე. მაგრამ მეფეთათვის დამახასიათებელი სულგრძელობისა და შენი ხელმწიფის - ჩვენი ძმის გამო არ ვიზამ მაგას.

უთხრა ეს და გარეთ გააგდო. გენერალი ძალზე შეცბუნებული გამოვიდა. შინ რომ მოვიდა, მოიხმო ქართველი თავადები: დავით ჯამბაკურ-ორბელიანი, კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანბატონი და დავით თარხან-მოურავი, თავის მართლება დაიწყო და სცადა ყველაფერი თავად ზურაბ წერეთლისთვის გადაებრალებინა, თავადებს კი იმერეთის მეფესთან შუამდგომლობას სთხოვდა, რათა მას მრისხანება მოწყალებით შეეცვალა. თავის მხრივ ჰპირდებოდა, იმპერატორს წერილს მივწერ, რომ მეფე სათანადო პატივით მიიღონო. შემდეგ კი შეასუსტა დაცვა და მნახველთა თავისუფალი მიღების ნება დართო.

თავადებმა გენერალთან საუბარი მეფეს გადასცეს, მაგრამ მისი მჭმუნვარებიდან გამოყვანა ვერ შესძლეს, ვერც ბოდიშები და ვერც ჩრდილოეთის ქვეყნის დედაქალაქში გულითადი მიღების დაპირებები მის გულს ვერ ახარებდა.

ერთგული ხალხის შეკრებაზე მეფემ თავადი ზურაბ წერეთელი დაწყევლა:

- ყოვლისმპყრობელმა ღმერთმა იავარჰყოს სახლი მისი, იმ მზაკვრული განაზრახის გამო, რომლითაც იმერეთი უდროოდ მოაკლდა მეფესა და მმართველს.

იქ მყოფთა შორის იყო ზურაბ წერეთლის მესამე ვაჟი, სვიმონი. როცა მან ღვთისაგან ცხებულის ნათქვამი შემზარავი წყევა მოისმინა, შეძრწუნებული მეფის ფერხთით დაემხო, მღელვარებისგან სუნთქვაშეკრულმა ვედრება დაუწყო:

- მეფეო, აგვაცილე ეს წყევლა მე და ჩემ ძმას, მიტროპოლიტ დავითს, რამეთუ ჩვენ მონაწილეობა არ მიგვიღია მამაჩვენისა და ჩვენი ძმის, გრიგოლის განზრახვებში.

მაშინ მეფემ უთხრა:

- ნუ გეშინია ამ წყევლის, რამეთუ ღვთის სამართალი მხოლოდ დამნაშავეს დასჯის და უდანაშაულოს არ შეეხება
.
გენერალ ტორმასოვისგან გაგზავნილმა მეორე ელჩმა აცნობა მეფეს, რომ სანქტ-პეტერბურგიდან მიღებული ცნობით მისთვის გამზადებული იყო სასახლე, ხოლო მისი ამალის სარჩენად დიდძალი ფული გამოეყოთ. იმპერატორს მთელი სულით და გულით სურს თავის გვერდით იხილოს ასეთი სახელოვანი თანამოძმე და რუსეთში გასამგზავრებლად ორ თვეს გაძლევსო. მეფემ ამავე ელჩის პირით პასუხი შეუთვალა გენერალს:

- იმერეთი ღვთიური სამოთხეა და ერთადერთი სასახლეა მისი მეფისთვის, ამიტომაც ვერ მომხიბლავს თქვენი პეტერბურგის პალატები.

იმერეთის მეფის ქვეშევრდომთა ძღვნით შემკული ზომიერი სუფრა სასახლეში ერთადერთი ფუფუნებაა. თანაც ამ სუფრიდან შეექცეოდნენ დიდებულნი და გლახაკნი, მწირნი და უპოვარნი და ყველანი მადლობდენ უფალს. ასეთი დიდი ხარჯი ფრიად ზედმეტია ჩემთვის და დაე, ხელმწიფე ნუ დაამძიმებს ამით სახელმწიფო ხაზინას. რაც შეეხება გულთბილი შეხვედრისა და ჩემდამი ძმური მოპყრობის დაპირებას, ასრულდება, თუკი ღვთის ნება იქნება, გენერალი კი დროზე ადრე არ შეწუხდეს, ვამცნობ, ამ ორ თვეს ლოცვას ვუთმობ, რადგან ჩემთვის უცნობ ქვეყანაში მივემგზავრები.

ელჩების წასვლის შემდეგ მეფე მხურვალე ლოცვას მიეცა, თავის გრძნობები ღვთის წინაშე გადმოაქცია. შემდეგ კი შეაგროვა თავისი ხალხი და მიმართა:

- თქვენ ყველანი ჩემი ძმები ხართ, ზოგი ჩემთან ერთად აღზრდილი და ზოგიც ჩემს მიერ გაზრდილნი. აქამდე ჩვენს სამშობლოში ვცხოვრობდით და ღვთის განგებაზე ვიყავით მინდობილნი, მე როგორც თქვენი მამა და თქვენ როგორც ჩემი საყვარელი ძმები და შვილნი. ცხადია, რომ ჩემი ოცდახუთწლიანი მბრძანებლობის განმავლობაში კმაყოფილი იყავი მსახურებით და არ მჭირდებოდა თქვენი ერთგულების შემოწმება, რადგან სამსახურით თავისთავად დაამოწმებდით. ჩემთან სამსახურის გამო ხშირად გიხდებოდათ ოჯახებთან განშორება და იშვიათად თუ ნახულობდით. მაგრამ ახლა ჩვენს მიერ შეუცნობელი ღვთის განგებულებით უფალმა დაუშვა, რომ ცხოვრების წესი შევიცვალოთ და სივდილამდე უცხოეთში გადავიხვეწოთ. მსურს რომ გკითხოთ: ვინ რჩება ჭეშმარიტად ჩემი ერთგული? ეს საქმე იოლი არ გეგონოთ, იგი ადამიანის ძალას აღემატება. ვის სურს ჩემს თავს დატრიალებული უბედურების გაზიარება?

ყველამ ერთხმად გამოხატა მეფის სრული ერთგულება. დაივიწყეს რა თავისი მამულებისა და ოჯახების ინტერესები, აღუთქვეს გაეზიარებინათ მისი ჭირიცა და სიხარულიც, ამის დასადასტურებლად მოატანინეს ძელიცხოველი და მის წინაშე ფიცი დადეს.

რამდენიმე დღის მერე მეფემ მოუხმო თავის ერთგულ მსახურს, თავად ქაიხოსრო წერეთელს და სანქტ-პეერბურგში გადასვლაზე თავისი აზრები გააცნო. თქვა, რომ რუსეთის იმპერატორს მისი გვერდში დაყენება სურდა, რათა თავისი დიდებით მას გარდამეტებულიყო, აშკარად თუ არ გამოხატავდა, გულში მაინც იფიქრებდა, რომ მეფეთა მეფე და სამეფოთა მფლობელი იყო. ეს კი აღუხოცავ და დამამცირებელ ლაქას დასტოვებდა მასზე, ერჩივნა, უწინამც სიკვდილის მწარე სასმისი შეესვა, ვიდრე თავისი წმინდა დინასტიის დაღუპვის მიზეზი გამხდარიყო. ამგვარად გადაუშალა რა გული, სთხოვა, ამაზე ეფიქრა და მეგობრული რჩევა მიეცა.

ბავშვობიდან თავისი მეფის ერთგულმა ქაიხოსრომ მთელი თავისი კეთილშობილი მიზეზით, სწრაფად უპასუხა:

- მეფეო, თქვენთვის ცნობილია, რომ სულით და გულით მზად ვარ დაგიმტკიცოთ ჩემი სიყვარული, გთხოვთ გამაცნოთ თქვენი ჩანაფიქრი.

მაშინ მეფემ უთხრა, რომ მზად იყო თურქეთში გასაქცევად, ან ბერად აღსაკვეცად, ანდა ყველაფერი დაეთმინა, ვითარცა მწირს, ოღონდ პეტერბურგს არ წასულიყო და იმპერატორისთვის არ მიეცა ტრაბახის საშუალება, რომ ის მეფეთა მეფე იყო.

თავადი ქაიხოსრო დაპირდა მეფეს, რომ ყველაფერში დაეხმარებოდა. იმავე საღამოს ქაიხოსრომ ამალის ყველა თავადს მეფის გეგმა შეატყობინა. ყველამ კიდევ ერთხელ დადო ერთგულების ფიცი.

მაშინ თავადმა ქაიხოსრომ თავისთან მოიხმო კიდევ ერთი მცირე მამულის მქონე აზნაური და ჰკითხა:
- როგორც მეფის ქვეშევრდომს, მის აღზრდილსა და სიკეთე ნანახს, რამდენად გიყვარს შენი ხელმწიფე?

- მეფის გულისთვის მზად ვარ ოჯახის და მშობლების სიყვარული დავივიწყო, ყველა გაჭირვება დავითმინო, - უპასუხა აზნაურმა.

მაშინ თავადმა ჰკითხა:

- თუ ვითარება მოითხოვს მეფისთვის მოკვდე, იქნება ეს ხმლით გაკვეთა, სახრჩობელა თუ ნაწილ-ნაწილ აჩეხვა, მზად ხარ გაუძლო ამას?

შეცბუნებულმა აზნაურმა თქვა, რომ არ შეეძლო ამის გაკეთება და შენდობა სთხოვა, როგორც სუსტმა და სულმოკლემ.

თავადმა გულახდილობისათვის მადლობა გადაუხადა, თან ფულით, სამოსლით და იარაღი დააჯილდოვა, შემდეგ კი მეფეს წარუდგინეს, რომელმაც დაავალა, ქუთაისში წასულიყო, დედოფლისთვის ყველაფერი მოეთხრო, ეთხოვა, დაუყოვნებლად გურიის მთავართან გამგზავრებულიყო, იქიდან კი თურქეთის საზღვრებში, ქობულეთის სანჯაყში გადასულიყო და იქ დალოდებოდა მეფეს კონსტანტინოპოლში გასამგზავრებლად.

მეორე დღეს, ნასადილევს, თავადმა ქაიხოსრომ ერთი ახალგაზრდა თავადიშვილი მოიხმო (გვარად თაბუკაშვილი), რომელიც პატარაობიდანვე სასახლეში იზრდებოდა და მეფეს ტრაპეზობისას ღვინოსა და წყალს აწვდიდა, და ჰკითხა:

- შენ, ძმაო, ასე ახლოს რომ ხარ მეფესთან და თან ასე გმფარველობს, რამდენად ერთგული ხარ შენი კეთილისმყოფელისა?

- მზად ვარ მეფისთვის ყველაფერი გავწირო, თვით სიცოცხლეც კი, და შევთხოვ უფალს, ამის საქმით დამტკიცების საშუალება მომცეს,-უპასუხა ყმაწვილმა.

თავადმა კვლავ ჰკითხა:

- მაშ, მზად ხარ, რომ მეფეს ტყვეობა ააცილო?

მან კი წრფელი სიხარულით შესძახა:
- გმადლობ შენ უფალო, რომ ღირს მყავ საკუთარი სისხლით ვემსახურო მეფეს!

მაშინ თავადმა გაუმხილა მეფის ჩანაფიქრი და თავისი გეგმა გააცნო:

- შემდეგ საღამოს მეფეს ტანსაცმელს გაუცვლი და მის ლოგინში ჩაწვები. მსახურის ტანსაცმელში გადაცმული მეფე კი თავის თავადებთან ერთად სასახლიდან ვითომ აბანოში წავა.

ყმაწვილმა სიხარულით აღუთქვა ყველაფრის შესრულება და სიკვდილისთვის მზადებას შეუდგა.

თავადმა ქაიხოსრომ თავადებს შესთავაზა დაცვის თვალწინ რუსეთში წასვლასთან დაკავშირებული სცენა გაეთამაშებინათ, რაც მათ ოსტატურად შეასრულეს, ატყდა ხმაური, ყვირილი და კამათი. თვით გენერალი ტორმასოვი მოვიდა და აჩოჩქოლებული თავადების დაწყნარება სცადა, მაგრამ ამაოდ დაშვრა. თითქმის ყველა ყვიროდა სანქტ-პეტერბურგში გადასახლება არ გვსურსო.

ამ ხმაურზე მეფე სოლომონი გამოვიდა და განაცხადა, ვისაც ჩემთან ერთად გამგზავრება არ გსურთ, შეგიძლიათ, შინ დაბრუნდეთო.

თითქმის მთელმა ამალამ, ექვსი თავადის გამოკლებით, დაბრუნება მოისურვა. იმავე საღამოს თავადებმა ცხენები შეკაზმეს, თბილისიდან გავიდნენ და იქვე, ქალაქიდან შვიდი კილომეტრის დაშორებით განლაგდნენ, სადაც მომავალი მგზავრობისათვის საგზლის მომარაგებას შეუდგნენ. ზოგიერთი მათგანი მეორე დღეს ტფილისში გამოჩნდა და თავს ისე აჩვენებდა, თითქოს სამგზავროდ რაღაცებს ყიდულობდნენ, ამ დროს კი თავად ქაიხოსროს საიდუმლოდ შეატყობინეს, რომ გასაქცევად ყველაფერი მზად იყო.

შებინდებისას მეფემ სამოსი ერთგულ მსახურს გაუცვალა, კოკა აიღო და დარჩენილ ამალასთან ერთად გამოვიდა. ერთგულმა მსახურმა კი კარი ჩარაზა და თავისი ხელმწიფის საწოლში ჩაწვა. თავადმა ქაიხოსრომ მორიგე დაცვას უთხრა, არავის შეეწუხებინა მეფე მათ აბანოდან დაბრუნებამდე.

სასახლიდან აბანოს შესასვლელისკენ გაემართნენ. გზად კი ლავაშის საყიდლად ერთ იმერელ ხაბაზთან შეიარეს. ეს იმერელი დაჟინებით მიაცქერდა გადაცმულ მეფეს და მათ ჰკითხა:

- ვინ არის ეს კეთილშობილი კაცი? მსახურის ჩაცმულობის მიუხედავად ეტყობა, რომ წარჩინებული წარმომავლობისა უნდა იყოს?

თავადმა წერეთელმა ამ ვაჭრის ბატონმა, მრისხანედ უსაყვედურა:

- დიდი ხანია, რაც ასეთი რიტორი გახდი, რომ სხვის საქმეში განურჩევლად ერევი? შენი კადნიერებისთვის თავად კიკნაძეს მიგყიდიო!

ეს თავადი ყმების მიმართ სისასტიკით გამოირჩეოდა. მუქარით შეშინებულმა ვაჭარმა მიატოვა დუქანი და გაიქცა. თავადებმა რამდენიმე თბილი ლავაში აიღეს, მეფეს მისცეს სატარებლად და გზა განაგრძეს.

ბაზარს გვერდი აუარეს. აბანოებს მიუახლოვდნენ. ერთ სირაჯთან შეუხვიეს, იყიდეს დოქი ღვინო და ესეც მეფეს მისცეს წამოსაღებად. აბანოებსა და დაბაღების რიგებს შორის გაიარეს და სეიდაბადში მდებარე სპარსეთის კარისკენ აღმართს აუყვნენ. გზად ორი სომეხი შემოხვდათ, ერთმა, რომელიც აღმართზე მომავალთ ათვალიერებდა, მეფეს ყურადღება მიაქცია და მისი სილამაზით, მოხდენილობითა და სიმაღლით გაკვირვებულმა მეორეს ქართულად გადაულაპარაკა:

- შეხედე, რა მშვენიერია.

ამ აღტაცებამ იქვე მდგარი რამდენიმე სომხის ყურადღება მიიპყრო. ერთმა თქვა:

- მგონი, იმერლები უნდა იყვნენ..

- ეს ლამაზი კაცი კი ალბათ მათი მეფეა, - გადაულაპარაკა მეორემ.

ამ სიტყვებმა მეფე სოლომონზე ისე იმოქმედა, რომ უეცრად წაიქცა და მთელი ღვინო დაღვარა. თავადებმა ქაიხოსრომ და სიმონმა სასწრაფოდ წამოაყენეს, პირველმა კი დატუქსვა დაუწყო:

- მისმინე, ყმაწვილო, დღეს უკვე ასე რამდენჯერმე იხუმრე, რა ქარაგმებით ლაპარაკობ, მთვრალი ხარ თუ ეშმაკი გაცდუნებს? ასეთი ხუმრობისთვის ისეთ ჭკუას გასწავლი, რომ დიდხანს დაგამახსოვრდება!

ამ სიტყვებმა გონმიღებული მეფე გამოაფხიზლა და პროცესიამ გზა განაგრძო.

ქალაქიდან გასვლისას თავადმა ქაიხოსრომ მეფე მფრთხალობისა და სულმოლეობისთვის გაკიცხა. მეფე იმდენად დაასუსტა გადატანილმა ამბავმა, რომ გზა ვეღარ განაგრძო. ის ხელში აიყვანეს, ზურგზე შეისვეს და გზა განაგრძეს.

მალე უფალმა ტანჯვა შეუმსუბუქა. გზად თბილისში მიმავალ თავად ბარათაშვილს შეხვდნენ. თავადს მეფის ბედუკუღმართობის შესახებ მოუთხრეს და ცხენის დათმობა სთხოვეს. კეთილშობილმა თავადმა სასწრაფოდ თავისი ცხენი დაუთმო, მთელი თავისი საგზალიც, რომელიც მსახურს მეორე ცხენით მოჰქონდა და გზა დაულოცა.

მალე ისინი დათქმულ ადგილას მივიდნენ, შეუერთდნენ ამალის დანარჩენ წევრებს და თრიალეთის ქედით ახალციხის გზას დაადგნენ. მესამე დღეს, როცა ქალაქს მიუახლოვდნენ, წინ შიკრიკი გააგზავნეს და ფაშას მეფის მოახლოება შეატყობინეს, შეუთვალეს, რომ მეფე სოლომონს განზრახული ჰქონდა კონსტანტინეპოლში სულთან მაჰმუდთან ჩასულიყო (სოლომონ მეფე ახალციხეში იმყოფებოდა უკვე 19 მაისს, ხოლო 20 ივნისს იგი უკვე იმერეთისაკენ გაემგზავრა ჯარით (საქ. ისტ. ქრონიკები. 1980:324).


ვიდრე წმინდა ილარიონის მონათხრობს გავაგრძელებთ, იმ ღირსეული ქართველების ხვედრიც ვახსენოთ, რომელთაც მეფე სოლომონს გაქცევაში ხელი შეუწყეს.

 მეფის გაქცევის დროს თბილისში არ იმყოფებოდა მთავარმართებელი ტორმასოვი, რომელმაც თბილისში დაბრუნების შემდეგ სასტიკი ზომები მიიღო. ბაგრატ ბატონიშვილის ცნობით გუბერნატორმა მეჯინიბე დაჰკითხა. მეჯინიბემ მიუგო:

- აი მეფის ცხენი, რომელიც მე მებარა; მეფე შენ გებარა, მე რა ვიცი, რა უყავიო.

მოსწრებულ პასუხზე ხალხს გაეცინა, მაგრამ ტორმასოვს არ ეხუმრებოდა. პოლიცმაისტერი დავით გოსტაშაბიშვილი, ნინია სუბატიშვილი და ფარეში მეფისა, რომელიც საწოლში მის ნაცვლად ჩაწვა, გააციმბირეს, ხოლო დარაჯები, უბრალო ხალხი - დავით პენტელაშვილი, გოგია იმერელი, აზნაური ფალავანდიშვილი და გორელი სომეხი, ვინმე იოანე, ავლაბრის რიყეზე დახვრიტეს.

მოკლულები ავლაბარშივე დაკრძალეს, ხოჯა მელიქის საყდრის გასწვრივ, მინდორზე, და დარაჯებად რუსები დაუყენეს, რათა ქართველებს გვამები არ მოეპარათ.

მაგრამ, ჰოი, საკვირველებავ! შუაღამისას მათ საფლავებს ზეგარდმო ნათელი დაადგა. შეშინდნენ ჯარისკაცები, მუხლებზე დაეცნენ და თაყვანი სცეს მათ. ეს ამბავი შეატყობინეს ტორმასოვსაც, რომელიც ძალზე შეშინდა და ჯარისკაცებს უბრძანა, არავისთვის გაემხილათ, მაგრამ ეს სასწაული ავლაბრის მცხოვრებთაც ეხილათ...

(ასეთი რამ იმავე წელს კიდევ ერთხელ მომხდარა: ტორმასოვს ალექსანდრე და ლევან ბატონიშვილების ერთგული იესე დოღაძე ჩამოუხრჩვია. სიკვდილის წინ დოღაძე კომენდანტს შევედრებია და მასაც აღსარება-ზიარების ნება მიუცია. იესეს აღსარებაში უთქვამს, რომ ქალწული იყო და მტკიცედ ეპყრა სარწმუნოება ქრისტესი.

ცხედარს დარაჯები მიუჩინეს. შუაღამისას გარდაცვლილს ნათლის სვეტი დაადგა. მცველები შეშინებულები დაეცნენ მიწაზე და თაყვანი სცეს ზეგარდმო ნათელს. მოუხმეს კომენდანტს. მანაც იხილა გარდაცვლილის სხეულზე დამდგარი ზეციური შუქი. ეს ამბავი გორში მოხდა და იქაურებიც შეესწრნენ ამ სასწაულს. მთავარეპისკოპოსმა იუსტინე მაღალაშვილმა იესეს ნეშტი გამოითხოვა და გორის სასაფლაოზე მდებარე ეკლესიაში დაკრძალა).

"მათ დასჯას ადასტურებს ასევე დავით ბატონიშვილიც - "სცნა რა ლტოლვაი მეფისა ტორმაზოვმან, განძვინდა ფრიად, ვინათგან კაცი იყო მძვინვარე, ამპარტავანი და უწყალო.

ამან დაახვრეტინა თოფითა ოთხნი კერკეტონნი, კაცნი უბრალონი, ამად რომელ ქუჩათა შინა, რომელიცა დაედვა მათ ბრალად, რომელ თანამდებობაი იყო მათი ჭვრეტაცა მეფისა. კვალად მოაშთო რაოდენნიმე უბრალონი ოვსნი...თათარნი კაცნი უბრალონი, რომელთა შესწამეს არამართლად ქურდობაი. კვალად შეიპყრა ჯავახისშვილები და თარხნისშვილები და წარგზავნა პყრობილად როსიასა შინა (დავით ბატონიშვილი.1941:34). პოტოს მიხედვით რუსეთში გადაასახლეს მეფის მოახლე თაბუკაშვილი და დალაქი სალარიძე (Потто. II. 1902:108).

იგივეს ადასტურებს ალექსანდრე ხახანაშვილიც, რომლის მიხედვითაც მეფის მსახურ თაბუკაშვილსა და დალაქ სალარიძეს ჩამოხრჩობა ტორმასოვმა ციმბირში გაგზავნაზედ შეუცვალა (ხახანაშვილი, 1911:62). ტორმასოვთან დასაჯელად წარდგენილ სალარიძეს უღიარებია თავისი ბრალი და მთავარმართებლისთვის უთქვამს: "მე თქვენი ყმობა ჯერ არ მიმიღია, ხოლო როდესაც მივიღებ თქვენი ერთგულებაც ისეთივე მექნება, როგორიც დღეს ჩემს ბუნებითის მეფისა მაქვს" (ჟორდანია, 1899:7).

საქართველოს საისტორიო არქივში შემორჩენილია სოლომონ მეფის დის, მარიამის თხოვნის წერილი, რომელშიც იგი მთავარმართებელს სთხოვს ბეჟან მურასოვის შეწყალებას, "ოდეს განსვენებული ძმა ჩემი, მეფე იმერეთისა, სოლომონ ნებითა თვისითა გაიქცა ტფილისიდგან, ზოგნი ვიეთნიმე გვამნი ქართველთანი დასჯილ იქმნენ, მაშინ მთავარმართებელ ტორმასოვის მიერ, რომელნიც იყვნენ უბრალონი და აწ არს ციმბირსა მხარესა დაკარგულ ტამბოვსა ქალაქსა შინა მოქალაქე ბეჟან მურასოვი... რათა განაცხადოთ იქ თქვენ სიმართლე და უბრალოება მისი" (ს.ც.ს.ა. ფ.1448. 9595).

ჩვენთვის უცნობია გენერალმა ტორმასოვმა რამდენი კაცი დახვრიტა მეფის გაქცევის გამო და რამდენი გადაასახლა რუსეთში, თუმცა ცნობილია, რომ აზნაური რომელიც მეფის მაგივრად ჩაწვა საწოლში, გადასახლებაში ქალაქ პერმში დაიღუპა. როგორც ოდესღაც იოთამ ზედგენიძემ, ახალგაზრდა აზნაურმა თაბუკაშვილმაც თავი გასწირა საკუთარი მეფისა და სამშობლოსათვის.

ილარიონ ყანჩაველის ცნობით, სოლომონ მეფის გაქცევის ხელშეწყობისათვის თბილისის ბოქაულს, თავად ბარათაშვილს გადაუცია სოლომონ მეფისათვის ცხენი, რისთვისაც მისთვის თავადის წოდება ჩამოურთმევიათ და ჯარისკაცად გაუწესებიათ. ფალავანდიშვილს, რომელსაც ბრალდებოდა იმერთა ჯოგიდან ცხენის გადმოყვანა მტკვრის გამოღმა, გამოძიებამ ვერ დაუმტკიცა დანაშაული და "ღმერთს მიანდო მისი საქმე", ხოლო გენერალმა ტორმასოვმა სასამართლოს რეზოლუციას თავისი ხელით მოაწერა: "დახვრიტეთ" (ხახანაშვილი, 1911:62). ასე სასტიკად მოეპყრო ხელმოცარული გენერალი სამშობლოს თავისუფლებისათვის მებრძოლ გმირებს" (ტყეშელაშვილი).

მეფის თურქეთში ცხოვრება და აღსასრული

ახალციის ფაშამ შეტყობინების მიღებისთანავე საპატიო ცხენოსანი გააგზავნა მეფის დასახვედრად, შემდეგ თვითონაც ქალაქგარეთ გავიდა და, თურქული ტრადიციისამებრ, ძვირფასი სტუმრის მისაღებად საცხენესნო აღლუმი გამართა. ფაშამ მეფე დიდი სიხარულით მიიღო, მისი მოსვლით კი ქალაქში ნამდვილი ზეიმი გაიმართა განსაკუთრებით ხარობდნენ მუსულმანთაგან დაჩაგრული ქრისტიანები.

ფაშამ მეფისთვის მდიდრული განსასვენებელი გამოჰყო, მის შესანახად ხაზინიდან დიდძალი ფული გაიღო. თვითონ კი ყოველ საღამოს ნახულობდა, ანუგეშებდა და აიმედებდა, რომ იმერეთის სამეფოს დაიბრუნებდა. ამასთან ერთად კონსტანტინოპოლში სულთან მუჰამედს მოხელე გაუგზავნა და იმერეთის მეფის მის საფაშოში გადასვლა აუწყა, თან საცოდავი მეფისთვის დახმარება სთხოვა. ამ ქარაგმით მან სულთანს სიტყვა გადაუკრა, ჯარი გაეგზავნა იმერელი მეამბოხეების დასასჯელად, რომელთაც ამდენი უბედურება დაატეხეს მეფის თავს.

სულთანმა ახალციხის ფაშისგან შეტყობინება რომ მიიღო, ამგვარი შინააარსის ფირმანი გაუგზავნა: "ოსმალეთის მთავრობას იმერეთის მეფე სოლომონი თავის მფარველობში აჰყავს და ჰპირდება სრულ თავისუფლებას და უსაფრთხოებას, ვიდრე მის სამეფოს დაუბრუნებს. არზრუმსა და მის დაქვემდებარებაში მყოფ ქალაქებში უცხოური საქონლით ნავაჭრი შემოსავლიდან, აგრეთვე ხორბლის, ქერის, შინაური ფრინველის, ცხვარ-ძროხას მეათედი შემოსავლიდან გამოიყოს სახსრები მეფისა და მისი ამალის შესანახად". სულთანთან შეხვედრაზე მეფეს უარი უთხრეს.

მეამბოხეთა დასაშოშმინებლად ჯარის გაგზავნაზე ფაშას სულთნისაგან არავითარი მითითება არ მიუღია, მაგრამ არც იმას სწერდა რომ იმერეთში მოხალისეები (ბაში-ბუზუკები) არ გაგზავნათ. რაც შეეხება მეფისთვის ტახტის დაბრუნებას, უბრძანა, დაეცადა რუსეთსა და ევროპის სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის გამწვავებამდე, ხოლო მანამდე საცხოვრებლად არზრუმი დაუდგინა.

როცა მეფე სოლომონმა ასეთი მოწყალე რესკრიპტი მიიღო, მაშინღა გამხნევდა, სევდა იმედით შეეცვალა. გადაწყვიტა ჯარით წასულიყო იმერეთში და თავისი მოღალატე ქვეშევრდომები დაესაჯა.

ფაშას თანხმობით მან მოხალისეთა შეკრება გამოაცხადა, ყველას ვისაც სურდა ემსახურა თურქული იარაღის სადიდებლად და იმერეთიდან რუსული ჯარის განსადევნად. მისი მოწოდების შედეგად ქრისტიანთა სისხლის დაღვრასა და ძარცვას მოწყურებულ ახალგაზრდათა რაოდენობა გაცილებით მეტი აღმოჩნდა, ვიდრე საცოდავ მეფეს დახმარება სჭირდებოდა.

1810 წლის 17 მაისს სოლომონ მეფეს იმერეთის მაცხოვრებლებისთვის წერილი გაუგზავნია, იგი ხალხს იმ უბედურებებს შეახსენებდა, რაც რუსეთმა აღმოსავლეთ საქართველოს დაატეხა თავს:

სოლომონ მეფის პროკლამაცია.

"ქ: ჩვენგან ნიადაგ პატივით, საიმედოდ და საერთგულოდ სახსოვართ და ძმურად საყვარელთ ერთობით ზემოურებს.

მეფე სრულიად იმერთა სოლომონ ძმებრის სიყვარულით მოგიკითხავთ. მერეთ, როდესაც გული დავაჯერე, რომ რუსეთს მისტუმრებდნენ, თქვენის მოშორვების და იმერეთის საუკუნოდ დატოვების ცეცხლი ჩემს გულს მოეგზნა ცასქვეშეთს დიდებას თქვენთან ყოფნა, თქვენთან სიხარული, თქვენთან სიცოცხლე და სიკვდილი ვირჩიე...

ათს ამ თვეს, ღამის ორ საათს გასულს, ქალაქიდამ გამოველ, ოთხნივ წერეთლები, ორნი ძმანი ერისთვები ღაბუაშვილი თავეთის კაცებით ოცდა სამი ცხენოსნები აქ, ახალციხეს, მოვედით, თქვენის ერთგულობისა და სიყვარულისაგან ამას მოველი, რომ ერთობით ჩვენს ერთგულობაზე თავი დასდვათ და ყოველი თქვენი მოკიდებული ოჯახები და მეზობლებიც დააჯეროთ, რომ საქართველოსავით არ დაიღუპნეთ, რომელნიც იმათ ხელში სულიერად დიდს პარასკევს ხორცსა სჭამენ და ხორციელადაც გატანჯულნი სიკვდილს ნატრულობენ.

პირველად ისინიც ფიცითა და ოქროთი და ტკბილის სიტყვებით მოატყუეს და დღეს მკვდარზედაც სამი მანეთი ხარაჯა დაუდიათ და ართმევენ; სახლისა და ცოლშვილის უპატიოებისათვის მწარედ ოხვრენ და კვნესიან და დღე და დღე უმწარესს დღესს მოელიან. თუ თქვენს დამონებაზე გულდასმულნი შეიქმნენ, ყველაზე უმწარესი დღე მოგადგებათ, იცოდეთ. და რომელნიც დღეს ოქროს იძლევიან, ხვალ თქვენის სახლის საცხოვრებელსაც წაგართმევენ, დღეს რომ პატივით გეპყრობიან, ხვალ ყოვლის ქვეყნისაგან უფრო იმერეთში წმინდად შენახულს ცოლ-შვილს ნამუსსა დაპატიოსნებას უპატიოდ გახდიან.

მე თუ სხვა სამსახური რამ დამიკლია თქვენთვის, ეს ყველამ იცით, რომ თქვენის პატივის და სიყვარულისაგან ჩემი გული არ გამაძღარა.
ეს არის დღე თქვენგან ჩვენის ერთგულობისა და სიყვარულისა, რომ როგორც მოგვიწერია, ისე ჰქნათ, და თუ თქვენ მირჩევთ, და დამაჯერებთ, სხვას უცხოს ჯარებს აღარ დავეძებ. მეთქვნთან მოვალ, როგორც თქვენი პასუხი მომვა, ისე ვიქ. ამაზედაც გული დააჯერეთ: იმერეთის გულისათვის ჩემი სიცოცხლე უნდა დავასრულო.

მაისის იზ წელთა ჩყი (სამეფო ბეჭედი ასომთავრულის წარწერით)
მეფე იმერთა სოლომონ

მალე მეფეც გადმოვიდა იმერეთში და აჯანყებულნი მის გარშემო შეგროვდნენ.

"უთანასწორო ბრძოლები თითქმის ოთხი თვის მანძილზე მომდინარეობდა გარდამავალი უპირატესობით. თავდაპირველად წარმატება აჯანყებულებმა მოიპოვეს და მტერს დიდი ზიანი მიაყენეს ლომსიათხევზე, მდინარე ჭიშურის ვიწრო ხეობაში, აჯანყებულთა მეორე დაჯგუფება, რომელიც სოფელ მარელისში (ხარაგაულის რაიონი) იყო დაბანაკებული რუსულ ნაწილებს ბრძოლა გაუმართეს სოფელ კორტოხთან და ისინი დროებით შეაჩერეს. ამის გამო 22 ივლისს რუსეთის მთავრობამ გადააყენა რუსული ჯარების ხელმძღვანელი დიმიტრი ორბელიანი და მის მაგივრად დაინიშნა ბარონი როზენი, რომელმაც პირველი გამარჯვება მდინარე ჩხერიმელას გადასასვლელთან მოიპოვა, სადაც რუსულმა რეგულარულმა არმიამ არტილერიის დახმარებით წარმატებას მიაღწია, შემდეგ კი სოფელ სიმონეთს მიადგა სადაც მეფე სოლომონი იყო გამაგრებული.

"ქუთაისის მისასვლელებს მისი მომხრეების 7000-იანი ლაშქარი იცავდა ქაიხოსრო წერეთლისა და სხვა თავადების ხელმძღვანელობით. მათ მდინარე ჭიშურასთან გაუმართეს ბრძოლა მომხდურებს.

ოთხი საათი გაუძლეს მათ გააფთრებულ შემოტევას, შედეგ კი იძულებულნი გახდნენ, პოზიციები მიეტოვებინათ" (გონიკიშვილი, 1979:189).

იმერეთის მოსახლეობას არ ჰქონდა ბრძოლის გამოცდილება, ამიტომ მათ უჭირდათ რუსეთის ბრძოლისუნარიან და კარგად შეიარაღებულ ნაწილებთან ბრძოლა. მიუხედავად აჯანყებულთა სიმრავლისა, ისინი რუსულ სამხედრო ნაწილებთან მაინც მარცხდებოდნენ.

22 ივლისს გენერალმა ორბელიანმა აჯანყებულები დაამარცხა ჩხერის ციხესთან, ხოლო 25 ივლისის შეტაკების დროს დაიღუპა ქაიხოსრო აბაშიძე, დარეჯან ბატონიშვილის მეუღლე. გადარჩენილმა აჯანყებულებმა ქაიხოსრო წერეთლის წინამძღოლობით თავი შეაფარეს მაღლაკს, სადაც სოლომონ მეფეც მისულა. პოლკოვნიკ სიმონოვიჩის ჯარების მიახლოებისას კი სოლომონს მაღლაკი დაუტოვებია და სოფელ რიონთან გადასულა (ხახანაშვილი, 1911:72).

29 ივლისს რუსულმა ნაწილებმა ქუთაისი დაიკავეს. 4 აგვისტოს ბრძოლა გაიმართა სოფელ რიონთან, რომელსაც თვით სოლომონ მეფე ხელმძღვანელობდა, გააფთრებული შეტაკება მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მებრძოლი მხარეები მხოლოდ სიბნელემ გააჩერა. 10 აგვისტოს გელათის ახლოს, ნაგარევში სიმონოვიჩმა ვერ შეძლო მეფის შეპყრობა (რეხვიაშვილი, 1989:382).

უკანასკნელი მირონცხებული მონარქი საბოლოოდ ეთხოვებოდა მშობლიურ ადგილებს, ეთხოვებოდა გელათის წმინდა მონასტერს, სადაც თავისი სახელოვანი წინაპრები განისვენებდნენ, იგი როგორც დევნილი, ისე გადადიოდა სოფელ - სოფელ, ტყე - ტყე და ასე ტოვებდა თავის სამშობლოს.

26 აგვისტოს მეფის მომხრეები სოფელ საქარაში ხუთსაათიანი ბრძოლის შემდეგ დამარცხდნენ. ამ დღეს დაიღუპა ქაიხოსრო აბაშიძის "უფროსი შვილი ხახულა, ცოტა უფრო ადრე, 20 ივნისს საქარასთან ახლოს კაპიტან ტიტოვის რაზმთან ბრძოლას შეეწირნენ ქაიხოსროს ვაჟები, რომელთა სახელები ჩვენთვის უცნობია" (სოსელია, 1973:206).

ქაიხოსრო აბაშიძე იყო სოლომონ პირველის ქალიშვილის, დარეჯან ბატონიშვილის მეუღლე. ქაიხოსროს ოჯახი მთლიანად ამოწყდა რუსებთან ბრძოლაში, მისი ერთი ცოცხლად დარჩენილი ვაჟი, ივანე 1819-1820 წლის აჯანყების ერთ-ერთი მეთაური იყო და იგი რუსებმა ახალციხეში მოაკვლევინეს. დარეჯან ბატონიშვილი კი რუსეთში გადაასახლეს" (ტყეშელაშვილი).

აქვე უნდა გავიხსენოთ სოლომონ მეფის მოძღვრის, მღვდელ ბესარიონ ქიოტიშვილის საგულისხმო ამბავი. ხალხი აჯანყებისთვის ემზადებოდა და მეფე სოლომონის ერთგულების ფიცს დებდნენ. მამა ბესარიონი თურმე "ერის ურჩობაში" ჩავარდა და მეფე სოლომონის ერთგულებაზე არ დაუფიცია. იმავე ღამეს გამოსცხადებია ღვთისმშობელი და უთქვამს: - ბესარიონ, რახან შენ ურჩი გამოხვედი ჩემი ერისა, ისეთ ადგილას წარგავლენ, რომ ქართული შენ დღეში ვერ გაიგონოო.

სამ კვირაში მღვდელს ცოლი და ორი შვილი გარდაეცვალა და ამ სოფლის დამტევებელმა, ჯერ იერუსალიმს და შემდეგ ათონის მთას მიაშურა, სადაც წლების განმავლობაში ქართულად დამლაპარაკებელი არავინ ჰყავდა.

მართლაც გასაოცარია, ღვთისმშობელმა აკურთხა წასაგებად განწირულ ომში სამშობლოს თავისუფლებისათვის მებრძოლები.

ჩვენ ისევ წმინდა ილარიონის "ცხოვრებას" მივყვეთ.

საკვირველია, როგორ შეეძლო მეფეს ამგვარი უღმრთო საქმის ჩადენა. ხალხის ასაჯანყებლად მთელ იმერეთში მეფის ერთგული მსახურები გაიგზავნენ. ერში განხეთქილება მოხდა. ზოგი მეფეს მიემხრო, ზოგიც რუსის ჯარს და მეფეს მისწერეს, არ გვსურს შენი ხილვა იმერეთის ტახტზეო, თან სთხოვეს, განშორებოდა ქვეყნის საზღვრებს, მაგრამ მეფემ არ შეისმინა გონიერი რჩევა და ომი წამოიწყო. თურქეთის ჯარში ჭირი გავრცელდა და იმერეთს ეპიდემია მოედო, რომელმაც უამრავი მშვიდობიანი მოსახლე შეიწირა. ომი უიღბლო გამოდგა. იგი დამარცხდა რუსულ ჯართან და იძულებული გახდა, ახალციხეში დაბრუნებულიყო.

მეფისთვის ასეთ მძიმე დროს პროტოპრესვიტერმა იესე ყანჩაველმა მიატოვა სამშობლო და არზრუმში გაემგზავრა, რათა მას გვერდში ამოდგომოდა და ემსახურა.

არზრუმის ფაშამ, ვაამე ემინმა სიხარულით მიიღო მეფე და კარგი შენობა გამოუყო საცხოვრებლად, ყველანაირი პირობებით, მაგრამ სიამტკბილობა დიდხანს არ გაგრძელებულა. გენერალმა ტორმასოვმა სხვადასხვანაირი საჩუქრებით თავი მოუქონა ანგარ თურქს, და მეფის ყველანაირად შევიწროებას მოითხოვდა. ამის შედეგად ფაშა მეფეს ძალზე ცუდად ექცეოდა, ძველ ყაზარმაში გადაიყვანა, სადაც ის რამდენიმე წელს იტანჯებოდა, ხოლო მეფის სარჩენად გამოყოფილი ფული გაუნახევრა.

მეფემ მალე მოთმინება დაკარგა, ცხენი შეკაზმა, საომრად შეიმოსა, და ფაშასთვის სიტყვის უთქმელად ტრაპიზონისკენ გასწია. ფაშამ გამგზავრების მიზეზის დასადგენად იანაჩარი დაადევნა. მეფემ კი უპასუხა, ჩემთვის შეუფერებელი და აუტანელი პირობების გამო საფაშოში დარჩენა აღარ შემიძლია და ტრაპიზონში მივდივარ, რათა ყველაფერი სულთანს ვაუწყოო. ფაშა შეედავა, სულთნის უნებართვოდ, არზრუმის დატოვების უფლება არა გაქვსო და დასამშვიდებლად უკეთეს მოპყრობას დაპირდა. მეფე იძულებული გახდა, დამორჩილებოდა და უკეთესი შემთხვევის მოლოდინში უკან დაბრუნდა.

ეს დღეც მალე დადგა. 1812 წლის მაისში, რამაზანის დროს, როცა თურქები ღამის გართობის შემდეგ ძილს მიეცნენ, მეფემ თავისი ხალხი შეკრიბა, ცხენები შეკაზმა და არზრუმიდან სასწრაფოდ გაემგზავრა. როცა ბაიბურთის სანჯაყის საზღვარს მიაღწიეს, აღმოაჩინეს, რომ მათ იანაჩართა რაზმი მოსდევდა. მეფემ გადაწყვიტა, აღარ გაქცეულიყო და მათ შებმოდა.

ამ დროს კონსტანტინოპოლელმა სახელმწიფო მოხელემ გამოიარა, მეფეს მიესალმა და გზა განაგრძო; როცა იანაჩართა რაზმს გაუსწორდა, მათ ასეთი ჭენების მიზეზი ჰკითხა. მათ აუხსნეს, რომ ისინი იმერეთის მეფეს ფაშა ვაამე ემინმა გამოადევნა, რათა ის ან მკვდარი ან ცოცხალი შეიპყრონ, მოხელემ ჩვეული თურქული ირონიით უთხრა: - "აყილსიზლარინინ ყაზანდიღი, აყლი საბილაჰ ეიმიშლაჰ", ანუ, "უჭკუოებმა მოხარშეს და ჭკვიანებმა შეჭამესო". შემდეგ რაზმის უფროსს მიმართა და უთხრა:

- ჰო, ძმაო! გეტყობა ერთგული მსახური ხარ ფაშასი და არა სულთნისა; ხოლო რა სარგებელი გექნება შენი ფაშისაგან? ალბათ დაიჭერ მეფეს, მაგრამ მისი შეურაცხყოფისთვის დაისჯები. თუ შეებმები, ისინი ისე არიან შეიარაღებულნი მთელ ჯარს შეაჩერებენ. ასე რომ, ეს წვალება ტყუილად ჩაგივლის, თავებს კი საზამთროსავით წაგაცლიან – ფაშა სულთნის რისხვისაგან ვერ დაგიცავს, თვითონ მოუწევს საკუთარ თავზე ფიქრი. გიჯობს უკან გაბრუნდე!

ამასობაში მეფემ მეორე დღეს ქალაქ ბაიბურთს მიაღწია. მუსელიმმა (ქალაქის თავმა) ის გულთბილად მიიღო, ორ დღეს უმასპინძლა, მესამე დღეს კი გიუმიშხანში გაემგზავრნენ, სადაც მათ ბერძენი მართლმადიდებელი სამღვდელოება შეხვდა და იქ ორი დღე დარჩნენ.

აქედან ორი დღის მგზავრობის შემდეგ ტრაპიზონს მიაღწიეს. ამ ქალაქის ფაშა, ოსმან-ხაზი-ნაზარ-ოღლი ქართველ თავადთა შთამომავალი იყო და სიხარულისაგან აღარ იცოდა, რა გაეკეთებინა, რომ ღირსეულად შეხვედროდა იმერეთის მეფეს. ამიტომაც მოიწვია უცხოეთის სახელმწიფოების კონსულები, მართლმადიდებელი სამღვდელოება და მეფის შესახვედრად ქალაქგარეთ გავიდა. შეხვედრა იმდენად გულთბილი იყო, რომ მეფემ ძალზე ინუგეშა.

მერე კი ფაშამ კონსტანტინოპოლში შეატყობინა იმერეთის მეფის ამალასთან ერთად ჩამოსვლა და კითხულობდა რა ბრძანება გაიცემოდა სტუმრის ღირსეულად დასახვედრად. თავის მხრივ მეფე სოლომონმა თავისი ელჩის, თავად იოანე ლიონიძის ხელით წერილი გაუგზავნა. სადაც ის სულთანს აუწერდა ყველა იმ მწუხარებას და შევიწროებას, რომელიც მას არზრუმის ფაშამ მოაწია. როცა სულთანმა ეს უსტარი წაკითხა, მღელვარებისგან აცრემლდა კიდეც, როგორც ამას მოწმობდა თავადი ლიონიძე.

შემდეგ დიდხანს ჩაფიქრდა, და უეცრად ლომივით დაიღიალა: "ამან! ჯალათი". როცა ჯალათი გამოცხადდა, სულთანმა პატარა წერილი დაწერა და ბეჭედი დაარტყა. შემდეგ კი ჯალათს უბრძანა: არზრუმში წასულიყო, და ფაშა ვაამე ემინისთვის თავი მოეკვეთა, ქონება ჩამოერთვა, ხოლო მისი ცოლ-შვილი მონებად გაეყიდათ.და რომ ოცი დღის მერე ის კონსტანტინეპოლში უნდა დაბრუნებულიყო და ფაშას მოკვეთილი თავი უნდა ჩამოეტანა.

არზრუმში ჩასული ჯალათი, ფაშას სახლის წინ გამოცხადდა, შიგნით არც კი შესულა, ისე გამოიძახა, გარეთ ქუჩაში. ფაშას ყვირილზე ლამის მთელი ქალაქი შეიკრიბა. ჯალათმა ხმამაღლა წაიკითხა სულთანის ბრძანება. ფაშა ხელი სტაცეს, დააჩოქეს, და ჯალათმა თავი მოკვეთა, ჩამოვიდა ტრაპიზონში დაAთავი მეფეს მიართვა. ამის დანახვაზე მან კინაღამ გრძნობა დაკარგა და ბრძანა, ეს ნადავლი სასწრაფოდ მოეშორებინა.

ამასობაში კონსტანტინეპოლში სულთანთან შეყოვნებულმა თავადმა ლიონიძემ მეფის სახელზე სახელმწიფო ხაზინიდან ძვირფასი საჩუქრები მიიღო. როცა მეფისადმი სულთნის ასეთი კეთილმოსურნეობა შენიშნეს, თურქმა დიდებულებმა, განსაკუთრებით თურქებთან მომსახურე ქართველმა ფაშებმა, მათაც შენაწირი გაიღეს მეფისთვის, ასე რომ თავადი ლიონიძე მეფესთან საჩუქრებით დატვირთული გემით დაბრუნდა.

ცოტა ხნის შემდეგ სულთანმა მუჰამედმა მეფეს მისწერა, ნაპოლეონთან მეომარი რუსეთი წინ ვერ აღუდგება შენს გამეფებასო და ურჩია, არზრუმის, ტრაპიზონის და ფოტიოს ფაშებთან ერთად ჯარები გაეერთიანებინა და იმერეთისკენ დაძრულიყო. ამ შეტყობინებას მეფისთვის სიხარული არ მოუგვრია და ნაღვლიანმა წამოიძახა: "რად ჩავისახე დედის საშოში, თუ ქრისტიანულ სამყაროს ამდენი უბედურებას მოვუტანდიო!"

მან წერილით მადლობა გადაუხადა სულთანს და სთხოვა თავისი ავადმყოფობისა და ფოტიოსს ცუდი პირობების გამო სამი თვით გადაედო ეს საქმე. შემდეგ თავისიანები შეჰყარა და ტრაპიზონიდან ზღვით ყირიმში გადასვლა და იქიდან კი სანქტ-პეტერბურგში ჩუმად წასვლა შესთავაზა.

მაგრამ გავიდა დათქმული დრო და იძულებული გახდნენ ფოთში წასულიყვნენ. როცა თურქეთის ჯართან ერთად მეფეც ჩავიდა ქუთაისიდან, სამეგრელოდან და ქართლიდან თავადებმა მისწერეს, შეიარაღებული თურქების ხელით იმერეთის ტახტზე დაბრუნებას ნუღარ ეცდებიო.

აქ თავდება რუსიკის მონასტრის წინამძღვრის, მამა იერონიმეს თხოვნით გაბრიელ ქართველის მონათხრობით შედგენილი ჩანაწერი. მამა გაბრიელმა დაწვრილებით იცოდა ილარიონ ბერის ცხოვრება, მაგრამ აღარ დასცალდა. მძიმედ დასნეულებული 1865 წლის 27 ოქტომბერს გარდაიცვალა.


სოლომონმა 1810 წლის 20 ოქტომბერს დახმარება ნაპოლეონ ბონაპარტესაც სთხოვა, რომელსაც იგი "უნივერსალურ არბიტრს" უწოდებს, 1811 წლის 6 იანვრით დათარიღებულ წერილში სოლომონ მეფე პირდაპირ მფარველობას სთხოვს ნაპოლეონს; "მაგრამ, დე, მან ინებოს განმათავისუფლოს მილიონ ქრისტიან სულთან ერთად მოსკოვის იმპერატორის შეუბრალებელი უღლისაგან; ან მისი მაღალი მფარველობით, ან მისი ყოვლისშემძლე მარჯვენის ძალით და მან მომათავსოს მფარველობაში მისი მეთაურობით არსებულ ჩრდილქვეშ" (რეხვიაშვილი, 1992:315).

წმინდა მეფე სოლომონმა სიცოცხლის უკანასკნელი წლები ოსმალეთში, ქალაქ ტრაპიზონში გაატარა. მალე, 1815 წლის 7 თებერვალს, სამშობლოს დანატრებულმა, 42 წლის მეფემ სული უცხოობაში დალია. "მეფის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ძალზე ინტერესს იწვევს სოლომონ მეფის უკანასკნელი წერილი იმპერატორ ალექსანდრე პირველისადმი: "რომ გენერალ-მაიორმა სიმონოვიჩმა და მოგილევსკიმ მას წმინდა სახარებასა და ჯვარზე შეფიცეს ქუთაისში დაბრუნება და სამეფოს დაბრუნება", თუმცა, იგი გამოაცხადეს სარწმუნოების მტრად და მრავალ ადამიანს დაჰპირდნენ უამრავი ჯილდოსა და წყალობას, თუკი მეფეს მოკლავდა ვინმე და სწორედ ამ დროს, 1811 წელს სოლომონს სასიკვდილო საწამლავი დაალევინეს, "რომლისგანაც დამიფარა უფალმა, წერილი ესე და სასიკვდილო შხამი, რისი თვითმხილველებიც იყვნენ და დამოწმებაც შეუძლიათ ჯვრის მამის ტაძრის არქიმანდრიტ ბენედიქტეს და ვიცე-პოლკოვნიკ ათანასე იურის ძე ბოლეცოვს" (კაკაბაძე. 1956:507)" (ტყეშელაშვილი, იმერეთის მეფე სოლომონ მეორე).

მეფე სოლომონი დაკრძალეს ტრაპიზონის ბერძენთა წმინდა გრიგოლის ეკლესიის გალავანში. უკანასკნელი ქართველი გვირგვინოსანი ადგილობრივმა ლაზებმა დაიტირეს. მეფის შემზარავი გლოვა მისი გარდაცვალებიდან ორმოცი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. მის საფლავზე მაშინვე ეკვდერი ააგეს.

1910 წელს სოლომონ მეფის საფლავი ინახულა დიდმა მგოსანმა აკაკი წერეთელმა, იგი წერდა: "საფლავი არ არის კარგად შენახული და ზედწარწერაც ისე ცხოველია, თითქოს გუშინ გაუწერიათო. ფიქრებმა გამიტაცეს. გამახსენდა იმერეთის ამ უკანასკნელი მეფის შავი დღეები. მისი დაპატიმრება, მისი გაქცევა და სათათრეთში თავის შეფარება. აბა ამაზეა ნათქვამი: "სადაური სად მოკვდება, სად უთხრიან სამარესაო", კიდევ კარგი, რომ ასე დაუმარხავთ მაინც. მაშინ ამ გადავარდნილ მეფეს თან გაჰყვა ორი სვიმონ წერეთელი და ალბათ იმათი მეოხებითაა ეს. დაუმარხავთ და როცა დაბრუნებულან სამშობლოში, ისე მიუტოვებიათ, ასე სხვების ამარად. საფლავის ქვაზე წარწერაც ალბათ მისი მოძღვრის, ყანჩაველის ხელითაა, იმ წმინდა მამის ხელით, რომელიც სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, შევიდა ათონის მონასტერში და იქ იხსენიებდა წირვა-ლოცვის დროს" (განათლება, 1910.N7).

ტრაპიზონის XIII საუკუნის წმინდა გრიგოლ ნოსელის სახელობის საკათედრო ტაძარი 1875 წელს გადაკეთებულა, ხოლო 1922 წელს თურქმა ფანატიკოსებმა ტაძარი და სოლომონ II-ის საფლავის ძეგლი ერთად დაანგრიეს.

აქვე გვსურს შემოგთავაზოთ წმინდა ილარიონის წერილი, რომელიც მან იმერეთის დედოფალს გაუგზავნა რუსეთში და მეფის სიკვდილი შეატყობინა. წერილი გამოაქვეყნა სარგის კაკაბაძემ წიგნში:
"წერილები და მასალები საქართველოს ისტორიისთვის".

დოკუმენტი იმერთა მეფის სოლომონ II-ის სიკვდილის შესახებ.

შემთხვევით მე ხელში ჩამივარდა ფრიად საინტერესო დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს წერილს სოლომონ 2-ის მოძღვრის იასე ყანჩაველისას იმერთა დედოფლის მარიამისადმი 1817 წელს. წერილი ფრიად დაქონქილია და ზოგი ადგილი გაჭირვებით იკითხება. სათაურად მისამართის ადგილს აქვს: "მათს უმაღლესობას დედოფალს დადიანის ასულს მარიამს მიერთუას იმერეთიდამ რუსეთს სადაც ბრძანდებოდეს." აი, ეს წერილი უცვლელად:
მათს უმაღლესობას სრულიად იმერთა დედოფალს დადიანის ასულს მარიამს, მოწყალე ხელმწიფეს.

ქრისტეს მიერ ლოცვას და კურთხევას და თქუენის უმაღლესობის ტახტს. კოცნას. მოვახსენებ. შ-დ ვინადგან ბატონი ჩემი მეფე სოლომონ გარდაიცვალა და ჩემის აურაცხელის ცოდვისაგან დაბნელებული შევიქენი და უნუგეშო ყოვლითურთ: მერმეთ თქუენ წიგნი მოგართვით და ყოველივე ამბავი გამოვაცხადე და მოგართვი ერთი ტრაპიზონიდამ.

მოგართვით წიგნი და ერთი იმერეთიდამ აროდეს პასუხი არ მებოძა თქუენ მიერ არც ვიცი. მოგერთუათ თუ არ მოგერთუათ და ახლა მოგახსენებ ამბავს ჩვენი ცოდვის კითხვისას. მათის უმაღლესობის, კურთხეულის და ნეტარ ხსენებულის მეფე სოლომონის მიცვალებას.

ოდეს თქუენი წერილი მოერთვა ბატონს ფოთს ბრძანდებოდა და ავათ იმყოფებოდა, თქუენი წერილი მოერთვა აპრილის იბ, რომ ყოვლად მოწყალეს ხელმწიფეს გაურიგდიო, აქ გირჩევნია ისევ თათარში ყოფნასაო ბევრათაო, მაგრამ მაშინ ავათ ბრძანდებოდა და ტრაპიზონს წაბრძანდა. იქ აქიმი გახლდათ, მაგრამ ვერა ქნა რა იმ წყეულის ჭირისაგან რაც ერთი ბზუკვა იყო მარჯუენა ძუძუს ქუეით. ბრძანებდა არ მომარჩენსო და მოახსენებდენ თავადნი ნუ ბრძანებო, კარგათ ბრძანდები, ცხენზე ჯდომა შეგიძლია და აგრე რათ ბრძანებო, მამაკვდავმა რაღა უნდა სთქუასო, მაგრამ მე ასე ვგონებ, რომ სამღთო მადლით იცოდა, ნახევარი წლით მიხუდა თავის განსაცდელს, მიბრძანებდა ნიადაგ, რომ მე არ მოვრჩებიო და შენ იციო, შენს მეტი მომხსენებელი არ მეყოლება საკუთარიო და ანაწერი მიბოძა, თუ რამ იქანა ქონდა, ათი ქესა თეთრი იყო და ათი ქესიც თუ რამ საქონელი იყო, ოცი ქესა ყურუშის ქესა.

რაც შეიძლებოდა ღვთის მადლი და მეფის მადლი შემეწია და გავარიგე. ის ოცი ქესა ასე გარიგდა, რომ ასი ქესა თეთრი ვერ იქმოდა, ღვთის მადლით ისე ვიცოდვილე ასორმოცდაათს მონასტერზე.

მეორედ მოსულამდი მოსახსენებელი დავსდევი. ბერძნულად ქარუსია ქვიან იმ დასადებელს თავის საფლავზე, ერთი სახარება მოვაჭედინე, სინათელი ოსტატი მოვიყვანე, რომ იქ იმისთანა ოსტატი არ იპოვება არსად, თერთმეტი ას მარჩილად ისეთი გაკეთდა, რომ ზ ქესად აფასებენ.

ერთი ხელი შესამოსელი დავსდევი ბატონის საფლავზე და სამასი მარჩილი სამთავნო იმ წმინდის გრიგოლის ეკლესიაზედ. რომელზედაც ბატონი მარხია. ასე, რომ მისმა სარგებელმა წირვა არ უნდა გაუსხლიტოს იმ საფლავზედ იმ ეკლესიაში, ქუაზე მიწერილი არის. მღუდელმთავარი დგას იმ ეკლესიაზედ და დიახ სასოებით მიღებული აქუსთ ბატონი ასე, რომ ხატის მსგავსად ემთხუევიან ბატონის საფლავს.

ქრისტიანები ოცდაათი ათასი ქრისტიანი არის იმ ეკლესიის შამომავალი იმ მიტრაპოლიტის სამწყსო სულერთობით ბატონის მომხსენებელნი და მლოცველნი. რაც გახუდა იმ ოცი ქესიდან იმ საკვირველ ღარიბებს მივართვი ყე მე სხვა ვერ შევიძელი. და იმ ბერძნებისაგან საწირავათ მოცემული და თუ ან ულუფას გამოვრჩი რასმე ორას სამოცი ყურუში მქონდა და ისიც ღარიბებს მიუეცი რომ მწუხარება მომაყენეს ღარიბებმა ღუთის მოწყალებით ასე დაიმარხა, რომ როგორც ეკადრებოდა.

სხუა მეფე ისე არ დამარხულა მე ასე მგონია იმ კაი ქრისტიანებისაგან. ქუეყანის განწესება არის თუარამ. გაცემა, რაღათ ეჭირვებოდა ნეტაი თქუენ რომ თქუენც გაცხოვნებს მისი კეთილი გონება და მისი სიწმინდე და მისი კაი ლოცვა, ასეთი მლოცველი შეიქმნა რომ საკვირველი არ დაცხრებოდა ლოცვისაგან. ხატი უდაბნოს შესაწირავათ მინდოდა, ბატონმა ანაწერში ჩამიწერა გასაცემად, მაგრამ მერე შევიტყუე დედოფლის არისო, მე არ ვიცოდი და ვთქვი რომ დედოფალს მივართმევ და რავარც ინებოს მეთქი.

ახლა სხუას მიტომ არ ვანდევ, რომ ეგებ მატყუებდენ და დედოფალს არ მიართუან თქუა, თორემ ბევრმა მითხრა იმერეთს მე გაუგზავნი დედოფალსო, მაგრა მე არავის {გადავსცემ} თუ თქუენი წერილი არ მომივიდა და ნიშნოულობა არ მენიშნა არავის მივსცემ როდესაც თქუენი წერილი და ნიშნოულება მომივა, მაშინ მიბრძანებ იმის ხელით გამომიგზავნე და მომიტანს იმას მივსცემ და მოგართმევს თუ არა ის კი აღარ ვიცი, იმერეთში სიცრუე გამრავლებულა დიაღ ძალიანს და ვეღარავის ვენდვე თუარამ აქნამდის მანდ მოგერთმევოდა ეს ხატი ახლა მერ{მი}ს ნათლის ცემლის უდაბნოში უნდა გიახლო აგვისტოს გამლევს და ეს ხატიც იქ მექნება და თუ მიბოძოთ წერილი იქ მიბოძეთ და რავარც თქუენი წერილი გამომიცხადებს {ისე} ვიქ.

აქნამდის მინდოდა უდაბნოში შესულა, მაგრამ მეგონა მიხმობდით და თქუენს ამბავს უყურე, ახლა ნათლის ცემლის უდაბნოში უნდა გიახლო მეფის სულის სალოცუელად რადგანაც კურთხეული ბატონი ჩემი. მეფე სოლომონ გარდაიცვალა ამ სოფლიერად არასფერი კეთილი და არასფერი დიდება არ მინდა და ღმერთმა ნურც მომცეს, ბატონო.

ქრისტეს წინ მხურვალის გულით თქუენი მლოცველი და მომხსენებელი მეფის მოძღუარი, ყანჩაშვილი მღდუელი იესე

წელთა ჩყიზ

აპრილის კვ.

ათი ქესა, რომელიც დარჩენია სოლომონ მეორეს სიკვდილის დროს, უდრიდა მაშინდელი კურსის მიხედვით, 1500 მანეთს. ამდენივე დარჩენია მეფეს, როგორც ზემო წერილიდან ჩანს, საქონლად. ამ წერილში მოხსენებული ფოთში მეფის ჩასვლა მოხდა 29 ოქტომბერს 1813 წელს.

ფოთიდან დაბურუნებული მეფე გარდაიცვალა ტრაპიზონდს 7 თებერვალს 1815 წელს. თეოდოსიპოლის მიტროპოლიტის წერილიდან საქართველოს მთავარმართებელისადმი 13 მარტს 1815 წ. (იხ. აქტები კავკასიის არქ. კომისიისა, ტომი 5) სჩანს, რომ უკანასკნელს ხანს მეფის ამალში ირიცხებოდა 60 კაცი, რომელიღაც ულუფად ეძლეოდათ სოლომონ მეორისაგან თითოს 500 ყურუში (მაშინდელი კურსის მიხედვით დაახლოვებით 115 მანეთი).

ტრაპიზონდის წმინდა გრიგოლის საყდარში მეფის მოძღვრის მიერ დადებულს ბერძნულ სახარებას ოქროთი მოჭედილი აქვს შემდეგი აწარწერა: " შეიწირე წმინდაო გრიგორ, აქა მდებარე სრულიად იმერთა მეფე ძე არჩილისა მეორე სოლომონისა მიერ წმინდა ესე სახარება".

მეორე გვერდზედ : - "მოიხსენე უფალო სრულიად იმერთა არჩილის ძე მეფე სოლომონ, რომელ არს მდებარე წმინდა გრიგორის საყდარზედ ტრაპიზონდს. მიიცვალა წელსა ჩყიე თებერვლის ზ-ს და შესწირა ეს წმინდა სახარება წმინდა გრიგორის ეკლესიას სულის საოხად, რათა შენდობა უბრძანოთ ქრისტეს მოყვარემან მხილველმან სახარებისა ამისამან. მოიხსნე უფალო მშრომელის სახარებისა ამისა მეფის მოძღვარი მღვდელი ყანჩაველი იესე. ვითხოვ მეცა ყოველთა ქრისტეს მოყუარეთაგან შენდობას. მონა და მომსახურე მეფისა ამის მადლითა ღუთისათა ვიქმენ შეძლებისაებრ ჩემისა

სოლომონ მეფის ამალაში 600 იმერელი იყო. ხელმწიფის გარდაცვალების შემდეგ პროტოპრესვიტერმა იესემ გადაწყვიტა, რადაც უნდა დასჯდომოდა, რუსეთში წასულიყო რაც მეფის კარის ყველა წარმომადგენელს აცნობა და ურჩია, მისი მაგალითისთვის მიებაძათ. ბევრი ამ წინადადებას სიხარულით დათანხმდა, მაგრამ იმპერატორის რისხვის შიშით, ამის გაკეთებას ვერ ბედავდნენ.

მამა იესე ყველას ამშვიდებდა და ჰპირდებოდა, იმპერატორთან შუამდგომლობას ჩემს თავზე ავიღებო. მან თავადების და ამალის სხვა წევრთა სახელით თხოვნის წერილი დაწერა და იმპერატორს გაუგზავნა. იმპერატორმა მოწყალებით მიიღო თხოვნა და არა მხოლოდ აპატია გუშინდელ მტრებს, ყველას დაუბრუნა ადრინდელი წოდება და მამული. სამეფო ამალაში 76 მარტო თავადი იყო.

1814 წლის მაისში, მეფე სოლომონის გარდაცვალებიდან სამი თვის მერე, მამა იესე, დანარჩენებთან ერთად, იმერეთში დაბრუნდა და თავისი მშობლების სახლში დასახლდა. ახლა მეფის მოძღვრობისა და ტყვეობისაგან განთავისუფლებულმა მყუდრო ცხოვრებისათვის შესაფერისი ადგილის ძებნა დაიწყო. ფიქრობდა რომ თავისი სოფლის სიახლოვეს დასახლებულიყო, ანდა ტაბაკინის მონასტრის მახლობლად უდაბნოში, სადაც მას თავისი სიყმაწვილის წლები გაეტარებინა.

მაგრამ, სამშობლოში დაბრუნებიდან შვიდ თვეს არ გაევლო, რომ იმერეთის დედოფალმა მარიამმა თავისთან მოიხმო მოსკოვში, სადაც ის მეფე სოლომონის თურქეთში გაქცევის შემდეგ ჩაიყვანეს. მამა იესეს, როგორც მეფის მოძღვარს შეეძლო მისთვის მისი ქმრის უკანასკნელი დღეების შესახებ მოეთხრო. თავისი მოვალეობის ერთგულმა მამა იესემ აღარ დააყოვნა, დედოფალთან გამოცხადდა და ყველაფერი მოუთხრო.

აფასებდა რა განსვენებული ქმრისადმი მამა იესეს ერთგულებას და რაკი მოძღვრად უცხოტომელი არ სურდა, დედოფალმა იგი თავისთან დაიტოვა. მამა იესემ თან მეფე სოლომონის კუთვნილი მაცხოვრის ცხოველსმყოფელი ჯვრის ნაწილი ჩაიტანა, რომელიც დედოფალმა მარიამმა თავის კარის ეკლესიაში დაასვენა.

არ ვიცი, რა მიზეზით, შესაძლოა იმიტომ, რომ სოლომონ მეფის ამალა რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომი გახადა და ამით იმპერატორის გული მოიგო, ანდა იქნებ მარიამ დედოფლის შუამდგომლობით, იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა მამა იესეს დედაქალაქის მღვდელმთავრად დაწინაურება მოისურვა. . მაგრამ მაღალმა წოდებამ ვერ შესძლო განდეგილობის მოყვარე მამა იესეს მოხიბვლა, რომელსაც ის ასე ჯიუტად ესწრაფვოდა.

სასახლეში დასახლებულმა მალე დაინახა თუ რაოდენ სულიერად დაცემულ მდგომარეობაში იმყოფებოდა სამეფო კარი, იმ ღვთისმოშიშებასთან შედარებით რომლითაც იყო გამსჭვალული იმერეთის მეფე სოლომონი და მთელი მისი ხალხი.

მან შეამჩნია, რომ დედოფალი და მისი ამალა ივიწყებდნენ ქრისტიანულ მოვალეობას და მაღალი წრისთვის ჩვეულ გართობას იყვნენ მიცემულნი. ოთხშაბათ-პარასკევის მარხვების დარღვევა, მუდმივად გართობა, რასაც მოსდევდა გარყვნილება და რომლის მაგალითსაც თვითონ დედოფალი იძლეოდა, რომელმაც საყვარელი გაიჩინა - ყველაფერი ეს ძალზე ამძიმებდა მამა იესეს, როგორც მოძღვარს, როგორც მკაცრ ქრისტიანს, რომელიც სიყრმიდანვე უფლის მცნებებით ცხოვრებას იყო მიჩვეული. მამა იესეს დამოძღვრასა და დარიგებას არავინ ყურს არ უგდებდა.

საკუთარი თავისადმი სიმკაცრის მიუხედავად, მამა იესემ შენიშნა, რომ მისი მკაცრი ასკეტიზმით აღბეჭდილ ცხოვრებაშიც საგრძნობი ცვლილებები მოხდა; ნებსით თუ უნებლიეთ იძულებული გახდა დედაქალაქის ცხოვრებას დამორჩილებოდა: მისი ტრაპეზი აღსავსე იყო სხვადასხვანაირი საკვებით, ღვინოს ბევრსა სვამდა და ბუმბულის ლეიბზე ეძინა. მაგრამ, ყველაფერ ამას უფრო სერიოზული საფრთხე, - ღრმა და დიდი დაცემის საფრთხე ემატებოდა. მამა ესაია გამოირჩეოდა გარეგნული სილამაზით: - მაღალი, მხარბეჭიანი, ტანადი, ლამაზი კაცი იყო. სილამაზე სულისა მის სათნო სახეზეც აღიბეჭდებოდა და უნებლიეთ მრავალთა მზერას იპყრობდა.

ღვთისმოსავი სულის ადამიანებში ის პატივისცემას იმსახურებდა, ხოლო ვნებიან ადამიანებში არაწმინდა სურვილებს აღძრავდა. მამა იესეს ეშმაკის მიერ აღძრული სამეფო კარის ქალთა და ქალწულთა მხრიდან თავდასხმების გამოცდა მოუხდა. მათმა მოურიდებელმა შემოტევებმა ისე შეავიწროვეს მამა იესეს მოკრძალებული სული, რომ მტკიცედ გადაწყვიტა, რამენაირად გასცლოდა სასახლეს, რადგან ამ ქალებისაგან თავის დაღწევის სხვა საშუალებას ვერ ნახულობდა. ამასთან ხვდებოდა, რომ სასახლის წესების გარდაქმნა მარტოს არ შეეძლო.

ყველა მხრიდან შევიწროებულმა მამა იესემ მრავალგზის სთხოვა დედოფალს, რომ რადგან მას დედაქალაქის ცხოვრება ამძიმებდა, ამიტომაც სამშობლოში დაბრუნების ნება მიეცა. მაგრამ მას ამის გაგონებაც კი არ სურდა და ხან ხუმრობით და ხან გადაჭრით უარს ეუბნებოდა. თავის მხრივ მამა იესეც გადაჭრით ეუბნებოდა, რომ თუკი ნებით არ გაუშვებდა, მალულად წავიდოდა.

რაზეც დედოფალმა სიცილით უთხრა, რომ აქ იმერეთი არ გახლდათ და გაქცევა შეუძლებელი იყო: - პირველივე ქალაქში დაიჭერდა მას პოლიცია და მასთან დააბრუნებდა. ამ მუქარის მიუხედავად მამა იესემ მტკიცედ განაცხადა, რომ მაინც წავიდოდა სასახლიდან.

ასე გაიარა სამწელიწადნახევარმა, რომელიც უფრო მძიმე გამოცდა იყო მამა იესეს ღვთისმოსავი სულისთვის, ვიდრე შვიდი წელიწადი მეფე სოლომონთან ერთად უცხო ქვეყანაში ხეტიალი.

ამგვარ უბედურ მდგომარეობაში მყოფი მამა იესე ნუგეშს მხოლოდ უფლისა და ყოვლადწმინდა ღვთიმშობლისადმი ლოცვაში ნახულობდა, აღმოთქვამდა რა თავის სულის გასაჭირს, უდაბნოში განდგომის სურვილის აღსრულებას ევედრებოდა. განსაკუთრებით წმინდა გიორგის შესთხოვდა დახმარებას, რომლისადმი განსაკუთრებული რწმენა მშობლების სახლში შეეძინა და წმინდანიც მას ცხოვრებაში მრავალგზის შესწევია.

მალე მამა იესემ წმინდა ნიკოლოზის მონასტერში ათონის ივერთა მონასტრის არქიმანდრიტი გაიცნო. ამ არქიმანდრიტმა გაამხილა შემდგომში თუ ვინ იყო სინამდვილეში მამა იესე, როცა ის ათონზე გლახაკი, უბრალო მონაზონის სახით იმალებოდა.

დრო გადიოდა მამა იესეს მწუხარება კი დღითი-დღე მატულობდა. ერთხელ დედოფალ მარიამის კამერდინერს, რომელიც დიდად ერთგული იყო მისი, საუბრისას თავისი სანუკვარი სურვილი გაუმხილა. მან კეთილი განზრახვა მოუწონა და დახმარებას შეპირდა. მალე მან გეგმა შეადგინა და მამა იესეს გააცნო. წინასწარ გულმოდგინედ ილოცეს, მერე კი მიტროპოლიტ სერაფიმესთან წავიდნენ. მიტროპოლიტი ხშირად სტუმრობდა დედოფალს და კარგად იცნობდა როგორც მის კამერდინერს, ისე მის მოძღვარსაც-მამა იესეს. მიტროპოლიტთან მისვლისას კამერდინერმა უთხრა მღვდელმთავარს, დედოფლის თხოვნით, მამა იესეს იმერეთში დროებით გამგზავრების გამო მის სახელზე პასპორტი გაეცა. მიტროპოლიტს ეჭვი არაფერში შეჰპარვია და პასპორტის გაცემა ბრძანა, რომელიც მალე მიიღეს კიდეც.

სურვილის აღსრულების იმედით ფრთაშესხმული მამა იესე დედოფალთან გამოცხადდა და ძველებურად წასვლაზე საუბარი დაუწყო. დედოფალი მის სიტყვებზე იცინოდა; და როცა მან უთხრა რომ უკვე პასპორტი მივიღეო, დედოფალმა ბრძანა, ამას არასოდეს დავიჯერებ, რადგან ჩემი ბრძანების გარეშე პასპორტს არავინ გასცემსო. "მშვიდობით მე მივდივარ", - უთხრა მამა იესემ, დასტოვა დედოფალი და იმავე საღამოსვე გაემგზავრა.

მამა იესე საქართველოში არ წასულა, რადგან იცოდა, რომ დედოფალი იქ ადვილად მონახავდა და კვლავ თავისთან გამოიძახებდა. ამიტომ პირდაპირ ოდესაში გაემგზავრა, არსად არ შეჩერებულა, კონსტანტინეპოლში ჩავიდა. მას გადაწყვეტილი ჰქონდა პალესტინა და სინა მოელოცა და სადმე იმ ადგილებში დასახლებულიყო, სადაც ადრე ქართველები მოღვაწეობდნენ.

ამით დასრულდა წმინდა ილარიონის მონათხრობი.

მამა იესე ათონზე ჩასულა, დიონისეს მონასტერში ის შეხვედრია, სოლომონ მეფის მეორე მოძღვარს მამა ბესარიონს. 1821 წელს, დიდმარხვისას, ორივემ დიდი სქემა შეიმოსა. მამა იესეს ილარიონი უწოდეს, ხოლო მღვდელმონაზონ ბესარიონს - ბენედიქტე. მამა ილარიონი 1864 წლის 12 თებერვალს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა ათონის მთაზე. საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა, საქართველოს უკანასკნელი მონარქის სულიერი მოძღვარი ილარიონ ყანჩაველი 2002 წლის 17 ოქტომბერს წმინდანთა დასში შერაცხა.

მეფე სოლომონის მეუღლე, დედოფალი მარიამი 1841 წლის 19 მარტს აღესრულა რუსეთში. მარი ბროსეს ცნობით, დედოფალი დაკრძალეს პეტერბურგში, ნევის საკრებულო ტაძარში.

მრავალი განსაცდელი დაატყდა უმეფო იმერეთს, შავმა ჭირმაც გაანახევრა კაცთაგან ეს მხარე, - აუცხადდათ მამა ზაქარიას წინასწარმეტყველება. წითელ ვეშაპს არათუ მეფე სოლომონი, უკვე მთელი საქართველო გადაეყლაპა. მეფის გარდაცვალებიდან გაივლის 6 წელი და რუსთა წინააღმდეგ ხმალზე ხელის გავლება იმათაც მოუწევთ, სოლომონი რომ რუსეთს ჩააბარეს, - ახლა უკვე ცხებული მეფის გარეშე...

თანამედროვეთა გადმოცემით: - "სოლომონ მეფე ყოფილა საშუალოზე დაბალი, მრგვალი პირისახის, გაიღიმებდა საამოთ და მიმზიდველობით. თვითონ მარად ეცვა ქართული ტანსაცმელი, ახალუხის გარდა, რომლის ნაცვლად ეცუა იმერული ზუბუნი ყუთნისა. მეფეს უყვარდა მდიდრული ტანისამოსის შნოიანად ჩაცმა. ჩოხას შეიკერავდა ევროპული მაუდის სოსნისა ანუ წაბლისფერს, გარშემო ბუზმენშემოვლებულს, განიერ ლურჯ ოსმალურ შალვარს, ქართულ სამოგვის წაღებს, მწვანე ქოშებით, წვერსა და თავს იპარსავდა და განუშორებლივ ეხურა მაღალი ქართული ქუდი. გვერდზე წელზე ერტყა ვერცხლის ქამარი, ზედ ხანჯალი მდიდრათ მორთული, გულზე ატარებდა ყოველთვის ოქროს ძეწკვით ძელი ჭეშმარიტის ხატს, რომელიც განსაკუთრებით პატივცემული იყო იმერეთში, ასე რომ მასზე დაფიცება დიდ პატივად ითვლებოდა იმერეთში. ზამთარში ჩოხის ნაცულად ჩაიცვამდა დაბეწვილს ხავერდის "ტოლომას", ხოლო ოდეს გამოვიდოდა სასახლიდან, მაშინ გადაიგდებდა მარცხენა მხარეს ნაბადს და შემოირტყამდა ლეკურს" (ცისკარი, 1860:70-71).

სოლომონ მეფე იყო ფრიად ალერსიანი, მოწყალე და კეთილმორწმუნე, ამისთვის თითქმის ყოველთვის თავისი ხელით შეაყენებდა მის წინ მუხლს მოდრეკილს და ეტყოდა: - "უხერხულია, არ არის საჭირო, მუხლმოდრეკა საჭიროა მხოლოდ ღვთის წინაშე, მე კი ცოდვილი ადამიანი ვარ", სოლომონ მეფე ძალზე ღვთისმოსავი ყოფილა, მეფედ კურთხევის დროს მშვიდი, თავაზიანი, სიტყვით მასიამოვნებელი, იგი ყველას უყვარდა, მან კარგად იცოდა წმინდა წერილი, უყვარდა სასულიერო წიგნების კითხვა, საუბრობდა ჭკვიანურად, ჰქონდა მშვიდი ხასიათი, იყო მხიარული და გაწონასწორებული. იგი აღზრდილი იყო თავის გამოჩენილი ბაბუის, საქართველოს მეფე ირაკლის სასახლეში, სადაც მას შეუსწავლია ქართული წეს-ჩვეულებები (ცისკარი, 1859. გვ.352)

1990 წლის შემოდგომაზე სოლომონ მეორის ნეშტი საქართველოში გადმოასვენეს და გელათის მეფეთა საძვალეში დაკრძალეს.

თუმცა, მეფე სოლომონის გადმოსვენებაზე საზოგადოებაში არსებობს განსხვავებული აზრი, რომელსაც პირადად მეც ვემხრობი. ბატონი ზურაბ ბატიაშვილი თავის წიგნში "ქართველები ოსმალური პერიოდის ტრაპიზონში", ბრძანებს: - 1990 წლის შემოდგომაზე სოლომონ მეფის საქართველოში გადმოსვენება განიზრახეს ქართველმა პოლიტიკოსებმა.

მაგრამ ტრაპიზონში ჩასულ ქართველებს აღარც წმინდა გრიგოლის ეკლესია დახვდათ და აღარც ის კლდე რომელზეც აღმართული იყო ეკლესია.

"ტრაპიზონში სოლომონ მეფის ნეშტის მოძიებასა და გადმოსვენების პროცესში მონაწილეობას იღებდა ცნობილი ქართველი თურქოლოგი ნოდარ ჯანაშია. როგორც იგი იხსენებს, ექსპედიციამ იქვე ახლოს მდებარე პატარა სკვერი გადათხარა (გათხრის კვალი სკვერს ახლაც ეტყობა-ზ.ბ). მათ ორმოში ერთად ჩაყრილი ადამიანის თავის ქალა და ძვლები ნახეს. აქედან ოთხი მამაკაცის და ერთი ქალის ჩონჩხი იყო. მიიჩნიეს, რომ აქედან ყველაზე ახალგაზრდის თავის ქალა შეიძლება სოლომონის ყოფილიყო (დანარჩენი ძვლები ერთმანეთში ისე იყო არეული მათგან რამის გარჩევა შეუძლებელი იყო) და იგი 1990 წლის 30 ოქტომბერს საქართველოში გადმოასვეს.
სოლომონ მეფის საფლავის გარშემო გვაქვს შემდეგი სახის დაკვირვებები:
1. ძველი და ახალი სურათების შედარებით ნათლად ჩანს, რომ ეკლესია და საფლავის ეკვდერი სხვაგან იდგა, სკვერი კი სადაც ძვლები ნახეს, სხვაგანაა;
2. სოლომონის საფლავზე იდგა ეკვდერი. ამ გათხრების დროს კიეკვდერის საძირკველი ვერ ინახა. ეს ბუნებრივიცაა, რადგან იგი ამ ადგილას არ იყო;
3. ერთ ორმოში ხუთი ადამიანის ჩონჩხის არსებობა არ უნდა ნიშნავდეს, რომ ეკლესიისა და კლდის აფეთქების შემდეგ აქ ვინმე გადმოასვენეს. ამის დამადასტურებელი არავითარი კვალი ანდა დოკუმენტი არ არსებობს;
4. არ ჩატარებულა ე.წ. "დნმ"-ის ანალიზი, რომელიც ნათელს მოჰფენდა ყველა ბუნდოვან საკითხს.
ცალკე კვლევის საგანია, თუ რა შემორჩა საფლავიდან. როგორც ნოდარ ჯანაშია ამბობს, მას ამ ეკვდერის სვეტები უნახავს ტრაპიზონის აია-სოფიას ეკლესიაში".

სარწმუნოებრივი ღვაწლისა და სამშობლოსათვის თავდადების გამო სოლომონ II–ს წმინდანად კანონიზაცია მოხდა 2005 წლის 27 ივლისს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ.

ტროპარი: საწუთოსა ბრძოლისა აღმასრულებელი ზეშთა-მბრძოლ ექმენ ქართველთა, და ერისა შენისათუის სულისა დამდებელი დიდებად საუკუნოდ აღიწიე; სიქადულო ქართველთაო სოლომონ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათუის.
.....................................

ასევე წაიკითხეთ:

სამშობლოდან ლტოლვილმა უცხო მიწაზე დალია სული

დოკუმენტი იმერთა მეფის წმინდა სოლომონ მეორის სიკვდილის შესახებ




ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
02.02.2023
მიქაელის არტაში გატარებული ბავშვობა

მიქაელი, შემდგომ მაქსიმე ბერძენი, 1470 წელს დაიბადა ალბანეთის ქალაქ არტაში მანუელ და ირინე ტრივოლისების მდიდარ და ღვთისმოშიშ ოჯახში.
02.02.2023
წმინდა ნეოფიტე ვათოპედელი ათონის ვათოპედის სავანის მნათე იყო.
31.01.2023
ღირსი მაკარი ცხოვრობდა იმპერატორების კონსტანტინე დიდის (324-337), თეოდოსის (379-408) და არკადის (395-408) მეფობისას.
27.01.2023
ქრისტეს შობიდან VI საუკუნე იდგა. ღვთისმშბლის წილხვედრ ივერიაში უფლის ეკლესიას ცრუ სოფელმა ათასგვარი საცდურის ცეცხლი შეუნთო.
07.01.2023
მიტროპოლიტი თადეოზი (იორამაშვილი) იგონებდა: 1979 წლის შობის დღეები იყო. მამა გაბრიელი ძველ საპატრიარქოში (სიონთან) ქარივით შემოიჭრა და დასჭექა:
03.01.2023
წმინდა თეოდორე დაიბადა კონსტანტინეპოლში VII საუკუნეში. კეთილმსახური ცხოვრებისათვის იგი ხუცესად აკურთხეს.
03.01.2023
წმინდა სტეფანეს ცხოვრების ამსახველმა წერილობითმა წყაროებმა ჩვენამდე ვერ მოაღწია. წმ. მამა ანტიოქიის მახლობლად მდებარე მონასტერში მოღვაწეობდა.
27.12.2022
წარმოშობით ის აპრასის და კამბრას მიდამოებიდან იყო (დღევანდელი ჩრდილო-აღმოსავლეთის საფრანგეთი).
27.12.2022
იგი გახლდათ ვაჟი ესექსის მეფის, სიგხერის ვაჟი და წმინდა სების ძმისშვილი. ის 694-709 წლებში სების შვილებთან ერთად მართავდა ქვეყანას.
27.12.2022
წმინდა დიმიტრი 1740 წელს დაიბადა გლეხის ოჯახში. ერთხელ მთვრალ მამას, ჩხუბისას სილა გააწნა. ამან ისე იმოქმედა მასზე, რომ სინდისი ვერ დაიმშვიდა,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელი, ერისკაცობაში გერასიმე ქიქოძე  დაიბადა 1825 წ. 15 ნოემბერს ოზურგეთის მაზრის სოფ. ბახვში.

istanbul evden eve nakliyat fabrika taşımacılığı eşya depolama ofis taşıma bostancı nakliyat skdar nakliyat ehirler aras nakliyat ehirler aras nakliyat cretleri ehirler aras nakliyat transfernakliyat.com.tr eya depolama sex shop

restbet restbet tv restbet giriş restbet restbet güncel restbet giriş restbet restbet giriş restizle betpas betpas giriş pasizle betpas betpas giriş pasizle iskambil oyunları rulet nasıl oynanır blackjack nasıl oynanır guvencehd.org heceder.org trke casino 30 tl deneme bonusu tahincioglunakliyat.com.tr aviator oyunu betexper Deneme bonusu veren siteler heceder.org pdf indir casino siteleri casino siteleri deneme bonusu veren siteler deneme bonusu slot siteleri pdf indir ingilizce trke eviri lyrics translate video shell alfa shell eya depolama depolama saryer evden eve nakliyat evden eve nakliyat

golpasi.com mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper