წმინდა სერაპიონი, ტმუიტელი ეპისკოპოსი - 07 (20) თებერვალი
წმინდა სერაპიონი, ტმუიტელი ეპისკოპოსი - 07 (20) თებერვალი
ეს წმინდა მამა IV საუკუნეში ცხოვრობდა, ძალზე განათლებული იყო და იმ დროის სახელგანთქმულ რიტორად ითვლებოდა, მაგრამ ამგვარ ცხოვრებას ღვთის სიყვარულის გამო გამოეთხოვა, შემონაზვნდა და წმინდა ანტონი დიდს (ხსენება 17 იანვარს) დაემოწაფა.

მოგვიანებით იგი იღუმენად აკურთხეს, გარკვეული ხნის შემდგომ კი მღვდელმთავრადაც.

წმინდა სერაპიონი, ათანასე ალექსანდრიელთან და სხვა ღირს მამებთან ერთად, მთელი ძალისხმევით იცავდა საიმდროოდ საფრთხის ქვეშ მყოფ მართლმადიდებლობას.

353 წელს ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსმა სერაპიონი დასავლეთში, იმპერატორ კონსტანციუსსა და პაპ რაპიონთან მიავლინა, რომელთა ხელდასხმითაც იმ დელეგაციებს ჩაუდგა სათავეში, არიანელობას რომ უნდა შეწინააღმდეგებოდა.

შორს ყოფნის მიუხედავად სერაპიონი ხშირად წერდა თავის მეგობარს, წმინდა ათანასე ალექსანდრიელს, რომლისგანაც რთულ დოგმატურ საკითხებთან დაკავშირებულ რჩევებს და ახსნა-განმარტებებს იღებდა.

თავისი მისიის მიუხედავად, რომელიც დიდ დროს მოითხოვდა, წმინდა მამა მონაზონთათვისაც პოულობდა დროს.

წმინდა სერაპიონსა და ათანასე ალექსანდრიელს მეუდაბნოეთა მამამ, ანტონი დიდმა გარდაცვალების წინ, კურთხევის ნიშნად, ორი თავისი ნივთი გადასცა.

მოძღვრის გარდაცვალების შემდგომ სერაპიონმა მის მოწაფეებს წერილობით ასე მიმართა:

- სამყარომ მისი სახით უდიდესი მეოხი დაკარგა, ზეცამ კი უდიდესი ადამიანი შეიძინა. ზეცამ ის მიიღო, რასაც ეძებდა, მიწამ კი ის დაკარგა, ვინც ჰყავდა.

ღირსი მამა დაახლოებით 356 წელს მიიცვალა.

* * *

ამავე დღეს არის ხსენება წმინდა მოწამე ალექსანდრესი (ტაზილინი, 1938 წელი) და მღვდელმოწამისა ალექსისა (ტროიცკი, 1942 წელი)

ბეჭდვა
1კ1