წმინდა ამანდოსი, განმანათლებელი ბელგიისა (680 წელი) - 06 (19) თებერვალი
წმინდა ამანდოსი, განმანათლებელი ბელგიისა (680 წელი) - 06 (19) თებერვალი
წმინდა ამანდოსი VI საუკუნის ბოლოს, სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში, აკვიტანიაში დაიბადა.

ოციოდ წლის იყო, კუნძულ იეზე მდებარე მონასტერს რომ მიაშურა და რადგან მამამისი ერში დაბრუნებას დაჟინებით სთხოვდა, წმინდა მარტინ ტურელის სამარის სიახლოვეს დაიმალა.

ღვთის ნებით, სწორედ იქიდან გაემართა ბურჟისკენ, სადაც 15 წელი დაყუდებით ცხოვრობდა.

უფალმა შემდეგ რომს, წმინდა მოციქულთა სამარეების მოსალოცად მოუწოდა, იქ მყოფს კი ღამეულ ჩვენებაში თვით მოციქული პეტრე გამოეცხადა და აუწყა, რომ გალიაში უნდა დაბრუნებულიყო და სახარებისეული მარცვალნი დაეთესა.

ბურჟში დაბრუნების შემდგომ ფრანკთა ხელმწიფემ, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, მღვდელმთავრად დაასხმევინა ხელი (მისთვის კონკრეტული კათედრა არ ჩაუბარებიათ, რამდენადაც წარმართთა შორის უნდა ექადაგა).

ერთი ადგილიდან მეორეზე გამუდმებით უწევდა გადაადგილება, წარმართთაგან დიდ სისასტიკესა და დევნას მოთმინებით დაითმენდა, თანამოძმენი კი, რომელთაც ამგვარი ღვაწლი ვერ აიტანეს, წმინდა მამა მარტო დატოვეს...

ასე მარტომ გადაკვეთა ფლანდრია, ბრაბანტი და ახლომდებარე მიწები, სადაც უამრავი ტაძარი და მონასტერი დააარსა.

ერთხელ, ტურნში ყოფნისას, მკვდრეთით აღადგინა ახალ-ჩამომხვრჩვალი ბრალდებული. ამ სასწაულის აღსრულების შემდეგ მის წმინდა ხელთაგან ნათლისღების მისაღებად უამრავი ადამიანი დაიძრა, ეს მიწა კი - მალე გაქრისტიანდა.

გარკვეული ხნის შემდეგ წმინდა ამანდოსი ფრანკთა სახელმწიფოს შუაგულში დაბრუნდა და უზნეო საქციელისთვის მკაცრად ამხილა ხელმწიფე, დაგობერტ პირველი.

ხელმწიფისგან დევნილმა მისიონერმა მღვდელმთავარმა გასკინს მიაშურა და პირენეის ნახევარკუნძულის ველურ ტომებს უქადაგებდა.

მალე დაგობერტი სინდისმა ამხილა, წმინდა მამას უკან მოუხმო და ვაჟის, მომავალი ხელმწიფის, სიგიბერტის მონათვლა სთხოვა.

თუმცა, მეფის თხოვნის მიუხედავად, სასახლის კარზე აღარ დარჩენილა, კვლავ სამოციქულო ღვაწლი იტვირთა და დუნაისპირა სლავთა მოსაქცევად წავიდა, თუმცა, მისი მისია, ამ შემთხვევაში, არცთუ წარმატებული არმოჩნდა, არც ნანატრი მოწამეობა ხვდა წილად და ისევ სამწყსოს დაუბრუნდა.

რომში მეორედ მოგზაურობისას წმინდა მამა სასწაულებრივად გადაურჩა ქარიშხალს, სამშობლოში დაბრუნებულს კი მაასტრიხტის კათედრა შესთავაზეს.

უზარმაზარი ძალისხმევა და ღვაწლი დასჭირდა იქაური ბარბაროსული წეს-ჩვეულებების აღმოსაფხვრელად. მისი ყველაზე დიდი და მოურჯულებელი მოწინააღმდეგენი, თითქოს საგანგებოდ, ბუნებრივმა კატასტროფებმა შეიწირეს.

გარკვეული ხნის შემდეგ პაპს, მარტინ პირველს მაასტრიხის ეპისკოპოსობიდან დათხოვა სთხოვა, მემკვიდრედ წმინდა რემაკლი დანიშნა და ისევ მოციქულებრივი ცხოვრება ირჩია.

სწორედ მისი წყალობით დაფუძნდა სახელგანთქმული ნიველის, ლა სელის, მობეჟის და სხვა მონასტრები.

30-წლიანი, უმძიმესი ღვაწლის შემდგომ 70 წლის ღირსი მამა გასკონს დაუბრუნდა, სადაც მისმა ქადაგებამ უზარმაზარი ნაყოფი გამოიღო, 675 წლის 6 თებერვალს კი, მის მიერვე დაარსებულ ელნონის მონასტერში ღვთივ განისვენა.

ხატის წყარო

* * *
ამავე დღეს არის ხსენება ღირსისა იოანე ლიკოსელისა

ეს წმინდა მამა მეოთხე საუკუნეში მოღვაწეობდა.

* * *
ამავე დღეს არის ხსენება მღვდელმოწამისა დამასკინოს სინელისა
* * *
ამავე დღეს არის ხსენება მღვდელმოწამისა არტემ სინელისა

ბეჭდვა
1კ1