წმინდა ვედესტი, არასელი ეპისკოპოსი (+540 წელი) - 06 (19) თებერვალი
წმინდა ვედესტი, არასელი ეპისკოპოსი (+540 წელი) - 06 (19) თებერვალი
ოდეს ფრანკთა ხელმწიფე, ხლოდვიგი 490 წელს გალიაში ალამანთა ძლევის შემდგომ დაბრუნდა, დღევანდელი ლოტარინგიის ტერიტორიაზე მდებარე ქალაქი, ტულიც გაიარა.

ხლოდვიგს გაქრისტიანება სურდა და ისეთ კაცს ეძებდა, რომელიც დამოძღვრიდა.

ხელმწიფეს ურჩიეს, მღვდელი ვედესტი (ან გასტონი) ენახულა, რომელიც ერთხანს განდეგილობდა და მიწისა ანგელოზი და ზეცისა კაცი იყო.

ამ წმინდა კაცმა ისე მოაქცია ხლოდვიგი, როგორც ოდესღაც მოციქულმა ფილიპემ - ეთიოპიის დედოფალი.

496 წლის 25 დეკემბერს, რემისს ნათლისღების შემდგომ ხელმწიფემ თავისი სულიერი მოძღვარი წმინდა რემიგიას წარუდგინა (ხსენება 1 ოქტომბერს), რომელმაც ვედესტი სოფლებში ხალხის დასამოძღვრად და მორწმუნეთა განსამტკიცებლად გაგზავნა.

წმინდა მამა მართლაც დიდად შეეწია იქაურ ქრისტიანებს და მოკლე ხანში ისე წარემატა, რომ ფრანკთა მოციქულმა ქალაქ არასის ეპისკოპოსად დაადგინა.

ოდესღაც ეს ქრისტიანული ქალაქი ისე მოეოხრებინათ ბარბაროსებს, იშვიათად თუ წააწყდებოდი ქრისტიანს.

წმინდა მამამ ქალაქში შესვლისთანავე განკურნა ბრმა და ხეიბარი, რომლებმაც მოწყალება სთხოვეს, ხოლო როდესაც დაქცეული ტაძარი იხილა, მწარედ ატირდა.

მის ხმაზე ტაძრის ნანგრევთაგან უზარმაზარი დათვი გამოვიდა, რომელიც ვედესტმა აუღელვებლად განაგდო და ლოცვა განაგრძო. დიდი მონდომებით იწყო ნეტარმა იქაურობის აღდგენა და, უპირველესად, ღვთისმშობლის სახელზე ტაძრის აგება განიზრახა, იქაურებს გამუდმებით უქადაგებდა, მოუკლებლად ლოცულობდა და თავის სიტყვას მრავალი სასწაულით, კურნებით და ეშმაკთა განსხმით განამტკიცებდა.

ერთხელ წმინდანი დიდებულ წვეულებაზე მიიპატიჟეს (მსგავსი თავყრილობანი, უზნეო ორგიებით მთავრდებოდა), რომელსაც მეფე ლოტარიც (ხლოტარი) უნდა დასწრებოდა.

როგორც სჩვეოდა, ვედესტმა დარბაზში შესვლისთანავე იქაურობას ჯვარი გარდასახა, რის შემდეგაც მათრობელა სასმელით სავსე ჭურჭელი დაიმსხვრა...

ამ ამბავმა იქ მყოფნი შეაძრწუნა და წმინდანის სიტყვა კრძალვით მიიღეს.

510 წლიდან ვედესტი, წმინდა რემიგის კურთხევით კამბრეს ეპარქიასაც წინამძღვრობდა და მეტი მოშურნეობით განაგრძო თავისი მოციქულებრივი ღვაწლი.

ორმოცწლიანი, დაუღალავი შრომის შემდგომ, 90 წლის ასაკში წმინდა ვედესტი დასნეულდა და არასს დაბრუნდა.

ერთ ცივ, ზამთრის ღამეს კი იქაურებმა საკუთარი თვალით იხილეს, თუ როგორ გამოფრინდა წმინდა მამის სენაკის ფანჯრიდან მანათობელი ღრუბელი და ზეცას შეერთო.

როდესაც წმინდა მამას ამის შესახებ ამცნეს, სულიერი შვილნი შემოიკრიბა, გამოეთხოვა, მდუმარედ ილოცა და 540 წლის 6 თებერვალს სული უფალს შეჰვედრა.

ბეჭდვა
1კ1