წმინდა საბა სიცილიელი, მამა მისი ქრისტეფორე და ძმა მისი მაკარი - 06 (19) თებერვალი
წმინდა საბა სიცილიელი, მამა მისი ქრისტეფორე და ძმა მისი მაკარი - 06 (19) თებერვალი
წმინდა საბა X საუკუნეში მოსაგრეობდა და წარმოშობით სიცილიიდან იყო.

დედამისმა, რომელიც წმინდა საბაზე იყო ორსულად, ღამით უკაშკაშესი ვარსკვლავი დაადგა თავს და მის მუცელში შეაღწია იმის ნიშნად, რომ ყრმა ღვთის რჩეული იყო.

მამამისმა, ქრისტეფორემ, საბა მასწავლებლებს მიაბარა, თავად კი წმინდა ფილიპე არგირელის (ხსენება 12 მაისს) სახელობის მონასტერს მიაშურა (რომელსაც იმ დროს იღუმენი ნიკოფორე წინამძღვრობდა) და შემონაზვნდა.

გავიდა დრო. იღუმენი დარწმუნდა, რომ ქრისტეფორე სულიერად დიდად წარემატა და განმარტოების უფლება მისცა. მალე კი იმ ადგილას, რომელიც ქტისმად იწოდებოდა, მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარი აღადგინა.

ქრისტეფორეს ანგელოზებრივი ცხოვრების ამბავი მრავალმა შეიტყო და მალე მას მისი ძენი - საბა და მაკარიც შეუერთდნენ.

მამამ შვილები იღუმენ ნიკიფორეს წარუდგინა, რომელმაც ორივეს მონაზვნებად დაასხა ხელი, საბას კი განსაკუთრებული ხვედრი უწინასწარმეტყველა.

მათ შემდეგ მათი დედაც, კალიც შემონაზვნდა.

მოკლე ხანში საბა იმდენად წარემატა და რამდენადაც საძმო საგრძნობლად განმრავლდა, იღუმენმა მათი წინამძღვრო¬ბა სწორედ საბას მიანდო.

მამები მშვიდობასა და სიყვარულში მანამ ჰგიებდნენ, ვიდრე არაბთა შემოჭრამდე, რომლებმაც იქაურობა ისე გააპარტახა, ადამიანებმა ერთურთის ჭამა იწყეს.

ქრისტეფორემ, ძეებითურთ, მეუღლის და ოჯახის სხვა წევრთა მოძებნა გადაწყვიტა, ერთხანს მთებში დარჩნენ, შემდეგ კი კალაბრიაში იწყეს თავშესაფრის მოძიება.

საბამ და მაკარიმ მშობლები კარონიტს დააბინავეს, თავად კი ლომბარდიისა და კალაბრიის საზღვართან, მერკურის მთისკენ აიღეს გეზი, სადაც კინოვიებსა და უდაბნოებს შეფარებული მამები ცხოვრობდნენ.

მალე შესაფერისი ადგილიც იპოვეს, სადაც მთავარანგელოზ მიქაელის სახელზე ტაძარიც აღაშენეს და მდუმარებას მიეცნენ.

ბიზანტიელი პატრიცი, მალაკენი, რომელიც იმხანად იმ მხარეს განაგებდა, 952 წელს, არაბებთან ბრძოლისას დაიღუპა.

საბა მონაზვნებითურთ მდინარე სიგნის ნაპირას მდებარე ციხე-კოშკს შეეკედლა და როგორც კი საფრთხემ ჩაიარა, იმ ადგილის სიახლოვეს მოწამე ლავრენტის სახელობის ტაძარი და მონასტერი დააფუძნა, წინამძღვრად კი ძმა, მაკარი დაადგინა.

თავად საბა კვირაში ხუთ დღეს დაეყუდებოდა ხოლმე, შაბათს და კვირას კი წირვას ესწრებოდა და მოწაფეებს აკითხავდა და მათთან ტრაპეზს იზიარებდა.

იქაურობას კვლავ ემუქრებოდა არაბთა თავდასხმა, ამიტომ წმინდა მამამ სავანის ძმები აკურთხა, მოსახლეობის მიმართ სტუმართმოყვარენი ყოფილიყვნენ და მათთვის ყოველივე გაენაწილებინათ, რაც გააჩნდათ და ხვალინდელ დღეზე არ ეზრუნათ, ხოლო როდესაც ამ ხელგაშლილობამ ერთ-ერთი ძმათაგანი გააღიზიანა, ნეტარმა საბამ სარდაფში ჩაიყვანა და აჩვენა, თუ სასწაულებრივად როგორ ივსებოდა იქაურობა კვლავ საკვებით.

წმინდა მამამ კიდევ მრავალი სასწაული აღასრულა, რი¬თიც საძმოს განამხნევებდა და სულიერად განამტკიცებდა.

როგორც კი საშიშროებამ იკლო, რამდენიმე მონაზვნითურთ წმინდა მოციქულთა და მოწამეთა სარკოფაგების მოსალოცად და თაყვანსაცემად რომს გაემგზავრა.

როგორც კი სამშობლოს დაუბრუნა, იქაურობას ახალი მტერი - გერმანები დაესხნენ თავს ოტონ მეორის (982 წელი) მეთაურობით.

სამწუხაროდ, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი მათ მიემხრო, მტერმა იტალია დაიპყრო...

ამ ამბით შეშფოთებულმა პატრიცმა წმინდა საბას რომს წასვლა, ოტონთან მოლაპარაკება და მშვიდობის გამოთხოვა შესთხოვა, მაგრამ ამ მოგზაურობისას არაბნი კვლავ დაეცნენ კალაბრიას, მოსახლეობის ნაწილი გაანადგურეს, ნაწილი კი ტყვედ გაიყოლეს.

ოტონი არაბთა საძლევად კალაბრიას გაემართა, წმინდა საბამ კი ვიზიტი გადადო და ამალთეს სიახლოვეს მდებარე გამოქვაბულში განმარტოვდა, დამპყრობელთა წასვლის შემდეგ კი იქ მცირე ხანს კიდევ დაჰყო და მრავალი სასწაული აღასრულა, მაგალითად, ოთხი წლის გარდაცვლილი ბიჭუნა მკვდრეთით აღადგინა.

მალე წმინდა საბას მამა, ქრისტეფორეც მიიცვალა, ღვთისგან ისიც შვილივით სასწაულმოქმედების ნიჭით ცხებული, მოკლე ხანში ღვთივ განისვენა მისმა მეუღლემაც, წმინდა საბა კი შავ ტბად წოდებულ ადგილას, წმინდა ფილიპეს სახელობის ტაძრის სიახლოვეს განმარტოვდა.

თუმცა, მისი წმინდა ცხოვრების კეთილსურნელებამ იქაც მალე მიიზიდა ტვირთმძიმენი.

ოტონს მრავალი წლის მანძილზე ჰყავდა მძევლად ჰერცოგ სალერნოს ვაჟი. მამა წმინდა საბას შეევედრა, რომს ჩასულიყო და იმპერატორთან ეშუამდგომლა.

ხელმწიფემ დიდი პატივით მიიღო ნეტარი და ბავშვიც დაუბრუნა.

ეს რომ შეიტყო, ამალთელი პატრიცი, რომლის ვაჟიც ასევე დაემძევლებინა მტერს, წმინდა საბას ფეხებში ჩაუვარდა და შეწევნა სთხოვა.

ღამეულ ჩვენებაში წმინდანს ეუწყა, რომ კვლავ რომს უნდა გამგზავრებულიყო და ბავშვი გაეთავისუფლებინა და გაუმხილა, რომ მისი მიწიერი გზა სრულდებოდა.

დილით ნეტარმა მონასტრის საძმო შეკრიბა, უკანასკნელი მითითებები გასცა, დამოძღვრა, წინამძღვარი დაუდგინა და გზას დაადგა.

რომში ჩასვლისთანავე წმინდა კესარიას სახელობის მონასტერში, იმპერატორთან დაახლოებულ მღვდელმთავარ იოანეს მიაკითხა, სულ მალე კი მძიმედ დასნეულდა.


წმინდა საბა უფალს ევედრა, სიცოცხლე ბავშვის გათავისუფლებამდე გაეხანგრძლივებინა.

მალე ეპისკოპოსმა ბავშვი გადასცა, რომელიც მშვიდობით ჩაუყვანეს მამას, წმინდა საბა კი იქვე მიიცვალა.

გარდაცვლილის გარშემო უამრავი ადამიანი შეიკრიბა, მათ შორის იმპერატორ ოტონის მეუღლეც, წმინდა მამას კუბოსთან შეხებამ მრავალი სნეული განამრთელა.

წმინდა საბას გარდაცვალების შემდგომ მონასტრის წინამძღვრად მისი ძმა, მაკარი აკურთხეს, ხოლო როდესაც ათი წლის შემდგომ ისიც მიიცვალა, მისი ადგილი მონაზონმა ლუკამ დაიკავა.
......................................

სურათზე: მღვიმის ეკლესია, სადაც რვა წელი მოსაგრეობდა წმინდა საბა


ბეჭდვა
1კ1