ღირსი არსენ იყალთოელი (ვაჩნაძე) (+1127 წელი) - 06 (19) თებერვალი
ღირსი არსენ იყალთოელი (ვაჩნაძე) (+1127 წელი) - 06 (19) თებერვალი
ჩვენს მშობლიურ ენას და ეკლესიას ბურჯად და მესაჭედ ედგნენ ადამიანები, რომლებიც, ღვთისა და სამშობლოს სიყვარულით გულანთებულნი, იღვწოდნენ, ქმნიდნენ, აჩუქურთმებდნენ თავიანთ ნააზრევსა და განცდილს და შთამომავლობას უტოვებდნენ როგორც უტყუარ მასალას ჩვენი სახელოვანი წარსულის მოსაგონებლად, რათა ვიცოდეთ, "რანი ვართ" და "რანი ვყოფილვართ", სად გვიხნავს, სად გვითესია, რა მოსავალი მიგვიღია.

ამჯერად წმინდა არსენ იყალთოელზე მოგითხრობთ.

იგი წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის თანამოღვაწე და მოძღვარი გახლდათ. დიდი საქართველო შექმნა დავით აღმაშენებელმა თავის თანამებრძოლებთან ერთად, რომელთა შორის ერთ-ერთი მნიშვლენოვანი ადგილი ეკავა, წმინდა მეფის სიტყვებით რომ ვთქვათ, "სასოს და განმანათლებელს დავითისა, ბერსა არსენის". ეს ბერი არსენი კი წმინდა არსენ იყალთოელია.

არსენ იყალთოელი, წარმოშობით კახელი, დაბადებულა "დაბასა შინა იყალთოს". აქედან მიუღია მას ზედწოდება "იყალთოელი". ამგვარად იხსენიება არსენი ჯერ კიდევ ახალ¬გაზრდობისას, როდესაც ის ცხოვრობდა შავ მთაზე ეფრ-ერთ ტრაქტატს მიწერილი აქვს: "ითარგმნა არსენისაგან ვაჩესძისა". ვინ არის ეს ვაჩე, არ ვიცით, მაგრამ უნდა ვიფიქროთ, რომ ის კახელი შეძლებული თავადთაგანია, ალბათ, გვარად მაყაშვილი (თუ ვაჩნაძე). XI საუკუნის შუა წლებში ბაგრატ IV-ის (1027-1072 წლები) ერთ-ერთ ოპოზიციონერად მოჩანს პანკისის ერისთავ სტეფანე ვარჯანიძესთან ერთად ვაჩე - "ძე (თუ სიძე) გურგენ ბერისა, ხორნაბუჯის ერისთავი", რომელიც 1040-1045 წლებში მიქელ-გაბრიელის მთაზე "წყობასა შინა შეიპყრა" ბაგრატ მეფემ. ეს ერისთავები იხსენიებიან 1040 წელს კალიპოსის ქართველთა მონასტერში გადაწერილი ხელნაწერის ანდერძშიც. აქ ნათქვამია, რომ: "ღმერთო სახიერო, ადიდენ ორთავე შინა ცხოვრებათა სტეფანე და ვაჩე ერთობით".

ეს ერისთავი ვაჩე არის თუ არა არსენის მამა, ძნელი სათქმელია, მაგრამ მათი ცხოვრების ქრონოლოგიის თანხვედრა (არსენი უნდა დაბადებულიყო XI ს. 50-იან წლებში, ამ ვაჩეს ზეობის ხანაში) დამაფიქრებელია. გარდა ამისა, ვაჩე იხსენიება კალიპოსში, სადაც მოგვიანებით მოღვაწეობდა არსენი. ჩნდება კითხვა: იქნებ გურგენ ბერი იყო მისი პაპა, რომელმაც შვილიშვილი აღზარდა და ბერობის გზაზე დააყენა?

სად და ვისგან მიიღო არსენმა დაწყებითი განათლება, უცნობია. როგორც ივანე ლოლაშვილი ვარაუდობს, ალბათ, ის აღსაზრდელად მიაბარეს იყალთოს მონასტერში, რომელიც იმ დროისათვის ერთ-ერთი კულტურულ - საგანმანათლებლო კერა იყო აღმოსავლეთ საქართველოში. რამდენ ხანს იმყოფებოდა არსენი იყალთოში, არც ეს ვიცით. ის კი ცნობილია, რომ ჭაბუკობის ჟამს სასწავლებლად საზღვარგარეთ გამგზავრებულა. თეიმურაზ ბაგრატიონის ცნობით, არსენი საქართველოდან წასულა იერუსალიმში, "ჯვრის მონასტერსა შინა ქართველთასა", სადაც უსწავლია ენა ელინური, ასურული და არაბული".

ეს ცნობა შეიძლება მართალი იყოს, მაგრამ ძველი წერილობითი წყაროებით არ დასტურდება. სავარაუდოა სხვა ვერსიაც: - შეიძლება ჭაბუკი არსენი იმყოფებოდა იმ 80 მოსწავლეს შორის, რომლებიც გიორგი მთაწმინდელმა წაიყვანა 1065 წელს საქართველოდან კონსტანტინოპოლში. აქედან ის მოხვდებოდა ჯერ ათონის ივერთა მონასტერში, შემდეგ მანგანის აკადემიაში.

XI ს-ის II ნახევარში მანგანის აკადემია იყო დასავლეთსა და აღმოსავლეთში განთქმული უმაღლესი სასწავლებელი, სადაც მოღვაწეობდნენ ბიზანტიური რენესანსის ბრწყინვალე წარმომადგენლები: მიქაელ ფსელოსი და იოანე იტალოსი. აქვე იყო მოძღვრად სახელგანთქმული მწერალი და იურისტი იოანე ქსიფილინოსი, რომლის ხელმძღვანელობითაც არსენს უნდა მიეღო იურიდიული განათლება და მისივე გავლენით გამხდარიყო არისტოტელეს მიმდევარი თეოლოგიაში.

კორნელი კეკელიძე ფიქრობს, რომ "მხოლოდ მიქაელ ფსელოსისა და იოანე ნომოფილაქსის მიერ მანგანის აკადემიაში შექმნილსა და განმტკიცებულ ტრადიციებს შეეძლო აღეზარდა არსენ იყალთოელის პიროვნებაში ის ფილოსოფოსი და იურისტი, რომელიც გამოსჭვივის უკანასკნელის ფილოსოფიურ - იურიდიულ ნათარგმნ თხზულებებში და მის მიერ, გადმოცემით, დაფუძნებულ იყალთოს აკადემიაში..."

როგორც არსენის შრომებიდან ჩანს, აქ არსენს აუთვისებია ყველა მოწინავე იდეა, რომლებითაც სუნთქავდა მაშინდელი განათლებული საზოგადოება ბიზანტიაში და შეუსწავლია ანტიკური და შუა საუკუნეების ფილოსოფიაც.

არსენმა ამ აკადემიაში როდის დაიწყო სწავლა და რამდენ ხანს დარჩა იქ, არც ამის შესახებ მოგვეპოვება ცნობები. თუ იგი გიორგი მთაწმინდელმა კონსტანტინოპოლში წაიყვანა 80 ყმაწვილთან ერთად, მაშინ მას ხსენებულ სასწავლებელში უნდა ესწავლა 1066 წლის შემდეგ 1080 წლამდე პერიოდში, დაახლოებით იმ დროს, როდესაც მანგანში ფილოსოფიას ეუფლებოდა იოანე პეტრიწი.


* * *

მანგანის აკადემიიდან არსენი წავიდა შავ მთაზე, სვიმეონ საკვირველმოქმედის მონასტერში.


შავი მთა
ასკეტურ-სამონასტრო ცხოვრების ერთ-ერთი ადრეული კერა ჩრდილოეთ სირია იყო. სირიის მეუდაბნოეთა შორის განსაკუთრებით გაითქვა სახელი და არაერთი მოწესე შემოიკრიბა სვიმეონ მესვეტემ.

სირიულმა ქრისტიანულმა სკოლებმა და განსაკუთრებით კი ნისიბინის სკოლამ დიდი გავლენა იქონია ადრეული ქრისტიანული აზროვნების განვითარებაზე. ქართველმა ასკეტებმა ამ სივრცეს VI საუკენეშივე მიმართეს, როდესაც სირიულ ბერმონაზვნობას სათავეში ანტიოქიის მახლობლად შავ ანუ საკვირველმოქმედ მთაზე დამკვიდრებული სვიმეონ მესვეტე-უმცროსი ჩაუდგა. ამას ხელს უწყობდა, ქართული ეკლესიის უფლებრივი დამოკიდებულება ანტიოქიის საპატრიარქოზე. VI ს-ში ანტიოქიიდან საქართველოში ჩამოვიდა 13 ასურელი მამაც.

სამწუხაროდ, ჩვენამდე არ მოუღწევია ბევრ საბუთს ქართველთა VI-X საუკუნეებში შავ მთაზე მოღვაწეობის შესახებ. ამ საკითხებზე მსჯელობა შეგვიძლია მხოლოდ ვარაუდის სახით, რომელთა არსებობასაც განაპირობებს ქართულ ხელნაწერ წიგნებში დაცული სირიული ტრადიციის ამსახველი თხზულებები.

XI ს-ის 60-იან წლებში შავი მთის სავანეებში მოღვაწეობდა 60-მდე ქართველი მოწესე. მათ შორის იყვნენ: გიორგი ათონელი, გიორგი მცირე, გიორგი შეყენებული, ეფრემ მცირე, ანტონ ტბელი, საბა სულაისძე თუხარელი, ეფრემ დიდი ოშკელი, იოანე ჯიბისძე, იოანე დვალი და სხვანი.

ქართველი სასულიერო პირები ჩანან შავი მთის 8 მონასტერში: სვიმეონწმინდა, რომანწმინდა, კალიპოსი, კასტანა, ეზრას მონასტერი, ლერწმისხევი, თუალთა მონასტერი, ბარლაამწმინდა. ამ მონასტერთა არსებობა ბიზანტინისტებისათვის ცნობილი გახდა მხოლოდ ქართული ხელნაწერი წიგნების ანდერძ-მინაწერების წყალობით.

საყოველთაოდ გავრცელებული თვალსაზრისით, ქართველები ანტიოქიაში მიიყვანა ათონის მთაზე ბერძნებთან გაჩაღებულმა დაუსრულებელმა დავამ და პოლემიკამ. მაგრამ, ვფიქრობთ, ეს მხოლოდ ასე არ უნდა ყოფილიყო. ქართველი საეკლესიო მოღვაწეები უნდა მიეზიდა თვით ანტიოქიის თეოლოგიურ-სამწიგნობრო სკოლას. ყოველ შემთხვევაში, აქ გადაწერილი ქართული ხელნაწერი წიგნები გვაძლევს ამგვარი ვარაუდის საშუალებას. ამის ნათელი მაგალითია ეფრემ მცირის თეოლოგიური კომენტარებით შედგენილი ხელნაწერი წიგნები: გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებები, ფსალმუნთა განმარტება, ფსევდო-დიონისე არეოპაგელის შრომები. ქართველ მოღვაწეებს საკმაოდ მყარი პოზიცია ეკავათ ანტიოქიის ცენტრებში, რამაც ერთგვარად გააღიზიანა და აუმხედრა სვიმეონწმინდის ბერძენი ბერმონაზვნები.

მათ ანტიოქიის პატრიარქთანაც კი იჩივლეს და ქართული ეკლესიის ავტოკეფალიურობის წინააღმდეგაც გაილაშქრეს.

გიორგი ათონელმა, წარდგა რა ანტიოქიის პატრიარქის წინაშე, გააქარწყლა ბერძენთა საჩივრის საფუძვლიანობა და ანტიოქიის პატრიარქის მიერ ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის სრული აღიარებაც მოიპოვა.

ქართველებმა ანტიოქია XIII საუკუნის II ნახევარში დატოვეს. ამ პერიოდიდან მოყოლებული, რეგიონს მწვავე ვითარება შეექმნა. იგი ხელთ იგდეს თურქ-სელჩუკებმა, ჯვაროსნებმა, ოსმალებმა. ანტიოქიაში გადაწერილი ხელნაწერი წიგნები გამოირჩევა როგორც თეოლოგიურ-ფილოსოფიური კომენტა¬რებით, ასევე, მხატვრული შემკულობითა და კალიგრაფიით. რაც ძალზე მნიშვნელოვანია, ეს წიგნები ასახავენ სირიული და ბერძნული ქრისტიანული ტრადიციების სინთეზს.

* * *

შავ მთაზე არსენი ეფრემ მცირის ხელმძღვანელობით შეუდგა სამწერლობო-მთარგმნელობით საქმიანობას, რითაც მალე თავი ისახელა: იგი ისე გაიწაფა ბერძნული მეტაფრასული თხზულებების ქართულად გადმოღებაში, რომ მესამე თარგმანის გამო მოძღვრის ქება დაიმსახურა.

ეფრემს არსენის დიდი განათლება, მთარგმნელობითი ნიჭი და ქართული ენის შესანიშნავი ცოდნა მოსწონდა. როდესაც მან არსენის მესამე ნაშრომის ქართული თარგმანი გაიცნო, მეტად კმაყოფილმა შეიტანა ის მეტაფრასულ კრებულში და ბოლოს ასეთი შენიშვნა მიაწერა: "წმინდანო სამნო მოწამენო, სამებისა ყოვლად წმიდისანო, მისსა მიმართ მეოხებითა თქუენითა და ლოცვითა ბერისა ჩუენისა ანტონისითა მითუალულ ყავთ მესამე ესე ნაყოფი ჩუენისა ყოვლადგანათლებულისა მეუფისა არსენისი. და კნინისა ამის წილ-ძღუენობისა მიჰმადლეთ ნათესავსა ჩუენსა წარმართებაჲ თარგმნობისა მისისაჲ, რამეთუ შეუძლებელი კაცთაგან მისდა და მის მიერ თქუენდა შესაძლებელ არს. მას, გლახ, ეფრემ იტყვის მცირე, მონაჲ მისი და უფროჲსღა მოძღვარი".

ამ ამონაწერით ირკვევა, თუ რა მაღალი წარმოდგენის ყოფილა ეფრემ მცირე არსენის შემოქმედებით უნარსა და მისი თარგმანის რაობაზე, აღფრთოვანებულს უთქვამს: "ადამიანთაგან შეუძლებელი საქმე მისთვის (ანუ არსენისათვის) და მის მიერ თქვენთვის შესაძლებელიაო". არ შემცდარა: არსენმა ლიტერატურული შემოქმედებითა და სახელმწიფოებრივი მოღვაწეობით მართლაცდა კაცთაგან შეუძლებელი საქმე გააკეთა!

ეფრემის მინაწერით ირკვევა მეორე გარემოებაც: - არსენს "მესამე ესე ნაყოფი" მკითხველისათვის მიუწოდებია "ლოცვითა ბერისა ჩეუენისა ანტონისითა".

ეს ანტონი არის ცნობილი ანტონი ტბელი, რომელიც ეფრემ მცირეს სხვადასხვა თხზულების თარგმნას უკვეთდა. იგი 1080 წლისთვის ახალი გარდაცვლილი იყო.

გამოდის, რომ არსენს მთარგმნელობითი საქმიანობა დაუწყია XI ს-ის 70-იან წლებში (1080 წლამდე) შავ მთაზე ეფრემ მცირის ხელმძღვანელობითა და ანტონი ტბელის ლოცვა-კურთხევით.

არსენი იყო ეფრემის თანამოსენაკეც. სამონასტრო პრაქტიკიდან ცნობილია, რომ შეგირდები და მსახურები ყოველთვის თან ახლდნენ მოღვაწეს.

* * *

XI საუკუნის მიწურულს არსენი გადასულა კონსტანტინოპოლში, მანგანის მონასტერში და იქ გაუჩაღებია ლიტერატურულ-მთარგმნელობითი საქმიანობა. ეს უნდა მომხდარიყო ეფრემ მცირის გარდაცვალების შემდეგ. მანგანში არსენს უთარგმნია ანასტასი სინელის "წინამძღვარი", გიორგი ამარტოლის "ხრონოღრაფი", რომელიც შემდეგში ერთადერთ სახელმძღვანელოდ იქცა ქართველებისთვის მსოფლიო ისტორიის შესასწავლად.

მანგანში არსენი დიდხანს არ დარჩენილა. 1103 წლისა¬თვის საქართველოში ჩამოსულა და დავით აღმაშენებლის გვერდით დაუწყია მოღვაწეობა. სავარაუდოდ, მანგანის მონასტერი მან დავითის მოწვევით დატოვა.

დავითი XII საუკუნის დასაწყისში ემზადებოდა საეკლესიო რეფორმისთვის. საამისოდ სჭირდებოდა სჯულიერი მოღვაწე, რომელიც დაეხმარებოდა ამ საქმის განხორციელებაში. მაშინ ასეთად ითვლებოდა არსენ იყალთოელი და დავითსაც საქართველოში სხვა მეცნიერებზე უწინარეს იგი უნდა მოეწვია.

სამშობლოში დაბრუნების დღიდან არსენი გამხდარა დავით მეფის გონიერი მოძღვარი, დავითი კი არსენის მორჩილი შეგირდი. ამან განაპირობა ის, რომ არსენი თითქმის 25 წელი მეფეს ედგა გვერდით და მეფის ხელშეწყობითა და თანადგომით ეწეოდა საეკლესიო-საზოგადოებრივ და სამწერლოსა¬მონასტრო საქმიანობას. არსენის ნიჭი და შემოქმედებითი საქმიანობა გაიშალა და გაიფურჩქნა დავით მეფის თაოსნობითა და მფარველობით, ხოლო დავითმა პოლიტიკური და კულტურული რეფორმები გაატარა არსენის რჩევითა და შთაგონებით. დავითი არსენს უწოდებდა "სასოსა და განმანათლებელს", ხოლო არსენი დავითს - "მბრძანებელს", "კეთილად მსახურსა და ღმრთივ-დაცულსა მეფეს", "მიმსგავსებულს სახიერებასა ღმრთისასა".

ის დიდი საქმე, რომელიც საქართველოში მოსვლისთანავე გააკეთა არსენმა, არის რუის-ურბნისის კრებისათვის მე¬ნიერული საფუძვლების მომზადება, სახელდობრ, - "დიდი სჯულის კანონის" თარგმნა, ასევე, "ძეგლისწერის" შედგენა-რედაქტირება და მეფისადმი კრების მიერ გაგზავნილი სამქებროჲ ეპისტოლეს შეთხზვა. ამით მან, როგორც სჯულიერმა მოღვაწემ, ქართული საეკლესიო სამართალი დააფუძნა მყარ იურიდიულ კოდექსზე, რომლითაც მუშაობდა მაშინ მსოფლიოს მართლმადიდებელი ქრისტიანული სამყარო.

* * *

ბიზანტიურ საეკლესიო მწერლობაში, IV საუკუნით დაწყებული, ჩამოყალიბდა კანონიკური კრებული, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ივსებოდა დროის შესაბამისად შექმნილი კანონიკური მასალით (საეკლესიო კრებათა და წმინდა მამათა კანონმდებლობით) და ამ მასალის სისტემატიზაციის მახვილგონივრული ფორმებით, სამოქალაქო კანონმდებლობის წიგნებიდან ამოკრებილი, ეკლესიის შესახებ მიღებული სამოქალაქო კანონების ჩართვით მანამდე, სანამ 883 წელს არ ჩამოყალიბდა 14-ტიტულოვანი ნომოკანონის საბოლოო რედაქცია, რომელიც კონსტანტინოპოლის 920 წლის საეკლესიო კრებამ დაამტკიცა საეკლესიო სამართლის ძირითად კოდექსად.

ამ ძეგლის ქართულად თარგმანს, შესრულებულს XI საუკუნის მიწურულს, არსენ იყალთოელის მიერ, ეწოდა "დიდი სჯულის კანონი".

ქართული თარგმანის სახელწოდების ერთადერთი დადასტურება შემოგვინახა ამ ძეგლის ერთ-ერთი ნუსხის გადამწერისეულმა ანდერძმა: - "ქრისტიანეთა წინამძღუარი დიდი ესე და სამოქალაქოჲ სჯულისკანონი საუკუნოდ მოჴსენებულისა და ჩუენ ფრიად ჭირთა თავსმდებელისა არსენ იყალთოელისა თარგმნილი..."

"დიდი სჯულისკანონის", ისევე როგორც მისი დედნის, კანონმდებლობა ემყარება ოთხ ძირითად საკანონმდებლო წყაროს: - 1. მოციქულთა კანონებს, 2. მსოფლიო საეკლესიო კრებათა კანონებს, 3. ადგილობრივ საეკლესიო კრებათა (შერჩეული 10 კრების) კანონებს, 4. დიდ საეკლესიო წმინდა მამათა ეპისტოლარულ კანონებს.

"დიდი სჯულის კანონის" ტექსტი შეიძლება სამ ძირითად ნაწილად დავყოთ: 1. შესავალი სტატიები. 2. სისტემური ნაწილი. 3. ძირითადი, კანონთა ტექსტების ნაწილი.

რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ძეგლისწერა

რუის-ურბნისის საეკლესიო კრება, რომელსაც თავმჯდომარეობდა კათოლიკოს-პატრიარქი იოანე IV საფარელი, მოწვეულ იქნა 1103 წლის წმ. კეთილმსახური მეფის დავით აღმაშენებლის თაოსნობით. წმინდა მეფეს მიაჩნდა, რომ ღვთისთვის მოსაწონი არ იქნებოდა საქართველოს მაშინდელ ეკლესიასა და ერში არსებული მდგომარეობა, ვინაიდან გამრავლებული იყო ცოდვა და ნაწილი ღვთისმსახურებისა, ნაცვლად ერში ქადაგებისა და მათთვის ღირსეული მაგალითის მიცემისა, ყოველგვარ უკუღმართობაში იყვნენ ჩართულნი. ამიტომაც დავით აღმაშენებელმა შემოიკრიბა ჩვენი ეკლესიის დიდი მღვდელმთავრები და მტკიცე ხელით შეუდგა წესრიგის დამყარებას საქართველოს ეკლესიაში. სწორედ ამისთვის მიიღეს ეს ძეგლისწერაც.

რუის-ურბნისის საეკლესიო ძეგლისწერა ერთ-ერთი საუკეთესოა სასულიერო ხასიათის ქართული სამართლის წყაროებს შორის. ძეგლისწერას ივანე ჯავახიშვილი - 4, ხოლო კორნელი კეკელიძე 3 ნაწილად ყოფს.

განსხვავება მათ შორის ისაა, რომ დავითის შესხმას და ქართველ მოღვაწეთა მრავალჟამიერსა და მოსახსენებელს ჯავახიშვილი ცალ-ცალკე ნაწილებად განიხილავს, ხოლო კეკელიძე მათ ტერმინ "სინოდიკონში" აერთიანებს. ამგვარად, რუის-ურბნისის ძეგლისწერა შედგება:

ა) შესავლის,

ბ) კანონების,

გ) დავითის შესხმისა და

დ) ქართველ მოღვაწეთა მრავალჟამიერისა და მოსახსენებლისაგან.

არსენ იყალთოელი უნდა ყოფილიყო კრების მდივანი და ტექსტის ავტორიც.

ძეგლისწერის შესავალში მოთხრობილია: ადამიანის გაჩენა, მისი განდევნა სამოთხიდან, ღვთის მიერ მოსეს ხელით ადამიანებისთვის სჯულის მიცემა, ასევე ქრისტეს განხორციელება, მისი წამება, აღდგომა და ამაღლება და საქართველოს გაქრისტიანება. ძეგლის შესავალში აღიარებულია სამეფო ხელისუფლების ღვთიური წარმოშობა. რუის-ურბნისის ძეგლისწერა განარჩევდა სამართალს, როგორც ბუნებითს, ე.ი. ღვთიურს, ისე დაწერილს, ანუ კანონს. უპირატესობას, რასაკვირველია, ღვთისგან ბოძებულ სამართალს ანიჭებდა, თანაც თვლიდა, რომ დაწერილი სჯული საღვთო სჯულის შესაბამისი უნდა ყოფილიყო.

"შეიკრიბა აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა მეფის დავით აღმაშენებლის ბრძანებით, იმ მიზეზთა გამო, რომელთა შესახებ ქვემოთ არის მსჯელობა.

მთელი ხილული და უხილავი სოფლის და ყველა ცნობილი და გრძნობადი ბუნების არაარსისგან არსებად მომყვანმა ღმერთმა უხილავთა და ზესთა სოფლის ძალთა ბუნება უკვდავებითა და უხრწნელობით შეამკო, ხოლო ქვენა სოფლის ყველა მკვიდრი შექმნასა და ხრწნილებას შორის განაწესა.


ამის შემდეგ მოიგონა ახალი და უცხო - დაბადებული კაცი, რომელიც თავის თავში ატარებდა თვითონ დამბადებელს, მეტყველისა და უტყვის და ყოველივე შექმნილის ბუნების ზიარებას. მის მიერ, როგორც საერთო საკვრელის მიერ, ღმერთთან შესაერთებლად შეიკრიბება ყველა დაბადებული და ხუთივე სახე არსებათა დაყოფისა თანადროულად დაიშლება. იგი, როგორც მეორე სოფელი, დაამკვიდრა ქვეყანაზე - მცირე დიდში ან დიდი მცირეში. ღმრთივმშვენიერი და დიდებული სამოთხე გააშენა ედემის აღმოსავლეთით.

მაგრამ როდესაც კაცმა თვითმფლობელობის საგნად მისთვის მიცემული სჯული საღმრთო ნების საწინააღმდეგოდ გამოიყენა და ეშმაკის შურით და დედაკაცის ცდუნებით გზას ასცდა, განიდევნა ცხოვრების ხისა, სამოთხისა და ღმრთისაგან ბოროტებისათვის, და სიკვდილითა და ხრწნილებით დასჯილი მრავალი ვნებითა ძვირით მოცულ იქნა.

პირველად ძმის სისხლით ხელშეღებილმა კაენმა ღმრთის მეორე წყევის ღირსი გახადა ქვეყანა, შემდეგ გმირთა ბოროტებამ დამბადებელს შეანანებინა უცხო ცოცხალი კაცის ესოდენ საკვირველებით დაბადება 23 და მიწის პირისაგან ყოველივეს აღმგველი წარღვნის შეჩერება. ამის შემდეგ გოდლის მაშენებელთა თავხედობამ ენათა შერევნით და ტომების დაშლით მეოთხედ დასაჯა კაცთა მოდგმა. ხოლო კერპთა თაყვანისცემის სიბეცემ და დამბადებლის ნაცვლად დაბადებულის მსახურებამ სრულიად განაშორა და უცხო-ყო კაცი შემოქმედი ღმერთისაგან. სოდომელთა სიბილწით ცხოვრების ღაღადისმა ღმერთი აიძულა, ხუთქალაქის მხარე ცეცხლით დაეწვა.

შემდეგ ფარაონის გულფიცხელობასა და ეგვიპტელთა უსახურობას არნახული ძალადობისათვის უცხო სამაგიერო და მათ გვამებს უჩვეულოდ დამმარხველი საფლავი მიეზღო.

ამის შემდეგ დიდი მოსე, სჯული, მღვდელობა, მსხვერპლნი, სხვადასხვა სალხინებელი, მსაჯულნი, მეფობა, წინასწარმეტყველება, მოსახდენის წინასწარ ცნობა, ღმრთის სახეცვლილი გამოცხადებები. მერმე - ისევ კერპთმსახურება თვით მოსეს მიერ ეგვიპტიდან გამოყვანილი, სჯულდებული, ამდენი პატივის ღირსქმნილი და ღმრთის პირმშო ძედ აღიარებული ერისაგან.

ამის შემდეგ ისევ ძალადობა, ისევ ტყვეობა მრავალჯერ მრავალი ნათესავისა და ბოლოს ბაბილონელთა მიერი ტყვეობა, რომელთა მეფის ღმრთის საწინააღმდეგო გამონაგონნი საქმით ამხილა სამმა ისრაიტელმა ჭაბუკმა, როცა რკინის ბორკილების გამდნობმა ღუმელმა შეუხებლად დაიცვა დაწვისაგან მათი ადვილად დასაწვავი თმა და სამოსელი.

შემდეგ კიდევ ქალაქი და ტაძარი, ისევ სჯული და მღვდლობა, და რამდენი რამ იყო სჯულისეული და საკვირველი სჯულიერი მსახურებისეული, მაგრამ ვერც ერთმა ზემოთ ჩამოთვლილთაგანმა ვერ შეძლო ბუნების განკურნება. ტანჯვა და საშინელება, ქველმოქმედებითი სიტკბოება და მათთან ერთად ბუნებითი და დაწერილი სჯულიც უქმნი იყვნენ და უბოროტესი სატკივრისათვის უძლიერესი წამალი იყო აუცილებელი.

ამისთვის თვითგვამოვანი სიბრძნე და ძალა და მამა ღმერთის თანაარსი სიტყვა, რომელიც დასაბამს იყო, ღმერთთან იყო და მარად იყო, მოვიდა თავის ხატთან და უხრწნელი და ყოვლად უბიწო სისხლისაგან ჭეშმარიტებით და საკუთრად ღმრთისმშობლის, მარადის ქალწულის ხორცი შეიმოსა ხორცისათვის და გონიერ და სიტყვიერ სულს შეეზავა ჩვენი სულისათვის მსგავსის მსგავსით განსაწმედად, რადგან მიუღებელი უკურნებელიც არის და თავისი შექმნილის ნაცვლად თვითონ მიიღო ბრძოლა.

ამგვარად, ყველა ხორცთამიერი განგება ჯვარზე ვნებით, საფლავით და ღმრთივმშვენიერი აღდგომით სრულყო რა ქვეყანაზე, ზეცაში დიდებით აღმავალმა წარავლინა თავისი თორმეტი მოწაფე, რომლებსაც მოციქულები უწოდა, რომ ღმრთის ცოდნის ნათლით სოფლის ყველა მხარეს მოაშორონ უღმრთოების სიბნელე და წმინდა სამების სახელის მიმართ ნათლისცემით ასწავლონ თაყვანისცემა თანაარსი ერთღმრთეებისა და მაცხოვნებელი მცნებების დაცვით დაუბრუნონ კაცს თავდაპირველი ნეტარებითი დიდება.

მოციქულები, როგორც იმ სიმართლის მზის შარავანდედნი, მოეფინენ ქვეყნის კიდით კიდეს და უღმრთო კერპთაყვანისმცემლობის გონებაარეულობის ყველა ნაყოფი სულიერი მახვილით მოჭრეს, სარწმუნოების ცეცხლით მოწვეს და შემწყნარებელი კაცების გული ჯვრის სახნისით აღბეჭდეს, მათში სარწმუნოების კეთილმსახურების თესლი დათესეს, ღმრთეებრივი მშვენიერებით ასწავლეს ერთი და ჭეშმარიტი ღმერთის მსახურება და თაყვანისცემა მრავალი და სიცრუით მოპოვებული ღმერთების ნაცვლად. საკერპო ტაძრებისა და სვეტების ნაცვლად მრავალი ეკლესია და საკურთხეველი აღუმართეს ღმერთს ქვეყნის ყველა მხარეში.

ასწავლეს სოფლის სიძულვილი და ხორცის მტრობა იმათ, ვისაც სოფელი (ეს ქვეყანა) ღმერთად შეურაცხავს და ხორციელ გემოთა ძალადობის მონად გაუხდია თავი. ელინური გამონაგონი სიბრძნე, რომელიც ზოგის გულუბრყვილობით მათთვის ღმრთით ბოძებულ სიბრძნედ ითვლებოდა (რის გამოც პავლეს დასცინოდნენ ათენელები), სრული სიბრძნით ამხილეს და ცხად-ყვეს, რომ მათი ზღაპარმწერლობითი ხელოვნება ლაპარაკის ღირსიც არ არის.

დიდი კლიმენტოსის მიერ ჩამოყალიბებულ იქნა ოთხმოცდახუთი საეკლესიო კანონი.

მოციქულთაგან ერთი - პირველწოდებული ანდრია, მოციქულთა თავის, პეტრეს ძმა, ჩვენამდე მოვიდა, სახარების საცხოვნებელი ქადაგება მთელ საქართველოში იქადაგა, ერის ურიცხვი სიმრავლე ორმაგი ეშმაკეულობის საცთურისგან განაშორა და ასწავლა ერთი ღმერთის, ქრისტეს და მათი თანაარსის სულიწმიდის თაყვანისცემა.

ქართლის უმრავლესმა ერმა დიდი დროის შემდეგ დაივიწყა მოციქულის ქადაგება და კერპთა საცთურს დაუბრუნდა.

მოციქულის ქადაგების ნაყოფად მთელ მსოფლიოში აღმოცენდა ღვაწლის დამდები ქრისტეს სიკვდილს მიმსგავსებული მოწამეების სიმრავლე. გავიდა სამასი წელი კონსტანტინეს გამეფებამდე, კონსტანტინე გახდა პირველი ქრისტიანი მეფეთა შორის, თვითონ გახდა მოციქული, საცხოვნებელი ქადაგების მქადაგებელი და ქრისტიანთა ღმრთივმშვენიერი მოქალაქობისათვის თავისუფლების ნათლის მიმფენელი.

ამავე დროს, უკვე მაღლით გადმოგვხედა ჩვენ აღმოსავალმა: ვინმე ტყვე დედაკაცმა, რომელსაც ნუნნა კაპპადუკიელს უწოდებენ ჩვენში არსებული საეკლესიო მოთხრობები, თავისი სარწმუნოების მიმართ ნიშებშემოსილი სასწაულების საკვირველმოქმედებით მიიზიდა ქართველთა მოდგმა.

ქართველთა მეფე მირიანმა მეფეთა შორის დიდ კონსტანტინესთან გაგზავნა წარმომადგენელი, გამოითხოვა მისგან ანტიოქიის დიდი ეკლესიის საყდრისმპყრობელი ევსტათი და თავის ქალაქ მცხეთაში ჩამოიყვანა. მისი წმინდა ხელით ნათელ-იღო მან და მთელმა ქართველმა ერმა.

თვითონ პატრიარქთა შორის სახელგანთქმულმა ევსტათიმ ხელით ჩაუყარა საფუძველი მცხეთაში აშენებულ ეკლესიას, რომელიც დიდი გულმოდგინებით დაამთავრეს რა, განწმინდა იგი და მასში ქართველთათვის ხელდასხმულ ყო ეპისკოპოსი-კათალიკოსი. ამან, საუკუნოდ ხსენებულმა კონსტანტინე მეფემ, შეკრიბა პირველი მსოფლიო წმინდა კრება ნიკეას, რომელსაც 318 წმინდა მამა ესწრებოდა. მათ ოცი კანონი დაადგინეს.

ამ კრებამდე იყო სხვა, ადგილობრივი კრებები: პირველი აკვირიის, რომელმაც 24 კანონი დაადგინა, მეორე ნეოკესარიის, 14 კანონი გამოიტანა.

დიდი და მსოფლიო ნიკეის კრების შემდეგაც იყო ადგილობრივი კრებები, როგორებიცაა: ღანგრის, რომლის კანონები ოცია რიცხვით, აგრეთვე ანტიოქიის, ოცდახუთი კანონის გამომცემელი, ამასთანავე ფრიგიის ლაოდიკიის კრების კანონები ოცდაერთია. ამათ შემდეგ შედგა მეორე წმინდა და მსოფლიო კრება კონსტანტინოპოლში, რომელსაც ასორმოც¬დაათი წმინდა მამა ესწრებოდა. მათ შვიდი კანონი მიიღეს. შემდეგ მესამე წმინდა და მსოფლიო კრება ეფესოს, თეოდოსი მეფის მიერ შეკრებილი, მიიღეს რვა კანონი. მეოთხე იყო ქალკედონის მსოფლიო კრება კეთილად მსახური მარკიანე მეფის დროს, რომელსაც ექვსას ოცდაათი მამა ესწრებოდა. მიიღეს ოცდარვა კანონი.

შემდეგ იყო კართაგენის ადგილობრივი კრება. მისი კანონები ასოცდათვრამეტია. კონსტანტინოპოლის მეხუთე წმინდა და მსოფლიო კრებამ კანონთა განწესებისათვის მცირედ იზრუნა. ხოლო მეექვსე წმინდა და მსოფლიო კრებამ, რომელიც მეფის სასახლის გუმბათის ქვეშ შეიკრიბა კეთილად მსახური მეფის იუსტინიანეს დროს, შეავსო მეხუთე მსოფლიო კრების ნაკლი, დაადგინა ას ორი კანონი. ნიკეის მეორე (VII) მსოფლიო წმინდა კრებამ დაადგინა თვრამეტი (ოცდაორი) კანონი. ამის შემდეგ იყო კიდევ ორი კრება იმავე სამეფო ქალაქში, წმინდა და ყოვლადქებული მოციქულების ტაძარში რომ შეიკრიბა, რომელმაც 17 კანონი განაჩინა; წმინდა და მსოფლიო მეშვიდე კრებამ, რომელიც წმინდა ხატების გამო შეიკრიბა, მხოლოდ სამი კანონი მიიღო.

ამ წმინდა კრებების დადგენილ კანონებთან ერთად არიან და აღირიცხებიან თითოეული წმინდა მამის მიერ განწესებული კანონებიც...

ეს არის წმინდა და საეკლესიო კანონთა კრებული, დაბეჭდილი და შენახული ყოველგვარი შემატებისა და მოკლების გარეშე. ამათი ცოდნა, მიყოლა და მტკიცედ პყრობა მართებს ყველა ქრისტიანული მადიდებლობის წინამძღვარ მღვდელმთავარს, მღვდელსა და დიაკვანს, ჩვენ შორის მოძღვრად სახელდებულ მონაზვნებს და მთლიანად და სრულიად მართლმადიდებელთა ეკლესიას. ჩვენ ეს ყველაფერი იმიტომ ვახსენეთ, რომ თავიდანვე ჩვენი სიტყვის სახე განვმარტოთ.

დასაბამს ღმერთმა დაჰბადა კაცი ხატად და მსგავსად თვი¬სად, რომ, როგორც ზემოთ ვთქვით, მის მიერ ხილულისა და უხილავის საზოგადო საკვრელით თავის თავში შეაერთოს ყოველი შესაცნობი და გრძნობადი დაბადებული, რომ სათნოებით ექცეს თავის შემოქმედს საკუთრებად, ხოლო ის ასეთი მადლის სიმდიდრისაგან გაშიშვლდა ცთომის მიერ და განდ¬გომილ და შერისხულ მონათა მონობა მოუტანა თავს.

მაგრამ მისმა სახიერმა დამბადებელმა თითქოსდა თავს იდვა მისი ხელით ქმნილი ამოდენა საქმის - კაცის უგულებელყოფა, მაგრამ ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის და მარადის ქალწულის უხრწნელ საშოში არა პირველისამებრ ეჭვის მადლით, არამედ გვამოვნებით შეაერთა იგი თავის თავთან და ზესთა ბუნებისა გააღმერთა მისგან მიღებული და მასთან ერთგვამქმნილი კაცი, რომელიც იყო პირმშო ყოველი შექმნილისა. მან თავს იდვა მრავალ ძმათა შორის პირმშოდ ყოფნა და ყრმებსაც ეზიარა ხორცით და სისხლით. მან, რომელიც ერთია და ყველას თავი, ჩვენ, მისი სახელის მიმართ წოდებულნი, მადლით მის ძმად აღიარებულნი და იმ თავის გვამად გამოჩენილნი, იქ აგვიყვანა, სადაც თვითონ არის ჩვენი იმედის თავი. წმინდანთა თანამოღვაწე და ღმრთის თანამკვიდრნი გაგვხადა და სულის სამკვიდრებლად გამოგვაჩინა, რადგან როცა თავის მიმართ შეიკრიბება თითოეული ასო, ცომად გარდაიქმნება ყოველივე აზელილი.

ამისთვის მოგვეცა პირველად ბუნებითი და მერმე დაწერილი რჯული, განკაცდა ღმერთი, ამისთვის იყო ქალწულისაგან შობა, ბაგა, შეხვევა, მადიდებელი ანგელოზები, ვარსკვლავის მოძრაობა, მოგვთაგან ძღვნის მორთმევა, წინადაცვეთა, ნათლისღება, ზეციდან დამოწმება, გამოცდა, ჩვენთვის ჩაქოლვა და ვნება უვნებელისა, გაცემა, დალურსმვა, დამარხვა, აღდგომა, ზეცას აღსვლა. ამისთვის იყო მოციქულთა ქადაგება, მოწამეთა სისხლი, მოძღვართა სწავლანი, ღირსი მამების ოფლი, კეთილმსახური და მორწმუნე მეფეების გულმოდგინება, ღმრთისმოყვარე მთავრების მოწადინება, ღმრთის სახის მღვდელმთავრობის რწმუნებულთა გამბედაობა მოწინააღმდეგის მიმართ, მღვდლებისა და სამღვდელოების სიმხნით თანამებრძოლობა, ცოდვისთვის სიმამაცით წინააღმდეგობის გაწევა, ნივთიერი ქონებისაგან დაცლილი მონაზვნების დასისა და ქრისტეს მოყვარე ერის სასულიერო დასთან ერთხმობა.

ამისთვის იქნა ქრისტესმოყვარე და ღმრთივდაცული მეფეების მიერ ღმრთისმოყვარე ეპისკოპოსებისა და ღმრთის სათნომყოფელი მამების კრებების მოწვევა დროდადრო, რომ საქმით სრულყოფილი სარწმუნოებით ღმერთთან შეაერთონ ქრისტიანები, რომელთა მონდომებას კეთილად მიჰბაძა ჩვენმა გვირგვინოსანმა, საყვარელმა და სასურველმა ძემ დავითმა, რომელიც ერთდროულად მხნეც არის და ბრძენიც, მართალიც და წმინდაც, მყუდროც და მშვიდიც, სახიერიც და ტკბილიც, მოწყალეც და ძვირუხსენებელიც და მიმსგავსებულია სახიერებით ღმრთისა, რომელიც აღმოუბრწყინებს მზეს კეთილთა და ბოროტთა და ყველას თანასწორად ზრდის წვიმით.

გარეშე ბრძოლაში წინ ვერვინ აღუდგება და გარეგნული შესახედაობით სხვა კაცთა შორის სწორუპოვარია. დიდად კეთილი არის, როგორც გმირი, მშვენიერია, როგორც სიძე, ბრწყინვალეა, როგორც ცისკარი, ნაყოფიერია სიკეთით, როგორც აღმოსავლეთი, წარმატებებით ყვავილოვანია, როგორც ღმრთის სამოთხე, თავს არ იდვა, რომ უფრო მეტად არ ეღვაწა შინაგანი სულის სიკეთის გაბრწყინვებისთვის, რადგან ისინი წარმავალნი, ხოლო ესენი ღმრთის უსასრულობასთან ერთად უსასრულონი არიან. ამიტომ შეიკრიბა ღმრთისმოყვარე ეპისკოპოსთა, პატიოსან მღვდელთა, ღირს დიაკონთა, ქრისტესმოყვარე მონაზონთა, დაყუდებულთა და მეუდაბნოეთა კრება ქართლის მიდამოებში, ორ ახლოს მდებარე საეპისკოპოსოში - რუისსა და ურბნისში. ქართველთა სარწმუნოებას რაიმე ბიწი არ შეხებია, ეს ღმერთმა ნუ ქნას! არ გეცრუვებით შენ, სიწმინდით მშობელო ჩვენო წმინდაო კათოლიკე ეკლესიაო, არც გაგცემთ შენ, ჩვენო სიქადულო - მართლმადიდებლობავ, რომლისთვისაც არასოდეს გვიღალატია, რაც მისი შეცნობის ღირსნი გავხდით და რისი მოწმეც ჭეშმარიტებაა. ეს შეკრება მოხდა სხვა საეკლესიო, სამღვდელო და საქრისტიანო საკითხთა ძიებისთვის.

ამ კრების თავი, წინამძღვარი და სახე იყო ღმრთის კუთვნილი, სულიერი სიმშვიდით მოსეს მსგავსი, დიდი სამოელისებრ ერისთვის მლოცველი და სრულყოფადთა მადლით მცხებელი ღირსი მთავარეპისკოპოს-კათალიკოსი იოანე, მთელი საქართველოს მამამთავარი, და მასთან ერთად იღვწოდა სრულად ზემოთ ჩამოთვლილი მრავალრიცხოვანი კრებული.

კანონები

შესავალს მოსდევს საკუთრივ დადგენილებანი, ანუ, - საე¬კლესიო კრების გადაწყვეტილებები. ივ. ჯავახიშვილის და კ. კეკელიძის აზრით, ძეგლი 15 მუხლად იყოფა, ხოლო ი. დოლიძე მას 16 მუხლად ყოფდა. განვიხილოთ რუის-ურბნისის საეკლესიო კრების მიერ მიღებული დადგენილებები:

პირველი მუხლით განიკვეთნენ უღირსი მღვდელმთავრები. აქვეა განმარტებული, რომ უღირსი არს ის ღვთისმსახური, რომელსაც ხორცი სულისთვის არ დაუთრგუნავს და არ არის შესაბამისი ასაკის მქონე.

მე-2 მუხლმა მოაწესრიგა ღვთისმსახურისთვის საჭირო ასაკი. კერძოდ: წიგნის მკითხველისთვის - 8 წელი, დიაკვნისთვის - 25, მღვდლისთვის - 30 და მღვდელმთავრისთვის - 35. ამ მუხლშივეა მითითებული, რომ ხელდასხმა უნდა ხდებოდეს თანმიმდევრობით, უმცირესიდან უპირატეს ხარისხზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მცხეთის სვეტიცხოვლის საპა¬ტრიარქო ტაძარში 1995 წლის 19 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული ადგილობრივი კრების მიერ მიღებული "საქართველოს ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების" VII თავის §4-ის 1-ლი პუნქტი ადასტურებს რუის-ურბნისის ძეგლისწერის მოთხოვნას, კერძოდ კი მღვდელმთავრისთვის საჭირო ასაკს - 35 წელს.

მე-3 მუხლში მითითებულია, რომ ხელდასხმა და ეკლესიის კურთხევა უნდა ჩატარდეს გიორგი მთაწმინდელის განწესების მიხედვით.

მე-4 მუხლი კრძალავს ხელდასხმას ქრთამით, საფასით ან ძღვენით, ანუ ე.წ. სიმონიას. როგორც ცნობილია, სიმონი იყო ის მოგვი, რომელმაც ქრისტეს წმინდა მოციქულებს სთხოვა მიეყიდათ მისთვის ღვთივმომადლებული კურნების და სასწაულის მოხდენის უნარი.

მე-5 მუხლში მითითებულია, რომ ეკლესიის ქონება და ჭურჭელი, ნაყიდი იქნება ეს თუ შემოწირული, უნდა იქნეს მოხმარებული მხოლოდ საჭიროების მიხედვით და ძეგლისწერით მისი გასხვისება, თვით ტყვეთა გამოსყიდვის მიზნითაც კი, სასტიკად აიკრძალა.

მე-6 მუხლით დადგინდა, რომ ქორწინება, მონათვლა და მონაზვნად განწესება უნდა მოხდეს მხოლოდ ეკლესიის მიერ განსაზღვრული წესით. აქვეა აღნიშნული, რომ ქორწინება უნდა მოხდეს ეკლესიაში და შესაძლებელია მხოლოდ ორჯერ, ე.ი. ადამიანს ორჯერ ჰქონდა ქორწინების უფლება.

მე-7 მუხლმა დაადგინა მექორწილეთა ასაკი, კერძოდ, 12 წელი. აიკრძალა მცირეწლოვანთა ჯვრისწერა.

მე-8 მუხლში მითითებულია, რომ მღვდელმთავრებად უნდა შეირჩნენ ეკლესიის ის მსახურნი, რომელნიც გათვითც-ნობიერებულნი არიან საქრისტიანო წესებში, ანუ როგორც "საქართველოს ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის დებულებაშია" მითითებული, უნდა ჰქონდეს შესაფერისი საღვთისმეტყველო განათლება.

მე-9 მუხლი აწესრიგებს მოძღვართა რიცხვს მონასტერში. აღნიშნულია, რომ დიდ მონასტრებს უნდა ჰყავდეთ 2 მოძღვარი, ხოლო პატარებს - მხოლოდ ერთი.

აქვე უნდა ითქვას, რომ საქართველოში არსებობდა მოძღვართა უფროსის, ანუ მოძღვართმოძღვრის თანამდებობა, რომელიც, ისიდორე დოლიძის მოსაზრებით, გელათის აკადემიის რექტორი იყო და ფრიად საპატიო სახელად ითვლებოდა.

მე-10 მუხლი კრძალავს მონასტერში ერისკაცთა მიერ ვაჭრობას, ასევე მონასტრის ტერიტორიაზე არასაეკლესიო მიზნით შეკრებას, ვინაიდან მონასტერი არის ღვთის ტაძარი, სამლოცველო სახლი და ბერულ წმინდა ცხოვრებას უწესობა არ შეშვენის.

მე-11 მუხლში განმარტებულია, თუ ვის მიერ, როგორ და სად უნდა სრულდებოდეს პარაკლისი, პანაშვიდი და საღვთო ლიტურგია, ჟამისწირვა.

მე-12 მუხლით აღიარებულია სომხური ეკლესიის მწვალებლობა. ამიტომ, აღნიშნულ მუხლში მითითებულია, რომ თუ სომეხი მოექცევა ჭეშმარიტ სჯულზე, ის მართლმადიდებელმა ეკლესიამ უნდა მიიღოს, როგორც წარმართი.

მე-13 მუხლმა აკრძალა მართლმადიდებლისა და წარმართის ჯვრისწერა.

მე-14 მუხლით დაუშვებლად გამოცხადდა წარმომადგენლობითი ქორწინება. ასეთი ქორწინების დროს მომავალი მეუღლეები სხვადასხვა ეკლესიაში იწერდნენ ჯვარს ერთსა და იმავე დროს, ხოლო ადგილზე მათ ნაცვლად წარმომადგენლები იყვნენ. მუხლში მითითებულია, რომ ჯვრისწერა არის ერთ-ერთი წმინდა საიდუმლო და არა რაღაც ხელშეკრულება, რომელიც შეიძლება წარმომადგენლების მეშვეობითაც გაფორმდეს.

მე-15 მუხლი ეხება სხვადასხვა ცოდვას და მოცემულია მათი განმარტება. კერძოდ, მუხლში ნახსენებია კაცისკვლა, მრუშობა, ცრუ ფიცი, შური, მტრობა, კერპთმსახურება. განსაკუთრებული ადგილი აქვს დათმო¬ბილი მამათმავლობას, ანუ სოდომურ ცოდვას, როგორც უმძიმეს დანაშაულს, რომელიც "წინაუკუმო ბუნებისა შესცვალებს ბუნებითსა ძალსა თუისსა".

რუის-ურბნისის საეკლესიო კრების მონაწილენი მიუთითებენ აღნიშნული ცოდვის მომაკვდინებელ ხასიათზე, რომელ¬მაც შეიძლება ქვეყანა დაღუპოს.

შესხმა მეფისა

დადგენილებების შემდეგ მოცემულია შესხმა "კეთილად მსახურისა და ღვთივდაცულისა მეფისა ჩუენისა დავითისა". შესხმა საკმაოდ დიდია და მასში წმინდა დავით IV განდიდებულია შედარებებით. შესხმის ავტორია არსენ იყალთოელი.

მეფესა დავითს
"ამათდა მომართ რასა იტყვი,

რასა სიბრძნისჰმოყვარებ

შენ უფროსად ბრწყინვალეო თვალო

ყოვლისა სოფლისა მეფეთა ერთგვამობისაო,

რომელი-ეგე ჰაეროვან ხარ,

ვითარცა სამყარო ხილულისა სოფლისა შორის,

საჩინო, ვითარცა მზე ვარსკვლავთა შორის,

ბრწყინვალე, ვითარცა ეთერი ნივთთა შორის,

ნათლისფერ, ვითარცა ელვა ღრუბელთა შორის,

ცისკროვან, ვითარცა აღმოსავალი კერძოთა შორის,

ტკბილ, ვითარცა არე ჟამთა შორის,

ღმრთის სახე, ვითარცა სიყვარული სათნოებათა შორის,

გულის სათქუმელ, ვითარცა ოქრო მიწათა შორის,

ელვარე, ვითარცა ვიაკინთი ქვათა შორის,

მაღალ, ვითარცა ფინიკი ნერგთა შორის,

შვენიერ, ვითარცა ვარდი ყვავილთა შორის,

აღმატებულ, ვითარცა სამოთხე ქვეყანისა შორის,

ძლიერ, ვითარცა ლომი მხეცთა შორის,

მტკიცე, ვითარცა ანდამატი განუკვეთელთა შორის,

სახელგანთქმულ, ვითარცა ნებროთ გმირთა შორის,

ახოვან, ვითარცა ისო წინამბრძოლთა შორის,

მოშურნე, ვითარცა ფინეზ მღდელთა შორის,

მხნე, ვითარცა სამფსონ მსაჯულთა შორის,

უბრძოლველ, ვითარცა აქილევ ელლენთა შორის,

ბრძენ, ვითარცა სოლომონ მეფეთა შორის,

მშვიდ, ვითარცა დავით ცხებულთა შორის,

შურისმეძიებელ, ვითარცა იოსია შარავანდედთა შორის,

უზარო, ვითარცა მაკედონელი მფლობელთა შორის,

განმადიდებელ ფლობისა, ვითარცა ავღვისტოს

კეისართა შორის, კაცთმოყვარე, ვითარცა ჩემი იესუ ღმერთთა შორის,

ბუნებით ღმერთი მადლით ღმერთქმნულთა შორის,

მხურვალე, ვითარცა პეტრე მოწაფეთა შორის,

საყვარელ, ვითარცა იოანე მეგობართა შორის,

მკვირცხლ, ვითარცა პავლე მოციქულთა შორის,

სახის დასაბამ უცთომელისა ქრისტეანობისა,
ვითარცა დიდი კონსტანტინე თვითმპყობელთა შორის,
სიმტკიცე კეთილად მსახურებისა,
ვითარცა თევდოსი სკიპტრისმპყრობელთა შორის,
- სათნო უჩნან ესენი მყუდროებასა შენსა?

განსვენებულ არსა ამათ ზედა სიბოროტისა სულთა

მდევნელი დავითიანი სული შენი?

რომელნი-იგი აწ ძღვნად მოგართვნა შენ მწყობრმან

შენთა ამათ ნაზირეველთა სიმრავლესამან,

რათა შენ მიართვენ ესენი ღმერთსა

და მოწყალე ჰყო ამათ მიერ წყალობისმოყვარე უფალი,

რომელ მოსწრაფებით შემოკრებაი უბრძანე შენ

და დიდისა ამისდა ღმრთისა სათნოსა წარმართებისა თანა შუამდგომელად ღმრთისა მიმართ მოიგენ, ვითარცა საკუთარნი მონანი, რათა რომელიმე ღმრთისსახისა მღდელთმთავრობისა მიერ მახლობელ ექმნებოდის შენთვის ღმერთსა, ხოლო რომელიმე მღდელ მშვენიერითა მეოხებითა შეესაკუთრებოდის დამბადებელსა.

სხვასა სულთქუმანი მოაქვნდენ, სხვასა - განდნობა ცრემლითა,

სხვასა ღამეყოველობითნი მღვიძარებანი, სხვასა - ხმელ-სარეცელობა,

სხვასა - რათურთით არარას ქონება, კეისრისასა - ყოველსავე,

ღმრთისასა - მხოლოდ ხორცთა ოდენ და მათსა მარხვითა განლეულთაი,

სხვასა - სიტყვა დაღათუ მდაბალი და უნდო, გარნა არავე უერმო, არცა უმუსიკელო მიმზიდველ ყოფად სმენისა;

ამის თანა-შემსგავსებულიცა ძალისა ყოველთა ვედრება, ყოველთა ლიტანიობა,

ყოველთა ერთხმობა, ვითარმედ დავით კეთილად მსახურისა და ღმრთივდაცვულისა მეფისა ჩვენისასა მრავალმცა არიან წელიწადნი!"
დასასრულ: - რუის-ურბნისის საეკლესიო კრების დადგენილებანი ჩაურთეს "სჯულისკანონში". მანამდე კი დადგენილებანი გაკრული იყო სვეტიცხოვლისა და რუისის ეკლესიის სვეტებზე, რათა მრევლი გასცნობოდა მათ. სხვათა შორის, აქედან მომდინარეობს მათი სახელწოდება - ძეგლისწერა.

* * *

არსენი სამშობლოში 1103 წლის ახლო ხანებში დაბრუნდა დავით აღმაშენებლის მოწვევით და აქედან საზღვარგარეთ აღარ წასულა სამოღვაწეოდ. ისმება კითხვა: საქართველოში მოსული არსენი რომელ სამონასტრო ცენტრში დამკვიდრდა: - შიომღვიმეში, გელათსა თუ იყალთოში? კორნელი კეკელიძე ასახელებს გელათის აკადემიას, მაგრამ 1103 წლისთვის ამ აკადემიის არსებობა ჯერ კიდევ ნაადრევი ჩანს, რადგანაც, მემატიანის ცნობით, გელათის მშენებლობა დავითმა დაიწყო 1106 წელს.

ივანე ლოლაშვილი ამიტომაც ვარაუდობს, რომ არსენს სამოღვაწეოდ უნდა აერჩია შიომღვიმის მონასტერი, რომელიც XII ს-ის დასაწყისში ერთ-ერთ ძლიერ სამწერლო კერად ითვლებოდა. მაშინ ამ მონასტრისთვის საგანგებო მზრუნველობა გამოიჩინა დავით აღმაშენებელმა. არსენი დამკვიდრებულა მღვიმის ერთ სოხასტერში, რომელიც მთავარი სავანისაგან (ლავრისა და სენაკებისაგან) რამდენადმე მოცილებული უნდა ყოფილიყო. ეს სოხასტერი მას საჭირო ინვენტარითა და წიგნებით გაუწყვია. უნდა ვივარაუდოთ, რომ არსენი სწორედ ამ სოხასტერში ეწეოდა სამწერლო-სამთარგმნელო საქმიანობას.

მასთან ერთად მოღვაწეობდა იოანე ბერი, რომელიც არსენს მისი თარგმანების გადაწერაში ეხმარებოდა.

ჩვენამდე მოღწეულია დავით მეფის ანდერძი, დაწერილი 1123 წელს შიომღვიმისთვის, საიდანაც ირკვევა, თუ რა წვლილი მიუძღვის არსენს საეკლესიო-სამონასტრო საქმიანობაში. არსენს, დავითის ბრძანებითა და სურვილით, მონაწილეობა მიუღია შიომღვიმის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის მშენებლობაში.

არსენი ღვთისმშობლის ეკლესიის მშენებლობის დროსვე შესდგომია შიომღვიმის ძმათა საკრებულოს სამონასტრო წესების მოგვარებას. ამ მიზნით მას ახალი ტიპიკონი შეუდგენია.

ცოტა რამ შიომღვიმის მონასტერზე:

შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს მცხეთის რაიონში, თბილისიდან 30 კმ-ზე. კომპლექსში შედის ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ ტერასებად განლაგებული სხვადასხვა დროისა და დანიშნულების ნაგებობანი: მღვიმე-ეკლესია (შიოს თავდაპირველი სამყოფელი), იოანე ნათლისმცემლის ეკლესია სხვადასხვა დროის მინაშენებით, სამრეკლო, შიოს სასაფლაო-ეკლესია, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი კოშკით, სატრაპეზო, კლდეში ნაკვეთი მღვიმეები - ქვაბები, ბერთა საცხოვრებელი ნაგებობები, წყარო, წყალსადენი, გალავანი, ჯვრის ამაღლების ეკლესია.

მონასტრის დამაარსებელია შიო, მღვიმელად წოდებული, ერთი იმ "ათცამეტ ასურელ მამათაგან", რომელნიც VI საუკუნეში საქართველოში ქრისტიანობის განმტკიცებისათვის იღვწოდნენ. შიო ოცი წლის ასაკში დაემოწაფა იოანე ბერს, შემდგომში ზედაზნელად წოდებულს, თან წამოჰყვა ქართლში და 543-547 წლებში მასთან ერთად ცხოვრობდა ზედაზენზე. 547 წელს შიო ზედაზნიდან წავიდა და სარკინის მთაზე "ინახულა ხევი რაიმე ღრმა უნუგეშისცემო, ურწყული... პოვა ჩრდილოეთ კერძო მდინარესა მას დიდსა, რომელ არს მტკვარი, ქვაბი ყოვლად მცირე, რომელ კმა ეყოფოდა მფარველად სხეულსა მას მისსა"... და "დაჯდა მას შინა დაყუდებით"... ლეგენდის მიხედვით, მღვიმეში დაყუდებულ შიოს საკვებს მტრედი უზიდავდა ნისკარტით.

შიოს გამოეცხადნენ ღვთისმშობელი და იოანე ნათლისმცემელი, რომლებმაც იწინასწარმეტყველეს - "იქნეს უდაბნო ესე აღსავსე კაცთა მიერ". რამდენიმე ხნის შემდეგ მღვიმის გარშემო შეიქმნა სამონასტრო თემი - "მოვიდეს მრავალნი და მონაზონ იქმნებოდეს".

საჭირო გახდა ეკლესიის აგება. "სცა სათხარი წმინდამან შიო და აღაშენეს ეკლესია იოანე ნათლისმცემელისა".

ეკლესიის აგების შემდეგ შიომ შეარჩია მღვიმე "ფრიადსა სიღრმესა მქონებელი და ყოვლად ბნელი, შთახდა მას შინა" და იქ დაასრულა სიცოცხლე.

ანდერძის თანახმად, იგი ამავე მღვიმეში დაასაფლავეს.

მღვიმე წმინდა ადგილად იქნა მიჩნეული, მონასტრის სახელიც აქედან მოდის (შიოს მღვიმე, შიომღვიმე).

XI საუკუნეში მღვიმეს ეკლესია დააშენეს, რომელიც მოგ¬ვიანებით იოანე ნათლისმცემლის ეკლესიას შეუერთეს.

XI საუკუნის შუა წლებში შიომღვიმე თურქ-სელჩუკებმა დაარბიეს. მეფე ბაგრატ IV-მ (1027-1072) დასახმარებლად მონასტერს კლდეკარის მახლობლად მდებარე ბაღვაშთა ყოფილი მამული - ბორცვისჯვარი უბოძა. XII საუკუნეში დავით აღმაშენებლისაგან დევნილმა მოღალატე მსხვილმა ფეოდალმა ძაგანმა თავი მღვიმეს შეაფარა. მონასტრის კრებულმა ორგული ფეოდალი შეიპყრო და მეფეს გადასცა. მღვიმელთა ერთგულებისა და თავდადებისათვის დავითმა მონასტერი მთლიანად თავის საპატრონოდ გამოაცხადა და იქ ღვთისმშობლის დიდი ტაძარი ააგო (1103-1133 წლები).

ტაძრის მშენებლობის ხელმძღვანელობა დაავალა არსენ იყალთოელს. 1123 წელს, შირვანზე გალაშქრების წინ, დავით აღმაშენებელმა მონასტერს დამოუკიდებლობა, სასამართლო შეუვალობა და დიდძალი ქონება უბოძა. საგანგებო ანდერძში მეფემ მკაფიოდ აღნიშნა, მონასტრის ძირითადი საქმიანობა მხოლოდ მეფეთათვის ლოცვა და ღვთისმსახურება უნდა იყოსო.

სამეფო კარის მხარდაჭერითა და დახმარებით შიომღვიმე მძლავრ ფეოდალურ საეკლესიო სენიორიად იქცა.

თამარის ეპოქაში შიომღვიმის მამულები გაიზარდა და მონასტერი გამდიდრდა უხვი შეწირულობებით.

1202 წელს თამარის ნებითა და ანტონ ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის თაოსნობით სოფელ სხალტბიდან შიომღვიმეში წყალსადენი გაიყვანეს.

XIII საუკუნის შუა ხანებში მონასტერი ხვარაზმელებმა დაარბიეს, მაგრამ მისი ძლიერება მალე ისევ აღდგა. XIV საუკუნეში გიორგი ბრწყინვალემ შიომღვიმე მეფის თავდადებისათვის ერთ-ერთ დიდგვაროვან ფეოდალს ზევდგენიძე-ამილახვარს გადასცა.

აქედან მოყოლებული XIX საუკუნის პირველ ათეულ წლებამდე მონასტერი ამილახვართა საგვარეულო სასაფლაოდ ითვლებოდა. შიომღვიმეში ამილახვართა სახლის წევრები ბერმონაზვნებადაც აღიკვეცებოდნენ ხოლმე.

ამილახვრები, როგორც მეპატრონეები, მონასტრის თავდადებულ მშენებლებადაც (XVIII საუკუნემდე) გვევლინებიან. 1339 წელს მონასტერი თემურლენგმა აიკლო და ააოხრა.

მონასტერზე ზრუნავდნენ მეფეები ალექსანდრე I (1412- 1442), სვიმონ I (1558-1600), როსტომი (1632-1658), გიორგი XI (1678-1688, 1703-1709) და სხვა. 1614-1616 წლებში საქართველოში შაჰ-აბასის შემოსევების დროს მონასტერი კვლავ აოხრდა.

დავით აღმაშენებლის მიერ აგებული დიდი ტაძარიც მაშინ უნდა დანგრეულიყო. ეს ტაძარი 1678 წელს აღადგინეს გივი იოთამის ძე ამილახვარმა და მისმა მეუღლემ თამარმა.

ოსმალთა ბატონობის პერიოდში (1722-1735) ოსმალებთან ერთად ლეკებიც არბევდნენ მონასტერს.

გაპარტახებული შიომღვიმის ეკლესიები გივი ანდუყაფარის ძე ამილახვარმა და მისმა მეუღლემ, ბანგუამ (ვახუშტი ორბელიანის ასულმა) შეაკეთებინეს.

1735 წელს შაჰ-ნადირის ლაშქარმა შიომღვიმე საფუძვლიანად დაანგრია და ბერებიც ამოხოცა.

მტრის ლაშქარს ზოგჯერ ქართველი დიდებულებიც ეხმარებოდნენ.

მტრის მრავალგზისი შემოსევების შედეგად შიომღვიმე საბოლოოდ დაეცა და დაუძლურდა. მართალია, მონასტრის საკეთილდღეოდ კვლავ იღვწოდნენ ქართველი მეფეები (ერეკლე II, გიორგი XII) და სასულიერო პირნი, მაგრამ მონასტრის ძლიერება აღარ აღმდგარა.

1811-1822 წლებში შიომღვიმე ადმინისტრაციულად ქვათახევის მონასტერს ექვემდებარებოდა, 1822-1887 წლებში კი - თბილისის ფერისცვალების მონასტერს.

XIX საუკუნის 90-იან წლებში ეპისკოპოს ალექსანდრე ოქროპირიძის ინიციატივითა და სახსრებით შიომღვიმე საფუძვლიანად განაახლეს. მონასტერი მოქმედებდა XX საუკუნის დასაწყისშიც. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით შიომღვიმეში სამონასტრო ცხოვრება კვლავ აღორძინდა.

* * *

ცნობილია, რომ დავით აღმაშენებელი იყო შიომღვიმის ხშირი სტუმარი, განსაკუთრებით მას შემდეგ, როდესაც მღვიმელებმა მეამბოხე ძაგანი შეიპყრეს და მეფეს გადასცეს. ამ დროს არსენს "დოღმატიკონზე" მუშაობა უკვე დაწყებული ჰქონდა და, ჩანს, შიომღვიმეში აგრძელებდა მას.

დავით აღმაშენებელს არსენი უნახავს სწორედ მაშინ, როდესაც ის გრიგოლ ნოსელის თხზულებას კითხულობდა და "დოღმატიკონს" უდარებდა დედნებს; ხოლო მოგვიანებით, როდესაც არსენს ამ ფილოსოფიურ-თეოლოგიურ კრებულზე მუშაობა დაუმთავრებია, დავითს ეს ფაქტი სასიამოვნო მოსაგონრად უცვნია: "მე მაშინდელი კაცი ვარ, როდესაც არსენ იყალთოელი გახუხულ პურს ჭამდა, მარჯვენა გვერდზე იწვა, გრიგოლ ნოსელის თხზულებას კითხულობდა, დოღმატიკონს ადარებდა (დედნებთან) და სანთლის ცვილისაგან სოფიაწმიდის მოდელს აკეთებდა". ამ ერთი ფრაზით აღწერილია ის დიდი ლიტერატურული საქმიანობა, რომელსაც ეწეოდა არსენი შიომღვიმეში.

ამიტომაც სწორად წერს კორნელი კეკელიძე, რომ "დოღმატიკონის" შედგენა და თარგმნა არსენს დაუწყია XI საუკუნის გასულს მანგანის მონასტერში და, ვინაიდან ეს საქმე საკმაოდ რთული და ძნელი იყო, გაუგრძელებია და დაუმთავრებია ის საქართველოში შიომღვიმის მონასტერში".

დავით მეფის სიტყვები საყურადღებოა სხვა მხრივაც: მათში მოჩანს ცხადლივ, თუ არსენი რა დიდ პასუხისმგებლობას იჩენდა მის მიერ თარგმნილი ტექსტების სიზუსტეზე. არსენი ეწეოდა დაძაბულ ლიტერატურულ საქმიანობას:

კითხულობდა წიგნებს მარჯვენა გვერდზე მწოლარე, წერდა ღამით.

არსენ იყალთოელმა შიომღვიმეში დაწერა ორიგინალური ჰაგიოგრაფიული თხზულებაც ნინო განმანათლებლის ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ. ეს დიდი ლიტერატურული ფაქტი განაპირობა შემდეგმა გარემოებამ: - ქართველ ინტელიგენციას საუკუნეების განმავლობაში აინტერესებდა საქართველოს გაქრისტიანების ისტორია და იმ მისიონერთა ვინაობა, რომლებმაც პირველად იქადაგეს ჩვენში ქრისტეს სჯული.

ამის შესახებ ადრეფეოდალურ ხანაში უკვე არსებობდა ფრაგმენტული ჩანაწერები, მაგრამ ქართლის მოქცევის გაბმული თხრობის უქონლობა მაინც დიდად იგრძნობოდა.

ამიტომაც პატრიოტულად განწყობილ სასულიერო წრეებში თანდათან მწიფდებოდა იდეა, რომ ძველი ჩანაწერები ერთად თავმოყრილიყო და დაწერილიყო ისტორია - ქართველი ხალხი როგორ მოიქცა ქრისტიანულ სარწმუნოებაზე, ვინ იყო პირველი ქართველი ქრისტიანი მეფე ან ვინ იყვნენ მათი მომაქცეველნი.

აი, ეს ისტორია პირველად შეიქმნა IX საუკუნეში "მოქცევა ქართლისას" ძეგლის სახით, რომელიც ქართველი ხალხის პოლიტიკური და სულიერი ცხოვრების ამბავს მოიცავს და მოგვითხრობს წინაქრისტიანობის დროინდელი ქართველი მეფეებისა და მირიან მეფისა და წმინდა ნინო განმანათლებლის მოღვაწეობას. ამ თხზულების საფუძველზე XI ს-ის. II ნახევარში ისტორიკოსმა ლეონტი მროველმა დაწერა ნონოს ცხოვრებისა და მოღვაწეობის ახალი მოთხრობა - "წმინდა მოქცევა მირიან მეფისა და მის თანა ყოვლისა ქართლისა წმიდისა და ნეტარისა დედისა ჩუენისა ნინო მოციქულის მიერ" და ჩართო იგი თავის საისტორიო ნაშრომში - "მეფეთა ცხოვრებაში".

მაგრამ ორივე თხზულებაში წმინდა ნინოს ბიოგრაფია არ არის მოცემული ქრონოლოგიური თანმიმდევრობით მისი დაბადებიდან გარდაცვალებამდე, რის გამოც იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს წმინდა ნინოს ცხოვრების საკითხავი არ მოგვეპოვებოდა.

ფრაგმენტულობისა და ამბავთა წინაუკმო გადმოცემის გამო შატბერდულ - ჭელიშური (ანუ "ქართლის მოქცევისა") და ლეონტი მროველისეული რედაქციების წაკითხვა წმინდა ნინოს ხსენების დღეს ეკლესია-მონასტრებში ვერ ხერხდებოდა. ამიტომაც ქართული სასულიერო მწერლობის წინაშე დადგა ახალი ამოცანა - დაწერილიყო ნინოს ცხოვრების ისეთი მოთხრობა, რომელიც დააკმაყოფილებდა XII საუკუნის ქართველი ინტელიგენციის მხატვრულ გემოვნებას, არ დაამახინჯებდა ისტორიულ სინამდვილეს, ივარგებდა ლიტურგიკულ პრაქტიკაში სახმარად და არც დაუპირისპირდებოდა საეკლესიო ცენზურას.

ცხადია, ამგვარ თხზულებას ვერ დაწერდა შემთხვევითი კაცი. საამისოდ საჭირო იყო სახელმოხვეჭილი მწერალი, რომელიც თავის ნაშრომს დაუბრკოლებლად გაიტანდა მკითხველ საზოგადოებაში. მისი სრულყოფა შიომღვიმის მამებმა და ძმებმა არსენ იყალთოელს შესთავაზეს.

არსენმა ეს თხოვნა ჩინებულად შეასრულა: დაწერა ნინოს ცხოვრების ახალი (ორიგინალური სტრუქტურის) რედაქცია, რომელიც თავისი ლიტერატურული და ისტორიული ღირებუ-ლებებით წინა რედაქციაზე მაღლა დგას.

დავით აღმაშენებლის ბრძანებით შიომღვიმეში, არსენს ბერძნულიდან ქართულად უთარგმნია ანდრია კრიტელის საგალობელთა კრებული "დიდნი კანონნი" ან, როგორც ქართულ თარგმანშია დასათაურებული - "დიდნი გალობანი". იგი შედგება 250-ზე მეტი სტროფისაგან და რიტმული პოეზიის ერთ-ერთ ადრინდელ ნიმუშად ითვლება.

დიდი მარხვის პირველი შვიდეულის ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს ეკლესიაში დიდი სერობის ჟამნზე სწორედ ანდრია კრიტელის ეს საგალობლები იკითხება.

ანდრია კრიტელის დიდი კანონითაა შთაგონებული წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის "გალობანი სინანულისანი".

გელათის აკადემია

1106 წელს დავით აღმაშენებელმა დაიწყო გელათის მონასტრის მშენებლობა. ხალხური გადმოცემით, მთავარი ტაძრის პირველი ბალავერი თვით მეფეს ჩაუდგია საძირკველში.

როგორც ჩანს, მას აქაც არსენისათვის მიუნდვია მშენებლობის ორგანიზება. ამის შესახებ დავითი წერს:

- "ხოლო დამრჩა მონასტერი, სამარხავი ჩემი და საძვალე შვილთა ჩემთა, უსრულად და წარმყვა მისთვისცა ტკივილი სამარადისო. აწ შვილმან ჩემმან დიმიტრი სრულ-ყოს ყოვლითურთ საუკუნოდ სალოცავად ჩემთვის და მისთვის და მომავალთა ჩემთათვის. რომელი მიმიცემია, მისგან ნურას მოაკლებს.

და ადგილნი, რომელნი მიშოვებიან, უმკვიდრონი და უმამულონი, მათგანიცა, ვითარცა ბერმან არსენი და კათალიკოზმან გამოარჩიონ, მეფემან დიმიტრი მიცემითა წერილთა და სიგელთა განსრულონ ყოვლითურთ უნაკლულოდ".

მაშასადამე, არსენის, როგორც მეფის ნების აღმსრულებელი პირის წვლილი გელათის სამშენებლო საქმიანობაში გარკვევით ვლინდება; სავარაუდოა ისიც, რომ გელათის ღვთისმშობლის ტაძრის მოხატვაში მხატვრებისათვის აკადემიური ხელმძღვანელობა გაეწია ამავე არსენს, რადგანაც ზოგიერთი გელათის სიუჟეტური ფრესკა ასახავს იმ მსოფლიო საეკლესიო კრებათა ისტორიას, რომელთა შესახებაც წერს იგი "დოღმატიკონში". ივანე ლოლაშვილი ვარაუდობს, რომ მაშინ არსენი დროდადრო იმყოფებოდა გელათში და იქაც ეწეოდა ლიტერატურულ საქმიანობას.

არსენი მეფისაგან იმდენად ნდობით აღჭურვილი პირი იყო, რომ მისი სიტყვა მბრძანებლისა და მორჩილის მიერ უყოყმანოდ სრულდებოდა. ამ მხრივ საინტერესოა თვით მეფის გამონათქვამები: "ბერმან არსენი მიბრძანა ამის ანდერძის დაწერა" (და მან ეს ანდერძი დაწერა კიდეც); "მიბრძანა სასომან ჩემმან ბერმან არსენი" მღვიმის წესთა დასხმა (და მან ამისი ნებაც დართო); "კანდლები, რომელი მე მომიხსენებია და რომელი არსენის დაუდგამს, ნუმცა ვის უკადრებია გამოღება"; "ვითა აწ არსენის გაუწესებია", ეგრე იყოს, "ნუ ვინ შეცვლის ამა წესსა" და ა.შ. ერთი სიტყვით, დავითმა იცის, რომ არსენი დიდად გონიერი, საქმის მცოდნე, კარგი ორგანიზატორი, უაღრესად პატიოსანი და ერთგული ადამიანია. "მიტომაც არის, რომ ის, თავის "სასოსა და განმანათლებელს" ყველაფერში ენდობა, ყველა სურვილს უსრულებს და ბევრ რამესაც მისგან სწავლობს. და ეს ხდება იმ დროს, როდესაც არსენის მიმართ ასე მოკრძალებული მეფე ღვთის რისხვას აწევს ურჩ ფეოდალებს, ქვეყნის ორგულთ, გარეშე მტრებს. დავითი ქვეყნის სამსახურში აყენებდა ერსაც და ბერსაც; როგორც განათლებული ადამიანი, თაყვანს სცემდა მეცნიერებას; პატიოსნებასა და ერთგულებას, რომლის უნიკალური განსახიერება იყო მისი მოძღვარი - არსენ იყალთოელი.

ხმალი და წიგნი დავითის განუყრელი მეგობრები იყვნენ. განათლებისათვის ზრუნვამ უკარნახა დავით მეფეს, საქართველოში სამოღვაწეოდ მოეწვია საზღვარგარეთელი ქართველი მეცნიერები და მათთვის შეექმნა სამეცნიერო მუშაობის პირობები. მან გელათში დააარსა აკადემია, ბიზანტიური ტიპის უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც მისი ზრუნვითა და ხელშეწყობით მალე გადაიქცა "ყოვლისა აღმოსავლეთისა მეორედ იერუსალიმად, სასწავლოდ ყოვლისა კეთილისად, მოძღურად სწავლულებისად, სხუად ათინად, ფრიად უაღრეს მისსა საღმრთოთა შინა წესთა, და კანონად ყოვლისა საეკლესიოისა შუენიერებისად". ამ აკადემიის პირველი მოძღვრები იყვნენ იოანე პეტრიწი და არსენ იყალთოელი.

გელათის აკადემიაში გაჩაღდა დიდი ლიტერატურული საქმიანობა: - იქაურმა მოღვაწეებმა თარგმნეს და შეთხზეს ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტრაქტატები, ბიბლიური წიგნები, ასკეტურ-მისტიკური და ჰაგიოგრაფიული თხზულებები.

დავით აღმაშენებელმა მისივე თაოსნობით დაფუძნებული გელათის აკადემია მატერიალურად სავსებით უზრუნველყო. მან მრავალი ძვირფასეულობა შესწირა გელათის ღვთისმშობლის მონასტერსა და, მაშასადამე, მის სისტემაში შემავალ აკადემიას.

მონასტრის განმგებლობაში "მრავალთა და სამართლიანთა უსარჩლელ-მიუხუეჭელთა სოფელთა თანა" დავითმა გადასცა "მამული ლიპარიტეთი", რომელიც "უმკვიდროდ დარჩომილ იყო". როგორც აღნიშნულია, აქ "ლიპარიტეთი" ლიპარიტის საკუთარ საგვარეულო მამულს გულისხმობს, რომელიც ისტორიულ არგვეთში მდებარეობდა. ერთი სიტყვით, დავით აღმაშენებელმა მონასტერს "უზრუნველი ტრაპეზი განუჩინა".

ამასთანავე, ირკვევა, რომ აკადემიისათვის სამონასტრო სისტემაში გამოყოფილი იყო კაპიტალური, გრანდიოზული შენობა.

გელათი, როგორც სამეფო მონასტერი, განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობდა. თავის საქმეებს თვითონ გა-ნაგებდა, უშუალოდ მეფეს ემორჩილებოდა.

ცნობილია, რომ დავით აღმაშენებელი დიდ ყურადღებას აქცევდა სამეფო მონასტრების მშენებლობას (ასეთები იყო შიომღვიმე, გელათი, დავითგარეჯი და სხვა), მაგრამ გელათის მონასტრის მშენებლობა, როგორც ჩანს, მასთან არსებული აკადემიის წყალობითაც იმდენად დიდი ყოფილა, რომ XIV საუკუნისათვის, "ხელმწიფის კარის გარიგების" დაწერისას, მხოლოდ გელათს შემორჩენია განსაკუთრებული უფლებები.

სამწუხაროდ, არაა ცნობილი, არსენი გელათში ზუსტად როდის და რამდენ ხანს მოღვაწეობდა.

მართლმადიდებლობის დამცველ არსენ იყალთოელს კამათისა და პაექრობის დიდი გამოცდილება უნდა ჰქონოდა. დავით აღმაშენებლის დროს მომხდარა პაექრობა სარწმუნოებრივ საკითხებზე სომხებსა და ქართველებს შორის. სომეხთაგან კრებას დასწრებია სომხის ეპისკოპოსი და წინამძღვარი, ხოლო ქართველების ინტერესებს იცავდნენ იოანე კათალიკოსი, არსენ იყალთოელი და თვით დავით აღმაშენებელი. პაექრობა ეხებოდა მონოფიზიტებსა და დიოფიზიტებს შორის არსებულ სადავო საკითხებს, ცხადია, არსენი იცავდა დიოფიზიტურ პოზიციას. არსენ იყალთოელის მართლმადიდებლური აღმსარებლობა მხოლოდ მონოფიზიტთა წინააღმდეგ მიმართულ დისკუსიაში არ ვლინდება. მის სახელთან დაკავშირებული მთავარი თხზულება "დოგმატიკონი" გამიზნულია მართლმადიდებლური სარწმუნოების ჭეშმარიტებისა და ამის ფონზე ერეტიკული სწავლების მხილებისათვის.

არსენ იყალთოელის მართლმადიდებლობა ჩანს იქიდან, რომ მან თავის "დოგმატიკონში" პირველ ადგილზე მოათავსა ანასტასი სინელის "წინამძღუარი", რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თხზულებაა მართლმადიდებლობის დაცვასა და მონოფიზიტების წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს თხზულება, - წერს არსენი, - არის ნამდვილი "წინამძღუარი წმინდისა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიისა და არის თუალი, რომლითა ჰხედავს, და პირი, რომლითა ჰზრახავს, და სასმენელი, რომლითა ესმიან ღმერთშემოსილთა მამათა უცთომელნი მოძღურებანი, და (არის) საყნოსელი, რომლითა იყნოსს სულნელებასა ღმრთივსულიერთა ყუავილისასა, და მარჯუენე მკლავი, რომლითა ესრვიან და სდევნის სამწვალებლოთა მხეცთა გესლიანსა სიბოროტესა". მეორე თხზულება, რომელიც არსენმა შეიტანა "დოგმატიკონში, იოანე დამასკელის "ცოდნის წყაროა", თარგმნილი მის მიერ იმავე სახით (1-ლი და მე-3 ნაწილები), როგორითაც ეს თხზულება უფრო ადრე თარგმნა ეფრემ მცირემ.

"დოგმატიკონის" შემადგენლობაშია იოანე დამასკელის მოწაფის, თეოდორე აბუკურას (740-820 წლები), ტრაქტატები, რომლებიც მიმართულია ებრაული, მაჰმადიანური რელიგიებისა და სხვადასხვა ერეტიკულ მოძღვრებათა წინააღმდეგ. აბუკურას ეს ტრაქტატი ასევე საკმაო ყურადღებას უთმობს ქრისტიანული მოძღვრების შიგნით წარმოქმნილ მიმდინარეობებს, მათ შორის - ნესტორიანობის, სევერიანთა ანუ იაკობიტთა წვალებას, განსაკუთრებით კი მონოფიზიტობას და მის განშტოებებს.

არსენ იყალთოელის აღნიშნულ თხზულებაში, ასევე, განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ევსტრატი ნიკიელის სახელით აღნიშნული ტრაქტატი, მიმართული რომის ეკლესიის წინააღმდეგ: - "ყოვლად ბრძნისა ევსტრატი ნიკიელ მიტროპოლიტისა მოსახსენებელი გამოკრებილი თუ ოდეს ჰრომნი და ეკლესია მათი და რასათვის საღმრთოთა აღმოსავლისა ეკლესიათაგან განიჭრნეს".

რომის ეკლესიის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებთან ერთად ევსტრატი ნიკიელის შრომაში მთავარი ყურადღება ეთმობა წმინდა სამების ერთ-ერთი ჰიპოსტასის - სულიწმიდის - გამომავლობის საკითხს და განქიქებულია რომის ეკლესიის თვალსაზრისი...

* * *

1125 წლის 24 იანვარს აღესრულა დავით აღმაშენებელი. ირკვევა, რომ გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე იხმო არსენი და მისი თანდასწრებით მეფედ აკურთხა დემეტრე უფლისწული. ამ დროსვე ჩაიწერა ანდერძი, რომელიც მას ზეპირად "წარმოუთხრა" დავით აღმაშენებელმა. ეს ჩანაწერი არის დავითისა და არსენის ურთიერთობის გამომხატველი დოკუმენტი.

ის, რაც მეფემ უთხრა "მოძღუარსა თვისსა არსენის", ამ მწერლის მიერ ეუწყა საზოგადოებას როგორც მეფის უკანასკნელი ბრძანება და სურვილი, ლიტერატურულად გაფორმებული და, ალბათ, ხელმოწერილ-დაბეჭდილიც.

უკანასკნელად არსენმა თავისი დამოკიდებულება მეფისადმი იმით გამოხატა, რომ მან დაწერა თექვსმეტმარცვლოვანი დაბალი შაირით "დავით აღმაშენებლის ეპიტაფია":

"ვის ნაჭარმაგევს მეფენი თორმეტნი პურად დამესხნეს,

თურქნი, სპარსნი და არაბნი საზღვარსა გარე გამესხნეს,

თევზნი ამერთა წყალთაგან იმერთა წყალთა შთამესხნეს,

აწღა ამათსა მოქმედსა გულზედან ხელნი დამესხნეს".

ამ დროს არსენი 70 წელს გადაცილებული უნდა ყოფილიყო. უეჭველია, მოხუც მოძღვარს დიდად დაამწუხრებდა დავითის გარდაცვალება: - მას ხომ ხელიდან გამოეცალა მოყვარე მბრძანებელი, მზრუნველი მეფე, კულტურის მეცენატი და გონიერი მოწაფე. ალბათ, იგი მიცვალებული მეფის სულს ავედრებდა მარიამ ღვთისმშობელსა და შიომღვიმელს და მისი "ცოდვების" მოსანანიებლად ლოცულობდა ახლად აგებულ ტაძარში. შეიძლება მანვე ჩაწერა (ან ჩააწერინა) შიომღვიმის ტიპიკონში ასეთი მოსახსენებელიც: - "დიდისა დავითისი, წმიდისა ამის ეკლესიისა მაშენებელისა, საუკუნო იყავნ ხსენებაი მისი".

* * *

ტრადიციული გადმოცემით, არსენს თავისი ცხოვრების უკანასკნელი წლები გაუტარებია იყალთოში.

უნდა ვიფიქროთ, რომ მან შიომღვიმე მიატოვა დავითის გარდაცვალების შემდეგ, მისი ნების აღსრულების უმალვე. ამ დროისათვის იყალთო წარმოადგენდა ერთ-ერთ ძლიერ სამონასტრო ცენტრს, სადაც მრავალი ჭაბუკი იზრდებოდა ქვეყნის საკეთილდღეოდ. არსენმა მნიშვნელოვანი კვალი ღრმად დაატყო იქაურ კულტურულ საქმიანობას: - მოხუცმა ფილოსოფოსმა იყალთოს სკოლა გადააკეთა აკადემიად და მისი ხელმძღვანელობაც იკისრა. დავით რექტორის ცნობით, იგი ცხოვრობდა იყალთოს მონასტერშივე და "აქვნდა აცადემია ფილოსოფიათა და ღვთისმეტყველებათა". თეიმურაზ ბაგრატიონის უწყებით კი, ეს სკოლა იყო "აღშენებული ღირსისა არსენის მიერ, რომელსა შინა თვით ასწავლიდა ჟამად და ჟამად. და ოდეს იყვის მეფისა თანა ანუ იერუსალიმს, მაშინ ჰყვის მასწავლებელნი, ფრიად განვითარებულნი, და იგინი ასწავებდეს მოწაფეთა"; ხოლო ანტონ მურავიოვის გადმოცემით, არსენი იყალთოში მრავალრიცხოვან ძმათა შორის კითხულობდა ქადაგებას და ზოგჯერ მას მორჩილად უსმენდა დავით აღმაშენებელი. მართლაც, არ არის გამორიცხული, რომ არსენი გადასულიყო იყალთოში სამოღვაწეოდ, დავით აღმაშენებლის სიცოცხლეშივე დროდადრო წასულიყო მშობლიურ მხარეში და იქ წარმოეთქვა ქადაგებები.

სამწუხაროდ, არ ვიცით, რამდენ ხანს ცხოვრობდა არსენი იყალთოში და როდის გარდაიცვალა, რადგან მისი ცხოვრების უკანასკნელი წლები მთლად უცნობია.

რჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ დავით აღმაშენებელმა საფლავში ჩაიყოლა არსენის შემდგომი საქმიანობა.

სავარაუდოდ, არსენის ამქვეყნიური ცხოვრება უნდა დასრულებულიყო XII საუკუნის 30-იან წლებში, დემეტრე მეფის აღზევების ხანაში. დაუკრძალავთ იგი ღვთაების ტაძარში ზენონ იყალთოელის საფლავის გვერდით.

..................................................

აქვე შეგიძლიათ წაიკითხოთ:


არსენი გამხდარა დავით მეფის გონიერი მოძღვარი, დავითი კი არსენის მორჩილი შეგირდი



ბეჭდვა
1კ1