თეოდოსი, ჩერნიგოველი მთავარეპისკოპოსი (+1696 წელი) - 05 (18) თებერვალი
თეოდოსი, ჩერნიგოველი მთავარეპისკოპოსი (+1696 წელი) - 05 (18) თებერვალი
წმინდა თეოდოსი, ჩერნიგოველი ეპისკოპოსი, უგლიცკების ბრწყინვალე გვარის მემკვიდრე, XVII საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში უკრაინაში, პოდოლსკის გუბერნიაში დაიბადა. ყმაწვილმა ჯერ მამისგან, შემდეგ კი განათლება ღვთის განცხადების მონასტერთან არსებულ კიევის საძმოს კოლეგიაში მიიღო. მისი დასრულების შემდეგ კი კიევო-პეჩორის ლავრაში ბერად თეოდოსის სახელით აღიკვეცა.

წმინდა მამა ყოველი ძალით ცდილობდა, თავისი ზეციური მფარველის, წმინდა თეოდოსი დიდის დარად, ანგელოზებრივი ცხოვრებით ეცხოვრა.

ნეტარი მამა კიეველმა მიტროპოლიტმა, დიონისემ კიევის წმინდა სოფიას ტაძრის მთავარდიაკვნად აკურთხა. მაგრამ სწყუროდა რა განმარტოებული ცხოვრება, მალე დატოვა ქალაქი და ჩერნიგოვის მახლობლად, სიმკაცრით განთქმულ შორეულ კრუტიცკის მონასტერს მიაშურა, სადაც მღვდელ-მონაზვნად დაასხეს ხელი.

მისი წმინდა ცხოვრება, კაცთაგან ასე საგულდაგულოდ დაფარული, ღვთის ნებით, მაინც გაბრწყინდა და ძმათა თანხმობით, მალე კორსუნის სავანის იღუმენად აირჩიეს, შემდეგ კი - სახელგანთქმული ვიდუბიცის მონასტრის წინამძღვრად. მისმა დიდმა სიყვარულმა, ღვაწლმა და შრომამ იავარქმნილი იქაურობა აღადგინა, უნიატთა და პოლონელ კათოლიკეთაგან დაჩაგრული სამწყსო და მონაზვნობა კი მამობრივი სიყვარულით გაათბო და განამტკიცა.

წმინდა თეოდოსი, მისი ღრმა განსწავლულობისა და გონიერების გამო, თითქმის ყველა მნიშვნელოვანი საეკლესიო და საერო საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობდა.

1688 წელს წმინდა თეოდოსი ჩერნიგოვის ელეცის მონასტრის იღუმენად აირჩიეს, 1692 წელს კი - ეპისკოპოსად დაასხეს ხელი.

წმინდა თეოდოსის მღვდელმთავრობის დროს ჩერნიგოვს მონასტრები და ბერ-მონაზვნები განმრავლდა, ყველამ იცოდა თეოდოსის წმინდა და მკაცრი ცხოვრების შესახებ. მღვდელმთავარი საოცარი მოწყალებით გამოირჩეოდა, მასთან სხვა სარწმუნოებისა და აღმსარებლობის ადამიანებიც მოდიოდნენ დახმარების სათხოვნელად.

იგრძნო რა მოახლოებული აღსასრული, თავის მემკვიდრედ წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი დატოვა და 1696 წლის 5 თებერვალს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. მისი უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება და კანონიზაცია 1896 წლის 9 სექტემბერს მოხდა.

წმინდა მამამ გარდაცვალების შემდგომაც მრავალს შეეწია, - ზოგი განკურნა, ზოგს კი - მძიმე განსაცდელისას გამოეცხადა და ანუგეშა, არც თავისი სულიერი მემკვიდრე, - სნეულებაში მყოფი იოანე მიუტოვებია.

მეოხ გვეყავ ღვთის წინაშე, წმინდა მამაო!

ბეჭდვა
1კ1