წმინდა კეთილმსახური მთავარი, რომან უგლიჩელი - 03 (16) თებერვალი
წმინდა კეთილმსახური მთავარი, რომან უგლიჩელი - 03 (16) თებერვალი
წმინდა რომანს იმ მძიმე დროებაში მოუწია ცხოვრება, როდესაც რუსეთი თათარ-მონღოლთა უღელქვეშ გმინავდა.

ნეტარი 23 წლის იყო, როდესაც მამასთან და ძმებთან ერთად ნოვგოროდს შეაფარა თავი.

სამი წლის შემდგომ ისინი მშობლიურ ქალაქ უგლიჩში დაბრუნდნენ, მოკლე ხანში კი, მამის და უფროსი ძმის გარდაცვალების შემდგომ, რომანმა უგლიჩის მთავრობა მიიღო.

უმძიმესი დროების მიუხედავად, მატიანის მოწმობით, იგი ამ მიწას ნამდვილ მამად და მფარველად ექცა. ამ ღვთისმოყვარე და განათლებულმა კაცმა იქაურობა ქრისტეს ნათლით განანათლა, უამრავი ტაძარი და მონასტერი დააარსა, რომელთაც ხშირად მოილოცავდა ხოლმე.

გარდა უგლიჩისა, მის სამფლობელოში შედიოდა ქალაქები: კაშინი, ვეჟეცკი, ვერხი, უსტიუჟნუ, დმიტროვი და ზვენიგოროდი, წმინდა რომანის ნებით და ძალისხმევით აღაშენეს ვოლგისპირა ქალაქი რომანოვი.

წყაროთა ცნობით, 1265 წელს რომანმა თავადის ასულ ალექსანდრაზე იქორწინა, მაგრამ შთამომავლობა არ დარჩენია.

უგლიჩში მასთან ერთად დედამისი, კეთილმსახური ფოტინიაც ცხოვრობდა, რომელიც შემდგომში ევდოკიას სახელით აღიკვეცა და 1278 წელს მიიცვალა.

1281 წელს წმინდა რომანმა მეუღლეც დაკარგა და ცხოვრების უკანასკნელი წლები განმარტოებით, ლოცვასა და მოუღალავ ღვაწლში განლია.

1285 წლის 3 თებერვალს წმინად მთავარმა ღვთივ განისვენა, იქაურებმა იგი ფერისცვალების სახელობის ტაძარში, მშობლების, ძმისა და მეუღლის გეერდით დაკრძალეს.

ზუსტად 200 წლის შემდგომ, 1485 წელს, უგლიჩის იმჟამინდელმა მთავარმა, ანდრიამ, ძველი ხის ტაძრის ნაცვლად ახალი, ქვის ტაძრის მშენებლობა განიზრახა.
საძირკვლის თხრისას, ღვთის ნებით, მშენებლებმა წმინდა რომანის სარკოფაგს მიაგნეს, სადაც მისი უხრწნელი სხეული განისვენებდა.

მთავარმა მისი ახალ ტაძარში გადაბრძანება ინება, სადაც ას ოც წელზე მეტი უვნებლად განისვენებდა და უამრავი სასწაული და კურნება აღასრულა.

მაგრამ გავიდა დრო და იქაურობას ახალი განსაცდელი დაატყდა: - ეს მიწა ლიტველებმა ააოხრეს, მოსახლეობის დიდი ნაწილი გაანადგურეს და ფერიცვალების ტაძარიც ცეცხლს მისცეს. ამ ამბავს შეეწირა ნეტარის უხრწნელი სხეულიც.
ქრისტიანებმა კრძალვით შეაგროვეს წმინდა რომანის ძვალნი და ახალ ლუსკუმაში გადააბრძანეს, სადაც დღემდე განისვენებენ.

მეოხ გვეყოს ამ წმინდანის ლოცვა ღვთის წინაშე!

.........................................

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1