მოციქულთასწორი ნიკოლოზი, იაპონიის მთავარეპისკოპოსი (+1912 წელი) - 03 (16) თებერვალი
მოციქულთასწორი ნიკოლოზი, იაპონიის მთავარეპისკოპოსი (+1912 წელი) - 03 (16) თებერვალი
წმინდა მოციქულთასწორი ნიკოლოზი, იაპონიის ეპისკოპოსი (ერისკაცობაში - ივანე დიმიტრის ძე კასტიკინი), 1836 წელს სმოლენსკის გუბერნიაში, დიაკვნის ოჯახში იშვა.

ხუთი წლის იყო, დედა რომ გარდაეცვალა. კარგი სასულიერო განათლება მიიღო, 1860 წელს კი ბერად ნიკოლოზის სახელით აღიკვეცა, მოკლე ხანში მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს და საკუთარი სურვილით იაპონიაში, ქალაქ ჰაკოდატის საკონსულო ტაძრის წინამძღვრად გაამწესეს.

ამ ძალზე შორეულ და უცხო ქვეყანაში სახარების ქადაგება, ერთი შეხედვით, წარმოუდგენელი და შეუძლებელი ჩანდა.

როგორც მოგვიანებით თავად იხსენებდა, "მაშინდელ იაპონელებს უცხოელები მხეცებად მიაჩნდათ, ქრისტიანობა კი – ავაზაკთა ეკლესიად, რომელშიც შეიძლება მხოლოდ ბოროტმოქმედები და მისნები იმყოფებოდნენ".

რვა წლის განმავლობაში ამ ქვეყანას, ენას და იმ ხალხის ზნე-ჩვეულებებს ეცნობოდა, რომელთა მწყემსმთავრადაც დაადგინეს.

1868 წელს მამა ნიკოლოზის სამწყსო უკვე ოცამდე იაპონელს ითვლიდა.

1869 წელს მღვდელმონაზონმა ნიკოლოზმა პეტერბურგში სინოდს თავისი მოღვაწეობის შედეგები გააცნო. სინოდმა დაადგინა, რომ იაპონელთა შორის ღვთის სიტყვის საქადაგებლად სპეციალური რუსული სასულიერო მისია უნდა შექმნილიყო.

მამა ნიკოლოზი არქიმანდრიტის ხარისხში იქნა აღყვანილი და ამ მისიის ხელმძღვანელობა დაეკისრა. იაპონიაში დაბრუნებულმა წმინდანმა ჰაკოდატის სამწყსო მღვდელ-მონაზონ ანატოლის ჩააბარა, თვითონ კი მისიის ცენტრი ტოკიოში გადაიტანა.

1871 წელს ქვეყანაში ქრისტიანთა დევნა დაიწყო. დევნულობის სიმწარე მრავალმა გამოსცადა (მათ შორის პირველმა მართლმადიდებელმა იაპონელმა, შემდეგში ცნობილმა მისიონერმა, მღვდელმა პავლე სავაბემ). 1873 წელს წარმართთა ბობოქრობა დაცხრა და ქადაგება კვლავ შესაძლებელი შეიქნა.

იმავე წელს, არქიმანდრიტმა ნიკოლოზმა ტოკიოში ტაძრის მშენებლობა დაიწყო და სკოლაც დააარსა, მომავალში სემინარიად რომ გადაკეთდა.

1874 წელს ტოკიოში ჩავიდა კამჩატკელი ეპისკოპოსი პავლე, რომელმაც მღვდლად აკურთხა არქიმანდრიტ ნიკოლოზის მიერ რეკომენდებული იაპონელი ქრისტიანები.
1877 წელს მისიამ დაიწყო ჟურნალ "საეკლესიო უწყებანის" რეგულარული გამოცემა. 1880 წლის 30 მარტს ალექსანდრე ნეველის ლავრის წმინდა სამების ტაძარში შედგა არქიმანდრიტ ნიკოლოზის ეპისკოპოსად კურთხევა.

იაპონიაში დაბრუნებულმა მღვდელმთავარმა მეტი გულმოდგინებით განაგრძო თავისი მოციქულებრივი მისია: - ტოკიოში დაასრულა ქრისტეს აღდგომის ტაძრის მშენებლობა, დაიწყო საღვთისმსახურო წიგნების ხელახალი თარგმნა და იაპონურ ენაზე შეადგინა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო ლექსიკონი.

დიდი განსაცდელი დაატყდა თავს მღვდელმთავარსა და მის სამწყსოს რუსეთ-იაპონიის ომის დროს. ამ მძიმე წლებში გაწეული ღვაწლისთვის წმინდა მამა მთავარეპისკოპოსის ხარისხში იქნა აღყვანილი.

1911 წელს ნახევარი საუკუნე შეუსრულდა მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა მღვდელმონაზონმა ნიკოლოზმა პირველად დადგა ფეხი იაპონიის მიწაზე. ამ დროისათვის იაპონიის მართლმადიდებლური ეკლესიის 266 თემში 33000-ზე მეტი ქრისტიანი იყო.

1912 წელს 3 თებერვალს იაპონიის განმანათლებელი, მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზი მშვიდობით მიიცვალა. 1970 წლის 10 აპრილს რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ღირსი მამა წმინდანად შერაცხა და მოციქულთასწორთა დასს მიაკუთვნა.

...........................................

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1