ღირსი დავით, სვიმეონ და გიორგი მიტილენელნი - 01 (14) თებერვალი
ღირსი დავით, სვიმეონ და გიორგი მიტილენელნი - 01 (14) თებერვალი
ეს წმინდანები ხორციელი ძმები არიან. მათგან უფროსი, დავითი, თექვსმეტი წლისა, წმინდა ანტონი დიდის გამოცხადების შემდგომ შემონაზვნდა.

762 წელს იდაზე განმარტოვდა (მთა ტროადასთან) და იქ მონასტერი დააარსა.

ღვთისმოსავმა დედამ დავითი ხანგრძლივი ძებნის შემდგომ იპოვა და მასთან უმცროსი შვილი, სვიმეონი მიუყვანა. სვიმეონმა კი, დავითის გარდაცვალების შემდგომ (784 წელი), ვინაც მისთვის ძმაც იყო და სულიერი წინამძღვარიც, სვიმეონ მესვეტისდარი ცხოვრება ირჩია - სვეტზე მძიმე ჯაჭვებასხმული დაეყუდა და ხშირად მთელი კვირის მანძილზე არ იღებდა საზრდელს.

წლის ნებისმიერ დროს ჯვალოს უხეში კაბა ემოსა, ზამთარში ღვთისგან წარგზავნილი არწივი ათბობდა, ყოველ განსაცდელს საკვირველი მოშურნეობით დაითმენდა და ღვთისგან სასწაულთქმედებისა და წინასწარჭვრეტის მადლი მოიხვეჭა, რომელსაც წყალობადვე გასცემდა.

სვიმეონს დიდად შეეწეოდა უმცროსი ძმა გიორგი, რომელიც სავანის ძმათათვის მორჩილების მაგალითად იქცა.

იმხანად ღვთისმოძულე იმპერატორის მიერ ხელდასხმულმა ხატმებრძოლმა ეპისკოპოსმა მიტილენის კანონიერი მღვდელმთავარი განდევნა და მართლმადიდებელთა გადმობირებას შეეცადა, ნეტარი სვიმეონი აიძულა, სვეტი არა მხოლოდ დაეტევებინა, დაეწვა კიდეც, რის შემდგომაც წმინდა მამამ სავანე ძმას, გიორგის ჩააბარა, თავად კი მართლმადიდებელთა განსამტკიცებლად კონსტანტინეს ქალაქის მახლობლად იწყო მოგზაურობა.

თეოფილესჟამინდელი (829 წელი) საშინელი დევნისას სვიმეონი კუნძულ აფუსზე გადაასახლეს, სადაც მონასტერი დააარსა, რომელიც იქაურთა ნამდვილ ნავთსაყუდლად იქცა.

ნეტარმა მამამ ტირანი იმპერატორის აღსასრული იწინასწარმეტყველა (842 წელს), მოკლე ხანში კი ღვთისმოყვარე დედოფალმა თეოდორამ სვიმეონს სხვა მოღვაწეებთან ერთად ხატთა თაყვანისცემის აღსადგენად კონსტანტინოპოლს მოუხმო. იქვე შეხვდა მიტილენიდან წამოსულ ძმას, გიორგის და საღვთისმეტყველო დისპუტში ერეტიკოს პატრიარქ იოანეს სძლია, რის შემდგომაც კონსტანტინოპოლის კათედრა შესთავაზეს, მაგრამ ყოველი მიწიერი პატივის მოძულე სვიმეონი გიორგისთან ერთად სამშობლოს დაუბრუნდა. თავად გიორგი, რომელმაც ეფესოს მიტროპოლიტობაზე უარი თქვა, შემდგომში იძულებული შეიქმნა, მიტილენის ეპარქია ჩაებარებინა.

წმინდა სვიმეონი კონსტანტინოპოლიდან დაბრუნების შემდგომ მცირე ხანში, 843 წელს მიიცვალა, გიორგიმ კი ღვთისგან მიღებული დიდი წყალობა წყალობადვე გასცა და ერთ წელიწადში, 844 წელს, ბრწყინვალე აღდგომის წინა დღეს, მანაც მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

გვმეოხებდეს ამ წმინდა მამათა ლოცვა ღვთის წინაშე!

...................................

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1